კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შანტაჟს ვერ გაუძლო ვახტანგ მაისაიამ და როგორ გახდა მის მიერ წიგნში დაბეჭდილი რუკა საიდუმლო


დიპლომატი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ერთი წლის წინ მძიმე ბრალდებით დააკავეს. ის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი დახურული იყო. ვახტან მაისაიას ჯაშუშობა არ უღიარებია. მისმა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, პირველი სხდომა 10 ივნისს არის დანიშნული. მაისაიას დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოსთვის მზადებას იწყებს. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში ვახტანგ მაისაიას მეუღლემ ელენე მაღრაძემ განაცხადა.


ელენე მაღრაძე: სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მკაცრი იყო. საქალაქო სასამართლომ ვახტანგს 20 წელი მიუსაჯა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვახტანგის საქმე წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში. ამისთვის გარკვეული პროცედურების დაცვაა საჭირო. ჩვენმა ადვოკატმა – ნათია კორკოტაძემ უკვე დაიწყო შესაბამისი პროცედურების გავლა, საქმე გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. მე, რა თქმა უნდა, არც სააპელაციო სასამართლოს იმედი მაქვს და არც უზენაეს სასამართლოს ვენდობი, მაგრამ ეს ეტაპები აუცილებლად უნდა გავიაროთ, რომ საქმე სტრასბურგამდე მივიდეს.

– რატომ გაქვთ იმედი, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს და თქვენს მეუღლეს უდანაშაულოდ ცნობს?

– ვახტანგი უდანაშაულოა, ის არ არის ჯაშუში. ის არის პოლიტპატიმარი. ასე აღიარა თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მას შემდეგ, რაც ის ბრიუსელიდან დაბრუნდა, სადაც ნატოს მისიაში, მრჩევლად თითქმის სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა – თბილისში ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩაერთო არასამთავრობო სექტორში. როგორც სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი თანამშრომლობდა „თავისუფალი აზრის სახლთან“, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ვახტანგი არ ცდილობდა, რომ ოპოზიციური ნიშა დაეჭირა, მაგრამ ბოლო ხანებში მას მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური განწყობა ჰქონდა. მასში გარდატეხა მოახდინა 7 ნოემბრის მოვლენებმა. იქამდე მას საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჰქონდა მიშა სააკაშვილის გუნდის წევრებთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ვახტანგს გაამართლებს. მას ისე მიუსაჯეს 20 წელი, რომ საქმეში არ დევს მისი დანაშაულის დამამტკიცებელი რეალური ნივთმტკიცებები.

– თუმცა საქმეში დევს, მისი აღიარებითი ჩვენება, რომ ის ეწეოდა ჯაშუშობას რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ.

– სამართლებრივად საქმეში ეს აღიარებითი ჩვენება არ უნდა იდოს, რადგან ვახტანგს ეს არ უღიარებია სასამართლოზე. ეს ჩვენება მან მორალური ზეწოლის შედეგად მისცა. ვახტანგს აშანტაჟებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ გამორიცხული იყო, მე არ მცოდნოდა მისი საქმიანობის შესახებ. ამ საქმეში მეუღლის, ანუ ჩემი ჩათრევა არ იყო რთული. ვახტანგს ეუბნებოდნენ, რომ ძალით ჩაატარებდნენ სპეცოპერაციას, ჩაამტვრევდნენ კარს. ის მოერიდა ამას დედის და მოხუცი ბებიის გამო. ამას გარდა, ჩემი მეუღლე იყო ფსიქოტროპული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ. ამის შესახებ ჩემთან საქმეში ჩართულმა ადვოკატმა განაცხადა, რომელიც ვახტანგს არ იცავდა. ის ადრეც იცნობდა ვახტანგს და კარგად შეეძლო იმის აღქმა, რა მდგომარეობაში ნახა ჩემი მეუღლე.

– ადვოკატის პრივატული ნათქვამი ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩაუტარდა მას სამედიცინო ექსპერტიზა?

– მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ პროკურატურის დავალებით მუშაობდა და ბრალდების მხარესთან თანამშრომლობდა, ადვოკატი მანანა ჩიქოვანი, რომელიც თავიდან ვახტანგის ინტერესებს იცავდა. სწორედ მან მითხრა, რომ არ იყო საჭირო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ის იყო ჩვენი ოჯახის ადვოკატი და საკმაოდ დიდხანს ვერ მივხვდით, თუ როგორი თამაში შეიძლებოდა ეთამაშა მას. როგორც კი ვახტანგი მოდულის შენობაში მიიყვანეს, მას დაუდეს მისივე კომპიუტერიდან ამოღებული ორი მეგობრის ფოტო, რომლებზედაც განუცხადეს, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ. ამის შესახებ ჩვენც მოგვატყუა ვახტანგის ადვოკატმა, თუმცა მერე გაირკვა, რომ ის ადამიანები დაკავებულები არ ყოფილან. საუბარი იყო, უკრაინაში ცნობილ პოლიტოლოგ ელენა იასუტსკაზე და სლოვაკეთის მოქალაქე იოსებ დოლეჟანზე. ვახტანგს უთხრეს, რომ ისინი მხილებულები იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის და მისი დაკავება მოხდა მათი ჩვენების საფუძველზე. იგივეს უმტკიცებდა ვახტანს მისი ადვოკატიც. პროკურატურამ განუცხადა ვახტანგს, რომ მასალები, რომლებსაც ის ელენას და იოსებს უგზავნიდა, ხვდებოდა რუსეთის სპეცსამსახურებში. ვახტანგს ამ ადამიანებთან კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა, მათ აწვდიდა ანალიტიკურ მასალებს და ამის სანაცვლოდ იღებდა ანაზღაურებას. პროკურატურამ დაუშვა უპრეცედენტო ფაქტი – 3 500 ევრო, რომელზეც აცხადებდნენ, რომ ვახტანგის ჯაშუშური საქმიანობის გასამრჯელო იყო, ვახტანგის დაკავებიდან ორ კვირაში გადმოგვცეს ოჯახს და ამ თანხას რატომღაც ყადაღა არ დაადეს. სასამართლო სხდომებზე არც ერთი საბუთი არ წარუდგენიათ, რომელიც ამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯაშუშობას შეეხებოდა, თუმცა, ეს მითითებულია განაჩენში. როგორ, მხოლოდ ჩვენი ქვეყანა დასდევს ჯაშუშებს და უკრაინას და სლოვაკეთს ეს არ აინტერესებთ? განაჩენში დაფიქსირებული ინფორმაციები და რეპორტები, რომელსაც საიდუმლო გრიფი დაადეს, არ იყო საიდუმლო და შეიცავდა საჯარო ინფორმაციებს, ვახტანგს ადანაშაულებდნენ, თითქოს მან ტოპოგრაფიული რუკები გადასცა სლოვაკეთს, რომელიც შემდეგ რუსეთში მოხვდა. საუბარი იყო რუკაზე, რომელიც შესულია ვახტანგის მიერ 2002 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში. ახლა გახდა ეს რუკა საიდუმლო? მოსამართლემ დართო ნება ადვოკატს, რომ სამხედრო ექსპერტი მასალებს გასცნობოდა. კომპეტენტურმა სამხედრო ექსპერტმა კახა კაციტაძემ დადო დასკვნა, რომ ეს მასალები არ იყო საიდუმლო. თუმცა, ეს არ გაითვალისწინა სასამართლომ. დაუშვებელ ნივთმტკიცებად შეიძლება ჩაითვალოს ვახტანგის კომპიუტერი, რომელიც ჩემი თანდასწრებით დალუქეს. მაგრამ, სასამართლოზე წარადგინეს გახსნილ მდგომარეობაში. ეს არის კანონდარღვევა.

– თქვენი მეუღლის დაკავება მისი ახლო მეგობრის ჩვენების საფუძველზე მოხდა, რომელთანაც მოგვიანებით საპროცესო გარიგება შედგა.

– ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, რადგან ჩვენ და ირაკლი ბატკუაშვილის ოჯახს ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. მე და ირაკლის მეუღლე დღემდე, ასე თუ ისე, ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობას. მე ვერ დავადებ ხელს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში შედიოდა ვახტანგის დაკავება, მაგრამ ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით თავად შემოგვთავაზა თავისი ვერსია. ვახტანგი დააკავეს 5 მაისს, იმ დღეს, როცა ეგრეთ წოდებული მუხროვანის ამბოხება მოხდა. მერე თვითონაც ვეღარ დაუკავშირეს ვახტანგის კვალი მუხროვანს და თავიდანვე გამოყვეს ერთმანეთისგან ეს ორი საქმე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მხარის არც ერთი შუამდგომლობა. ჩვენ მოვითხოვდით პროცესის გახსნას, რათა ინფორმაცია მიეღოთ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაზედაც უარი გვითხრეს. ამის გარდა, ჩვენ მოვითხოვდით სასამართლო პროცესზე ობიექტური და კომპეტენტური სამხედრო ექსპერტის დასწრებას, რომელიც პროკურატურასა და სასამართლოს განუმარტავდა, რომელი ინფორმაცია იყო საიდუმლო და რომელი არა. ამას ვერ მივაღწიეთ, ალბათ, იმიტომ, რომ საქმეში არ იყო საიდუმლო ინფორმაციები. ყველამ კარგად იცის, რომ ვახტანგი არ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არ მიუწვდებოდა ხელი საიდუმლო ინფორმაციაზე.

