ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემს ორი წლის ბიჭუნას სამჯერ ამოუვარდა იდაყვის სახსარი. შეიძლება თუ არა, რომ ივარჯიშოს, ძელზე ჩამოეკიდოს ან მკვეთრი მოძრაობა შეასრულოს?
პასუხი: პატარებში იდაყვის სახსრის ამოვარდნა ხშირად მშობლების ბრალია, რომლებიც სიარულის დროს ხელჩაკიდებულ ბავშვს უეცრად მოქაჩავენ ხოლმე ხელს. ზოგჯერ პატარა თვითონვე ცდილობს, დედიკოს ხელი წაართვას და წინ გაიქცეს. მისი მცდელობა კი, იდაყვის ამოვარდნით გვირგვინდება. მკვეთრი მოძრაობისას, სხივის ძვლის თავი გამოვარდება მრგვალი იოგიდან, სადაც იგი ნორმალურ მდგომარეობაშია ფიქსირებული. ბავშვს მკვეთრი ტკივილი აწუხებს და ხელს იდაყვში ვერ ხრის. ტრავმის შემდეგ ბავშვი უნდა მოარიდოთ მკვეთრ მოძრაობებს, რომლებსაც შეუძლია ახალი ამოვარდნილობა გამოიწვიოს. თუ ერთი წლის განმავლობაში ასეთი ტრავმა არ განმეორდა, შეგიძლიათ, თქვენი პატარა სპორტის ნებისმიერი სახეობით დატვირთოთ.
კითხვა: ახლობლები ხშირად მეუბნებიან, რომ გუგის ზომები მეცვლება. გთხოვთ, მითხრათ, ნორმალურია ეს თუ მხედველობის დარღვევის წინაპირობაა?
პასუხი: ის, რომ თვალის გუგა ხან ფართოვდება, ხან კი წერტილივით პატარავდება, ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა. რაც მეტია განათება, მით ვიწროა გუგა და პირიქით. ამგვარად, გუგა თვალის ბადურისთვის ოპტიმალურ პირობებს უზრუნველყოფს და თვალის ოპტიკურ სისტემას გამოსახულების ფოკუსირებაში ეხმარება. ნორმალური გუგის ზომა მუდმივი არ უნდა იყოს – 1,5-დან 8 მილიმეტრამდე შევიწროებისა და გაფართოების უნარი უნდა ჰქონდეს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ გუგა რეაგირებს არა მხოლოდ სინათლეზე, არამედ ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც. მაგალითად, სიხარული, მღელვარება, ტკივილი, შიში აფართოებს გუგას. ნაღველი, დარდი – ავიწროებს.
კითხვა: ეგზემის სამკურნალოდ პაციენტმა, გარდა წამლების მიღებისა, რა უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად?
პასუხი: ეგზემის ნებისმიერი ფორმის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენის წესების დაცვას, სასურველია მცენარეული აბაზანების გამოყენება (ექიმის მითითებით). დაუშვებელია სხეულის გარუჯვა. საჭიროა დიეტა: საკვებში შემცირებული უნდა იყოს ნახშირწყლების რაოდენობა. აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი, იზღუდება ალერგიული პროდუქტების მიღება (პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით). დაზიანებული ადგილის დაინფიცირების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კითხვა: როგორ ავიმაღლო ჰემოგლობინი ხალხური მედიცინის საშუალებით?
პასუხი: 1 ჭიქა ასკილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და გააჩერეთ თერმოსში ერთი დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ აურიეთ 1 კილოგრამი „ანტონოვკის” წვენი, 1 კილოგრამი ბროწეულის წვენი, 2 ცალი ლიმონის წვენი, 1 ჩაის ჭიქა თაფლი და შედგით მაცივარში 24 საათის განმავლობაში. მიიღეთ დღეში ორჯერ ნახევარი ჩაის ჭიქა.
კითხვა: გთხოვთ, მირჩიოთ, კუჭის შეკრულობის დროს როგორი სახის საკვები უნდა მივიღო. წამლების დალევა არ მინდა.
პასუხი: ყაბზობის (კუჭის შეკრულობის) დროს სასურველია მხოლოდ შავი პური, ხილი და ბოსტნეული, გამხმარი ხილი (განსაკუთრებით შავი ქლიავი, გარგარი), წიწიბურა, ლუდი, არაჟანი, მინერალური წყლები. ეს პროცედურები კუჭის მოქმედებას აუმჯობესებს.
კითხვა: რომელი ხილის წვენი უწყობს ხელს რკინის შეწოვას?
პასუხი: ფორთოხლის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს რკინის შეწოვას. სასურველია ფორთოხლის წვენის მიღება რკინის შემცველ პროდუქტებთან ერთად. ასევე, რეკომენდებულია ხორცისა და ბოსტნეულის ერთად მიღება.
კითხვა: მართლა იწვევს თუ არა ბაქტერია კუჭის წყლულს და შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება? რომელი წამლის მიღება ჯობია ამ დროს?
პასუხი: ერთი და იმავე წამლის მიღება უშედეგოა და ამავე დროს, საზიანოც. (სწრაფად ვითარდება ბაქტერიის გამძლეობა ანტიბიოტიკისადმი). ასევე უშედეგოა და საზიანო თვითმკურნალობაც, რადგან მხოლოდ სწორად შერჩეულმა პრეპარატებმა, ინფექციის ლიკვიდაციამ და ხანგრძლივმა სამკურნალო დიეტამ შეიძლება მიგიყვანოთ განკურნებამდე, მაგრამ კვალი წყლულის შეხორცების ადგილზე მაინც რჩება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია