რაში ჩაითრიეს პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი და რისგან გადაარჩინა დავით ბაქრაძემ ცოლი ნიუ-იორკში
პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველი ქართული მოდის ბიზნესში აქტიურად ჩაერთო – ის ცოტა ხნის წინ თბილისში გამართული საქართველოს მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რის გამოც ლილოს ბაზრობასა და მაუდის ქარხანაში სირბილიც მოუწია და ქმრისგან სახელმწიფო თანადგომის მოპოვებაც დასჭირდა. პარლამენტის თავმჯდომარეს არც იღბლიანი მეუღლე დარჩა ვალში – ის ქმრის ჩაცმულობას უკვე პროფესიონალის თვალით აფასებს, მომავალი მოდის კვირეულის მოსაწყობად კი სოლიდური ჯეკპოტის მოგებას „უმიზნებს“.
მაკა მეტრეველი: ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ყველაზე დიდი უიღბლობა ჩემთვის იყო, ჩემი ძმის გარდაცვალება, რაც დღემდე დიდი ტკივილია. მქონდა ძალიან კარგი, ლაღი ბავშვობა; თბილი და ტკბილი ოჯახი, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ის, რაც ჩემი მშობლებისგან ვისწავლე, ახლა ჩემს საკუთარ ოჯახში მადგება – ოჯახის ერთიანობა, ბავშვებზე ზრუნვა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი ოჯახისგან მომდევს. არც ახლა ვუჩივი იღბალს – მყავს კარგი მეუღლე, ჯანმრთელი შვილები.
– ბევრ სიურპრიზს გიწყობდათ იღბალი?
– ძირითადად კარგი სიურპრიზები იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შემთხვევითობებით ვიყავი განებივრებული. თუ ზოგიერთი ჩემი მეგობარი გამოცდისთვის მხოლოდ ერთ ბილეთს სწავლობდა, მე ყველაფერი უნდა მესწავლა, რომ დამსახურებული ნიშანი მიმეღო. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, უიღბლოც კი ვარ. მე ისეთი რაღაც შეიძლება გამირთულდეს, რაც სხვისთვის იოლად გვარდება. ერთხელ, ნიუ-იორკში მტოვებდნენ: ჩემი ბილეთი ორჯერ იყო გაყიდული და მითხრეს: თვითმფრინავში შენი ადგილი აღარ არისო. ეს ცოტა დათოს ბრალიც იყო, ვეხვეწებოდი: საცობებში არ მოვხვდეთ, ცოტა ადრე მივიდეთ აეროპორტში-მეთქი. არა, ახლა არ იქნება საცობებიო, დაიჟინა, თუმცა ბოლოს თვითმფრინავში მისი დამსახურებით აღმოვჩნდი. აეროპორტში ერთი ამბავი ატეხა: მე ჩემი ცოლის გარეშე ვერ გავფრინდებიო. მერე ვსაყვედურობდი, შენი ბრალი იყო, ლამის ნიუ-იორკში რომ დავრჩი-მეთქი. წინასწარ რამეს რომ ვეტყვი და არ გამოუვა, მერე მე მაბრალებს ხოლმე, შენ დამთარსეო. სულ ვუმტკიცებ, რომ კი არ გთარსავ, ჭკვიანი ვარ და ბევრს ვფიქრობ-მეთქი (იცინის).
– როგორც ვიცი, თქვენი ოჯახის შექმნაც შემთხვევითობას უკავშირდება.
– თავიდან ორივეს ასე გვეგონა, რომ ჩვენი შეხვედრა და გაცნობა შემთხვევითობა იყო. მაგრამ, მერე მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა შემთხვევით არ დაწყებულა და გარკვეულ კანონზომიერებას ემყარებოდა. როცა დავქორწინდით დათო უკვე აღარ იყო რიგითი ფიზიკოსი და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ერთ თვეში დისერტაციაც დაიცვა, მაშინ დაახლოებით უკვე ვხვდებოდი, რომ დათო რაღაცას მიაღწევდა, კოჭებში ეტყობოდა (იცინის).
