როგორ აღმოჩნდა ერთადერთი ქართველი ექიმი ქარიშხალ „კატრინას“ ეპიცენტრში და რისთვის დააჯილდოვა ის ჯორჯ ბუშმა სპეციალური ორდენით
ვერც ვიფიქრებდი, რომ საუბარი ასეთი ემოციური და მეგობრული გამოგვივიდოდა. ველაპარაკებოდი ადამიანს, რომელიც უკვე თხუთმეტი წელია, ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ ნებისმიერ აქ მცხოვრებზე მეტი იცის, რა ხდება ქვეყანაში. ზურა გურული ექიმია, ის ამერიკელი სამხედროების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და უკვე სამხედრო ჩინიც დიდი ხნის მიღებული ექნებოდა, რომ არა ერთი, თითქოსდა, უმნიშვნელო დეტალი – ის არ არის ამერიკის მოქალაქე. რატომ? – იმიტომ რომ, საქართველოს მოქალაქეობა არ ეთმობა.
– ბავშვთა ქირურგი სამხედრო ექიმი როგორ გახდით?
– სხვათა შორის, სულ სხვა გეგმები მქონდა და ვერც იმას წარმოვიდგენდი, ამდენ ხანს თუ დავრჩებოდი ამერიკაში. ერთი წლით აქ წამოსვლის სურვილი კი მქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ექიმისთვის თვალსაწიერის გასაფართოებლად, რაღაც ღირებულის მისაღებად, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ქაოსი იყო, უკეთეს ადგილს ვერც ვნახავდი. რუსეთშიც უკვე აღარ წაისვლებოდა პრაქტიკის მისაღებად. ერთი წლის მერე, რომ დავბრუნდი, ისეთი შოკისმომგვრელი სიტუაცია დამხვდა, კიდევ უფრო გაუარესებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ხელფასი ექვსი ლარი იყო (იცინის). უფროსი ბიჭი მაშინ ხუთი წლის გვყავდა. მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გამევლო გამოცდების რთული კასკადი, დავბრუნებულიყავი ამერიკაში და მომეპოვებინა ექიმად მუშაობის ლიცენზია. მტკივნეული და რთული გადაწყვეტილება იყო. რადგან, როცა ამ გამოცდებს აბარებ, ხვდები, რომ უკვე ემზადები ხანგრძლივი ემიგრაციისთვის. მაგრამ, დღეს არ ვნანობ. თუმცა, პროფილი შევიცვალე და ამასაც ჰქონდა მიზეზი. ჩემი ვიზა, რომლითაც ამერიკაში ჩავედი, იყო სტუდენტური და ბევრი შეზღუდვები ჰქონდა. სწავლას რომ დაამთავრებ, ვალდებული ხარ უკან, შენს ქვეყანაში დაბრუნდე. ამიტომ, უნდა ამერჩია ისეთი პროფესია, რომელსაც ჩავატევდი ოთხ წელიწადში. ბავშვთა ქირურგად რომ დავრჩენილიყავი, კიდევ რვა წელი უნდა მესწავლა. სწორედ ამან განაპირობა ჩემი რეანიმაციაში გადასვლა. ეს იყო ერთადერთი სპეციალობა, რომელიც საოპერაციოში დამტოვებდა.
– თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ამერიკის მოქალაქე?
– არ ვარ და ალბათ, არც ვიქნები. „მწვანე ბარათით“ ვცხოვრობ და ლეგალური ემიგრანტის სტატუსი მაქვს. არასოდეს დამისახავს მიზნად ამერიკის მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქე ვარ, დავრჩები საქართველოს მოქალაქედ და აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, როგორც კი მოვახერხებ. ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მე ვერც წარმომიდგენია, საბოლოოდ, ჩემი აქ დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ქვეყანაა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეორე სამშობლოა, ძალიან ბევრი გამიკეთა ამ ქვეყანამ, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა. ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ სიმართლე ეს არის. მე და ჩემმა მეუღლემ საკმაოდ დიდი მსხვერპლი გავიღეთ. შეგვეძლო შვილების აქ ჩამოყვანა და გაზრდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებს ჯერ ქართული განათლება მიეღოთ და მხოლოდ უმაღლესში სასწავლებლად ჩამოსულიყვნენ ამერიკაში. ეს გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, მაგრამ იმას ნამდვილად სჯობია, რასაც დღეს ჩემი ზოგიერთი მეგობარი განიცდის, როცა მათ შვილებს ქართულად ლაპარაკი უჭირთ.
