დაფი გადარჩა
შესაძლოა, არ იცოდეთ, მაგრამ ფეხბურთში ტრავმა უფრო ხშირია, ვიდრე, მაგალითად, რაგბიში. არადა, რაგბი ძალისმიერ სპორტად ითვლება, მაგრამ მორაგბეები კარიერის განმავლობაში, ფეხბურთელებთან შედარებით სამჯერ ნაკლებ ტრავმას იღებენ, მაგრამ ტრავმაც არის და ტრავმაც. ის, რაც გასულ კვირას ირლანდიის ნაკრებისა და „ევერტონის“ მცველს, შეინ დაფს დაემართა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
„ჩვეულებრივი სათამაშო სიტუაცია იყო. დაფი მეკარეს შეეჯახა, მერე საშინელი ხმით დაიღრიალა და დაეცა. ვერ მივხვდით, რა მოხდა და იგი პირდაპირ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაფს ღვიძლის აპკი გაუსკდა, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. ასეთი რამ ასი ათასი კაციდან ერთს ემართება და კარგია, რომ დაფი გადარჩა“, – განაცხადეს კლუბის ექიმებმა და ფეხბურთელს ორთვიანი უქმე გამოუწერეს.