– ცოტა ხნის წინ ქართული მოდის ინდუსტრიაში აქტიურად ჩაერთეთ. რატომ გადაწყვიტეთ გახდეთ ბიზნესვუმენი?
– ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესვუმენი ვარ, ჩემს საქმიანობას ბიზნესამდე ბევრი აკლია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს მხარეც მოგვარდება. ჩემი მოხვედრა ამ სფეროში მართლაც შემთხვევითი იყო. ერთ მშვენიერ დღეს, დამირეკა თეა ლომიძემ და მითხრა, რომ ნატა სამადალაშვილსა და ციცი იაშვილს ჩემთან შეხვედრა უნდოდათ. მე ჩემი საქმე მქონდა, მერიის ერთ-ერთ სამსახურში ვმუშაობ მთავარ სპეციალისტად და კარიერულ ცვლილებაზე არ მიფიქრია. აქამდე ცოტა პასიური ვიყავი, ჩვეულებრივ დავდიოდი სამსახურში, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ძალიან აქტიური საქმიანობა ქალისთვის ბევრად უკეთესია. თან, ფიზიკურად აქტიური ადამიანი ვარ, არ შემიძლია, ერთ ადგილზე დიდხანს ვიჯდე. აქ ზუსტად ეს რეჟიმი იყო. მოდის კვირეულის დღეებში ისეთი გადარბენა გვქონდა, ახლა სახლში ყოფნა მიჭირს, მაქვს თუ არა საქმე დილით, სახლიდან გამოვრბივარ (იცინის). როდესაც ნატას და ციცის შევხვდი, მათ თავიდან ძალიან ლამაზ ფერებში დამიხატეს ყველაფერი და საქმეში ჩამითრიეს (იცინის). ლამაზი სამოსი და ესთეტიკა რომ მელოდა ვიცოდი, მაგრამ იმის იქით რა ხდებოდა, წარმოდგენა არ მქონდა. კვირეულის მოწყობას სერიოზული მუშაობა სჭირდებოდა როგორც დიზაინერებთან, ასევე სპონსორებთან.
– პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეს სპონსორების დაყოლიება არ გაუჭირდებოდა.
– იოლიც არ იყო, ეკონომიკური კრიზისი ყველას შეეხო, ჩვენ მაინცდამაინც ამ კრიზისში მოგვინდა კვირეულის მოწყობა. მე თავად დავდიოდი ლილოს ბაზრობაზე, რომ პოდიუმის დარბაზისთვის ფარდები მეყიდა. მერე მაუდის ქარხანაში მივრბოდი, რომ ფარდები შეგვეკერა. ამას თავიდან ხომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ კვირების განმავლობაში სანტიმეტრით ვირბენდი? (იცინის) როდესაც ნატამ მითხრა, დიდი ხანია, რაც ამ პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ თუ არ იქნა სახელმწიფო მხარდაჭერა, ამ პროექტს მომავალი არ აქვსო, ვერ ვიტყვი, რომ ამ შემოთავაზებაზე მაშინ ბევრი ვიფიქრე. მაგრამ, მერე ფიქრი ნამდვილად დამჭირდა, ამის შესახებ სახლშიც ვთქვი...
– მეუღლისგან სახელმწიფო მხარდაჭერის მოპოვება რთული ხომ არ აღმოჩნდა? ხომ არ გითხრათ: რა მოდა, შვილებს მივხედოთო...
