მწვავე და ქრონიკული გასტრიტების დროს გვირილა უებარი დამხმარეა
გვირილის ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, სპაზმოლიტური ქმედების გლიკოზიტ-აპიგენინს, ამიტომ მას იყენებენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნაწლავების სპაზმების დროს. ეთერზეთის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილებია ჰამაზულენი და პროჰამაზულენი.
ხალხურ მედიცინაში გვირილის ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, პირის ღრუს დაავადებების, კერძოდ, სტომატიტების, ტონზილიტებისა და ანგინის დროს. გვირილას უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, ენტეროკოლიტის სამკურნალოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს.
გვირილის პრეპარატები ამცირებს ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, კურნავს ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმის დროს კი გვირილის ნაყენს იყენებენ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაწლავის სადინარების დაავადების დროს აიღეთ 10 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და გააჩერეთ დაახლოებით რვა-ათი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. ერთი ულუფა ნაყენი მიიღეთ ორი დღის განმავლობაში.
რევმატიული ტკივილისა და ნიკრისის ქარის დროს გაიკეთეთ გვირილის აბაზანები.
ბუასილის დროს, აიღეთ 2 კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათით თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ და გამოიყენეთ გარეგან საშუალებად, საფენების სახით. ეს ნაყენი, ასევე, კარგია თვალების ანთებითი პროცესების დროს, თვალების ამოსაბანად.