კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღირს ერთი ღამე საპრეზიდენტო ნომერში და ვინ ანიჭებს სასტუმროებს ვარსკვლავებს


საქართველოში ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, ამიტომაც, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიზანი და ამოცანაა, საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია და პრომოუშენი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის მაგალითად გამოდგება საქართველოში არსებული სასტუმროებისთვის კლასიფიკაციის ჩატარება და მათთვის ვარსკვლავების მინიჭება. კერძოდ, როგორ და რა კრიტერიუმებით ხდება ვარსკვლავების მინიჭება სასტუმროებისთვის და როგორია მათი მომსახურების დონე, ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ „საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის“ თავმჯდომარის მოადგილეს, ბექა ჯაყელს.


– ბოლო პერიოდში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და, 2009 წლის მონაცემებით, მილიონ-ნახევარი ადამიანი შეადგინა. ეს 16-პროცენტიანი ზრდაა 2008 წელთან შედარებით და საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩამომსვლელი ტურისტების სეგმენტაცია შეიძლება მიზნების მიხედვით: ძირითადად არიან ბიზნესვიზიტორები, რომლებიც საქართველოში ბიზნესინტერესებით ჩამოდიან; ასევე, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად ან დასვენება-რეკრეაციის მიზნით.

– ყველაზე მეტად ტურისტთა რაოდენობა რომელი ქვეყნებიდან ჭარბობს?

– ძირითადად არიან აზერბაიჯანიდან ჩამოსული ტურისტები. ნიშანდობლივია თურქი ვიზიტორების ზრდაც, ისინი მრავლად ჩადიან ბათუმში. მათი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ ისინი სათამაშო ბიზნესით არიან დაინტერესებულნი და ზოგჯერ სამორინეში სათამაშოდაც კი ჩამოდიან. ჩამომსვლელების მხრივ, მესამე ადგილზე სომხეთია, ხოლო მეოთხე ადგილზე – რუსეთი, მაგრამ, ამ შემთხვევაში უნდა განვმარტოთ, მათი კატეგორია. ისინი, ხშირ შემთხვევაში რუსეთში მცხოვრები ქართველები არიან და ტურისტის კატეგორიაში ხვდებიან.

– ახლა, როცა საკურორტო სეზონი ახლოვდება, ცხადია, იმატებს დასვენების მიზნით ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობაც. ბოლო დროს ბევრი ფეშენებელური სასტუმრო აშენდა, რომლებიც, ალბათ, ტურისტებს მომსახურების სრულ სერვისს შესთავაზებენ...

– მიმდინარე წლის 5 მარტს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და „გლობალ სთარს“ შორის, რომლის მიზანია საქართველოში მდებარე სასტუმროების ევროპის ერთიანი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, საქართველოს სასტუმროების კლასიფიკაციის ვარსკვლავების მინიჭების ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება, სტანდარტის მოთხოვნების გაცნობა, კლასიფიკაციის ჩატარება და მათთვის ვარსკვლავების მინიჭება, რასაც უზრუნველყოფს „გლობალ სთარი“, რომელიც ქართული კომპანიაა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ადრე მომხმარებლის უფლებების დარღვევა ხდებოდა და ისინი შეცდომაში შედიოდნენ მომსახურების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან წასული ტურისტი კმაყოფილი იყოს ჩვენი მომსახურების ხარისხით. იმის ბევრი ფაქტი არსებობს, როცა ტურისტს არ დახვდა ის სერვისი, რასაც სასტუმრო ჰპირდებოდა და ეს ძალიან ცუდი ფაქტია. სასტუმროების კლასიფიკაციის სისტემის არსებობა იმიტომაცაა აუცილებელი, რომ მომხმარებელთა უფლებები იყოს დაცული და ბაზარზე ხელი შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას. ეს სისტემა ნებაყოფლობითია. თუ სასტუმრო არ გაივლის კლასიფიკაციას, რა თქმა უნდა, განაგრძობს ფუნქციონირებას, მაგრამ, სახელმწიფო განსაკუთრებით წაახალისებს იმ სასტუმროებს, ვისაც კლასიფიკაცია გავლილი ექნება. კერძოდ, საინფორმაციო ვებგვერდზე განთავსდება მათი პრომოუშენი, საინფორმაციო მასალებში მოხდება მათი ასახვა და ასე შემდეგ.

– კერძოდ, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება სასტუმროების კლასიფიკაცია და მათთვის ვარსკვლავების მინიჭება?

– ესაა კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ხდება კომფორტის დონის, მომსახურების ხარისხის, შენობა-ნაგებობის, მისი ადგილმდებარეობის შეფასება და ამ დროს ყველა ნიუანსს ენიჭება მნიშვნელობა – ესაა ერთიანი ევროპული მიდგომა. ის ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდიან სამუშაო ვიზიტით, ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს უფრო ითხოვენ, მოთხოვნა იქნება ბიზნესვიზიტორების მხრიდანაც. დასვენების მიზნით ჩამოსულ ადამიანებს კი სამვარსკვლავიანი სასტუმრო ურჩევნიათ. მსოფლიოში ამგვარი ტენდენციაა. ამ ეტაპზე ორმა სასტუმრომ უკვე გაიარა კლასიფიკაცია, ესენი არიან: ქობულეთის სასტუმრო „ჯორჯიან პალასი“ და თბილისის „ვერე პალასი“. ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა „შერატონი“ და „რედისონი“, მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და იცის, რა არის მისი კონკურენციული უპირატესობა – მომსახურების ხარისხი. მათთვის არცაა აუცილებელი კლასიფიკაციის გავლა. სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა სასტუმროების შემთხვევაში: ხარისხის კონტროლის სისტემის არარსებობა, კვალიფიციური ადამიანების რესურსის ნაკლებობა და გარკვეული შეცდომები, რომლებიც თავის დროზე სასტუმროების დაპროექტება-დაგეგმვისას დაიშვა. ამიტომ, მომავალში თავიდან უნდა იქნას აცილებული სისტემატური რეკონსტრუქციული სამუშაოები, რომ მუდმივად არ მოხდეს დიზაინის განახლება.

– თუ არ ვცდები, საპრეზიდენტო ნომრები აქვს მხოლოდ ფეშენებელურ სასტუმროებს. როგორ კომფორტს სთავაზობს ის დამსვენებელს?

– საპრეზიდენტო ოთახები მაღალი კატეგორიის სასტუმროებშია. მასში ერთი ღამით დასვენება 2 000 ლარამდე ღირს და მომსახურებასაც თანხის შესაბამისად გთავაზობენ. სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი კი, დაახლოებით, 200 ლარია. ადრე იყო დილეტანტური მიდგომა, რომ ხუთვარსკვლავიანია ის სასტუმრო, რომელსაც აქვს აუზი და ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე. ხუთვარსკვლავიან სასტუმროს სამვარსკვლავიანთან შედარებით კომფორტიც გაცილებით უკეთესი აქვს, უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებაა, დაწყებული საძინებელი ოთახიდან, დამთავრებული სასტუმროს შესასვლელითა და მომსახურებით. მაღალი კატეგორიის სასტუმროში უნდა არსებობდეს ნომრების კარების ელექტრონული საკეტი სისტემა, ნომრებს შორის, ტიხრებში, ხმაურის სპეციალური საიზოლაციო საშუალებები, განათება შეიძლება იყოს: ბრა, ტორშერი, მაგიდის სანათური – ყველა საწოლთან, უნდა იყოს გათბობის სტაციონარული სისტემა, ჰაერის ტემპერატურის ინდივიდუალური რეგულირების თერმოსტატი ყველა ოთახში, ტელეფონის აპარატი ოთახსა და სააბაზანოში, ინტერნეტი, პლაზმური ტელევიზორი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების ყურება; ასევე, ოთახში უნდა იყოს მინი-ბარი და მინი-სეიფი.

– ეს, რაც შეეხება სასტუმროს ტექნიკურ მხარეს, მაგრამ, როგორი ავეჯი უნდა იყოს განთავსებული მაღალი კატეგორიის სასტუმროში?

