რომელია ყველაზე საშიში სტიქიური მოვლენა და არის თუ არა ის ატომურ ბომბზე უფრო დამანგრეველი
დედამიწაზე სტიქიურ მოვლენებს ბუნებრივი კატასტროფების სახით ადგილი აქვს როგორც ხმელეთზე, ასევე წყალქვეშ. ყველაზე დამანგრეველი სტიქიური მოვლენებია მიწისძვრა, ვულკანი, წყალდიდობა, გრიგალისებური ქარები, ციკლონური ქარიშხლები, ტაიფუნი, თოვლის ზვავები. მათი მასშტაბები თანდათან იმატებს, რაც დაკავშირებულია ახალი ტერიტორიების ათვისებასთან: ვჩეხავთ ტყეებს, ვაბინძურებთ წყალსაცავებს, მდინარეებზე ვაგებთ კაშხლებს და ასე შემდეგ. სტიქიური მოვლენების შესახებ ცნობებს მოგვაწვდის ინჟინერი, მშენებლობის ექსპერტი თემურ გულია.
თემურ გულია: ბუნებრივი ძალებიდან მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელია. დიდი მასშტაბის მიწისძვრა შესაძლოა, 10 000-ჯერ მეტად დამანგრეველი იყოს, ვიდრე, მაგალითად, ატომური ბომბი, რომელიც 1945 წელს იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში ჩამოაგდეს. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის, ანუ სეისმური ტალღები. 1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის დროს, თვითმხილველების თქმით, მიწის ტალღები ერთ მეტრ სიმაღლეს აღწევდა. მიწისძვრის სიმძლავრის მიხედვით, მიწა შეიძლება ოდნავ ან ძლიერად შეირყეს, რის გამოც რელიეფი ფორმას იცვლის. მაგალითად, სან-ფრანცისკოში აღმოაჩინეს, რომ სან-ანდრეასის ნაპრალი 6 მეტრით იყო გადაადგილებული. 1985 წელს მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკალის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსივობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
– ადრე სეისმოლოგები მიწისძვრას ზომავდნენ რიხტერის სკალით, შემდეგ კი იგი მერკალმა ჩაანაცვლა. რომელი მათგანია უფრო სანდო?
– მიწისძვრების განსაზღვრისა და პროგნოზების მეთოდების გაუმჯობესების შედეგად, დაიხვეწა სპეციალური სეისმური რუკებიც და შესაძლებელი გახდა მიწისძვრის აქტივობის უფრო დეტალური სურათის დახატვა. წარსულში სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს ზომავდნენ რიხტერის სკალით, რომელიც 1935 წელს წარმოადგინა ამერიკელმა ექსპერტმა რიხტერმა და რომელსაც მისი სახელი დაერქვა. დღესდღეობით უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა. მიწისძვრის დროს კერიდან ყოველმხრივ ვრცელდება დრეკადი სეისმური ტალღები: პირველადი, ანუ გრძივი და მეორადი, ანუ განივი. გრძივ ტალღებში რხევა მიმდინარეობს ტალღის გავრცელების მიმართულებით, ხოლო განივ ტალღებში – ტალღის გავრცელების პერპენდიკულარულად. დედამიწის ზედაპირზე ეპიცენტრიდან ვრცელდება, აგრეთვე, ზედაპირული სეისმური ტალღები.
– ბატონო თემურ, ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში ჩვენს სახლებს რა ბედი ეწევათ, რამდენ ბალზეა ისინი გათვლილი?
– ჩვენ გვინდა, ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ და ამის აღსაკვეთად არაფერს ვაკეთებთ. ეს არის თბილისის უბედურება, რადგან აქ მასობრივად მიმდინარეობს მშენებლობები და როცა განვაცხადეთ, რომ თბილისში ჯერ არ აშენებულა 8-ბალიან რყევაზე გათვლილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ამაზე არავის უთქვამს, ტყუიხართო, რადგან, თავს ვერაფრით იმართლებენ. ახლად დაწყებულ შენობებში ეს საკითხი უნდა დადგეს და სეისმურად აუცილებლად უნდა შემოწმდეს ყველა სახლი. კანონითაა ამოქმედებული, რომ თბილისში 8-ბალიანის რყევის გამძლე შენობები უნდა აშენდეს, სინამდვილეში კი ჩვენი სახლები 7 ბალს კი არა, 6-საც ვერ გაუძლებს, ვინაიდან ბევრი სახლი ამორტიზებულია. უბედურება ისაა, რომ სეისმომედეგობაზე 20 წელიწადია, არც ერთი მრავალსართულიანი შენობა არ შემოწმებულა. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, შეიძლება თუ არა, ახალაშენებულ ბინებში ცხოვრება. რადიაციულია თუ არა და, რა ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს ცემენტი, შიგნით რომ შევა კაცი, ეკოლოგიურად უსაფრთხო იქნება მისი იქ ყოფნა? თბილისში ძირითადად შენდება მრავალსართულიანი რკინაბეტონის კარკასული შენობები. სპიტაკისა და თურქეთის მიწისძვრის დროს, რომ შეისწავლეს, თუ რა ტიპის შენობები დაინგრა, აღმოჩნდა, რომ ძირითადად რკინაბეტონის კარკასული შენობები, დაინგრა. მაგალითად, სომხეთში, ლენინაკანში დანგრეული შენობების 80 პროცენტი სწორედ ასეთი იყო. ამიტომ, ეს შენობები დაუყოვნებლივ გადახედვას მოითხოვს, ექსპერტიზაა ჩასატარებელი.
ბოლო ათი წელია, მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული შენობების სეისმომედეგობაზე. შეისწავლეს მეცნიერებმა ყველა აქამდე არსებული მიწისძვრა და ასეთი დასკვნა გააკეთეს: არის 100-წლიანი პერიოდი, როცა მიწისძვრის აქტივობა შედარებით ჩამცხრალია, მერე მოდის 20-30-წლიანი მონაკვეთი, როცა საგრძნობლად აქტიურდება მისი სეისმურობა. ეს ასევე, დაუკავშირეს მზის აქტივობის შემცირებას, როცა ხდება მისი დაბნელება. გახსოვთ, ალბათ, 1999 წელს მოხდა მზის დაბნელება, რასაც მოჰყვა საბერძნეთისა და თურქეთის მიწისძვრებიც. ასეთ დროს შეიმჩნევა სეისმოაქტივობა. ახლა ვართ ზუსტად აქტიურ პერიოდში. მეცნიერები ამბობენ, რომ კავკასიის რეგიონი თანდათან პატარავდება და 20-30 მილიმეტრით სიმაღლეში იმატებს, ყირიმის ნახევარკუნძული კი 3 მეტრით გადაადგილდება, ეს ტექტონიკური მასა კი თანდათანობით ჩრდილოეთისკენ მოიწევსო. ამის გამო შეშინდა ყველა – ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი, კრასნოდარის მხარე, რუსეთი, ყირიმი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი – მათ შექმნეს თავიანთი ცენტრი მიწისძვრის უსაფრთხოებისთვის. შემოიღეს ახალი კანონები, გაამკაცრეს კანონები მშენებლობებზე სეისმური უსაფრთხოების დაცვის შესახებ. მაგრამ ჩვენ რატომ არ ვაქცევთ ამას სათანადო ყურადღებას, მართლაც საკითხავია. 7 ბალზე იყო გათვლილი კრასნოდარის მხარეში სეისმომედეგობის მაჩვენებელი და პირდაპირ 9 ბალზე გადაიყვანეს. ჩვენთან კი 7 იყო და 8-ზე გადავიდნენ, თუმცა ძალიან საეჭვოა, 8 ბალს გაუძლოს თბილისმა. ასეთი ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში ქალაქში ქვა ქვაზე აღარ დარჩება.
– სეისმომედეგობის გათვალისწინებით თუ ხდება ძველი შენობების გამაგრებითი სამუშაოები?
