ინტიმური საუბრები
აღარ მინდა დედასთან ცხოვრება
გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდოთ, რომ იქნებ ვინმეს მაგალითად გამოადგეს. მე არც შეყვარებულმა მიმატოვა და არც ნაშვილები ვარ, უბრალოდ, საერთოდ ვერ ვუგებ დედას. ნუ გამკიცხავთ, ვიცი, ძალიან ცუდი საქციელია, როცა დედაზე საჯაროდ ლაპარაკობ, მაგრამ, იმიტომ გადავწყვიტე მოწერა, რომ, იქნებ, ჩემი შემთხვევა მაგალითი იყოს სხვა დედებისთვის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენც იყავით ჩვენი ტოლები. ალბათ, მეც გავხდები დედა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არასდროს ვიქნები დედაჩემისნაირი.
დავიწყებ იმით, რომ ზღვისპირა პროვინციულ ქალაქში დავიბადე. მშვიდი ბუნების ვარ და არასდროს ვყოფილვარ ჯიუტი და ურჩი. სკოლას წელს ვამთავრებ და დღესაც სანაქებო ბავშვად ვითვლები, მაგრამ ეს დედაჩემს არასდროს აკმაყოფილებდა. ჩემდამი ასეთი განწყობით არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამომიყალიბდა, რასაც მთლიანად დედაჩემს ვაბრალებ. ბავშვობიდან იმას მაგონებდა, რომ მე მახინჯი ვარ, რომ ვერასოდეს ვიქნები მასავით ლამაზი და მოვლილი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე სიყვარულში გამომტყდომია, სულ ეჭვი მეპარებოდა, რომ მატყუებდნენ ან დამცინოდნენ.
მრცხვენია, რომ ვამბობ, მაგრამ დედაჩემი საშინელი წუწუნა ქალია. თუ ვინმეზეა გაბრაზებული, მთელი დღე ჩემზე ანთხევს ბოღმას, ჩხუბობს და არაფერი მოსწონს ჩემი გაკეთებული. სულ იმას მაყვედრის, რომ ჩემზე ორსულობისას ძალიან ცუდად იყო და მშობიარობისას სიკვდილს ძლივს გადაურჩა. დედამთილთანაც (ანუ ბებიაჩემთან) ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს. მისი ნახვაც კი აკრძალული მაქვს. არადა, მოხუცია, მარტო ცხოვრობს და ვიღაცამ ხომ უნდა მოუაროს. ამიტომ, იძულებული ვარ, ჩუმად გავიპარო ხოლმე მასთან სოფელში და ხანდახან მაინც დავხედო.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ. დედა კი არავის ენდობა, ყველაში ეჭვი ეპარება. ამიტომ მამასთანაც სულ უსიამოვნება აქვს. კიდევ, საშინელი ჯინიანია, უფრო სწორად, ყველაფერში გაჯიბრება იცის. ჯერ კიდევ პატარა რომ ვიყავი და მოფერება მინდოდა, საათობით მახვეწნინებდა და მაინც არ მაკოცნინებდა ხოლმე – შენ რომ გუშინ გამაბრაზე, ჩემი კოცნის ღირსი არ ხარო.
ყველა დედას ვთხოვ, დაუფიქრდით ყოველ სიტყვას, რასაც შვილს ეტყვით, ან სანამ რამეს გააკეთებთ. ჩემგან ჭკუა არავის ესწავლება, მაგრამ, მშობელი (განსაკუთრებით – დედა) ისე უნდა მოიქცეს, რომ შვილებისთვის ყველანაირად მისაბაძი იყოს.
ზოგი ფრთებს ჩამოყრიდა და ცხოვრების იმედს დაკარგავდა, მე კი მიზნად დავისახე, კარგად ვისწავლო, უმაღლესი დავამთავრო და აღარასოდეს დავბრუნდე სახლში. მინდა, დამოუკიდებლად ავიწყო ცხოვრება.
დედაჩემის გადამკიდე, ჩემი უმცროსი და 15 წლის გათხოვდა, მისგან თავი რომ დაეღწია. უფროსი ძმა კი ამბობს, სანამ ცალკე ბინას არ ვიყიდი, აქ ცოლის მომყვანი არ ვარ. ჩვენ ხომ მოგვინელა და რძალს, ალბათ, სულს ამოხდისო.