– არა, ჩემი ქმარი ასეთი ქმრების კატეგორიას არ მიეკუთვნება. მე ახლაც მშვენივრად ვუვლი შვილებს. მეუღლის დაყოლიება არ გამჭირვებია, იოლად შევაცდინე (იცინის). ეს კვირეული არ გაკეთებულა მარტო მოდის განვითარებისთვისა და დიზაინერებისთვის. როდესაც საიტზე მილანის, ლონდონის, პარიზის „ფეშენ-ვიქების“ გვერდით საქართველოს მოდის კვირეულიც არის, ეს უკვე სერიოზული განაცხადია. ჩვენთან ჩამოვიდა 57 ფრანგი სტუმარი, მათ შორის იყვნენ მოდის კრიტიკოსები, მსოფლიოს ცნობილი ჟურნალებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები. ამ საქმეში თავით ისე გადავეშვი, უკვე მის გარეშე გაძლება გამიჭირდება. კიდევ რამე თუ არ მოხდა შემთხვევით ჩემს ცხოვრებაში, პროფილის შეცვლას აღარ ვაპირებ. უფრო მეტიც, შემოდგომის „ფეშენ-ვიქი“, რომელიც უფრო პომპეზური და მასშტაბური იქნება, უკვე დეტალებშია დაგეგმილი. ამაზე მუშაობა მაშინვე დავიწყეთ, როგორც კი მოდის კვირეული დასრულდა. ახლა პირველი ივნისისთვის ვემზადებით. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უნარშეზღუდულ ბავშვებს დავეხმარებით. არჩევანი მათზე იმიტომ შევაჩერეთ, რომ ისინი თითქოს უფრო უყურადღებოდ არიან დატოვებულნი და პირველ ივნისს ყველას მხოლოდ მიუსაფარი ბავშვები ახსენდება. ჩვენი თანადგომა არ იქნება ერთჯერადი – პოდიუმზე გამოვლენ ცნობილი ადამიანების შვილები, რომლებიც ჩაიცვამენ დიზაინერების მიერ შეკერილ კოსტიუმებს. გაყიდვაც მოხდება იქვე, ჩვენების შემდეგ. შემოსული თანხით უნარშეზღუდულ ბავშვებს მოვუწყობთ მინანქრის სახელოსნოს. ავუყვანთ პედაგოგს, რომლის დახმარებითაც ბავშვები მინანქარზე მუშაობას ისწავლიან.
– მოდის სფეროში გადაბარგებამ თქვენში დიზაინერული ფანტაზიები გააღვიძა? ალბათ, საკუთარი და მეუღლის ჩაცმულობას უკვე პროფესიული თვალით უყურებთ.
– ჩემს ჩაცმულობასა და სტილზე ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია. ადრეც ვიცოდი, რას აკეთებდნენ ქართველი დიზაინერები, თუმცა მე მაინც უფრო მზა ტანსაცმელს ვყიდულობდი. მქონდა ავთანდილის ტანსაცმელი. ჩემს შვილებზეც ავთანდილი ზრუნავს, როცა მათ საკონცერტოდ კაბები სჭირდებათ. რაც შეეხება მეუღლეს, ის არ არის პრეტენზიული ტანსაცმლის მიმართ. იცის პერანგების ამოჩემება. ტანსაცმელზე ბევრს არ ფიქრობს. ჩაცმაზე გადარეული არც მე ვარ და არც ჩემი ქმარი. მთავარია, გემოვნებით გვეცვას. ამ მხრივ ახლა ის შეიცვალა, რომ ადრე თუ საერთოდ არ ვაკვირდებოდი ნაკერს, ახლა შეიძლება ამოვაბრუნო მაისური და ვნახო, როგორი დამუშავებულია. ეს ნამდვილად დიზაინერებმა მასწავლეს (იცინის).
– პარლამენტის თავმჯდომარე როგორ ხვდება თქვენს ახალ გატაცებას?
– ძალიან კარგად, საღამოობით, აინტერესებს მას ეს თუ არა, მე მაინც ყველაფერს ვუყვები. ვერ ვიტყვი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს, ქართულ მოდაში განსაკუთრებულად ჩაიხედოს, მაგრამ, როგორც მოსაუბრეს, მაინც ვუზიარებ ხოლმე ჩემს აზრებს. ჩემს ბიზნესმენობაზე კარგად ხალისობს. როცა რამე მჭირდება და ფულს ვთხოვ, ხუმრობით მეუბნება: შენ უკვე ბიზნესმენი ქალი ხარ და ჩემი დაფინანსება რაღაში გჭირდებაო. თუმცა, მშვენივრად იცის, რომ ამ საქმეს ჯერ ჩემთვის შემოსავალი არ მოაქვს.
