კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს „ბედნიერების ჰორმონი“ და როგორ გავიუმჯობესოთ გუნება-განწყობა


ბედნიერება ეს არის ემოციური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი, არსებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან კმაყოფილებას გრძნობს. ბედნიერი ადამიანის ცხოვრება შინაარსიანია და მას აქვს კონკრეტული მიზნები. თანამედროვე ფსიქოლოგთა მიერ ამ მდგომარეობის აღმწერი დეფინიცია სწორედ ასეთია. დღევანდელ ბიოლოგიას და მის სხვადასხვა დარგებს, ადამიანის ყველანაირი ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობა გამოკვლეული აქვს. შესაბამისად, ჩვენს ბედნიერებასაც გამოენახა თავისი ფიზიოლოგიური მექანიზმი. ადამიანის ბედნიერებაში დიდ როლს თამაშობს ჩვენი ორგანიზმის მიერ შინაგანად გამომუშავებული ნივთიერება – ენდორფინი. მისი როლი როგორც „ბედნიერების ჰორმონის“, უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია. მეცნიერები ცდილობენ, სხვადასხვა მიზნისთვის მის გამოყენებას. თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა „ბედნიერების“ ხელოვნურად გამოწვევისთვის გვასწავლის ენდოკრინოლოგი ნოდარ სახეიშვილი.


– რა არის ენდორფინები?

– ენდორფინები მიეკუთვნება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გამომუშავდება თავის ტვინში. მათ შეუძლია, მტკივნეული შეგრძნებების ბლოკირება და ადამიანის ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა. ენდორფინები წარმოიქმნება ნივთიერებისგან, რომელიც ჰიპოფიზში სინთეზირდება. არსებობს მოსაზრება, რომ ენდორფინები ადამიანის ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას არეგულირებს. ზოგადად, ჰიპოფიზი ორგანიზმის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ინარჩუნებს რა ჰორმონალურ წონასწორობას.

– როგორ მოქმედებს ენდორფინები ორგანიზმზე?

– ენდორფინების მოქმედების მექანიზმი წააგავს ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოქმედების მექანიზმს, რომლის არსიც ნერვული დაბოლოებების ბლოკირებაშია. ნერვული დაბოლოებები მტკივნეულ შეგრძნებებზე აგებს პასუხს. ნარკოტიკული ნივთიერების ან ენდორფინის მოლეკულა უკავშირდება რეცეპტორს, რის შედეგადაც იწყება თავის ტვინის ქერქის კონკრეტული უბნების აქტივაცია და აღმოცენებული ნერვული იმპულსები ბლოკავს მტკივნეულ სიგნალებს. ადამიანი, რომელიც ენდორფინების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, ვერ გრძნობს უსიამოვნო ზემოქმედებას, რადგან განსაზღვრული ნერვული დაბოლოებები დათრგუნულია. ენდორფინს ადამიანი ეიფორიაში მოჰყავს, მას ასევე „ბუნებრივ ნარკოტიკს“ ან „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ. ნებისმიერი დადებითი განცდა იწვევს სისხლში ენდორფინების დონის მატებას.

– როგორ გამოვიწვიოთ ორგანიზმში ენდორფინების გადმოსროლა?

– იმისთვის, რომ ორგნიზმში ენდორფინების გამოთავისუფლება გამოვიწვიოთ და თავი ბედნიერად ვიგრძნოთ, სულაც არ არის საჭირო რაიმე ექსტრემალური ქმედების ჩადენა ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება. არსებობს უამრავი ბუნებრივი და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც ენდორფინების გადმოსროლას უწყობს ხელს. ახლახან ჩატარებულ ცდებზე დაყრდნობით, ტეხასელი ფიზიოლოგები გვირჩევენ წიწაკა ჩილის გამოყენებას. გაიჩერეთ წიწაკა ენაზე ცოტა ხნით და თქვენ არა მარტო თავს იგრძნობთ უკეთ, არამედ ტკივილისგანაც გათავისუფლდებით. მეორე მეთოდია – დადებითად აზროვნება. ამისთვის საჭიროა, საკუთარი აზრების კონტროლი და უარყოფითი მოსაზრების გაჩენისთანავე მისი დადებითით შეცვლა. ეს უზრუნველყოფს სისხლში „ბედნიერების ჰორმონის“ გადმოსროლას, რის შედეგადაც, თქვენ შეამჩნევთ, როგორ გაგიუმჯობესდათ განწყობა. სპორტი ხელს უწყობს ენდორფინების გადმოსროლას სისხლში, ეს განსაკუთრებით სირბილს, ცურვას, ტენისს ანუ სპორტის იმ სახეობებს ეხება, ვარჯიშს ხანგრძლივი დროით რომ მოითხოვს. ვარჯიშისას, გარკვეულ მომენტში, თქვენ იგრძნობთ აბსოლუტურ სიამოვნებას – ეს სისხლში ენდორფინების დონის მატებაზე მიუთითებს. ყველაზე ძლიერი მეთოდი ამ მხრივ სექსუალური კონტაქტია. ახალი შთაბეჭდილებები, როგორიცაა თეატრში ან კონცერტზე წასვლა ასევე მოქმედებენ ენდორფინის დონეზე. მუსიკა, რომელიც თქვენში ცრემლებს იწვევს, ენდორფინის გამოყოფის ეფექტური სტიმულატორია. ზოგადად, მუსიკისა და ჩვენი ორგანიზმის კავშირზე ალბათ, ცალკე უნდა აღინიშნოს. შოკოლადის ზომიერად მიღება ასევე იწვევს განწყობის ამაღლებას, თუმცა არ ღირს მისი ჭარბად მიღება. ეს არასასურველია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე ვიზუალური სრულყოფილებისთვის. ულტრაიისფერი სხივებიც უზრუნველყოფს ენდორფინების გამოყოფის სტიმულირებას, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა. მკვლევართა აზრით, ულტრაიისფერი სხივების აღნიშნული თვისება განაპირობებს სოლარიუმების პოპულარობას იმ ქალბატონებში, რომლებიც ერთხელ მაინც ეწვივნენ ამ დაწესებულებას. სისხლში ენდორფინების დონის მომატება შეუძლია სხვადასხვა საკვებს. მაგალითად, მდოგვს, კარტოფილს, ბანანს, რძეს და, როგორც აღვნიშნეთ, წიწაკა ჩილის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველდღიური რაციონის მიხედვით, ერთგვარად შეგვიძლია უფრო ბედნიერები გავხდეთ.

– რა როლს თამაშობს ენდორფინები დეპრესიის ფორმირებაში?

– ენდორფინის უკმარისობა იწვევს განწყობის დაქვეითებას და აპათიას, ანუ დეპრესიას. ნებისმიერი ადამიანის მიზანი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და სიამოვნების მიღებაა. სიამოვნების შეგრძნება ვითარდება ჩვენს ორგანიზმში ენდორფინების გამოთავისუფლებისას, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ძალიან ჰგვანან მორფინს. ამიტომაც ეწოდება ამ ნივთიერებას „ენდორფინი“ – ენდოგენური მორფინი. როგორც აღვნიშნეთ, სისხლში ენდორფინების დონის მომატებას იწვევს სხვადასხვა დადებითი მოვლენა და სასიამოვნო პროცესი, რის შედეგადაც ვგრძნობთ სიხარულს ან ბედნიერებას. ამიტომაც, დეპრესიის დროს ადამიანებს აღენიშნებათ მადის მომატება, ისინი ბევრს ჭამენ, რაც მათ სიამოვნებას ჰგვრის, ანუ იზრდება „ბედნიერების ჰორმონის“ გამომუშავება. სამწუხაროდ, ენდორფინების გამომუშავებას ხელს უწყობს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, კერძოდ ჰეროინის, რომელიც თავისი მოქმედებით ძალიან ჰგავს ენდორფინებს. ამასთან, ეს ნივთიერებები სწრაფად მოქმედებს ჩვენს რეცეპტორებზე. თუმცა, ამ ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, ადამიანს ჩვეული სიამოვნება აღარ აკმაყოფილებს.

– რამ შეიძლება გამოიწვიოს ენდორფინების უკმარისობა?

– ენდორფინების გამომუშავება შეიძლება, შემცირდეს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის დროს. ადამიანს, რომელიც დამოკიდებულია სხვადსხვა ქიმიურ ნივთიერებაზე, ორგანიზმში ენდორფინის დონე დაქვეითებული აქვს. ასეთი ადამიანები თავს „ნორმალურად“ მხოლოდ მაშინ გრძნობენ, როდესაც ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებას მიიღებენ, ამით პირდაპირი ან ირიბი გზით აძლიერებენ ენდორფინების გამომუშავებას. ალკოჰოლიკებსა და ნარკომანებს აღენიშნებათ სხვა სახის დარღვევებიც, განსაკუთრებით, ნივთიერებათა ცვლის მოშლა. ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება იწვევს ენდორფინების დიდი რაოდენობის გამოყოფას, რის შემდეგაც ორგანიზმი ამ ნივთირებების გაზრდილ დოზას ეჩვევა და რამდენიმე ხნის შემდეგ ორგანიზმის სხვადასხვა სისტემა წამლის გარეშე ვეღარ ფუნქციონირებს. თუ ადამიანი ნარკოდამოკიდებულია და ენდორფინებს გარემოდან იღებს, მაგალითად, ჰეროინის საშუალებით, რამდენიმე ხნის შემდეგ ორგანიზმი წყვეტს ბუნებრივი ენდორფინების გამომუშავებას.

– როგორი გავლენა გააჩნია მუსიკას ენდორფინების გამომუშავებაზე?

– მუსიკალურ ნაწარმოებებს შეუძლია, სისხლში ენდორფინების დონის მომატება. ენდორფინი, რომელიც გამომუშავდება ჰიპოფიზში, „ბუნებრივი ნარკოტიკია“ და რჩება სამედიცინო კვლევების საგნად. ბიოქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში გამომუშავდება დადებითი განცდებითა და მუსიკით გამოწვეული ემოციების მოქმედების შედეგად, ხელს უწყობენ ორგანიზმში საკუთარი ტკივილგამაყუჩებლების გამომუშავებას და იმუნიტეტის მომატებას. არსებობს თეორია, რომ მუსიკით მიღებული სიამოვნება ენდორფინების გამოთავისუფლების შედეგია. დადგენილია, რომ მუსიკალური თერაპია მშობიარეებს ეხმარება სამშობიარო ტკივილების შემცირებაში. მეტიც, მშობიარობისას მუსიკის გამოყენება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაც კი არის რეკომენდებული. სტრესისა და მტკივნეული შეგრძნებების შემცირებასთან ერთად, ბუნებრივი მაღალსიხშირიანი ბგერითი სიგნალები ხელს უწყობს სისხლში ლიმფოციტების რაოდენობის გაზრდას, რაც თავისთავად, სხვადსხვა დაავადებისადმი ორგანიზმის ბუნებრივი წინააღმდეგობის უნარს ზრდის.


скачать dle 11.3