როგორ შექმნა ვერიკო ზუბაშვილმა მანეკენი თოჯინები წარმოსახვაში გაცოცხლებული პოდიუმისთვის და რამდენი ნიმუშია ამჟამად მის კოლექციაში
ვერიკო ზუბაშვილის კოლექცია ძალიან ლამაზი, საინტერესო და მრავალფეროვანია. მასში 20 თოჯინა და სამასამდე აქსესუარია გაერთიანებული. თუ როგორ იქმნება ეს ნიმუშები, რომელია ჩვენი რესპონდენტის საყვარელი ფერები და რას ნიშნავს ვერიკო ზუბაშვილისთვის ეს კოლექცია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– როდის ჩაეყარა ამ კოლექციას საფუძველი?
– ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელსაქმე, განსაკუთრებით კერვა. ვქსოვდი კომპოზიციებს: წერო ბუდეში ან ბაყაყი წყალში, კრუხ-წიწილა. ქორწილიც მაქვს გაკეთებული. ამ ყველაფერს ყაისნაღით ვქსოვდი და პარალელურად, სხვა მასალასაც ვიყენებდი. მაშინ, ნელი ოქროპირიძის გადაცემა იყო – „ფანტაზია და მარჯვე ხელები“. ამ გადაცემამ ჩემი ფანტაზია კიდევ უფრო განავითარა.
– ალბათ, თქვენმა გატაცებამ პროფესიის არჩევანზეც მოახდინა გავლენა.
– ნამდვილად ასეა. მოდელირების ფაკულტეტი დავამთავრე, ხოლო შემდეგ იგივე სპეციალობით საქართველოს მაღალი მოდის აკადემია – „ბაზელი“. კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიული არჩევანით. ჩემი გზა ვიპოვე.
– პირველი თოჯინა როდის შეიქმნა ამ კოლექციისთვის?
– 2000 წელს დავიწყე თოჯინებზე მუშაობა და რამდენიმე თვეში უკვე კოლექციის სახე მიიღო ამ გატაცებამ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ უნივერსიტეტში დავალება მოგვცეს, უნდა შეგვექმნა მუსიკალური ავანგარდი კოლაჟების სახით. ამ კოლაჟებით მრავალ გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა ახალციხეში მოეწყო. ამ პერიოდში მოვიდა იდეა, რომ პოდიუმი გამეცოცხლებინა. ამიტომ თოჯინები შევქმენი მანეკენების სახით.
– რა მასალით მუშაობთ?
– კარკასი მზადდება ხისა და მდგრადი ლითონისგან, სახე და ხელები – თაბაშირისგან, თმა ხელოვნურია, სახე – ჩემი ხელით მოხატული. რაც შეეხება სამოსს, მათი ავტორიც და შემქმნელიც მე გახლავართ.
– მუშაობის დაწყებისას წინასწარ იცით, რას აკეთებთ, თუ საბოლოო სახეს თოჯინა შექმნის პროცესში იღებს?
– კონკრეტულად ესკიზები წინასწარ არ მაქვს ჩამოყალიბებული. როდესაც თოჯინის კონსტრუქციას ავაგებ და მასალებში ვიქექები, მაშინ ყალიბდება ჩემს ფანტაზიაში ახალი სახე. მაგალითად, „თოჯინა ქოლგით“ როდესაც შევქმენი, მარტო იმაზე ვიყავი წინასწარ ორიენტირებული, რომ შინდისფერი და ოქროსფერი ძალიან უხდება ერთმანეთს. ბავშვობიდან მიყვარდა, ერთი შეხედვით, გამოუსადეგარი ნივთების შეგროვება. როდესაც რამის გადაგდებას აპირებდნენ, ჩემთან მოჰქონდათ ხოლმე. ასე აღმოჩნდა ჩემს ნივთებში – გამხმარი კურკები, ხორბლის მარცვალი, ნიჟარები, ლოკოკინები, ზღვის კენჭები, სხვადასხვა სახის ლითონის ნარჩენები, შეგროვილი მაქვს ქსოვილის ნარჩენები, ეგრეთ წოდებული, ლოსკუტები და სხვა. მაგალითად, „თოჯინა ქოლგით“ რომ გავაკეთე, მას ქოლგის ტარზე ლოკოკინის ნიჟარა დავუმაგრე. ლოკოკინის შედარებით მცირე ზომის ნიჟარები, ოქროსფრად რომ არის შეღებილი, ღილებად, ოდნავ მოზრდილები კი – ქუდის, დეკორატიული გაფორმებისთვის გამოვიყენე. თოჯინას, რომელსაც ვუწოდე „ქალი და მოლოდინი“, საზამთროს კურკებისგან მოვუპირკეთე იატაკი. ერთ-ერთ თოჯინას, თითბრის ნაკუწებისგან ქუდის მოსართავი და სამაჯური გავუკეთე.
