თბილისის იპოდრომმა მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა – ქართველი ცხენოსნები მსოფლიო თასისთვის ბრძოლას იწყებენ
ცხენოსნობას საქართველოში დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. ქართველი კაცი ოდითგან შეუდარებელი მხედარი გახლდათ და, ცხენოსნობა, როგორც სპორტის სახეობა, ჩვენში ყოველთვის პოპულარული იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ამ მხრივ დიდი მიღწევებით ვეღარ დავიკვეხნით. სპორტის ეს ულამაზესი სახეობა ძველ ხიბლს კვლავ იბრუნებს – მას შემდეგ, რაც საქართველოს ცხენოსანთა ფედერაციას დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობით სათავეში ახალი გუნდი ჩაუდგა, ქართველი სპორტსმენების მწვრთნელებად უცხოელი სპეციალისტები მოიწვიეს და ჩვენი მხედრები უკვე საერთაშორისო ტურნირებში ჩაერთვნენ. უფრო მეტიც, მსოფლიოს საერთაშორისო ცხენოსანთა ფედერაციამ, რომელსაც პრინცესა ჰაია ხელმძღვანელობს, 2 წლის წინ საქართველოსთვის უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვა. სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ახალი სახეების წარმოჩენის მიზნით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ცხენოსანთა გუნდებისთვის შეიქმნა კავკასიის ლიგა, რაც ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო თასის პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის შანსს აძლევს.
24 მაისს თბილისში სტარტი აიღო კავკასიის ლიგის მეორე ტურნირმა. დელისის იპოდრომზე სამი დღის განმავლობაში ულამაზესი სანახაობა მოეწყო, რომელსაც უცხოელ სტუმრებთან ერთად, სპორტის ამ სახეობის უამრავი ქართველი ქომაგი ესწრებოდა. ქართული ყიჟინა, ულამაზესი ბედაურები – სანახაობა მართლაც რომ შედგა... ტურნირი ჩატარდა მსოფლიო ცხენოსანთა ფედერაციის ყველა მოთხოვნის შესაბამისად. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იყო მოწყობილი ლოჟები მაყურებლისთვის, მოთელვის მოედანი, დაბრკოლებები. ტურნირს მსაჯობდა კომპეტენტური ჟიური, ორი გერმანელი და ორი თურქი სპეციალისტის შემადგენლობით. ქართველი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები სამი დღის განმავლობაში ამ სპორტის ერთ-ერთ კლასიკურ სახეობაში, კონკურში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
ცხენოსნებმა ბოლო საჩვენებელი გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გამართეს. იმ დღეს იპოდრომზე ქართული გუნდის გასამხნევებლად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მაყურებელთა შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: მათ შორის იყო თბილისის მერი გიგი უგულავა. მოედანზე გამოვიდნენ ქართველი მხედრები: შალვა გაჩეჩილაძე, ივანე ნორაკიძე, კახაბერ კიკიანი, გიორგი სამხარაძე და გაგა თოხაძე, რომელიც ქართულ გუნდში ყველაზე ახალგაზრდაა. მათ გარდა, საქართველოს გუნდის წევრია გერმანიიდან მოწვეული მხედარი – პროფესიონალი სპორტსმენი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას ქართველ ცხენოსნებს უზიარებს. ტურნირის გამარჯვებული გახდა ინგლისელი მხედარი ქრისტოფერ ფრეიზერი, რომელსაც ტურნირის საპატიო პრიზი გადაეცა. ის ინგლისში წარმატებული მხედარია და მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს, ქართულ გუნდში იასპარეზებს. შესარჩევი ტურნირის შემდეგი ეტაპი გაიმართება თბილისში სექტემბერში. დასკვნით ეტაპს კი წლის ბოლოს ბაქო უმასპინძლებს. ტურნირის დასასრულს, კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დავით კეზერაშვილს: „მსოფლიო თასის სალიცენზიო ტურნირი კარგად ჩატარდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ცხენოსნების შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ალბათ, იმის ბრალია, რომ ახალი ჩამოყვანილი გვყავს საუკეთესო ჯიშის ცხენები. მათ ჩვენი სპორტსმენები ჯერ ვერ შეეჩვივნენ. სპორტის ეს სახეობა ადრე საქართველოში ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, მივიწყებული აღმოჩნდა. ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ ცხენოსნობის აღორძინება. ლისის ტბასთან ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტების იპოდრომს, რომელიც სექტემბერში პირველ შეჯიბრებას უმასპინძლებს. იქ ყველა პირობა იქნება შექმნილი სპორტსმენთა მოსამზადებლად და საერთაშორისო დონის ტურნირებისთვის. ჩვენ გვაქვს პრეტენზია მსოფლიო თასზე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მხედრების შემდეგი გამოსვლები უფრო წარმატებული იქნება.”