– უნდა იყოს ზედა ტანსაცმლის, ფეხსაცმელების, ქუდების კარადები, სამგზავრო ჩანთის ადგილი, სრული სიმაღლის სარკე, ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია უცხო ენაზე და საევაკუაციო სქემა ნომრის კარზე. ასევე, თარო ბარგისთვის და ერთჯერადი ფლოსტები ყველა სტუმრისთვის. მაღალი კატეგორიის სტუმრისთვის შეიძლება იყოს „ქვინ საიზ ბედი“, სკამები ყველა ნომერში, საწერი მაგიდა, რბილი სავარძლები და ჟურნალების მაგიდა. ავეჯი, რა თქმა უნდა, სხვადასხვაგვარია, მაგალითად, სიღნაღში არის სასტუმრო „ფიროსმანი“, რომელიც „რჩეულის“ ქსელს ეკუთვნის და მასში განთავსებულია ანტიკვარული ავეჯი. იქიდან გამომდინარე, რომ სიღნაღი სიყვარულისა და ხელოვნების ქალაქია, სასტუმროს კონცეფციასა და იმ ადგილმდებარეობას პასუხობს. მაღალი კატეგორიის სასტუმროში ფარდები უნდა იყოს დამჩრდილავი, ნომრებისა და დერეფნის იატაკის დაფარვა სრული რბილი საფარით, ანუ ხალიჩით, ახასიათებს მაღალი კატეგორიის სასტუმროებს. ასევე, სააბაზანოში სათბობის მოწყობილობა სარკის დაორთქვლის თავიდან აცილების მიზნით, შხეფებისაგან დამცავი აბაზანის ფარდა, კოსმეტიკის კომპლექტი, აბაზანაში ფეხის მოსრიალების საწინააღმდეგო ჩასაფენი. ზოგჯერ ითხოვენ ისეთ საშხაპეს, რომელიც მასაჟსაც აკეთებს – მოკლედ, ძალიან ბევრი ნიუანსია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდა იყოს წარმოდგენილი გართობის, სპორტული, სავესტიბიულო, საბანკეტო დარბაზის ბარები, საცურაო აუზი – ღია და დახურული, დისკო-ბარი, ჩოგბურთის მოედნების ბარი, ღამის კოქტეილ-ბარი, ფიტნეს-კლუბი და სხვა ბარები.

– კიდევ რა დამატებითი მომსახურება აქვთ ასეთ სასტუმროებს?

– ესაა ქიმწმენდის მომსახურება სტუმრებისთვის, ტანსაცმლის დაუთოება, საფოსტო და საბანკო მომსახურება, ვალუტის გადაცვლა, ავტომანქანის გაქირავება, ბილეთების დაჯავშნა სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. სამედიცინო მომსახურება. მე პირადად მქონდა პატივი და სამუშაო ვიზიტით წავედი ფინეთში, კერძოდ, ჰელსინკში, სადაც მოვხვდი მაღალი დონის ძვირად ღირებულ სასტუმროში, რომელიც შედიოდა მსოფლიოს მასშტაბით 20 საუკეთესო სასტუმროთა შორის. კიდევ კარგი, მე არ ვიხდიდი თანხას. ვთქვი კიდეც, რომ ამ სასტუმროში ერთი დღით ყოფნას ჩემი რამდენიმე თვის ხელფასიც არ ეყოფა-მეთქი. იქ ვნახე ის მომსახურება, რაც მხოლოდ თეორიულად მქონდა წაკითხული. რა თქმა უნდა, კვებაც განსაკუთრებული გახლდათ და შედიოდა დელიკატესები, მარტო ზუთხის ათი სახეობა იდო სუფრაზე. რა თქმა უნდა, კვების მენიუ არჩევითაა, ანუ, რომელი ქვეყნის კულინარიას ანიჭებს სტუმარი უპირატესობას, ესაა კონტინენტური, ინგლისური, ამერიკული თუ, ეგრეთ წოდებული, შვედური მაგიდა. ამ კომფორტზე უარს არავინ იტყვის, მაგრამ, ამ საუცხოო გარემოში ფასებიც ნამდვილად „საუცხოოა“.


скачать dle 11.3