– მე ეს კოლექცია რამდენიმე ხნის წინათ გალერეა „ვაჩეში“ ვნახე. საკმაოდ ბევრი აღტაცებული დამთვალიერებელი ჰყავდა. ხშირად გაქვთ ხოლმე გამოფენები?
– „ვაჩემდე“ ბოლო პერსონალური გამოფენა მქონდა ხელოვნების მუშაკთა სახლში 2001 წელს. მას შემდეგ რამდენიმე წელი ოჯახს დავუთმე, თუმცა, პარალელურად, ვმუშაობდი და დავიწყე სამკაულების შექმნა. სულ ახლის ძიებაში ვარ. თოჯინების თემა, რაღაც პერიოდში, ამოვწურე და მოვინდომე, ახლის შექმნა. ეს გახლავთ სხვადასხვა აქსესუარები ქალბატონებისთვის. როდესაც რაღაც ფანტაზია მოდის, ის აუცილებლად უნდა შეათანხმო მასალასთან – როგორ მოგცემს ის საშუალებას, შენი ჩანაფიქრი განახორციელო. ამიტომ გადავწყვიტე, მემუშავა ნატურალურ ტყავზე. გამოვიყენე: ნახევრად ძვირფასი ქვები, ბისერები, სვაროვსკის პატარა თვლები, ლითონის ღერძები. ასე შეიქმნა ეს სამაჯური, ყელსაბამი, ქამარი, ბეჭედი, ბროში. გეგმა ბევრი მაქვს, მაგრამ წინასწარ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გაჩერებას ჯერჯერობით არ ვაპირებ. უამრავი იდეა მიტრიალებს გონებაში, რომელთაც აუცილებლად გავაცოცხლებ.
– ამჟამად რამდენი აქსესუარი და რამდენი თოჯინაა თავმოყრილი ამ კოლექციაში?
– 20 თოჯინა და სამასამდე აქსესუარი მაქვს შექმნილი.
– როდესაც კოლექციებს ნახავენ, რა რეაქცია აქვთ ხოლმე?
– ძალიან მოსწონთ. აინტერესებთ, რისგანაა შექმნილი. სამკაულის შექმნამდე, უპირველესად, მის ესკიზზე ვმუშაობ. როდესაც გამოჭრი ზედა ფენას, მერე უკვე ფიქრობ კომპოზიციაზე. ეს კომპოზიციები ხშირად ყვავილების თემაზეა ხოლმე. ძალიან მიყვარს ყვავილები.
– საყვარელი ფერები თუ გაქვთ და თუ დომინირებს ისინი ნამუშევრებში ჭარბად?
– არა, საყვარელი ფერი არ მაქვს. ყველა ფერი ფანტაზიის სხვადასხვა საშუალებას მაძლევს. ჩემი საქმე ყოველთვის კარგ განწყობას მიქმნის და ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფერები განაპირობებს მას.
– რომელი თოჯინა მოგწონთ კოლექციიდან განსაკუთრებით?
– ასეთი რამდენიმეა. უპირველესად – ეს არის „ქალი ქოლგით“, ასევე, „ქალი და მოლოდინი“. ალბათ, უფრო კომპოზიციიდან გამომდინარე – „ქალი და ღამე“. მომწონს კიდევ ეს „ქალი კოვბოი“.
– გაჩუქება შეგიძლიათ?
– შემიძლია. სამი თოჯინა მაქვს გაჩუქებული, რამდენიმე კოლაჟიც, მაგრამ ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ. მნიშვნელოვანია ისიც, ვისაც ვაჩუქებ, როგორ გაუფრთხილდება და მოუვლის ჩემს ნახელავს. საერთოდ, მიჭირს შელევა, რადგან ეს თოჯინები შვილებივით მყავს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ჩემი სულის ნაწილია.