როდის ვერ გამოსდის კაცს ტყუილი და რა შეიძლება შეეშალოს მას ძალიან ცუდად
თუ მშობლები ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ, რომ ტყუილზე დიდი უბედურება არ არსებობს, ამით მათ იმის დამტკიცება უნდოდათ, რომ თავიანთ ვალს პირნათლად ასრულებდნენ, თუმცა, ამბობდნენ ერთს და აკეთებდნენ მეორეს, ანუ ცრუობდნენ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უთქვამს ტყუილი. „ერთხელ მაინც“ მეტისმეტად მოკრძალებული გამართლებაა იმისა, რასაც ჩვენ ყოველდღე ჩავდივართ, ანუ ვიტყუებით. ვიტყუებით ხშირად და მერე თავს იმით ვინუგეშებთ, რომ იმ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ გვქონდა.
ფსიქოლოგიურმა და სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ, ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სიმართლეს ამბობენ, ბუნებაში არ არსებობენ. როცა ცდილობ, სიტუაცია შეალამაზო და იმაზე უკეთესი გახადო, როგორიც ის რეალურად არის, უკვე ტყუი. ასეთი ტყუილის მიტევება კიდევ შეიძლება, რადგან არავისთვის არ გინდოდა ზიანის მიყენება. ასეა თუ ისე, ტყუილი კვლავ რჩება ჩვენი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად და, თუნდაც არ გვინდოდეს ვინმეს გული ვატკინოთ, საბოლოოდ ტყუილი მაინც „ახერხებს“ ყველაფრის გაფუჭებას.
რამაზი (27 წლის): არაფრისგან იმხელა პრობლემა შევიქმენი, არც კი მჯერა, ახლა ამაზე რომ უნდა გელაპარაკოთ. საკუთარ თავზე ვცოფდები, ეს რატომ დამემართა. სხვას რომ მოსვლოდა და მე ამის შესახებ გამეგო, სიცილით მოვკვდებოდი, ვიტყოდი, დებილი ყოფილა ეს უბედური-მეთქი. ახლა რა ვთქვა? ისეთ იდიოტურ სიტუაციაში ვარ, მრცხვენია კიდეც. არ ვიცი, რა გავაკეთო. აქამდე საკუთარი თავი სერიოზული ადამიანი მეგონა. არადა, უკანასკნელი, ჩერჩეტი ბავშვივით მოვიქეცი. მაგრამ, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი პრობლემა თუ შემექმნებოდა. ახია ჩემზე, თუმცა, უკვე გვიანია სინანული. წელიწად-ნახევრის წინ შევირთე ცოლი. დიანა სამი წელი მიყვარდა და ძლივს მოვახერხე მისი გულის მოგება.
– რას გიწუნებდათ?
– (იცინის) ასე, კონკრეტულად რომ გითხრათ, არაფერს არ მიწუნებდა, მაგრამ არ სჯეროდა ჩემი სიყვარულის. არასერიოზულად აღმიქვამდა. ოთხი წლით არის ჩემზე უფროსი და მეუბნებოდა, შენთან დროს ვერ დავკარგავ, გასართობად არ მცალიაო.
– რადგან უფროსია ასაკით, იმიტომ ეგონა, რომ ერთობოდით?
– არა. საქმე მარტო ეს არ არის. დიანა ძალიან სერიოზული და მოწესრიგებული ადამიანია. ზუსტად იცის, რა უნდა და რისკენ მიდის. ამიტომაც შემიყვარდა. ვერ ვიტან ქარაფშუტა, „აწყვეტილ“ ქალებს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ცოლი ასეთი არ იქნებოდა. დიანაში ვხედავდი ჩემი ცხოვრების თანამგზავრს, იმ ადამიანს, რომელსაც ყოველთვის ყველაფერში დავეყრდნობოდი, მაგრამ, რა არის, იცით? დიანამაც გამიცრუა იმედი. მაინც არ აღმოჩნდა ისეთი „განსხვავებული“, როგორიც მეგონა. ეტყობა, ყველა ქალი მაინც ერთნაირია.
– ეს მამაკაცური ლოგიკაა.
– და, ვერ დამეთანხმებით, არა?! პრინციპში, ამას ველოდი. თქვენ, ალბათ, ყოველთვის ქალების მხარე გიჭირავთ, ანუ, ტენდენციური ხართ. არც მიკვირს და არც მწყინს ეს ამბავი.
– არანაირად არ ვიქნები ტენდენციური, გპირდებით.
