კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა პროფესიით მსახიობი მარიკა თიბილაშვილი დიზაინერ-კონდიტერი და რამდენი კილოგრამი შოკოლადი დახარჯა მან კოლექციის ჩვენებისას


მარიკა თიბილაშვილი უკვე რამდენიმე წელია, მსახიობობიდან ახალ პროფესიაზე გადაერთო და დიზაინერ-კონდიტერი გახდა. მისი დიზაინით გაკეთებული ტორტები, რომლებიც „გუდვილში“ მზადდება, მთელ თბილისშია ცნობილი. ამჯერად მარიკა ტორტებთან ერთად შოკოლადითაც დაინტერესდა და მისგან სკულპტურების შექმნა დაიწყო. ცოტა ხნის წინ მან თავისი კოლექცია თბილისი „ფეშენ-ვიქზე“ წარადგინა და, შესაბამისად, ყველას ყურადღება და სიმპათია დაიმსახურა.


– საიდან დაგებადა აზრი, რომ ასეთი ორიგინალური ჩვენება მოგეწყო? როგორც ვიცი, შოკოლადისგან შექმნილი სკულპტურებისა და მოდელების ჩვენება პირველი იყო.

– დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდოდა. შარშანწინ იტალიაში ვიყავი, ხოლო შარშან – საფრანგეთში, სადაც ვნახე ანალოგიური ჩვენება, რომელიც ძალიან მომეწონა და ამ იდეის საქართველოში განხორციელება მას შემდეგ მინდოდა, მაგრამ, რატომღაც, არ ხერხდებოდა. მოულოდნელად „ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორებისგან შემოთავაზება მივიღეთ. მათ სურდათ, რომ ჩვენი შოკოლადის სკულპტურები გამოგვეტანა. სადმე, ალბათ, არის, მაგრამ საფრანგეთში მე ნამდვილად არ მინახავს მთლიანად შოკოლადისგან გაკეთებული ფიგურა. იქ ძირითადი აქცენტი სხვადასხვა აქსესუარსა და დეტალებზე იყო გაკეთებული, რომელიც სამოსს ამშვენებდა, მე კი მოვინდომე, მთლიანად შოკოლადისგან გაკეთებული მოდელები გამომეტანა. ძალიან ჯიუტი ვარ, არ გამომდიოდა, მაგრამ, არ შევეშვი და ჩემსას მაინც მივაღწიე. ქსოვილისგან რაღაცის გაკეთება, მართალია, ძალიან საინტერესოა, მაგრამ, შოკოლადი სულ სხვაა. შენ შეგიძლია, ქსოვილი დაიყოლიო და მისგან რაც გინდა გააკეთო, შოკოლადი კი ამის უფლებას არ გაძლევს, პირიქით, მას უნდა დაჰყვე. შეიძლება, ასჯერ გაგიტყდეს და ისევ თავიდან გასაკეთებელი გახდეს. ამის გამო, ძალიან ხშირად, შუაღამისას წამოვსულვარ „გუდვილიდან.“ მიხარია, რომ საქართველოში პირველად ჩვენ გავაკეთეთ „შოკოლადის შოუ.“ ალბათ, რომ ნახავენ, მერე სხვა საკონდიტროებიც შეეცდებიან გაკეთებას, რაც ძალიან საინტერესო იქნება. ამჟამად უკვე მომავალი წლისთვის დავიწყეთ მუშაობა – გვინდა, რომ 2011 წელს ცოცხალ მოდელებს ჩავაცვათ კაბები.

– კაბა სულ შოკოლადის იქნება?

– არა, ჩვენსავე შეკერილ კაბებს სხვადასხვა შოკოლადის დეტალითა და აქსესუარებით დავტვირთავთ. ეს იმიტომ, რომ შოკოლადი 25 გრადუსზე მეტს სითბოს ვერ უძლებს, სხეულის ტემპერატურა კი 36 გრადუსია.

– 2010 წლის „თბილისი ფეშენ-ვიქზე“ შოკოლადისგან დამზადებული რამდენი მოდელი გქონდათ გამოტანილი?

– ამ ეტაპზე 3 მანეკენი მყავდა ჩაცმული: ორი ნახევრად მანეკენი იყო, ერთს ეცვა ბალერინას კაბა, რომელსაც „გუდვილის“ წარმოების ტრიუფელები და შოკოლადები ეკეთა. ასევე, გამოვიტანეთ მეზღვაურის თემა, შოკოლადის ბადე გვქონდა გაკეთებული. რაც მთავარია, ეს ყველაფერი საზოგადოებამ მიიღო და კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა.

– შოკოლადი თუ გიყვარს?

– შოკოლადი საჭმელად არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია. ფრანგი რომ იყო „გუდვილში“ ჩამოსული, რომელიც მასტერკლასს გვიტარებდა, გაგიჟდა – როგორ შეიძლება, შოკოლადი არ გიყვარდეს, შენ ნამდვილი შოკოლადის გემო არ იცი და გასინჯეო. მართალია შოკოლადი არ მიყვარს, მაგრამ, მასზე მუშაობა ძალიან საინტერესოა, ცოცხალი ორგანიზმივით არის. შოკოლადის ტემპერირება ხდება, ის არ გახმება და არ მოგცემს საშუალებას, მისგან რამე გააკეთო, თუ ყველა წესი არ დაიცავი. ძალიან საინტერესო პროცესია. როცა დრეკადია, შოკოლადზე ისევე ხდება თარგის აღება და გამოჭრა, როგორც ნაჭერზე.

