რა აბალანსებს ქალის და კაცის ურთიერთობას, ნატო დუმბაძის აზრით და რა დაკარგეს ქალებმა გააქტიურებით
მის ხელში ქალიც და კაციც „სამუშაო მასალაა“ – ამ სიტყვის კარგი გაგებით. ის მათგან წარმატებულ ადამიანებს ქმნის. შესაბამისად, კარგად იცის, როგორც ერთი, ისე მეორე სქესის თვისებები. მაგრამ, მათ შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს. ძლიერი პიროვნებაა და არ ფიქრობს, რომ მეტი შესაძლებლობები ექნებოდა, კაცად რომ დაბადებულიყო. ნატო დუმბაძე სიცილით ამბობს, რომ იყო დრო, როცა მას „რკინის ლედისაც“ კი ეძახდნენ. თუ რატომ, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.
ნატო დუმბაძე: მართლა არ ვფიქრობ, რომ კაცებს ქალებთან შედარებით რამე უპირატესობა აქვთ. მით უმეტეს ახლა, როცა ქალებიც ისე გააქტიურდნენ და გაყოჩაღდნენ, რომ კაცებს ტოლს არაფერში უდებენ.
– ანუ, თანასწორუფლებიანები ვართ? ასე მიგაჩნიათ?
– კი არ მიმაჩნია, ვხედავ. (იცინის) დღეს ყველა ქალს უნდა რაღაცას წარმოადგენდეს. მარტო ოჯახისა და შვილების მოვლით აღარ კმაყოფილდებიან. არცთუ შორეულ წარსულში, მე კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა მამაკაცი შრომობდა, ქალების უმეტესობა სახლში იჯდა და ქმარ-შვილს ემსახურებოდა. ეს იყო მათი ბუნებრივი მდგომარეობა. ვიღაცეები კი მუშაობდნენ, მაგალითად, ბებიაჩემი, რომელიც ძალიან დიდხანს მუშაობდა ექიმად. სამოცდახუთ წლამდე ბაბუას მხარდამხარ იღვწოდა, მაგრამ ამას მასიური სახე არ ჰქონდა. მამაკაცი იყო მთავარი შემომტანი ოჯახში, მთავარი მომმარაგებელიც და მარჩენალიც.
– ანუ, ქალი მაშინ უფრო მომგებიან სიტუაციაში ყოფილა, ვიდრე დღეს არის.
– (იცინის) მგონი კი. ზოგმა ქალმა ისიც კი არ იცოდა, სად იყო ბაზარი. ეს იყო მამაკაცის პრეროგატივა. კვირა დღეს წავიდოდნენ, ივაჭრებდნენ, დაიტვირთებოდნენ მთელი კვირის სამყოფი სარჩოთი და მოდიოდნენ. გამოდის, რომ ქალი მაშინ მეტად დასვენებული ყოფილა. მეტად პატივნაცემიც.
– დღეს ქალი დარბის ბაზარშიც, მაღაზიებშიც, სამსახურშიც, სკოლაშიც. წაგვიგია აშკარად.
– რას იზამთ. ეს არის თანასწორობა. (იცინის) როცა გინდა, რომ კაცთან გაგათანაბრონ, მაშინ კაცის საკეთებელიც უნდა აკეთო.
– მამაკაცებს ხომ ჰგონიათ, რომ ქალობა უფრო რთულია. ამბობენ კიდეც ამას.
– გააჩნია, რა გაგებით ამბობენ. თუ იმას ითვალისწინებენ, რომ ქალს ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა შვილების წინაშე და ძალიან ბევრ რამეზე, სწორედ შვილების გამო უწევს უარის თქმა, მაშინ რთულია. ბავშვის გაჩენაც აშკარად არ ეადვილებათ (იცინის). ამიტომაც ურჩევნიათ, ქალმა აიტანოს ეს, რბილად რომ ვთქვათ, დისკომფორტი. გეთანხმებით, რომ მამაკაცი, მიუხედავად თავისი ფიზიკური მონაცემებისა, ქალზე სუსტია. კბილის ტკივილზე შეიძლება, იტიროს.