– გმადლობთ, ეს უკვე შეღავათია ჩემთვის. ოღონდ, არ ვხუმრობ, მართლა ვამბობ არ იქნებ, თქვენ გამარკვიოთ, რატომ იქცევა ჩემი ცოლი ასე. ბოლოს და ბოლოს, კაცები ვიცი, ქვეყანას ანგრევენ, საყვარლებიც ჰყავთ და დამატებით „ნაშებშიც“ გრიალებენ, მაგრამ ოჯახები არ ენგრევათ, პატიობენ ცოლები.
– გშურთ იმ მამაკაცების?
– არა, მე ეგ არ მიგულისხმია. კი არ მშურს, უბრალოდ, გული მწყდება, ასე რომ დავისაჯე ერთი უწყინარი ტყუილის გამო. ვგიჟდები, როგორ შეუძლია დიანას, ასეთი მკაცრი იყოს და ჩემი გაგების სურვილი არ გაუჩნდეს. სერიოზულად მწყინს, გულახდილად გეუბნებით. ნუთუ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერ დავუმტკიცე ჩემი ერთგულება? რატომ არ სჯერა ჩემი?
– გააჩნია, რა დააშავეთ.
– სერიოზული არაფერი – ტყუილი ვთქვი. ისიც იმიტომ, რომ მისთვის გული არ მეტკინა. რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. მე მართლა არაფერი დამიგეგმავს. თუმცა, კარგად რომ არ მოვიქეცი, ამასაც ვაღიარებ. არ მინდა, საკუთარი შეცდომა და დაუფიქრებლობა ვინმეს გადავაბრალო, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩემმა ძმაკაცმა „ამაგდო“. იმას ავყევი: სპეციალურად არ ვამბობ, ამიყოლია-მეთქი, იმიტომ, რომ ადამიანმა საკუთარ საქციელზე თავად უნდა აგოს პასუხი. პირველად თქვენთან ვყვები ჩემს ამბავს და არაფერს არ შევალამაზებ. იქნებ ჩემმა ცოლმა წაიკითხოს და მიხვდეს, სადამდე მიმიყვანა თავისი უაზრო სიჯიუტით. დიახ, მე მივეცი მას პირობა, რომ არასდროს მოვატყუებდი, რომ ყოველთვის ყველაფერს გულახდილად მოვუყვებოდი. სხვათა შორის, ამ დაპირების შემდეგ მოუბრუნდა ჩემზე გული და, დავიფიცებ, რომ ამ ხნის განმავლობაში, არასდროს მომიტყუებია. კიდევ იყო ერთი მომენტი: როცა დავქორწინდით, მითხრა, მინდა, რომ საქორწინო ბეჭედი ატარო. ვერ ვიტან კაცებს, სპეციალურად რომ არ იკეთებენ ბეჭედს და თავს უცოლოებად ასაღებენ. ეს უკვე ცოლის მოტყუების მცდელობააო. პირადად მე მიმაჩნია, რომ ბეჭედი ტვინში უნდა „გეკეთოს“. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ. თორემ, რამდენი ქალია, ვინც საქორწინო ბეჭედს საყვარელთან ლოგინში კოტრიალის დროსაც არ იხსნის. ანუ, იმისი თქმა მინდა, რომ პრობლემა საქორწინო ბეჭდის ტარებით არ გადაიჭრება.
– მიუხედავად ამისა, საქორწინო ბეჭედს ატარებდით?
– დიახ. ჩემი რამდენიმე მეგობრისგან განსხვავებით, მე მომწონს, როცა კაცს საქორწინო ბეჭედი უკეთია, უხდებათ. ამიტომაც უპრობლემოდ გავიკეთე. მით უმეტეს, რომ დიანასაც ასე უნდოდა და რატომ უნდა აწყენინო ადამიანს, რომელიც გიყვარს, თუკი შეგიძლია, რომ არ აწყენინო? ჩემი მეგობრები, მაგალითად, მართლა იმ მოსაზრებით არ ატარებენ საქორწინო ბეჭდებს, რომ მიაჩნიათ, თითქოს ამით მათი თავისუფლება იზღუდება. ყველა არა, მაგრამ, არის რამდენიმე, ვინც პირდაპირ თქვა, რომ საქორწინო ბეჭდის ტარება რა პონტია. სანამ ახალგაზრდა ხარ, თვალს წყალი უნდა დაალევინო, ბეჭედი კი ამაში ხელს შეგიშლისო.
– ცოტა ბავშვური და სასაცილო პოზიციაა.