– ამ ჩვენებისთვის რამდენი კილოგრამი შოკოლადის გამოყენება დაგჭირდა?

– ამ ჩვენებისთვის დაახლოებით 50-70 კილოგრამი შოკოლადი დაიხარჯა, არ დამითვლია. მე რომ ამის თვლა დავიწყო, ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ, რადგან ჩემი გონება სხვაგან წავა.

– თუ არის შესაძლებელი თქვენთან შოკოლადის სკულპტურის დაკვეთა?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მნიშვნელობა არ აქვს, რას შეუკვეთთ, ყველაფრის დამზადება შესაძლებელია. სხვათა შორის, „თინათინის“ სალონში დგას ერთი ჩემი გაკეთებული სკულპტურა. მისმა მეგობრებმა შეუკვეთეს და დაბადების დღეზე მიართვეს საჩუქრად. რაც მთავარია, მისივე შექმნილი კაბა ჩავაცვი. ვერ აგიწერ, რა მოხდა, გოგო გაგიჟდა. ძალიან კარგი გამოვიდა.

– როგორ ინახება შოკოლადისგან გაკეთებული სკულპტურები?

– ყველაზე კარგია შოკოლადის სკულპტურა აკვარიუმში ჩასვათ, რომ არ დაიმტვეროს, თან ასე წლები არაფერი მოუვა, არ დადნება, თუ ტემპერატურა 25 გრადუსის ქვემოთ იქნება.

– რამდენი ხანი სჭირდება ერთი მოდელის გაკეთებას?

– მაგალითად, სადედოფლო კაბა დილის 7 საათზე დავიწყე და საღამოს 5 საათზე დავამთავრე. კოპლებიანი კაბა კი, დილის 7 საათზე დავიწყე და დღის 3 საათზე უკვე მზად იყო.

– შენი დიზაინით გაკეთებული ტორტები განთქმულია მთელ თბილისში. შოკოლადზე უფრო საინტერესოა მუშაობა თუ ტორტზე?

– ორივეზე. თუ ტორტს მე ვაფორმებ, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. დამკვეთმა თუ მე მომანდო დიზაინი, ძალიან საინტერესოა, ხოლო, თუ თავისი შტრიხები შემოიტანა, შეიძლება, ტორტს საერთოდ არ მოვკიდო ხელი და ასისტენტებს მივაბარო. არ მივდივარ იმ „ფართებზე“, სადაც ჩემი ტორტია, მაგრამ ერთხელ ქორწილში ვიყავი და კინაღამ მოვკვდი, როცა სადედოფლო ტორტის გაჭრა დაიწყეს, ვერ ვუყურებდი. ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი ტორტი ძალიან მიყვარს.

– რომლის გაკეთება უფრო ძვირია – ტორტის თუ შოკოლადის ფიგურის?

– ასე ვერ განსაზღვრავ, ტორტიც შეიძლება იყოს 1 000-ლარიანი და შოკოლადის სკულპტურაც.

– პროფესიით მსახიობი ხარ. შენი პირველი პროფესია თუ გეხმარება ამ სფეროში?

– რასაკვირველია. „გუდვილში“ რომ მოვედი, ჩემს უფროსს, ლია კანდელაკს ეგონა, რომ იქ დიდხანს არ გავჩერდებოდი, რადგან სულ სხვანაირი ვიყავი. ის არაფერში არ მზღუდავდა, სულ მაძლევდა იმის უფლებას, რომ ჩემთვის „მეთამაშა.“ მას არაჩვეულებრივი ინტუიცია აქვს, იცოდა, რომ რაღაც საინტერესოს ოდესღაც აუცილებლად გავაკეთებდი. ასეც მოხდა. ჩემმა პირველმა პროფესიამ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხელი ნამდვილად შემიწყო. ალბათ, ორივე ხელოვნებაა და ამიტომ. პირველი ჩემი სკულპტურა, რომელიც შოკოლადისგან გავაკეთე, თეატრალური ნიღბები იყო.

– ხატვა თუ გეხერხება?

– არა, ფანქარს საერთოდ ვერ ვიჭერ ხელში. ბევრს არ სჯერა, მაგრამ, ასეა. ნივთების გადაკეთება კი ყოველთვის მეხერხებოდა.

– შენს გეგმებში რა შედის?

– ძალიან მინდა, 2011 წელს ცოცხალ მოდელებს ჩავაცვა შოკოლადი. მინდა გაცილებით სერიოზული რამ გავაკეთოთ. ჩვენ ვგეგმავთ, 2012 წელს წარვდგეთ კონკურსზე, რომელიც პარიზში გაიმართება. ჯერ ფრანგი კონდიტერი ჩამოვა აქ, მერე კი, მასტერკლასის გავლის შემდეგ, ჩვენ წავალთ საფრანგეთში. მერე კი, საქართველოში შესარჩევი კონკურსი ჩატარდება საკონდიტროებს შორის და, თუ გავიმარჯვებთ, 2012 წელს წარვდგებით კიდეც ამ კონკურსზე.


скачать dle 11.3