– ვინ არის ლიდერი ურთიერთობაში?
– თუ ქალს და კაცს შორის სიყვარულია, მაშინ ლიდერობის საკითხი არც დგება მათ წინაშე. არც ერთი იკლავს თავს ამისთვის და არც მეორე. მაგრამ, თუ ურთიერთობაში ბალანსი ირღვევა, ხდება ძალთა არათანაბარი გადანაწილება, მაშინ ან ერთი იწყებს ლიდერობას, ან მეორე. სიყვარულით შექმნილ ოჯახში, სადაც ისევ ეს სიყვარულია გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, პატივისცემას გაცილებით მეტი ფასი აქვს, ვიდრე ლიდერობის სურვილს. პატივისცემა გათმობინებს და გადგმევინებს ნაბიჯს უკან, თორემ სადაც სიყვარულია, იქ წინ და უკან აღარ არსებობს. ყველას თავისი ადგილი აქვს. პირველობასაც ძალიან ადვილად თმობ.
– შენი, როგორც პროდიუსერის ხელში ბევრ „სამუშაო მასალას“ გაუვლია – როგორც კაცს, ასევე ქალს. არის განსხვავება მათ შორის?
– არანაირი. თავიდან ორივე ზუსტად ერთნაირად მიამიტი და დამყოლია (იცინის) – ქალიც და კაციც. თან ისეთი დამჯერი... ეს მერე ემართებათ ხოლმე „ვარსკვლავური დაავადება“, ორივეს ერთნაირად. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომელში უფროა პატივმოყვარეობის მარცვალი ძლიერი. თუმცა, მერე ამ პერიოდსაც გადალახავენ, ხოლმე.
– დღეს ვის უფრო აქვს შანსი, გახდეს ვარსკვლავი, ქალს თუ კაცს?
– დღეს მეტი შანსი აქვს მამაკაცს, რადგან ბაზარი ცარიელია. ათი წლის წინ სხვა რეალობა გვქონდა. ათი წლის წინ ქალის და კაცის შანსები გათანაბრებული იყო. დარბაზს ლელა წურწუმიაც ავსებდა და დათო ხუჯაძეც. დღეს ისეთი პერიოდია, მამაკაცი უფრო იქნება წარმატებული, მაგრამ მას მალევე წამოეწევა ქალიც.
– გვაბრალებენ, კაცს სამოთხე ქალმა დააკარგვინა, ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოო?
– ჯერ გასარკვევია, ვინ გვაბრალებს. თუ ამას მამაკაცები ამბობენ, მაშინ გაიხსენონ, რომ ქალი ადამის ნეკნიდან შეიქმნა. მართალია, მას არ უთქვამს ევასთვის, მოდი და მაცდუნეო, მაგრამ კაცი იმიტომ არის კაცი, ნებისმიერ სიტუაციაში მეტი სიმტკიცე გამოიჩინოს. მამაკაცის ვალდებულებაა აღზარდოს ქალი, რომელიც გვერდით ჰყავს (იცინის). ჩაუნერგოს მას ნდობა და თვითონაც იყოს ერთგული. ასე რომ, მეც ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ როცა ქალი რამეს აშავებს, პასუხისმგებლობა მის დანაშაულზე მამაკაცმა უნდა იკისროს.
– ორი ქალიშვილის დედა ხარ, როგორ ფიქრობ, ვაჟიშვილის აღზრდა გაგიჭირდებოდა?
– არა. იმიტომ, რომ არც ქალიშვილის აღზრდაა ადვილი. თავისით არც გოგო არ იზრდება. მასაც დიდი ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ერთადერთი განსხვავება შეიძლება იყოს ის, რომ გოგო ისე თავგამოდებით არ მიისწრაფის ქუჩისკენ, როგორც ბიჭი. ბიჭი მაინც უფროა მიდრეკილი ამისკენ – ძმაკაცები, კლუბები გვიანობამდე. მოკლედ, გოგო გყავს თუ ბიჭი, უნდა იცოდე, შენი შვილი რას აკეთებს.