– კი. ხდება, მაგრამ ზოგი შენობა ისეა ამორტიზებული, გამაგრებით სამუშაოებს აღარ ექვემდებარება. საერთაშორისო „გეო-კვაიტის“ მიერ მოხდა პროგნოზირება იმისა, რომ 2013 წლამდე რუსთავთან ახლოს მოხდება 6,3-იანი ბალის მიწისძვრა. როცა მთელი მსოფლიო მილიონებს ხარჯავს იმისთვის, რომ სეისმომეცნიერება მაღალ დონეზე განვითარდეს, ამ დროს საქართველოში ნადგურდება ყველაფერი. 1994 წელს რუსეთმა პირველი სეისმური მშენებლობის ნორმები რომ მიიღო, მან გამოიყენა მსოფლიოში ათი საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ნამუშევრები და მათ დაეყრდნო. ამ ათიდან სამი კვლევა საქართველოს კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარდა, დღეს კი ეს ინსტიტუტები გაუქმებულია. მშენებლობის სამინისტროც გაუქმდა, როცა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. რაც შეეხება შენობების სეისმურ გამაგრებას, ყველა შენობა გამოსაკვლევი და შემდგომ გასამაგრებელია, მაგრამ ამისთვის თანხებია საჭირო.
– ცნობილია, რომ მიწისძვრას ყველაზე კარგად ცხოველები გრძნობენ, პროგნოზებზე მეტად, ალბათ, ბუნებრივი ნიშნების გათვალისწინებაა მართებული.
– დიახ, მართალს ბრძანებთ, პროგნოზები ხშირად არ მართლდება. ერთხელ გამართლდა, 1975 წელს, ჩინეთში, როცა ზამთარში მიწიდან გველები ამოძვრნენ თოვლში, ასევე, კატებმა დაიწყეს შფოთი და სირბილი. ამიტომ, ხალხი ქალაქიდან გახიზნეს და სულ დაინგრა ყველაფერი. ისე, ყველაზე კარგად მიწისძვრას კატები გრძნობენ. მიწისძვრის მერე ყოველთვისაა განმეორებითი ბიძგები, ზოგჯერ უფრო სუსტი, მაგრამ ამა წლის 8 მარტს თურქეთში რომ მოხდა მიწისძვრა, მერე ორმოცჯერ განმეორდა მიწისქვეშა ბიძგები. ამდენი რხევით კი, შენობები სერიოზულად ზიანდება.
– მიწისძვრა არის ორი სახის – ჰორიზონტალური და ვერტიკალური. რომელი უფრო საშიშია?
– უფრო საშიშია ჰორიზონტალური მიწისძვრა, 1966 წელს მთლიანად დაინგრა ტაშკენტი და სულ 8 კაცი მოკვდა. მეორეჯერ ის, 1973 წელს დაინგრა და მაშინ 25 ათასი კაცი დაიღუპა, როცა ვერტიკალურია მიწისძვრა, ნგრევა იწყება სახურავიდან და იმდენი მსხვერპლი არაა. ვინც ასე ახლოს დააპროექტა სახლები, ვერაზე, სპორტის სასახლესთან, ყიფშიძეზე, სააკაძის მოედანთან, მან უნდა აგოს პასუხი. ესაა თბილისელების დაღუპვა. ვინც ასეთი მშენებლობის ნებართვა გასცა დამნაშავეა. იქ ისეთი მიჯრითაა სახლები განლაგებული, ერთი შენობა რომ დაინგრეს, რამდენიმეს თან მიიყოლებს. მიწისძვრის დროს ხდება ხანძრებიც და ასეთ ადგილებში სახანძრო მანქანაც ვერ მივა საშველად. ამდენი ხალხი რომ გამოიქცეს მიწისძვრის დროს, სად უნდა წავიდეს? მათ ფეხზე დგომის ადგილიც კი არ დაუტოვეს. მე, ჩემი მხრივ, პატარა რჩევას მაინც მივცემ მოსახლეობას, მიწისძვრის დროს უკეთესია, თავშესაფარი იპოვოთ მაგიდის, ან კარის ჩარჩოს ქვეშ, რადგან ეს ისეთი ადგილია, რომელიც იშვიათად თუ ჩამოინგრევა. გარეთ გაქცევისას ნანგრევებში მოყოლის მეტი საშიშროება არსებობს.