რატომ დაამსგავსა რიკ ოუენსმა ქალები შიშველ მიცვალებულებს
მოდის სამყარო ამერიკელი დიზაინერებით განებივრებული არასდროს ყოფილა. თუმცა, მეოცე საუკუნის ბოლოს მათ მაინც შეძლეს თავისი სიტყვა ეთქვათ მოდის ინდუსტრიაში – სამოსის შექმნის სრულიად ახალი ხედვა ეჩვენებინათ. მარკ ჯეიკობსის, მაიკლ კორსისა და სხვათა შემდეგ ღირსეული ადგილი უჭირავს რიკ ოუენსს, უცნაური გარეგნობის კალიფორნიელს, რომელმაც მოდის სფეროში სერიოზული გადატრიალება მოახდინა და აბსოლუტურად განსხვავებული სტილი დანერგა. რიკ ოუენსზე ევროპა პირველად მაშინ ალაპარაკდა, როდესაც პარიზულ ვოგში კორიან დეის ფოტო გამოჩნდა. ფოტოზე ქეით მოსს რიკ ოუენსის ულამაზესი ტყავის ქურთუკი ეცვა.
დიზაინერმა პირველი კოლექცია 2002 წელს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში აჩვენა, რომელმაც საოცარი ეფექტი მოახდინა. დიზაინერმა მალე მიაღწია წარმატებასა და აღიარებას. მოგვიანებით, შექმნა ხაზი, რომელშიც აქტიურად გამოიყენა ძალიან მდიდრული იშვიათი ბეწვი. ბეწვის სამოსი მის კოლექციებში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ამიტომაც ამბობენ მოდის კრიტიკოსები, რომ რიკ ოუენსმა ქალებს „ძალიან ეგოისტური სიამოვნება განაცდევინა“ და რაც დრო გადის ამ სიამოვნებაში სულ უფრო მეტად ეფლობიან. აღსანიშნავია ისიც, რომ დიზაინერი ბისექსუალია. ჰყავს მეუღლე – მიშელ ლემი, რომელიც ლოს-ანჯელესში ძალიან პრესტიჟული რესტორნების ქსელს ფლობს და პარალელურად, მამაკაცებთან გართობაზეც არ ამბობს უარს.
თუმცა, პირადი შტრიხები არაფერია იმ მაღალ მოდასთან შედარებით, რომელსაც რიკ ოუენსი ქმნის. მისთვის არ არსებობს საზღვრები. მას პატიობენ ყველაფერს, რადგან მის კოლექციებში მოსალოდნელია ყოველგვარი ექსცენტრიკულობა და უცნაურობა. მართალია, მის კოლექციებს არაფერი აქვს საერთო ვივიენ ვესტვუდთან, რომელიც ასევე მოდური სიგიჟეებით გამოირჩევა, ოუენსის სამოსი ბნელი, მკვდარი ფერებით გაჯერებულია და მოდელებიც ამიტომ შიშველ მიცვალებულებს ემსგავსებიან და ერთი შეხედვით, მოსაწყენია, თუმცა, როდესაც საქმე სილუეტზე, კოსტიუმის კონსტრუქციაზე მიდგება, ყველაფერი რადიკალურად იცვლება. მოკლე ქვედაკაბებზე მორგებულია ულამაზესი გრძელი ბლუზები, რომელთაგან ზოგი „ბრეტელებიანია“, ზოგიერთი კი კონსერვატორული მხრებით და ორიგინალური საყელოთი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ამ სტილის სამოსის ჩაცმა გაჭირდება, რიკ ოუენსი მაინც არ ცდება პრეტ-ა-პორტეს ფარგლებს და ნებისმიერი კოსტიუმი ყოველდღიურ ცხოვრებაში მშვენივრად გამოიყენება.
დიზაინერს ფერები და აქცენტი გაკეთებული აქვს თეთრზე, ნაცრისფერის სხვადასხვა გრადაციასა და შავზე. კოლექციაში ძალიან დიდი რაოდენობით არის გამოყენებული გამჭვირვალე ქსოვილი, განსაკუთრებით, ხორცისფერი ელასტიკური ქსოვილი, რომელიც საოცრად გამოკვეთს მოდელების ულამაზეს მკერდს. ფერი კი ისე იყო შერჩეული, თითქოს სხეულს არაფერი ფარავდა. მხოლოდ მაშინ ხვდებოდი, ეს რომ მაისური იყო, როდესაც მკერდის მუქი ნაწილი ოდნავ გაცრეცილი ჩანდა. ამ ტიპის მინიმალისტურ სამოსზე ულამაზესი მოსაცმელები ჰქონდათ შემოცმული დამახასიათებელი მხრებითა და სილუეტით. რიკ ოუენსის მიხედვით, სეზონზე ყველაზე აქტუალური შორტია. განიერი, კლასიკური შორტი და ასევე ტყავის, ოდნავ ბაიკერული – მუხლს ზემოთ გადაჭრილი შორტი. ვიზუალურად საკმაოდ აგრძელებს ფეხს და განსაკუთრებით უხდება ზაფხული იმ „შუზებს“, რომელთა ჩაცმასაც დიზაინერი, სიცხეების მიუხედავადაც გვირჩევს.
მთელ კოლექციას თან სდევდა ერთი დეტალი, რომელიც მოდელებს წყალმცენარეებს უფრო ამსგავსებდა, ვიდრე პოდიუმზე მოსეირნე ლამაზმანებს. წელთან, ქამრის მაგივრად მიმაგრებული შადრევნის მსგავსი ტყავის დასაბნევი მართლაც საოცრად ეფექტურს ხდიდა კოსტიუმს. ყველაფერი ეს ერთგვარ მთლიანობაში აღიქმებოდა, რომლის გარეშეც რიკ ოუენსის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია შორტებისა და გამჭვირვალე მაისურების მონაცვლეობად იქცეოდა მხოლოდ.