რა გადატრიალება მოახდინა ნიკო გომელაურმა ერთ დღეში და რა ამძიმებდა მას ყველაზე მეტად სიკვდილამდე
ეს რომ ტიპური ნეკროლოგი იყოს ასე დაიწყებოდა – ორმოცი დღე გავიდა უკვე უშენოდ... მაგრამ ნიკო გომელაურს ეს სიტყვები საშინლად არ მოეწონებოდა. მას არ უყვარდა მოვლენების დრამატიზება, ადამიანების გაფეტიშება და ყველაფერს უმარტივესად უყურებდა. არ ვიცი, რა დავწერო ნიკოზე, ის არაჩვეულებრივი მამა იყო, არაჩვეულებრივი მეგობარი და ყველაზე უკეთ ამას მაინც ტასო და ჯეჯი, ნენე და მარიკა გრძნობდნენ.
მარიკა დადიანი: ძალიან უცნაური შეგრძნებები მაქვს, ვერ ვხვდები, რა ხდება. ყოველდღე ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა და თან ამასთან შეგუება მიჭირს. ალბათ, ამას ჰქვია – ვერ ვიჯერებ, არ მჯერა... გარდა იმისა, უზომოდ მენატრება, ჯერ კიდევ ვერ მივედი იქამდე, ბოლომდე მივხვდე, რომ ვეღარ ვნახავ. ვიღაც უცხო აღარ არის, გარდაიცვალა, ამის დაჯერება ალბათ ადვილია, შენი ნაწილი რომ აღარ არის, ეს სულ სხვა რამეა. ადამიანს სხეულის რომელიმე ნაწილს რომ მოჰკვეთენ, თვეები, წლები ის ნაწილი, რომელიც აღარ აქვს უბუჟდება, სტკივა. ალბათ, ეს არის მიზეზი. იმ დღეს ნინას დავურეკე და უცებ რატომღაც გავიფიქრე, ნიკოსთან დავრეკავ-მეთქი. მაგრამ, ეს ხმამაღლა აღარ მითქვამს.
ნენე დადიანი: რაც ეს ორმოცი გავიდა და რაც უფრო გადის დღეები, მით უფრო რთული ხდება ყველაფერი. ნიკოს ძალიან ხშირად უწევდა წასვლა გასტროლებზე, დიდი ხნით მიდიოდა ხოლმე. გარდაცვალების შემდეგაც ასე ვიჯერებდი, რომ წასულია და ორ კვირაში ჩამოვა. თავს კი არ ვიტყუებდი, მართლა ასე მჯეროდა. გავიდა ამდენი ხანი და ალბათ, მეც ვიჯერებ, რომ აღარ ჩამოვა და ამის გამო უფრო ხშირადაც ვტირი. უკვე ვხვდები, რომ არ მოვა ღამე, სპექტაკლის შემდეგ არ შემოაღებს კარს.
ტასო გომელაური: რაც დრო გადის უფრო და უფრო მიჭირს, ვერ აღვიქვამ რომ არ არის, არ მინდა, ამის დაჯერება...
– მარიკამ ნიკოსთან დარეკვა ახსენა. როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან, ურეკავდით, უყვებოდით თქვენს ამბებს?
მარიკა: ყოველთვის ვურეკავდი, თუ რაღაც კონკრეტული ამბავი ხდებოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ამაზე ძალიან ბევრს „იღადავებდა“. იცი, ის შემხვდა, ნიკო იქიდან ეს რატომ არ უთხარი, ვაჰაჰა და ერთი ამბავი გვქონდა. ვურეკავდი, თუ რამე მქონდა სათქმელი და ძალიან ბევრი რამ მითქვამს ისეთი, ნინასთვის რომ არ გამინდია და არც ვაპირებ ამას. ხშირად აი, აქ, ამ ოთახში ვსხდებოდით და ძალიან სერიოზული საუბარი გვქონდა.