– გეთანხმებით, მაგრამ, მაინც პოზიციაა და, მერწმუნეთ, რომ ასე ცოტა არ ფიქრობს. რა თქმა უნდა, ზოგი მართლა ვერ ეგუება... ადამიანური მომენტია. თუმცა, ესეც რაღაც ეგოიზმზე მიუთითებს. თუკი ქალი ვალდებულია, შეეგუოს, მაშინ, კაციც ვალდებულია, ხომ?
– ბევრი ქალიც არ ატარებს საქორწინო ბეჭედს.
– მართლა? არასოდეს დავკვირვებივარ. კარგი, შეიძლება ზოგი მართლა ვერ ეგუება, მაგრამ მე ეს პრობლემა არ მქონია. გავიკეთე და მორჩა, საერთოდ არ ვიხსნიდი. ერთი-ორმა მეგობარმა კი გამაქილიკა, მაგრამ ჩემთვის ამას არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა.
– იმის თქმა გინდათ, რომ მავნე ზეგავლენის ქვეშ არ ექცევით?
– დაახლოებით. იმიტომ ვთქვი, ყველა ადამიანი თვითონ არის საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი-მეთქი. თუმცა, რაღაც მომენტში, მე მართლაც მოვექეცი ჩემი მეგობრის გავლენის ქვეშ. უფრო სწორად, მას ავყევი, ბუნებრივია, ჩემი სურვილით. იმას ძალა არ დაუტანებია და ხვეწნა-მუდარა არ დაუწყია. მართალია, დიდი ხალისით არ ამიბამს მისთვის მხარი, მაგრამ, ხომ ავუბი? ეს არის ჩემი დანაშაული – რაც მართლა არ მინდოდა, არ უნდა გამეკეთებინა. მე მაქვს კიდევ ერთი გამართლება, თუ შეიძლება, ასე ითქვას – მართლა არ ვიცოდი ჩემი ძმაკაცის „კულუარული ცხოვრების“ შესახებ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, ცოლს თუ ღალატობდა. დიანა ერთი ღამით თავის დაქალთან წავიდა დასარჩენად. ძალიან არ მესიამოვნა, მართლა არ მინდოდა, ღამე მის გარეშე გამეტარებინა, მაგრამ, ისეთი სიტუაცია იყო, რომ უარს ვერ ვეტყოდა. ცოტა ვიწუწუნე, მაგრამ, მერე გადავწყვიტე, საღამო ჩემს ნებაზე გამეტარებინა.
– „ჩემს ნებაზე“ კაცების ენაზე რასაც ნიშნავს, ისე?
– არა, არა, მომენტით სარგებლობა არც მიფიქრია. რაც დიანა მყავს, მას შემდეგ სხვა ქალები აღარ მაინტერესებს. ვიყიდე ლუდი, ჩიპსები, სასუსნავი და გადავწყვიტე, საღამო ტელევიზორის წინ გამეტარებინა – ფეხბურთს ან რამე კარგ ფილმს ვუყურებ-მეთქი. ჩემი პირველი შეცდომა ის იყო, რომ ძმაკაცს დავურეკე, თუ გცალია, მოდი-მეთქი. ისიც გახარებული მოვარდა, მაგრამ, იმიტომ არა, რომ საღამო ჩემთან ერთად გაეტარებინა – ძმა ხარ, რომ სახლიდან გამომიყვანე, რომ არ დაგერეკა, ჩემს ცოლს ხელიდან ვერ დავუძვრებოდი. ახლა იცის, რომ შენთან ვარ ფეხბურთის საყურებლად და არ იეჭვიანებს. სული მეხუთებოდა უკვე, მიდი, ჩაიცვი და წავიდეთ სადმეო – სად სადმე-მეთქი – რომელიმე ღამის კლუბში, ცოტა გავერთოთო. თან, მობილურით ვიღაცას დაურეკა და უთხრა, მოემზადე, თხუთმეტ წუთში გამოგივლიო. ჰყოლია ვიღაც. მინდოდა, გამეპროტესტებინა მისი საქციელი. ნამუსზეც შევაგდე, არ გრცხვენია, რას აკეთებ, მალე მამა უნდა გახდე-მეთქი. გაიცინა – მერე რა, რომ მამა უნდა გავხდე. სწორედ მაგიტომ ვცდილობ, დრო არ დავკარგო და ამ ცხოვრებიდან ყველაფერი მივიღო, რაც მეკუთვნისო. მე არ მესმის ასეთი ლოგიკა, მაგრამ არ შევკამათებივარ. გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. თუმცა, წაყოლაზე