კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ქვეყნებშია მომრავლებული ორგანოთა ტრეფიკინგი და რა ღირს ერთი თირკმელი


საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია ფუნქციონირებს 1997 წლიდან და მისი მიზანია ქვეყანაში ორგანოთა გადანერგვის ხელშეწყობა, რათა მოხდეს დაავადებული ორგანოს ჯანმრთელი ორგანოთი შეცვლა. როგორი და რა სახის პროცედურების ჩატარებაა საჭირო იმისთვის, რომ დონორი გახდე და რამდენად შეელახება ასეთ ადამიანს ჯანმრთელობა, ამის შესახებ გვესაუბრება ზოგადქირურგიული კლინიკის დირექტორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი გია თომაძე.


გია თომაძე: ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველი ეზეკია ამბობს, ამოვიღებ თქვენი სხეულიდან ქვის გულს, ახალ გულსა და ახალ სულს ჩაგიდგამთო. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ჩინელმა ექიმმა პიენ შიაომ ენერგეტიკული დისბალანსის სამკურნალოდ გულები გაუცვალა ორ თავის პაციენტს, მეოთხე საუკუნიდანაა ცნობილი წმიდა კოსმისა და დამიანის ჩანაწერები, რომელშიც აღწერილია გვამიდან გადანერგვის პირველი შემთხვევა. ღვთის მსახურს განგრენის გამო გადაუნერგეს ეთიოპიელი გლადიატორის ქვემო კიდური. მეთექვსმეტე საუკუნეში იტალიელი ქირურგი გასპარო ტალიაკოცი მონების ცხვირს უნერგავდა მდიდარ ხალხს, რომელთაც „სასირცხვილო მიზეზით“ ჰქონდათ დაკარგული თავიანთი ცხვირები.

გადანერგვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს იმუნური თავსებადობა. ადამიანის ორგანოს გადანერგვის დროს ყოველთვის უვითარდება, ეგრეთ წოდებული, მოცილების რეაქცია და იგი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო დიდია ადამიანებს შორის იმუნური სხვაობა, რომელიც განპირობებულია სისხლის ჯგუფობრიობისა და სხვა სპეციფიკური პარამეტრებით.

– მაინც, რა სახის ანალიზების გაკეთებაა საჭირო, რომ ადამიანმა დონორობა შეძლოს?

– მთავარია, როგორია მისი სისხლის ჯგუფი, მისი ლეიკოციტური ანტიგენები და ასე შემდეგ. თუ არ ჩავთვლით ერთი კვერცხუჯრედიდან გაჩენილ ტყუპებს დედა იქნება, მამა თუ ძმა, ყველა შემთხვევაში საჭიროა იმუნიტეტის დამთრგუნავი მედიკამენტების მიღება, რასაც ასეთი პაციენტები აკეთებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამგვარ ადამიანს უფრო სუსტი ჯანმრთელობა აქვს: ადვილად ცივდება, ემართება ვირუსული დაავადებები ან ფილტვების ანთება, რადგან მას იმუნიტეტი უკვე დასუსტებული აქვს, მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგადი იმუნიტეტის დათრგუნვა გაცილებით უფრო გამოხატული იყო 70-იან წლებამდე, როცა მათ უნიშნავდნენ იმუნიტეტის დამთრგუნველ პრეპარატებს. შემდეგ წლებში შემუშავებული მედიკამენტებით იმ ტრანსპლანტაციურ იმუნიტეტს თრგუნავენ, რომელიც ებრძვის გადანერგილი ორგანოს შესაძლო მოცილებას და აქედან გამომდინარე, უფრო ნაკლებად ზიანდება ადამიანის იმუნიტეტი.

– ყველაზე ხშირად რომელი ორგანოს გადანერგვა ხდება?

– მსოფლიოში ინერგება 6 ორგანო: თირკმელი, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ინერგება, ასევე, ღვიძლი, პანკრეასი, ფილტვი, წვრილი ნაწლავი და გული. წელიწადში დაახლოებით 100 000 ორგანოს გადანერგვა ხდება, მათგან 60 პროცენტზე მეტი თირკმლის გადანერგვაა. ყველაზე ნაკლებად ხდება გულისა და წვრილი ნაწლავის გადანერგვა.

– ბატონო გია, როდისაა პაციენტის მდგომარეობა შედარებით უკეთესად – ინსულინზე ყოფნისას თუ ტრანსპლანტაციის მერე?