ნენე: ზუსტად იგივე მიზეზით ვუყვებოდი მას ამბებს. ვიცოდი, როგორ „იღადავებდა“, მერე შეიძლებოდა ამაზე რაღაც დაეწერა კიდეც. იმ დღეს რაღაც ძალიან სასაცილო ამბავი გავიგე „ქართველი“ ფუტკრების შესახებ და ზუსტად ვიცოდი, ამაზე ნიკო ძალიან ბევრს იცინებდა. მივედი და ნინას ვუყვები. ნინამ ცრემლიანად გაიცინა და მითხრა, ზუსტად ვიცი, რომ ამის მოყოლა ნიკოსთვის გინდოდაო.
ტასო: ჩემი ამბები ასე არასდროს არ მომიყოლია მისთვის, ასეთ საკითხებში ცოტა დისტანცია გვქონდა.
– ნენე, ხშირად ყვები ისტორიას, როდესაც ნიკო პირველად ნახე.
– კი, მაშინ ექვსი წლის ვიყავი. იმ დროს მეც და მარიკაც ძალიან ცუდად ვგრძნობდით თავს, ბატონები მქონდა, მარიკას კი ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ორი თვე ვიწექი, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ნიკო ყვებოდა ამას ძალიან სასაცილოდ. რომ შემოვედი სახლში და დამინახე ეს დიდი და უცხო, წვერებიანი კაცი, ეგრევე წარბები შეკარი და იმის მერე აღარც გაგიხსნიაო. მერე „რაფაელო“ თუ რაღაც მოგვიტანა, ჰო, მარიკა? მერე უკვე ტასო, ჯეჯი ახსენა და დაგვპირდა, რომ ჩვენ ერთად ვაკის პარკში წავიდოდით, როგორც კი გამოვჯანმრთელდებოდი. ეს ამბავი უკვე ძალიან მომეწონა, ტასო და ჯეჯი უკვე მაგარი ამბავი იყო.
მარიკა: ჩემთან მოვიდა „რაფაელოთი“. იცოდა, რომ უკვე ცოტა დიდი ვიყავი და მარტო ვაკის პარკი არ გაჭრიდა (იცინიან). ჩვიდმეტი წლის ვიყავი მაშინ. უკვე ვხვდებოდი, რომ ნინას თავს რაღაც ხდებოდა. ერთ ოთახში გვეძინა. მე საავადმყოფოდან მოტანილ ლოგინზე ვიწექი, გირზე მეკიდა ფეხი, ნინა – კედელთან. ღამით გამეღვიძა და რაღაც ხითხითი მესმის. თურმე ნინა საბნის ქვეშაა ჩამძვრალი და ტელეფონზე ლაპარაკობს. ნინა, ხომ წარმოგიდგენიათ იწვა, აქამდე ტრაგიკული, ახლა საბნის ქვეშ ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა და რომ დავუძახე, ძალიან შეეშინდა, უცებ დაკიდა ტელეფონი. ლოგიკურად, პირიქით უნდა ყოფილიყო. მერე აღმოჩნდა, რომ ღამით ნიკო ურეკავდა და უკითხავდა ლექსებს. ბოლოს მოვიდა ის ადამიანი, რომელიც ღამით ნინას აცინებდა და ჩვენც დავიწყეთ ხითხითი (იცინიან).
– მსახიობი, პოეტი, ასეთი ადამიანები ყოველთვის უცნაურად და თავისებურად მიიჩნევიან. ზოგი ნიკოზეც ამბობს, რომ თავისებური იყოო, რთული, ან ძალიან მარტივი. თქვენთვის როგორი იყო?
– არ იყო რთული, საერთოდ. იყო რაღაცეები, რაც ვიცი, არ მოსწონდა – ქცევიდან დაწყებული ჩაცმით დამთავრებული. ხანდახან გავიპრანჭებოდი, გავიდოდი და მეტყოდა, ფუ, რას ჰგავხარ! წაისვი ახლა წითელი ლაქი. ვერ ხვდებოდა რატომ უნდა წავსულიყავი ქორწილში წითელლაქწასმული. რა „პახოდკით“ დადიხარ. სულ მეუბნებოდა და მეც სულ მჯეროდა მისი.