უარი ვუთხარი. გადაირია – თუ მეგობარი ხარ, ბოლომდე იყავი, რა ბავშვივით იქცევი. ნუ გეშინია, შენი ცოლი ვერაფერს გაიგებს, ოღონდ, ეგ „კალიცო“ მოიხსენი, რა პონტია, ყველას რომ აფრთხილებ, დაკავებული ვარ, არ მომეკაროთო. წინააღმდეგობა გავუწიე – არ მოვიხსნი-მეთქი. იმდენი იჯაჯღანა და იბუზღუნა, შემაწუხა და ბოლოს დავუთმე – ჯანდაბას, მოვიხსნი-მეთქი. ბეჭედი სააბაზანოში, პირსაბანზე დავდე და წავედით. ღამის კლუბების დიდი მოტრფიალე მაშინაც არ ვყოფილვარ, როცა ამის ასაკი მქონდა. ვერ ვიტან გამაყრუებელ ხმაურს, სიბნელეს და ვერანაირად ვერ ვერთობი. შეიძლება, ვინმემ ჩამორჩენილად ჩამთვალოს, მაგრამ, დასასვენებლად და დროის გასატარებლად უფრო მშვიდი გარემო მირჩევნია. ჩემი მეგობრის საყვარელი თინეიჯერულ ასაკს ახალგადაცილებულია, თანაც, ძალიან თამამი და თავისუფალი გოგო აღმოჩნდა. ბარშივე გაჩითა ორი „დაქალოჩკა“ და ჩვენთან მოიპატიჟა, თან გააფრთხილა: ჩემსას არ გაეკაროთ, მის ძმაკაცს მიხედეთ, ნახეთ, რა კარგი ტიპია, მიდით, რომელიც პირველი შეაბამთ, იმისი იყოსო. ისინიც სიცილით გადმოვიდნენ შეტევაზე.
– პირდაპირ ასე თქვეს, თქვენი თანდასწრებით?
– დიახ, რატომ გიკვირთ? რამდენი ხანია, ღამის კლუბში არ ყოფილხართ? ეს ძალიან ჩვეულებრივი სიტუაციაა, ასე ერთობიან. ჩემს ძმაკაცს ვუჩურჩულე, ამ შენმა ნაშამ თუ იცის, ცოლი რომ გყავს-მეთქი? არა და არც ვაპირებ თქმას. სერიოზული ურთიერთობა არც ერთს არ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი კიდევ სამი მაინც ეყოლება, ასე რომ, ნუ გიჟდები. შენც ისარგებლე შემთხვევით და მოეშვი. არავინ არაფერს გავალდებულებს. ხვალაც კი არ ჩაგივარდება ხელში ასეთი შანსიო. რომ გითხრათ, თავს კარგად ვგრძნობდი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ერთ-ერთი გოგო კალთაში რომ ჩამიჯდა და პერანგის ღილების შეხსნა დამიწყო, ვეღარ გავუძელი. მივხვდი, რომ, ცოტაც და, საკუთარ საქციელზე პასუხს ვეღარ ვაგებდი. რკინის ხომ არ ვარ, თან, სასმელმაც თავისი ქნა. ნახევრად შიშველი ქალი რომ მოგეწებება და ტუჩებში გკოცნის, თან ხელებს გიფათურებს, გაუძელი, თუ ვაჟკაცი ხარ. არ ვიცი, როგორ შევძელი, რომ ჩემი მუხლებიდან გადამეგდო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გაშტერებულმა შემომხედა. წავედი მე-მეთქი. ხომ არ გაგიჟდი, სად წახვედი, ჯერ არც მოვსულვართო, – გადაირია ჩემი ძმაკაცი. შენ დარჩი და მე უნდა წავიდე-მეთქი, შევბრუნდი და წამოვედი. აღარ მიმიქცევია მისთვის ყურადღება. ერთი სული მქონდა, გარეთ დროზე გამოვსულიყავი. სახლში ტაქსით დავბრუნდი და ჩვენს ბინაში შუქი რომ დავინახე, მუხლები ლამის მომეკვეთა. სანამ კარს ვაღებდი, თავს კიდევ იმით ვიმშვიდებდი, შეიძლება, შუქი ანთებული თავად დამრჩა-მეთქი, მაგრამ, იღბალი უნდა ყველაფერს. დიანა სახლში დამხვდა – ვეღარ გავძელი და წამოვედიო. ვერაფრით ვერ შევძელი, სიხარული გამომეხატა. შოკირებული ვიყავი და მარტო იმას ვნატრობდი, აბაზანამდე მიმეღწია, მაგრამ, აშკარად დავაგვიანე. ჩემი ბეჭედი ჩემს ცოლს ეჭირა ხელში.