– საქართველოს მოდის კვირეულის დამთავრებიდან ძალიან მალე, თბილისში კიდევ ერთი მოდის კვირეული გაიმართა. თქვენ მიწვეული იყავით იქ? ბომონდური კონკურენცია და მოდის კულუარები მძიმე ხომ არ აღმოჩნდა თქვენთვის?
– მე მომხრე ვარ ჯანსაღი კონკურენციის და არ მიმაჩნია, რომ კულისებში რაიმე განსაკუთრებული ხდება. მე ვიცი ჩემი გზა და ლაბირინთებში გზამკვლევი არ მჭირდება. მე ვარ ადამიანი ჩემი ემოციებით, გეგმებით, ამბიციებით. ჩვენ დავპატიჟეთ თაკო ჩხეიძე და მისი მეგობრები როგორც კვირეულის გახსნაზე, ასევე დანარჩენ დღეებშიც. პირადად მე, არ მიმიღია თაკოსგან მოსაწვევი, ეტყობა, ვერ მომძებნა. თუმცა, არ მგონია, რთული საპოვნელი ვიყო თბილისში. შეიძლება, ჩემი მოსაწვევი სადმე გზაში დაიკარგა... მე დამპატიჟეს თავიანთ ჩვენებებზე თამუნა ინგოროყვამ, გოგა ნიქაბაძემ, დათუნა სულიკაშვილმა და ბიჭოლამ. მე უკვე ყველა დიზაინერთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევნის საშუალება. მე არც ერთ დიზაინერს არ ვეტყოდი, რადგან ჩვენს კვირეულში იღებდი მონაწილეობას, იქ აღარ გამოხვიდეთ-მეთქი. ყველამ თავად უკეთ იცის, სად ურჩევნია თავისი კოლექციის გამოტანა. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ გვყავდა სამოცამდე ფრანგი სტუმარი.
– მაკა, აზარტულ თამაშებში თუ ხართ იღბლიანი? გაქვთ თილისმები, რომლებსაც თქვენთვის სიკეთე მოაქვს?
– თილისმები არ მაქვს, მაგრამ რატომღაც წითელი საფულე მიყვარს და არ მახსოვს, სხვა ფერის საფულე მქონოდა. ახლა მეუღლის ნაჩუქარ საფულეს ვატარებ და ალბათ, კარგად დავცდი (იცინის). საერთოდ არ მიყვარს აზარტული თამაშები. კარტის თამაშიც კი არ მიყვარს. მოგებაზე კი არა... ჩემი ნაყიდი არ წავაგო რამე (იცინის). ერთხელ ვითამაშე მონაკოში აპარატებზე, იქ რომ კაზინოში არ შეხვიდე და რაღაც არ გააკეთო, სირცხვილია. 20 ევროთი 300 ევრო მოვიგე, სულ ეს არის ჩემი მოგება. ხანდახან ბავშვებისთვის ვყიდულობ ხოლმე საქართველოს ლატარიის გადასაფხეკ ბილეთებს. ისინი იგებენ ცოტ-ცოტას. ცუდი არ იქნებოდა ჯეკპოტი მოგვეგო, უცბად მოვაგვარებდი შემდეგი „ფეშენ-ვიქის“ პრობლემებს. სპონსორის ძებნა აღარ დამჭირდებოდა. როცა ამ საკითხზე ვწუწუნებ, რომ მე ვერასდროს ვერაფერს ვიგებ-მეთქი, ჩემი ქმარი მეუბნება: შენი მთავარი პრიზი მე ვარ, ყველაზე მეტად ჩემში გაგიმართლაო (იცინის).