ტასო: სხვათა შორის, ქუსლიანები მოსწონდა. სულ მეუბნებოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვი, ბევრად ალამაზებს ქალსო.
მარიკა: გიჟდებოდა ამ ქუსლებზე. წარამარა მეტყოდა, მარო, შენ ნინაზე დაბალი ხარ, ხომ?! ეს უდიდესი მინუსი იყო. კი, დაბალი ვარ, ხომ იცი, უკვე, მერამდენედ მეკითხები-მეთქი. ჰოდა, ჩაიცვი მერე „ქუსლები“, თუ დაბალი გყავს ვინმე? – ასე მეკითხებოდა ზუსტად. ძალიან ხშირად რეპეტიციობდა სახლში. მიწევ-მოწევდა ტახტს, სავარძლებს და თავისთვის ლაპარაკობდა. იმ დროს რომ დავლაპარაკებივარ, ისეთი სახით შემოუხედავს, ეგრევე ვხვდებოდი, საერთოდ ვერ მხედავდა და არ ესმოდა ჩემი. თუ ვინმე ამბობს, რომ მძიმე იყო, ამას ალბათ, იმიტომ, რომ საოცრად მომთხოვნი იყო. ხშირად უთქვამს, აი, კი დგას ის ჩემთან ერთად სცენაზე, თამაშობს, მაგრამ კონტაქტში არ შემოდისო.
– თქვენს პირად ცხოვრებაში თუ ერეოდა?
ნენე: კითხვით არასდროს უკითხავს შეყვარებული გყავს თუ არაო, ისედაც სულ იცოდა თუ ვინმე იყო ასეთი. არ იყო ისეთი ტიპი, რომ დავესვით და რაღაცეები ეკითხა ჩვენთვის, როგორი ბიჭია და რაღაც ამდაგვარი. სულ იცოდა თქმა, ამის მერე კიდევ ასი გეყოლებაო. (იცინიან). არც ის მომენტი ჰქონია, რომ ამ დრომდე წახვალ, ან ამ დროს სახლში იყავი... მაგრამ, ისე, სახლში ამბობდა, თურმე, მაგრამ არა ნინასთან, ნეტავ, ეს ელენე როდის უნდა მოვიდეს სახლშიო.
ტასო: ჩემთვისაც დაურეკავს, რომ იგებდა ჯერ არ ვიყავი სახლში მისული, ჰო, კარგი, მოჭრით მპასუხობდა. არ მოსწონდა ეს ამბავი. მერე, როგორც ვიცი, ბრაზდებოდა ხოლმე, მაგრამ მეორედ რომ დამირეკავდა, უკვე რბილი ტონი ჰქონდა. ხომ კარგად იქცევი მამიკო? მეკითხებოდა ხოლმე, მე, რა თქმა უნდა, სულ კარგად ვიქცეოდი.
მარიკა: ყველაზე სასაცილო რა იყო იცი?! სულ მეკითხებოდა, კი ვიცი, რა არის ცუდად მოქცევა, მაგრამ კარგად მოქცევა რას ნიშნავსო. ტასოს აბარებდა, რომ კარგად მოქცეულიყო, მაგრამ ეს რას ნიშნავდა, თვითონაც არ იცოდა.
ტასო: ჩვენთან შედარებით, უფრო მკაცრი იყო ჯეჯისთან, მას ძალიან ბევრს სთხოვდა. სულ ეუბნებოდა, რომ წიგნი წაეკითხა. არ სწავლობ, არ სწავლობ, მაგრამ წიგნი მაინც წაიკითხეო.