მითხარით, რატომ უნდა აურიოს დედამ შვილებს ცხოვრება, რატომ უნდა შეაძულოს სახლში მისვლა?!
საბედნიეროდ, ახლა ძალიან დაკავებული ვარ და ვცდილობ, ნაკლებად მივაქციო მის ჭირვეულობას ყურადღება. მჯერა, რომ, კარგად სწავლის შემთხვევაში, სამსახურსაც ნორმალურს ვიშოვი და დედაზე აღარაფრით ვიქნები დამოკიდებელი. თან, ამას რომ ვწერ, საშინლად განვიცდი სინდისის ქენჯნას. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან მიყვარს, მაგრამ, თუ დროულად არ დავაღწიე მისგან თავი, ვიცი, სამუდამოდ დამთრგუნავს და დამაბეჩავებს.
ყველა დედას ვთხოვ, ნუ დააზარალებთ და დააკომპლექსებთ თქვენი საქციელით შვილებს, თორემ, მათაც მოუსპობთ ბედნიერ მომავალს და თავადაც ცუდად დაგიბრუნდებათ ეს ყოველივე.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
მადონა, 18 წლის.
ქმარი და დედამთილი დღესაც
ქალაქელობას მაყვედრიან
ჩემი ასაკის ქალს, ალბათ, აღარ შეეფერება, თავისი ოჯახის ცხოვრების ამბები სამზეოზე გამოიტანოს, მაგრამ, ისე მარტოსულად ვგრძნობ თავს, აღარ ვიცი, ვის მივმართო, ვის გავუზიარო ჩემი სადარდებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქმარიც მყავს, ორი გათხოვილი ქალიშვილიც და შვილიშვილებიც, ჩემთვის არავის სცალია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, მართალია, ქმარ-შვილს ვერ დავაბრალებ, არ ვუყვარვარ და თვალში ეკლად ვესობი-მეთქი, მაგრამ მათი ჩემ მიმართ გრძნობა მაინც იქიდან გამომდინარეობს, რომ ვჭირდები. იციან, რომ უჩემოდ ოჯახი, პრაქტიკულად, დაიშლება და დაინგრევა, რადგან, აგერ უკვე 35 წელია, ყველაფერს მე ვაკეთებ და მე ვუძღვები. არ გეგონოთ, ამას ვაჭარბებდე, მართლა ასეა.
სადაცაა, 60 წელი შემისრულდება. 24 წლის გავთხოვდი. ერთი სოფლიდან ჩამოსული გოგო ვიყავი. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, რომ სკოლის მერე სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ, გამოვიპარე და მალულად შევიტანე საბუთები უნივერსიტეტში. მანამდე მთელი ორი წელი კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდი ფულს და იმით წამოვედი. სხვათა შორის, საკმაო თანხა მომიგროვდა, ყოველ შემთხვევაში, ორი-სამი თვე ბინის ქირაზე, საჭმელსა და მგზავრობაზე თავისუფლად მყოფნიდა. მე თვითონაც არ მჯეროდა, მაგრამ, პირველივე წელს მოვეწყვე მაღალი ქულებით. გახარებულმა სოფელში დეპეშა გავგზავნე, უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი-მეთქი და ჩემი მისამართიც მივუთითე, სადაც ქირით ვცხოვრობდი. მაგრამ, არანაირი პასუხი არ მომსვლია. ვიფიქრე, ალბათ, დეპეშა არ მივიდა-მეთქი. გამოცდები რომ დამთავრდა, სწავლის დაწყებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, სოფელში წავედი, რომ მეხარებინა და, თანაც, ჩემი ტანსაცმელი და პირადი ნივთები წამომეღო. მაგრამ, ჩემი მშობლები, განსაკუთრებით მამაჩემი, ცუდად დამხვდნენ და გამომიცხადეს, რადგან არ დაგვიჯერე და შენი გაიტანე, ჩვენი სახელი დაივიწყეო. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ მართლა ასე მითხრეს. ჩავალაგე ჩემი ტანსაცმელი და წამოვედი. დედას მაინც შევეცოდე და მამაჩემის ჩუმად ათასი მანეთი და თავისი ორი ცალი ოქროს ბეჭედი მომცა – თუ გაგიჭირდა, გაყიდეო. სხვათა შორის, მერეც ჩუმ-ჩუმად მიგზავნიდა ხოლმე ფულს.