– თქვენ მიიღეთ საკმაოდ პრესტიჟული ამერიკული ჯილდო თავად ამერიკის პრეზიდენტისგან?
– პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პირადად გადმომცა ეს ჯილდო. ის იმყოფებოდა ნიუ-ორლეანში და ცნობილია მისი გამოსვლა ჯექსონის მოედანზე. მე და ჩემი ოჯახი, ქარიშხალ „კატრინას“ დროს მოვლენების ეპიცენტრში ვიმყოფებოდით – ქალაქის ცენტრში, სადაც ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა. მარტო მეუღლე და შვილები კი არა, დედაჩემი და მამაჩემიც აქ იყვნენ. ჩვენი ჰოსპიტლიდან ერთი კვირის განმავლობაში ვახდენდით დაზარალებულების ევაკუაციას და მოვახერხეთ ის, რომ არც ერთი ავადმყოფი არ დაღუპულა. ამ მეტად წარმატებულად ჩატარებული ოპერაციისთვის დამაჯილდოვეს სპეციალური დიპლომითაც და თანხითაც.
– მგონი, თქვენ ერთადერთი ქართველი სამხედრო ექიმი ხართ, ამერიკის ფედერალურ სისტემაში.
– ამერიკის სამხედრო ჰოსპიტლების სისტემაში ერთადერთი ქართველი ექიმი ვარ, რომელიც მოჰყვა „კატრინას“ ქარიშხალში და ერთადერთი კლინიკური დირექტორიც ვარ, ამერიკის სამხედრო ფედერალურ სისტემაში. განყოფილების გამგე სხვა ქართველი ექიმი, სამხედრო სისტემაში, ჩემს გარდა, ჯერჯერობით არავინაა.
– ანუ ქარიშხალმა „კატრინამ“ თქვენს თავზე გადაიარა.
– დიახ. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (იცინის). ზუსტად ივნისის დასაწყისში ჩამოვიდა ჩემთან ოჯახი, ზაფხული ერთად უნდა გაგვეტარებინა. უფროსი ვაჟი თოთხმეტი წლის იყო, უმცროსი – სამის. „კატრინამდე“ მრავალი ქარიშხალი მაქვს გადატანილი ნიუ-ორლეანში. წელიწადში ერთხელ მაინც ესტუმრება ხოლმე ქარიშხალი ამ ქალაქს. მორიგე ვიყავი იმ დღეს და ჩემი ოჯახი გავაფრთხილე, ჩვეულებრივი ქარიშხალი გველის, რამდენიმე დღე შეიძლება, ელექტროენერგიაც გაითიშოს-მეთქი. ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ შემოგვთავაზა, ჩვენი ოჯახები, უსაფრთხოების მიზნით, გადაგვეყვანა ჰოსპიტალში. სამხედრო ჰოსპიტალი დაცულია, სამხედრო დაცვა ჰყავს და გადმოვიყვანე ყველანი ჩემთან, ჰოსპიტალში. ღამის ორ საათზე შემოიჭრა ქალაქში ქარიშხალი. მამაჩემს არ ეძინა და ორივე ერთად გავედით აივანზე. ეს საკმაოდ საშიში იყო, ძირიანად მოგლეჯილი ხეები დაფრინავდა. ჩემს თვალწინ ხახვის ფურცელივით ააფცქვნა უზარმაზარი ლითონის სახურავი სპორტის სასახლეს. ჩემი კაბინეტი ზუსტად უყურებდა ამ შენობას. დილით ქალაქი დალეწილი და დაფშვნილი იყო. კიდევ მოხდა, გაუთვალისწინებელი რამ, ამ საფრთხის წინაშე ნიუ-ორლეანი ყოველთვის იდგა. იმიტომ, რომ ეს ქალაქი ზღვის დონიდან საკმაოდ დაბლა მდებარეობს. ქარიშხალმა „შემორეკა“ წყალი მექსიკის ყურედან. ჯებირებმა მოწოლას ვერ გაუძლო, გასკდა და დაახლოებით, შუადღისთვის ქალაქმა დაიწყო გავსება წყალში არეული ნავთობითა და ათასნაირი სიბინძურით. ყველა საშინელება ერთად დამიდგა თვალწინ. სახლები წყლით როგორ იფარებოდა, გაცოფებული მღრღნელები ზედა სართულებისკენ მიიწევდნენ... ნაწილობრივ ეს გამართლდა. წყლის მარაგიც შემცირდა და ამას დაემატა არაადამიანური სიცხე. სუნთქვა შეუძლებელი იყო, თითქოს ორთქლის აბანოში გვქონდა თავი შეყოფილი. ჩემმა ოჯახის წევრებმა გმირულად გაუძლეს ამ ყველაფერს და არ დამტოვეს. ერთი კვირის განმავლობაში ათი კილო დავიკელი. ძვალი და ტყავი გამოვედი იქიდან. ბავშვებმაც ჭამა შეწყვიტეს. უმცროსს გადასხმები დასჭირდა. ჩემი უფროსი ვაჟი ერთგულად და ვაჟკაცურად მეხმარებოდა ავადმყოფების გადაყვანა-ევაკუაციაში. დახუთულ კიბეებზე, ულიფტოდ ავადმყოფების საკაცით ჩაყვანა, დიდისთვისაც მძიმე შრომაა, არათუ თოთხმეტი წლის მოზარდისთვის. სანამ ავადმყოფების სრული ევაკუაცია არ მოხდებოდა, არ გაგვიყვანდნენ პერსონალს. ამიტომ, მაქსიმალურად, ცდილობდა, მალე დამთავრებულიყო ევაკუაცია. მგონი, მაშინ გადაწყვიტა, გამხდარიყო ექიმი. ერთი თვე დასჭირდათ ჩემებს, გონზე მოსასვლელად. შოკირებულები იყვნენ.
ტყუილუბრალოდ არაფერი ხდება. მე მალევე მეორე სამხედრო ჰოსპიტალში გამომიძახეს და ერთ კვირაში უკვე ახალ სამუშაო ადგილზე ვიყავი. აქ ძალიან მოეწონათ ჩემი მუშაობა და მალე დამაწინაურეს. ამჟამად ვარ მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონში და აქაური სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ, მაგრამ, არ მაქვს სამხედრო ჩინი.
– მხოლოდ იმიტომ, რომ უარს არ ამბობთ საქართველოს მოქალაქეობაზე?
– მე მეამაყება, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე და ამას არანაირ სამხედრო ჩინზე არ გავცვლი. შემოუთავაზებიათ, როგორ არა, რომ გავმხდარიყავი ამერიკის მოქალაქე, მაგრამ დიდი პატივისცემით და მოწიწებით მითქვამს უარი. აგვისტოს ომის დროს ჩალაგებული მქონდა ჩანთა და ბილეთებიც აღებული „თურქიშ ეარლაინზე“, მოვდიოდი. ჩემი მეუღლე გიჟს ჰგავდა. რომ დამჭირვებოდა, აჭარიდან ფეხით მაინც გადავიდოდი და ვიქნებოდი იქ, სადაც ჩემი პროფესიის ადამიანი უნდა ყოფილიყო იმ ტრაგიკულ დღეებში. ეს ჩემი ტკივილი და ჩემი ვალი იყო. თუ პირადი მაგალითით არა, შვილებს როგორ ასწავლი სამშობლის სიყვარულს, მაგრამ, ვეღარ მოვასწარი. ომი მალე დამთავრდა. მე ვარ მოხალისე სამხედრო ექიმთა პროგრამაში ჩართული. ხანდახან, როცა ერაყიდან ჩამოყავთ დაჭრილები, გადავფრინდები ხოლმე დისლოკაციის სხვადასხვა ადგილებში და დაჭრილებს ჰოსპიტლებში ვანაწილებთ. მე ვიცი, რომ დასჭირდება ეს გამოცდილება ჩემს ქვეყანას.