ვინ დაუტოვა ირაკლი ნასიძეს საუკუნოვანი ნივთები მემკვიდრეობით
მან მსოფლიო მოდის მექაც დაიპყრო და საუკეთესო დიზაინერების ათეულშიც მოხვდა... მის მიერ შექმნილი სამოსი ყველაზე ცნობილ და სამეფო ოჯახის წევრებს აცვიათ... განგებამ ბევრი სიურპრიზი მოუწყო. ისე ცხოვრობს, როგორც გრანდებს სჩვევიათ... ევროპული საზოგადოების ყველაზე მოდური წრე, სახლები პარიზში, ბელგიაში... მალე ტოკიოსაც უმიზნებს. ბევრს მოგზაურობს: ხან სადაა და ხან – სად, მაგრამ ყველაზე კომფორტულად ავლაბრის ძველ ქუჩაზე, იტალიური ეზოს თბილ ბუდეში ისვენებს.
ირაკლი ნასიძის თბილისურ სახლში ყველაფერი ისეა, როგორც ეს თავად ირაკლის სურს. მისი არაჩვეულებრივი და მომხიბვლელი დედის წყალობით, ბინა ისეთი უზადო გემოვნებით არის მოწყობილი, რომ, თუ სარკმლიდან არ გაიხედავთ, ვერც მიხვდებით, რომ თბილისში ხართ, თუმცა არც სარკმლიდანაა ურიგო ხედი. სახლი ფერისცვალების ეკლესიას ესაზღვრება, ახლოს კიდევ ბევრი ეკლესიაა და, ალბათ, ესეც გახდა თავის დროზე ნასიძეების აქ დასახლების მიზეზი. იტალიური ეზოს არცთუ დიდი, მაგრამ თბილი, მყუდრო და კომფორტული ბინა ირაკლის უცხოელ სტუმრებს ისე მოსწონთ, რომ ხშირად უარს ამბობენ სასტუმროში დარჩენაზე. ასეთ დროს სტუმართმოყვარე ოჯახში ტრადიციული ამბავი ხდება: იშლება დასაკეცი ლოგინები და ბუხრის პირას გათენებულ რომანტიკულ ღამეებს დასასრული არ უჩანს.
სახლი, რომელიც რვა წლის წინ შეიძინეს, თითქმის თავიდან ააშენეს. აქედან არაფერი გამოვა, უთხრა ირაკლიმ დედას, მაგრამ დედა დროებით არქიტექტორიც გახდა, დიზაინერიც და, სახლი ისე მოაწყო, რომ ირაკლის ყველა სურვილი აასრულა... ფერები უკვე ცნობილ შვილს პარიზში შეუთანხმა ტელეფონით. ღია ნაცრისფერი კედლები აკადემიური და კონსერვატიული სტილისთვის ზედგამოჭრილი იყო, სახლი კი ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო ზედმეტი ავანგარდისა და გადაპრანჭვის გარეშე. ქართული ელემენტებიც უხვადაა დაცული – ტრადიციული დიდი „ზალა“, ქართული ქვით მოპირკეთებული ბუხრები პირველ და მეორე სართულებზე, აგურით გადახურული შესასვლელი, რიკულებიანი ხის კიბე და პატარა ეზო, სადაც უამრავი ლამაზი ყვავილი და მწვანე ნარგავია... მეზობლებთან ერთად ტრადიციული „ჭუკჭუკიც“ შეიძლება – აქ ძალიან უყვართ მეზობლები. ეს ხომ პარიზი არაა, მეზობელთან მისასვლელად წერილის გაგზავნა დაგჭირდეს. რით უნდა გაახარონ ცნობილი მეზობელი?! ვარდის ლიქიორი და კაკლის მურაბა უყვარს და ხშირად მოუკითხავენ ხოლმე. ეს სწორედ ის არის, რასაც სხვაგან ვერ იპოვი...
ამ სახლში ძალიან ბევრი ძველისძველი, საუკუნოვანი ნივთია. ისინი ირაკლის წინაპრებისგან ერგო, მათი უმეტესობა კი ცნობილი და წარმატებული ადამიანი იყო. წარსულს არ ივიწყებენ, ამიტომაც, დიზაინერის სამუშაო ოთახში მისი ნახატების გვერდით ჩოხებსა და ჩიხტიკოპებში გამოწყობილი ადამიანების სურათების გალერეაა. აქვეა დიდი სასტუმრო ოთახი, – ეგრეთ წოდებული „ზალა“, რომელსაც მთელი ბინის მეხუთედი ნაწილი დაუთმეს. ძველი სამეულები, ინგლისური მაგიდა და სკამები, „ბოჰემა“, ორი საუკუნის წინანდელი აბაჟური... ირაკლიმ ბროლზე, თვლებზე და ბრჭყვიალა ნივთებზე უარი თქვა, თუმცა ფრანგული სარკეები კი ჩამოიტანა პარიზიდან. ცნობილი ლიტველი მოქანდაკის ფაიფურის ნაკეთობებიც საკუთარი ხელით წამოიღო. ფაიფურის ულამაზესი ქათმები, მკურნალი ქალი და ყვავი სპეციალურად მისთვის დაამზადეს. ჩაიდნებიც ძალიან უყვარს. ყველანაირი ჩაიდანი აქვს: დიდი, პატარა, ჩაის, ყავის, უფუნქციოც კი... ჩაიდნებს პროფესიული თვალით უყურებს – ცნობილებს ხომ ცოტა უცნაური ახირებებიც აქვთ....
პირველ სართულზე ერთადერთი თანამედროვე სტილის ოთახია – სამზარეულო, პარიზული გარნიტურით. ფარდებზეც დიზაინერმა იზრუნა – ყველა ოთახს „პოლ სმისის“ ფარდები ამშვენებს. საძინებელში დიზაინერის საყვარელი მწვანე ფერია, საწოლის მწვანე გადასაფარებელსაც მისი ჩამოსვლის დროს იყენებენ. ავეჯთან არის შეხამებული ნოხებიც – ირაკლის დედის გემოვნება მოსწონს და ენდობა. პირველი სართულის გალერეა სტუმრების ყველაზე საყვარელი ადგილია... კედლებზე ირაკლისა და მისი დისშვილის, პატარა ვატოს ნახატებია. იქვე დგას ორიგინალური მაგიდა სკამებით, რომლებიც ირაკლის მინისტრ ბაბუას გემზე აჩუქეს. აქ ქართველებიც კარგად გრძნობენ თავს და ფრანგებიც. ნასიძეებს კარგი შავი ღვინო აქვთ. ვახშმით კმაყოფილი ფრანგები „მრავალჟამიერის“ წაღიღინებასაც კი ბედავენ ცნობილი დიზაინერის თბილისურ ბუდეში, ავლაბრის ძველ, ჯერ კიდევ დანგრეულ გზაზე, რომელიც ტაძართან მიდის...
თამუნა სამადაშვილი