– ქუჩა ახსენე და ეს აუცილებელი მომენტია მამაკაცის ცხოვრებაში?
– მე ვფიქრობ, რომ კი. კაცმა ყველაფერი უნდა ნახოს, რომ კაცად ჩამოყალიბდეს. მერე თვითონ გაატარებს „ფილტრში“, რომ ღირებული დაიტოვოს და იმასაც მიხვდეს, თავი რას აარიდოს. ეს „ფილტრია“ სწორედ ოჯახი და მშობლების მაგალითი. ასე, რომ ქუჩაც, რაღაც მომენტში, გამართლებულია.
– როგორი მამაკაცი იქნებოდა ნატო დუმბაძე?
– ვაჟკაცი, რა თქმა უნდა (იცინის). კარგი ვაჟკაცი და ამით მგონი, ყველაფერია ნათქვამი. დამატებითი ახსნა-განმარტება აღარ სჭირდება. ვაჟკაციაო – არ ამბობენ მატყუარა, უპირო, „გადამგდებ“ და უსამართლო კაცზე. იმას კიდევ სხვა სახელი აქვს.
– კაცის სიკარგე დამოკიდებულია თუ არა ქალზე?
– ძალიან დიდწილად. პირდაპირ გამოავლენს ხოლმე. ყველა კაცს ეტყობა, როგორი ქალბატონი ჰყავს გვერდით, მაგრამ კონკრეტულ მაგალითებზე არ ვისაუბრებ. არ მინდა (იცინის).
– რატომ ვერ შეეგუვნენ კაცები დღემდე ქალს საჭესთან?
– იმიტომ, რომ ქალების უმეტესობას ძალიან ცუდად დაჰყავს მანქანა და პირადად მე, საკუთარი თავიც მაღიზიანებს საჭესთან. ვბრაზობ, ჩემს თავზე. ერთხელ ავარია შემემთხვა და იმის შემდეგ ცოტათი დაბნეულიც ვარ და მეტად ფრთხილიც. ზოგჯერ ისე ნელა დავდივარ, ვფიქრობ, ალბათ, რამდენი მაგინებს-მეთქი. მე მესმის მათი, მაგრამ ბევრი მამაკაციც ვერ დაიკვეხნის, რომ კარგი მძღოლია. ისინიც საკმაოდ ბევრს და ხშირად სცოდავენ.
– რატომ ამბობენ, რომ ქირურგი, სტომატოლოგი და გინეკოლოგი მამაკაცი უკეთესიაო?
– ქირურგი და გინეკოლოგი, კი ბატონო, მაგრამ მე ისეთი სტომატოლოგი მყავს, ვერაფრით დაგეთანხმები, რომ რომელიმე კაცი მასზე უკეთესად გამიკეთებს. (იცინის) ქირურგობა კი კაცს ძალიან უხდება. იმიტომ, რომ რისკის შემცველი პროფესიაა. რისკი კი კაცს აშკარად მეტად შვენის, ვიდრე ქალს.
– ნატო, შენ ბევრი მიგიჩნევს ძალიან ძლიერ ქალად.
– ვიცი. იყო დრო, როცა „რკინის ლედისაც“ კი მეძახდნენ. (იცინის) ვინ შემიქმნა ასეთი იმიჯი, ნამდვილად არ ვიცი, ან – რატომ. ალბათ, ჩემზე ასეთი წარმოდგენა იმიტომ აქვთ, რომ წუწუნი და დაბრკოლებების წინაშე უკან დახევა არ მიყვარს. თუ დავეცემი, არ დავწვები და იმდენჯერ ავდგები, რამდენჯერაც საჭირო იქნება, ყველაფერს თავიდან დავიწყებ. სისუსტის გამოჩენა არ მახასიათებს. ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, ქალად დავიბადებოდი, თუ კაცად, მაგრამ ბედს ნამდვილად არ ვუჩივი. ვიცი, რომ ძლიერი უნდა ვიყო და ყველა ქალი უნდა იყოს ძლიერი. ცხოვრებაში ვარდნა და წარუმატებლობა ყველას აქვს, მაგრამ ხელი არ უნდა ჩაიქნიო.