ერთ გოგოსთან ერთად, რომელიც მისაღებ გამოცდებზე გავიცანი, ვიქირავე პატარა ოთახი და შევუდექი ჩვეულებრივ სტუდენტურ ცხოვრებას. სოფელში ხუთი წლის განმავლობაში არ ჩავსულვარ. ერთი ჩემი თანასოფლელი სწავლობდა უნივერსიტეტში და იმისგან ვიგებდი ხოლმე ჩვენების ამბავს.
ძალიან კარგად ვსწავლობდი და დამთავრების შემდეგ კათედრაზე დამტოვეს. ასპირანტურაც დავამთავრე და დისერტაციაც სანახევროდ გაკეთებული მქონდა, ირაკლიმ რომ მომიტაცა. ისიც უნივერსიტეტში სწავლობდა, ჩემზე ორი კურსით წინ, ოღონდ, სხვა ფაკულტეტზე და იქიდან მიცნობდა. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარდა, მაგრამ მაინც გავყევი, ვიფიქრე, ალბათ, ეს არის ჩემი ბედი-მეთქი. რა თქმა უნდა, ოჯახის გამო დისერტაცია მივატოვე და მთელი ჩემი ცხოვრება ქმარ-შვილს მივუძღვენი. ირაკლი ცუდი ბიჭი არ იყო, ცუდად არ მექცეოდა და თავისებურად ვუყვარდი კიდეც, მაგრამ მსგავსი ზარმაცი და უინტერესო ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. სანამ მე შემირთავდა, მშობლები არჩენდნენ, ჩემი შერთვის მერე კი მთლიანად ჩემს კისერზე იყო, თანაც, არა მარტო თვითონ, მისი მშობლებიც. ოდესღაც ძლიერი ოჯახი ჰქონიათ, მაგრამ, რაც ჩემი მამამთილი გარდაიცვალა, ცოტა გაუჭირდათ. ირაკლი დედისერთაა და დედამისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მის შვილს მუშაობა დაეწყო. ამაზე ბევრჯერ უსიამოვნებაც კი მოგვსვლია, მაგრამ დავმარცხდი და ბედს შევეგუე. ორი შვილი ზედიზედ გავაჩინე, ერთი წელიც კი არ არის მათ შორის სხვაობა. ამიტომ, დიდხანს მომიწია დეკრეტულ შვებულებაში ყოფნა, ბოლოს კი სულ წამოვედი სამსახურიდან, რადგან იმათი მოცემული კაპიკები არაფერში გვეყოფოდა. ჩემი დედამთილი პენსიაში გავიდა, ქმარი დილიდან საღამომდე ბირჟაზე იდგა. რა უნდა მექნა, ბავშვებს მშივრებს ხომ არ დავხოცავდი. დავიწყე ცხობა. თან, კარგად ვკერავდი, ვქსოვდი და შეკვეთებსაც ვიღებდი. კერძო მოსწავლეებიც ავიყვანე ფიზიკა-მათემატიკაში და ასე ვარჩენდი ოჯახს. ამასობაში ჩემებიც შემომირიგდნენ, ისინი მეხმარებოდნენ პროდუქტით, ხანდახან – ფულითაც. რამდენჯერმე, საკმაოდ სოლიდური ვალის გამო, ჩემს ქმარს ბინის გაყიდვა უნდოდა, მაგრამ, ეს ვალი მამაჩემმა გადაუხადა და ასე გადავარჩინეთ ბინა. მერე ჩემს მეგობართან ერთად პატარა ბიზნესი წამოვიწყე და გაგვიმართლა. ახლა იმ ბინის გარდა, რაც ჩემს ქმარს ჰქონდა, თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, აბსოლუტურად ჩემი შრომითა და ჯაფით, კიდევ ერთი ბინა, მანქანა და აგარაკი ვიყიდე. ბავშვებიც ისე გავზარდე, არც განათლების, არც ჯანმრთელობის, არც გამზითვების და არც სხვა ხარჯები არავის გადაუხდია, ყველაფერს თვითონ ვაგვარებდი. ამ ყველაფერს ყველა ხედავდა და ამჩნევდა, ჩემი ქმრისა და დედამთილის გარდა. საკმარისი იყო, ვინმეს ეთქვა, ჩემი დედამთილისთვის, როგორი ყოჩაღი რძალი