– ბეჭდის პირსაბანზე პოვნა ბევრს არაფერს ნიშნავს: ხელებს იბანდით და მოიხსენით, მერე გაკეთება დაგავიწყდათ.
– დიანამ ზეპირად იცის ჩემი ჩვევები – ხელის დაბანისას ბეჭედს არასოდეს ვიხსნი. ესეც რომ არ ყოფილიყო, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნს რაღაცას მოვუხერხებდი, მაგრამ, სუნამოსა და პარფიუმერიის არომატით ვიყავი აქოთებული. დიანა იდგა და მიყურებდა, ელოდა, რას ვეტყოდი. თავი იმ ბავშვივით ვიგრძენი, ტკბილეული რომ მოიპარა, მაგრამ შეჭმა ვეღარ მოასწრო. თავბედს ვიწყევლიდი. დიანას მზერა მაბნევდა, თან, ნერვებს მიშლიდა. შინაგანი პროტესტის განცდა გამიჩნდა და მოულოდნელად, თავის დაცვის ნაცვლად შეტევაზე გადავედი: რა იყო, რატომ მიყურებ გამომძიებელივით, ბარში ვიყავი ლუდის დასალევად ბიჭებთან ერთად. რამე დავაშავე თუ შენთვის უნდა მეთხოვა ნებართვა-მეთქი. დიანა ისევ ჩუმად მიყურებდა. საბოლოოდ დავკარგე კონტროლი, ხმასაც ავუწიე და სისულელე ვთქვი: მე ვიცი, შენ რასაც ფიქრობ, მაგრამ, ქალთან არ ვყოფილვარ, მართლა ბარში ვიყავი და ბეჭედიც შემთხვევით მოვიხსენი. ნუ ცდილობ, ამისგან ტრაგედია შექმნა და რამე დამაბრალო-მეთქი. ჭკვიანი კაცი ამას იტყოდა? დიანამ ბეჭედი მაგიდაზე დადო და საკმაოდ წყნარად მკითხა, რა იცი, რას ვფიქრობ ამ ყველაფერზე. მე ხომ საერთოდ არაფერი მითქვამს, დასკვნები საიდან გააკეთე? მაგრამ, დამნაშავე ხარ და სინდისმა ვეღარ მოგასვენა. გირჩევნია, ჩუმად იყო და საერთოდ აღარაფერი თქვა. რისი გაგებაც მაინტერესებდა, უკვე გავიგე. თავს არ მოგატყუებინებ, არ მინდა, იმ ცირკს ვუყურო, რომელსაც მომიწყობ, ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ. როგორ ვიფიქრებდი, რომ პირველივე შანსს გამოიყენებდი და გაძვრებოდი. მგონი, სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მე ახლა წავალ და, გირჩევ, არ სცადო ჩემი შეჩერება, თორემ უარესი მოხდებაო.
– და, წავიდა?
– დიახ, წავიდა. ეს ჩემთვის ისეთი შოკი იყო... მართლა ვერ გავაჩერე. ერთი კვირაა, უშედეგოდ ვცდილობ მასთან დაკავშირებას, მაგრამ ახლოს არ მიკარებს. გავგიჟდი უკვე. როგორ უნდა დამენგრეს ოჯახი ასეთი სისულელის გამო? დამეშავებინა მაინც რამე. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ყველა ქალი ასეთი ჯიუტია თუ მე შემხვდა განსაკუთრებული? აი, გულახდილად მოვყევი ყველაფერი. იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს, ძალიან მინდა მასთან ყოფნა და სხვა ქალი არაფერში მჭირდება, საერთოდ არაფერში. მინდა ერთხელ მაინც მომისმინოს და მაპატიოს ის, რაც არ ჩამიდენია.
– ბეჭედი რომ არ ეპოვა, ეტყოდით ამ ყველაფერს? მოუყვებოდით, რა მოხდა ბარში?
– არ ვიცი. უფრო – არა. ყოველ შემთხვევაში, პირველ დღეებში არა. მერე, შეიძლება, მომეყოლა. მოკლედ, არ ვიცი, მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს ტყუილს? არმოყოლა და ართქმა ტყუილი არ არის.
– ვერ დაგეთანხმებით.
– დიანაც რომ ვერ მეთანხმება, იმიტომაც გაიქცა. მაგრამ, ნუთუ ღირს ეს მიზეზი ჩვენი ურთიერთობის დანგრევ? მე მგონი – არა. დიდი იმედი მაქვს, რომ დიანა ამას მიხვდება.