კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მშობიარობის შემდეგ, უკვე ორი თვე ხდება, საშინლად მცვივა თმა. ვარ მეძუძური დედა და ამიტომ ზოგიერთი მედიკამენტისგან თავს ვიკავებ. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: მშობიარობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში თმის ცვენა ნორმალური მოვლენაა და მკურნალობას არ საჭიროებს. უბრალოდ, შეგიძლიათ, თავი დაიბანოთ კვერცხის გულითა და გვირილის ნახარშით. მაგრამ, თუ ცვენა 6 თვეს გადასცილდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს, რომელიც ჩაგიტარებთ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას, შეამოწმებს სისხლში რკინის შემცველობას, თმის ძირების მდგომარეობას და დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობას.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა გავიდიდო ტუჩების მოცულობა, რომელია ამისთვის ყველაზე თანამედროვე მეთოდი და მტკივნეულია თუ არა ეს პროცედურა?
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ არ წაგიკითხავთ ჩვენი რჩევები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ აგიხსნით: არსებობს ტუჩის კორექციის ორი მეთოდი – ქირურგიული და კონტურული. ქირურგიული მეთოდის გამოყენებისას, ქირურგი პრაქტიტკულად თავიდან ქმნის ტუჩების მოხაზულობას. ოპერაცია კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. კონტურული კორექციის დროს კი, იყენებენ ჰიალურის მჟავის ფუძეზე დამზადებულ ბიოგელს. ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, ტუჩის კონტურის გაყოლებით, სასურველი ზომის მიღებამდე. გელი შეჰყავთ წვრილი ნემსით. განსხვავება მაშინვე თვალსაჩინო ხდება, მაგრამ საბოლოო შედეგი გექნებათ მხოლოდ 4-6 კვირის შემდეგ. არსებობს კიდევ მესამე ალტერნატივა: პარფიუმერიულ საფირმო მაღაზიებში იყიდება ტუჩის სპეციალური საცხი, რომლის წასმის შემდეგ ტუჩები ვიზუალურად უფრო დაბერილი ჩანს.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე, რომ ნაკლებად ვიგრძნო ტკივილი ცვილით გაკეთებული ეპილაციის დროს?
პასუხი: ტკივილი რომ შეგიმსუბუქდეთ, ცვილით ეპილაციის გაკეთების წინ მიიღეთ თბილი შხაპი, რის შედეგადაც თმის ძირები გათბება, დალბება და, შესაბამისად, მათი მოშორება გაცილებით უმტკივნეულო ხდება.
კითხვა: როგორ გავიკეთო თმის ძირების მასაჟი საკუთარი ძალებით?
პასუხი: თმის ძირების მასაჟი შედგება 4 ძირითადი ეტაპისგან: 1) ათივე თითის წვერით დაიმასაჟეთ თმის ძირები (თავის მთელ ფართობზე) ისე, რომ თავის კანი მსუბუქად მოძრაობდეს; 2) მსუბუქი წრიული მოძრაობით დაიწყეთ მასაჟი თავის შუა ნაწილიდან (ცხვირის ასწვრივ) და კინკრიხოს გავლით მიდით კეფამდე, შემდეგ კი დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას; 3) გაშლილი ხელისგულები რბილად გადაისვით საფეთქლებიდან კეფამდე; 4) მასაჟი დაასრულეთ თავის ზედაპირზე ხელისგულების ძალიან მსუბუქი მიტყაპუნებით.
კითხვა: ვარ გარდატეხის ასაკში. სხეულის ზოგიერთ მონაკვეთზე მაქვს ჭარბი თმა და მინდა, ეპილაცია გავიკეთო. მაგრამ, ახლობელმა მითხრა, შენს ასაკში ეპილაციის გაკეთება დაუშვებელია, რადგან, შესაძლოა, უარესი შედეგი მიიღოო. მართალია თუ არა ეს და, საერთოდ, ვისთვის არ შეიძლება ეპილაციის გაკეთება?
პასუხი: რაც შეეხება გარდატეხის ასაკს, ამ პერიოდში, უმჯობესია, გაიკეთოთ დეპილაცია. ეპილაციის გაკეთება კი კატეგორიულად არ შეიძლება:
ა) ორსულებისთვის;
ბ) კანის ნებისმიერი ანთებითი ან ინფექციური დაავადების შემთხვევაში;
გ) მენსტრუაციის დროს;
დ) ნებისმიერი ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის;
ე) გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირთათვის;
ვ) ნებისმიერი ონკოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
კითხვა: თუ შეიძლება, მომაწოდეთ თუნდაც მინიმალური ინფორმაცია ყველაზე ცნობილი ანტიოქსიდანტების შესახებ.
პასუხი: ყველაზე ცნობილი ანტიოქსიდანტებია: A, C, E ვიტამინები და მინერალი სელენი.
ვიტამინი A – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ხელს უწყობს ზრდას, აახალგაზრდავებს კანს და ამაგრებს თმის ძირებს. ჭარბად მოიპოვება ყვითელ, წითელ და ნარინჯისფერ ხილსა და ბოსტნეულში.
ვიტამინი C – ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, გამოიყენება კოსმეტიკაში. ჭარბად მოიპოვება ციტრუსებში, ქაცვში, შტოშში, ბულგარულ წიწაკაში, მწვანილსა და სხვა პროდუქტებში.
ვიტამინი E – შეავსებს ცხიმმჟავის მარაგს. ის ჭარბად მოიპოვება მარცვლეულში, მიწის თხილში, ზეთისხილსა და მცენარეულ ზეთში.
მინერალი სელენი – აძლიერებს ორგანიზმის უჯრედებს. ჭარბი რაოდენობით შეიცავს: რუხი ბრინჯი, რძე, ღვიძლი, სოკო და საფუარი.
კითხვა: გავიგე, რომ მეცნიერებს გამოუგონიათ მადის დამქვეითებელი პრეპარატი, რომელიც თავისი თვისებებით, თურმე ყველა თავისი წინამორბედისგან განსხვავდება. რა ინფორმაცია მოიპოვება ამ პრეპარატის შესახებ და რა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა ის სხვებისგან?
პასუხი: თქვენ, ალბათ, გულისხმობთ ნეაპოლელი მეცნიერების მიერ შექმნილ აბებს, რომლებიც მალე გაიყიდება სააფთიაქო ქსელში. ეს პრეპარატი, როგორც ამბობენ, საუკეთესო საშუალებაა მადის „მოსათვინიერებლად“. ის მოქმედებს პამპერსის პრინციპით: კუჭში მოხვედრისას აბი იწყებს თავის გარშემო არსებული სითხის „შესრუტვას“, შესაბამისად, მაქსიმალურად იბერება და ავსებს კუჭის მთელ ფართობს, ტვინს კი უგზავნის დანაყრების სიგნალს. მისი გამომგონებლები ამტკიცებენ, რომ პრეპარატი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.