გყავსო, პასუხი მზად ჰქონდა: სოფლიდან ჩამოსულ გოგოს ამისთანა ბინა დავახვედრე და ეგეც არ უნდა ექნაო? ის კი ავიწყდებოდა (და ახლაც „ავიწყდება“), რომ ეს ბინა სამჯერ მამაჩემმა გადაარჩინა გაყიდვას, ანუ, პრაქტიკულად, გამოსყიდული აქვთ ჩემს მშობლებს. ერთი სიტყვით, დღესაც საყვედრებელი მაქვს, რომ ნაქირავებიდან ამხელა ბინაში გადმოვედი. ისე ლაპარაკობს ორივე დედა-შვილი, თითქოს ძალით შემოვუმტვრიე კარი. ჩემი ქმარი ისე გახდა საპენსიო ასაკის, ერთი დღე არსად უმუშავია, მე კი რობოტად მაქცია და მაინც იმას გაიძახის, მე რომ ბინა არ მქონოდა, ვნახავდი, რასაც იჩალიჩებდაო. სხვა მხრივ, არაფრად უქნია ღმერთს და ბინაც აღარ უნდა ჰქონოდა?!
დარეჯანი, 59 წლის.
ჩემი ბიძაშვილი ჩემი
ტყუპისცალი ძმა ყოფილა
„პროფილში“ რომ გაშვილებული ტყუპების ისტორია აჩვენეს, მას მერე ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა და ბოლოს მაინც გავრისკე, თუმცა, კაცმა რომ თქვას, გასარისკი არც არაფერია.
ჩემი და ჩემი ტყუპისცალი ძმის ისტორია რაღაცით ჰგავს იმ გოგონების ამბავს, მაგრამ პატარა სხვაობაც არის.
მამაჩემს ჰყავდა ძმა (მეტი დედმამიშვილი არ ჰყავთ), რომელიც თავისი ცოლ-შვილით ჩვენ გვერდით, ცალკე სახლში ცხოვრობდა. მე და ჩემი ბიძაშვილი ბიჭი თითქმის თანატოლები ვიყავით და ერთად გავიზარდეთ. მეც და ჩემს ბიძაშვილსაც გვყავს უფროსი დები. ყველას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ მე და დათოს მშობლებიც და დებიც განსაკუთრებით გვანებივრებდნენ.
მე და დათომ სკოლაც ერთად დავამთავრეთ, ინსტიტუტიც და პატარა ბიზნესიც ერთად წამოვიწყეთ. ისეთი განუყრელები ვიყავით, ბიჭებმა „სიამის ტყუპები“ შეგვარქვეს. თან, საკმაოდ ვგავდით ერთმანეთს (თუმცა, არა ისე, როგორც ის გოგონები) და მშობლები გვეუბნებოდნენ, ბაბუას ჰგავხართო.
დაახლოებით 25 წლის ვიყავით, ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი მე და დათო დაგვიბარა და გვთხოვა, ყურადღებით მოგვესმინა, რადგან ამას სხვა არავინ გვეტყოდა, თვით მამაჩემიც კი.
ბიძაჩემის ნაამბობიდან გაირკვა, რომ მე და დათუკა ჩვენი მამების ბავშვობის მეგობრის შვილები ვყოფილვართ, ტყუპი ძმები. ის მეგობარი თავის ცოლთან, მამაჩემთან და ბიძაჩემთან ერთად, მანქანით წასულა სადღაც და საშინელი ავარია მოსვლია. თვითონ და ცოლი წინ მჯდარან, მამაჩემი და ბიძაჩემი – უკან. ისინი დაიღუპნენ, მამა და ბიძია კი გადარჩნენ – მხოლოდ კიდურები ჰქონდათ დამტვრეული. სიკვდილის წინ იმ მეგობარს (ანუ ჩვენს ბიოლოგიურ მამას) დაუბარებია, ჩემს ტყუპ ბიჭებს თქვენ გიტოვებთ, თქვენს შვილებთან ერთად გაზარდეთო. რადგან მატერიალურად არც ერთს არ ჰქონია იმის საშუალება, რომ სამი ბავშვი გაეზარდათ (ერთი თავისი და ორნი – ჩვენ), ამიტომ თითომ თითო იშვილა და მაინც ერთად გაგვზარდეს, თუმცა, ჩემი აზრით, მაინც პატარაობაშივე უნდა ეთქვათ ჩვენთვის, რომ ტყუპი ძმები ვართ.