რაც შეეხება ირაკლი ბატკუაშვილის ჩვენებას, რომელიც იმ პერიოდში გენშტაბში მუშაობდა, ამასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მისი ჩვენება გაურკვეველია. ირაკლი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს ვახტანგს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა გორიდან სკაიპის მეშვეობით. ყველამ ვიცით, რომ იმ პერიოდში კომუნიკაციის ყველა საშუალება გათიშული იყო. მე პირადად, ვურეკავდი ირაკლის მობილურ ტელეფონზე და ვერ ვუკავშირდებოდი, რომ მისი ამბები გამეგო. როგორ დავიჯერო, რომ იმ დროს ირაკლი ვახტანგს მობილური ტელეფონით საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა? საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თავიდან ბატკუაშვილი დუმილის უფლებას იყენებდა და როგორც კი მის საქმეში სხვა ადვოკატი ჩაერთო, ირაკლი ვახტანგის საწინააღმდეგოდ ალაპარაკდა. საპროცესო გარიგებაზე საუბარი ვახტანგთან დაკავშირებითაც იყო, ვახტანგს უნდა ეღიარებინა თავისი და 20 ადამიანის ჯაშუშობა და მას გაათავისუფლებდნენ წელიწად-ნახევრის შემდეგ. ამას დაემატებოდა პირობითი სასჯელი, თუმცა ვახტანგმა ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.

– სასამართლო პროცესი დახურული იყო, თუმცა როგორც შემდეგ გახმაურდა, თქვენმა მეუღლემ საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

– დიახ, ვახტანგს სასამართლოზე ძალიან მშვიდად ეჭირა თავი, მე მხოლოდ განაჩენის გამოცხადებას დავესწარი. ვახტანგმა სასამართლოზე დამსწრე საზოგადოებას გალაკტიონის სიტყვები გაახსენა და დაახლოებით ასეთი ტექსტით მიმართა: ჩემთვის დღესავით ნათელია, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა და თქვენზე, ვინც მონურად ემსახურებოდით ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე რეპრესირებულ ხელისუფლებას. გმადლობთ ყურადღებისთვის, მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობო. ვახტანგი არ აღიარებს დანაშაულს, მას აქვს თავისი ვერსია – ხელისუფლებას მისი დაკავება საკუთარი ფიარისთვის სჭირდებოდა. მისი დაკავებიდან მეორე დღეს პრეზიდენტმა მთელი ნახევარი საათი დაუთმო ვახტანგზე საუბარს, თუ როგორ აღმოჩნდა წარმატებული დიპლომატი და მეცნიერი ჯაშუში.

– სად იხდის სასჯელს თქვენი მეუღლე და როგორ მდგომარეობაშია ის მორალურად?

– ვახტანგი სასჯელს იხდის გლდანის მერვე საპყრობილეში, მას თვეში ერთხელ ვნახულობთ. ვახტანგი ძალიან ყოჩაღად არის, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ძალიან ნანობს და დარდობს იმ თვენახევრიან პერიოდს, როცა მოტყუეების შედეგად ჯაშუშობა აღიარა. მეუბნება, რომ ურჩევნია იყოს ციხეში, ვიდრე თავისი ქვეყნის ჯაშუშობაზე დათანხმდეს. ეს ძალიან მძიმე იარლიყია ნებისმიერი ადამიანისთვის. ვახტანგს შეეძლო წასულიყო საპროცესო გარიგებაზე, წელიწად-ნახევარი გაეტარებინა ციხეში და გათავისუფლებულიყო. მაგრამ, მერე რა პასუხი ჰქონდა? მისი ცხოვრება მაშინვე დამთავრდებოდა, ამას ჯობია იყოს პატიმრობაში, უჭირდეს ფიზიკურად, მაგრამ მორალურად იყოს მართალი.


скачать dle 11.3