– ორგანოთა გადანერგვას აქვს უარყოფითი მოვლენები. რადგან ორგანიზმის იმუნიტეტი ითრგუნება, არსებობს ოპერაციული გართულებების ალბათობაც. ამიტომ, პაციენტის მდგომარეობა სასწორს უნდა შევადაროთ: მის ერთ პინაზე დევს გადანერგვის შემდგომ შესაძლო გართულებები, მეორეზე კი – დიაბეტით გამოწვეული სიბრმავე, კიდურების განგრენები, სიზერვური პათოლოგიები და ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაშიც ძნელად ხდება დიაბეტის ორეგირება. სასწორის რომელი პინაც გადაწონის, პაციენტი იმის მიხედვით უნდა მოიქცეს.

– თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ გადანერგვამდე დონორისა და რეციპიენტის ანალიზების თანხვედრა მომხდარა, ოპერაციის მერე კი ორგანიზმმა არ მიიღო უცხო სხეული?

– ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ადამიანი იქნება ისე, როგორც იყო გადანერგვამდე. თუ ლაპარაკია თირკმელზე, მაშინ გადანერგილი თირკმლის მოცილების მერე პაციენტი ისევ დიალეზზე იქნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება. დიალეზი ტარდება დღეგამოშვებით, დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში, პაციენტები შეერთებულნი არიან ხელოვნური თირკმლის აპარატთან, სადაც ხდება მათი სისხლის გაფილტვრა. სხვა ორგანოების გადანერგვის შემთხვევაში, გასაგებია, რომ ეს გამოიწვევს პაციენტის გარდაცვალებას, თუ მას მაშინვე არ გადაენერგა სხვა ორგანო, გული იქნება ეს თუ ფილტვი.

– როგორც ვიცი, ხდება, ასევე, გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ნაწილის გადანერგვაც, რომელსაც გარკვეული პირობების დაცვა სჭირდება. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

– მკვდარი დონორების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ცოცხლების. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ჩატარებული გადანერგვების 60-70 პროცენტი განხორციელებულია მკვდარი ადამიანების ორგანიზმიდან. არსებობს ორი სახის გარდაცვლილი დონორი: ერთს გულისცემა უკვე შეჩერებული აქვს, მეორეს კი ტვინი აქვს მკვდარი – გარდაცვლილია, მაგრამ სუნთქვა და გულისცემა აქვს, რადგან აპარატზეა შეერთებული. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ორივე სახის დონორი მისაღებია. თუმცა, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, უკეთესია იმის დონორობა, ვისაც თავის ტვინი აქვს მკვდარი, მიკროცირკულაცია კვლავ მიმდინარეობს – ასეთი ორგანოების ფუნქციური მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე გულის გაჩერების შემთხვევის დროს. როგორც ვთქვით, დონორი შეიძლება იყოს ორი სახის – ცოცხალი და გარდაცვლილი. ცოცხალი დონორია ნებისმიერი ადამიანი, რომლის იმუნოლოგიური მაჩვენებლები შეესატყვისება პაციენტის იმუნოლოგიურ მაჩვენებლებს; ჩვენი კანონმდებლობით, ასეთი შეიძლება იყოს გენეტიკური ნათესავი და მეუღლე, თუ, რა თქმა უნდა, მოხდა მათი მონაცემების შესატყვისობა. ახლა მზადდება კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დონორი შეიძლება გახდეს არა მარტო პაციენტის, არამედ მისი მეუღლის ნათესავიც. პრაქტიკულად, გამოდის, რომ ცოცხალი დონორების რაოდენობა, მათი შესაძლო არეალი ორმაგდება. ევროპის ქვეყნებში დონორი შეიძლება იყოს მეგობარიც და ამ მხრივ შეზღუდვები არ არსებობს. ჩვენთან იმ მიზნით იკრძალება მეგობრის დონორობა, რომ შეიზღუდოს ორგანოთა გადანერგვასთან დაკავშირებული ისეთი საშიშროება, რასაც ჰქვია ორგანოთა ტრეფიკინგი, რომელიც კანონით აკრძალულია.

– მიცვალებულის ორგანოს გადანერგვა ჭირისუფლის თანხმობის შემთხვევაში მატერიალური დაინტერესების მიზნით ხდება?

