გულის დაავადებებს მარწყვის, პომიდვრის, ბრინჯისა და თხილის ეშინია
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, სხეულის ოპტიმალური წონის შენარჩუნება, სიგარეტზე უარის თქმა, ნაკლებცხიმიანი და მარილიანი კერძები, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები რაციონი – ეს ყველა ფაქტორი გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.
გულ-სისხლძარღვთა დასნეულების რისკის შემცირება ზოგიერთ ვიტამინსაც შეუძლია, ესენია ანტიოქსიდანტები. ისინი ხელს უშლის ქოლესტერინის ჩართვას ოქსიდაციის პროცესებში. ოქსიდაცია ქოლესტერინისა და ჟანგბადის სისხლში მიმდინარე ურთიერთქმედებაა. ეს რეაქცია ხელს უწყობს ქოლესტერინის მომარაგებას სისხლძარღვების შიდა კედლებზე, რის შედეგადაც სისხლძარღვების სანათური ვიწროვდება და სისხლის მოძრაობა ფერხდება. ამ პროცესს კი, ათეროსკლეროზი ეწოდება. ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები აფერხებს ოქსიდაციის პროცესს. C და E ვიტამინები საუკეთესო ვიტამინურ ანტიოქსიდანტებად ითვლება. თუ გულის დაავადება უკვე გაწუხებთ, ისინი გულის შეტევის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
C და E ვიტამინები უნდა მიიღოთ მაშინაც კი, როცა გადატანილი გაქვთ გულის შეტევა, ინფარქტი, სტენოკარდია, ინსულტი, ასევე, მაშინ, თუ სისხლში მაღალია ქოლესტერინის შემცველობა, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, ეტანებით ალკოჰოლს და ბევრს ეწევით. ეს ორი ვიტამინი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად. C ვიტამინის დოზა 50 მილიგრამია, E ვიტამინისა კი – 40 მილიგრამი.
C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს: ბულგარული წიწაკა, ჟოლო, ფორთოხალი, პომიდორი, ანანასი, მაყვალი, კივი, მარწყვი, კომბოსტო და ასე შემდეგ.
E ვიტამინს კი შეიცავს: ბრინჯი, ნუში, მზესუმზირა, ასევე, მზესუმზირის ზეთი, ნიგოზი, თხილი, ხორბალი და ასე შემდეგ.