მე და დათო უკვე ზრდასრული კაცები ვართ და ისეთი ძმობა გვაქვს, ბევრი ვერ დაიკვეხნის.
თამაზი, 33 წლის.
მშობლების გამო
სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი
შემიყვარდა ჩემი მეზობელი ბიჭი, რომლის მშობლებთანაც ჩემი მშობლები ძალიან ნაჩხუბრები არიან. მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ უკვე რამდენიმე წელია, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და იმ ჩხუბის შემდეგ ჩვენმა მამებმა რამდენჯერმე გაიწიეს კიდეც ერთმანეთზე. მე და გოგამ ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ მაინც არ ვაპირებთ, უარი ვთქვათ ჩვენს გრძნობაზე, თუმცა, ზუსტად ვიცით, რომ საშინელი წინააღმდეგობა გვექნება ორივე მხრიდან. ამიტომ თავიდანვე ვმალავდით ჩვენს სიყვარულს, რომ მეზობელს ან ვინმეს არ გაეგო და მერე მათთვის ენა არ მიეტანა.
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, გავიპაროთ. საერთოდ, ჩვენი ამბავი სულ რამდენიმე ადამიანმა იცის: ჩემმა დამ, გოგას ძმამ და ორმა ძმაკაცმა. მე ჩემი დაქალებისთვისაც კი არ მითქვამს არაფერი. ეს რამდენიმე ადამიანი კი, მთლიანად ჩვენს მხარეზეა და გვაწყნარებენ, თქვენ ოღონდ საშველი დააყენეთ და ორივე მხარის შემორიგება ჩვენზე იყოსო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ასე ადვილად მოგვარდეს ყველაფერი, მაგრამ, მშობლების ურთიერთობის გამო ნამდვილად ვერ ვიტყვი უარს ადამიანზე, რომელთანაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ბოლოს და ბოლოს შეგვირიგდებიან, აბა, რას იზამენ, შვილი ვის გადაუგდია?!
ანა, 21 წლის.
მაპატიე, დედა!
ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, თქვენი რუბრიკა გამოვიყენო – მინდა, ხმამაღლა მოვუხადო ბოდიში ჩემს დედიკოს, რომელსაც ჩემი საქციელით ძალიან ვატკინე გული.
დედამ მარტომ გამზარდა. პატარა ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა სიმსივნით. დედაჩემი მთელი წელი ისე უვლიდა, როგორც ბავშვს, მეც პატარა ვყავდი, თან მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა, მაგრამ მამასთვის არაფერი დაუკლია. მეზობლებისგან ვიცი, გიჟდებოდნენ ერთმანეთზეო. სიკვდილის წინ მამას უთქვამს, ბედნიერი ვარ, შენს ხელში რომ ვკვდები, იმქვეყნადაც მეყვარები, მაგრამ, ორი-სამი წლის შემდეგ აუცილებლად გათხოვდი, რომ შენ და ბავშვს პატრონი გყავდეთ, ხომ იცი, მარტოს გტოვებთო. სკოლა ისე დავამთავრე, დედას შავები არ გაუხდია, მერე კი მე გადავეკიდე, ასე ცოცხლად თავის დამარხვა არ შეიძლება-მეთქი და, როგორც იქნა, დამიჯერა. სხვათა შორის, რომ წამოვიზარდე, სულ ვეუბნებოდი, გათხოვდი, შენისთანა ქალი მარტო არ უნდა იყოს, თან ახალგაზრდა ხარ და, სხვა თუ არაფერი, და ან ძმა მინდა-მეთქი. დედას კი ამ სიტყვების გაგონებაც არ უნდოდა. მაგრამ, გავიდა დრო და, როგორც ხდება ხოლმე, ცხოვრება გაგრძელდა. ძალიან გვიან გავიგე, რომ დედაჩემი ვიღაც კაცს ხვდებოდა. ძალიან სიმპათიური და წარმოსადეგი კაცი იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ დედა ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა. სხვათა შორის, საშინლად ვიეჭვიანე და ჩუმჩუმად თვალთვალი დავუწყე. მოკლედ, დავადგინე, რომ გარდა, ეგრეთ წოდებული, ინტელიგენტური და რომანტიკული პაემნებისა, მათ შორის არაფერი ხდებოდა. ამან ცოტა დამამშვიდა, მაგრამ ახლა სხვა ეჭვი გამიჩნდა: იმ კაცს თუ გაჰყვება ცოლად და შვილსაც გააჩენს, მე ისე აღარ ვეყვარები-მეთქი და გადავწყვიტე, ჩამეშალა მათი ურთიერთობა. იმდენი ვქენი, მოვახერხე და ერთმანეთს წავაჩხუბე, მაგრამ დედამ არ იცოდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მე ვიყავი (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა). ის კაცი მაინც ურეკავდა ხოლმე, ერთი-ორჯერ მოვიდა კიდეც ჩვენთან, მაგრამ დედა ცივად ხვდებოდა, მე – მით უმეტეს.
ერთხელ კი იმ კაცმა მობილურზე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა (ვისგან გაიგო ჩემი ნომერი, არ ვიცი). ჯერ გავბრაზდი და ვუთხარი, თქვენთან არაფერი მესაქმება-მეთქი, მერე კი დავთანხმდი, რადგან, მართლა დავინტერესდი, რა უნდოდა.
ერთ პატარა კაფეში შევხვდით. უაღრესად დახვეწილად იქცეოდა, რამაც მისკენ ოდნავ მომიბრუნა გული. მერე მითხრა, მინდა, ყველაფერი გულწრფელად გიამბო და მერე შენ როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევიო. დავთანხმდი, მოგისმენთ-მეთქი.
ავთომ მითხრა, რომ ძალიან უყვარდა დედაჩემი, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, რომ მეც საკუთარი შვილივით მიყურებდა და ბედნიერი იქნებოდა, თუ ჩვენ ერთ ოჯახად ვიცხოვრებდით. ისე გულწრფელად მელაპარაკებოდა, დავუჯერე. თან, სულაც არ ცდილობდა, რომ რაღაც „ხრიკებით“ მოეგო ჩემი გული. აშკარად კარგად განვეწყვე მის მიმართ და ვუთხარი, მოვიფიქრებ-მეთქი, მერე კი, რატომღაც, მეც დავდექი გულახდილობის ხასიათზე და გამოვუტყდი, თქვენ შორის უსიამოვნება ჩემი მოწყობილია-მეთქი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამიკვირდა, ვიციო, რომ მითხრა. სირცხვილით არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. მერე ვთხოვე, გეხვეწებით, დედაჩემს არ უთხრათ-მეთქი. დედაშენმა იცის, თვითონ მითხრა, ჩემი შვილი ეჭვიანობს და ბავშვს ფსიქიკას ვერ დავუნგრევ, ამიტომ უნდა დავშორდეთო, – მიპასუხა ავთომ. მაშინ დავრწმუნდი, როგორ ვყვარებივარ დედას, მე კი მისთვის ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან მომენტში ვერ გავუგე.
იმ დღის მერე მე და ავთო ძალიან დავმეგობრდით. დედაც შეურიგდა და მალე ჯვარსაც დაიწერენ, მაგრამ ბოდიშის მოხდა ვერა და ვერ მოვახერხე – ძალიან მრცხვენია, არ ვიცი, როგორ უნდა გავიმართლო თავი. ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ვიცი, დედა კითხულობს ხოლმე თქვენს რუბრიკას და, მიუხედავად იმისა, რომ სახელები შევცვალე, მაინც მიხვდება, რომ ამ წერილის ავტორი მისი ერთადერთი შვილია, რომელსაც ის სიცოცხლეზე მეტად უყვარს.
დედიკო! ძალიან გთხოვ, მაპატიე!
თამთა, 18 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.