– არავითარ შემთხვევაში! ყველამ იცის, რომ ორგანოს დონორობა არის უფასო და ამაში თანხას არ იხდიან, სადაც კანონი და ცივილიზაცია არსებობს. ეს გახლავთ ალტრუისტული ქმედება, როცა მიცვალებულს მისივე ორგანო არაფერში გამოადგება და, რატომ არ შეიძლება, რომ ერთმა ადამიანმა ექვს ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე – განა ეს მადლი არაა?! როცა სიკვდილი დაფიქსირდება, მაგრამ ადამიანი აპარატთანაა შეერთებული და ამიტომ სისხლის მიმოქცევა ჯერ კიდევ არსებობს, მაშინ, შეიძლება, პაციენტი გამოკვლეული იყოს იმუნოლოგიური მონაცემების მიხედვით შიდსზე, ჰეპატიტზე, ტუბერკულოზზე, რომ ერთი დონორისგან ექვსი სხვა ადამიანი არ დაზიანდეს. თუ დონორს გული უკვე გაჩერებული აქვს, მისი ორგანო ამოღებული უნდა იქნას რაც შეიძლება სწრაფად, უახლოესი წუთების განმავლობაში, ეს კი დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.

– საუბარში ახსენეთ ორგანოთა ტრეფიკინგი. მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს გახშირებულია მატერიალური დაინტერესების მიზნით და ადამიანები ნებაყოფლობით ხდებიან ორგანოთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი. საინტერესოა, რა ფასადაა შეფასებული ერთი ორგანო, რის გამოც ისინი შეგნებულად უქმნიან საფრთხეს თავის ჯანმრთელობას?

– არსებობს ადამიანთა და ორგანოთა ტრეფიკინგი – ეს კავშირშია ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, არსებობს ორგანოთა ტრეფიკინგი, როცა მატერიალური დაინტერესების გამო პაციენტი ერთი ქვეყნიდან მეორეში მიჰყავთ, უკეთებენ ოპერაციას, ამოუღებენ თირკმელს, რომელიც ორია და ასეთ შემთხვევაში პაციენტს არაფერი უშავდება. მსგავსი ისტორიები იმ ქვეყნებშია, სადაც სოციალური პრობლემებია და სიღარიბის დონე მაღალია. საქართველოში ისე მასობრივად არ ხდება ასეთი შემთხვევები, როგორც მოლდავეთში, რუმინეთსა და სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება ორგანოს ფასს, მე, რა თქმა უნდა, არ ვარ შავი ბაზრის მონაწილე, მაგრამ, მაქვს ინფორმაცია, რომ თირკმელში 3-4 ათასს, უკეთეს შემთხვევაში კი 5 000 დოლარს უხდიან დონორს, რაც საკმარისი არ არის მისი ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად. თუმცა, ფულის ძირითადი ნაწილი მიაქვთ ბროკერებს და ორგანოს გამცემს წილად მიზერული თანხა ხვდება.

– ოპერაციის შემდეგ რა ცვლილებები ხდება დონორისა და რეციპიენტის ორგანიზმებში?

– საქართველოშიც და მის გარეთაც ჩატარებული კვლევებიდან დადასტურდა, რომ დონორთა უმრავლესობა განიცდის მორალურ კმაყოფილებას, რადგან მისი წყალობით მეორე ადამიანმა ჯანმრთელობა გაიუმჯობესა. იმ პაციენტისთვის, ვისაც გადაენერგა ორგანო, შეუდარებლად უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. როცა ადამიანი დღეგამოშვებით უნდა მივიდეს საავადმყოფოში და 3-4 საათის განმავლობაში უნდა იყოს შეერთებული აპარატთან, ასეთ შემთხვევაში ის ვერც დასასვენებლად და ვერც სამოგზაუროდ ვერ წავა, ხოლო, როცა ორგანოს გადაინერგავს, ბევრი პრობლემა ეხსნება და ის ხდება სოციუმის აბსოლუტურად თანაბარუფლებიანი მოქალაქე. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვყავს ორგანოგადანერგილი პაციენტები, რომლებმაც ოჯახები შექმნეს და თავს მშვენივრად გრძნობენ. ზოგიერთი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს და სპორტითაა დაკავებული, რამდენიმე გოგონა უცხოეთშიც იმყოფებოდა და თხილამურების სრიალში გაიმარჯვა, შვეიცარიიდან მედალიც კი ჩამოიტანა. ეს ფაქტი მორალურად ჩემთვისაც სასიამოვნო და საინტერესოა.


скачать dle 11.3