ნენე: წიგნის თემა გოგონებსაც გვეხებოდა. მერე უკვე ვისწავლე, რომ ნიკო თუ რამეს უყურებდა, არ უნდა მეთქვა, რომ რაღაც არ ვიცი, უნდა გავპარულიყავი ოთახიდან, რომ რამე არ ეკითხა. თუ რაღაც არ ვიცოდი, ეგრევე ყვიროდა, ნინა, გაიგე ამ ბავშვმა რა არ იცის? ნინა ცოტა გვინდობდა, რადგან მაინც მისი ბრალი იყო, რომ ბევრს არ ვკითხულობდით.
– მისი ლექსები როდის მოვიდა თქვენთან? უბრალოდ, ის კი არა, რომ ნიკო კარგ ლექსებს წერს, მთელ მის ღირებულებას და ღირსებას რომ მიხვდით.
– თავიდან არა. მეცინებოდა „აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა“ და ასეთ რაღაცეებზე, ოღონდ ბავშვურად. როდესაც საერთოდ ამ ცხოვრების აზრზე მოვედი, მერე აღვიქვი მისი ლექსებიც და მივხვდი, რომ ყველაზე მაგარია, ძალიან მაგარია, ვგიჟდები.
მარიკა: მე უკვე დიდი ვიყავი და თავიდანვე ვხვდებოდი, რასთან მქონდა საქმე. მახსოვს, პრეზენტაციაზე მთელი ჩემი მეგობრები შევკრიბე და ერთად წავედით. დღიურში გადაგვქონდა და ვიწერდით ციტატებს. მაგრამ ახლა, კიდევ თავიდან ვხვდები ყველაფერს. ნინაზეც ისე მესაუბრებოდა ხოლმე, სულ ვამბობდი, ნეტავ ჩემზეც ოდესმე თუ ილაპარაკებს ვინმე ასეთი სიყვარულით-მეთქი.
ნენე: ამ ამბების შემდეგ, ნინამ მისი ლექსიდან ერთი ფრაზა ამოიჩემა – „ოცნებები ცნებებივით ირღვევიან“. კარგი ფრაზაა, მაგრამ თავიდანვე მას არ დავაკვირდი. ახლა მთელ სიღრმეს ვგრძნობ. ნიკოს ამბების მერე, ძალიან ბევრი რაღაც აღმოვაჩინე. ახალ ლექსებს პირველად ნინას უკითხავდა და მერე, როდესაც ნინა ჩვენ გვიხსნიდა, ბოლომდე ვერ ვიგებდით. ნიკოს თითოეულ წინადადებაში ძალიან ბევრი რაღაც დევს.
– როდესაც გაიგეთ რომ ავად იყო, როგორ ფიქრობთ, შეიცვალა?
– არ უნდოდა, რომ ვინმეს შესცოდებოდა. ნინა ყვებოდა, რომ ყოველდღე სახლში მოდიოდა და ჯიბეში ხატები ედო, ქუჩაში გამვლელები ჩუქნიდნენ. ძალიან კარგია, რომ ამდენი ხალხი შენზე ზრუნავს, თანაგრძნობას გამოხატავს, მაგრამ ეს ხომ უფრო მეტად გამძიმებს. სახლი სავსე გვაქვს პატარა ხატებით. ძალიან ხშირად ვიღაც უცხოები ეუბნებოდნენ – ღმერთს ებარებოდეო. ეს აგიჟებდა.
მარიკა: მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო და საერთოდ, ამ მდგომარეობაში ხალხი წევს ხოლმე, ის 39-40 სიცხით სპექტაკლებზე დადიოდა, გადაცემებში იღებდა მონაწილეობას. „ნანუკას შოუში“ 40 ჰქონდა სიცხე. თუმცა, ამის გაიდეალიზებაც არ უყვარდა. თამაშობდა იმიტომ კი არა, რომ ეთქვათ, ნიკო რა მაგარია, როგორ ებრძვის დაავადებასო, უბრალოდ, ამის გარეშე არ შეეძლო.
ნენე: სულ ხუმრობდა თავის პოპულარობაზე. ძვალი და კაბუც პოპულარულები არიანო. რას ნიშნავდა ეს პოპულარობა, ვერ ხვდებოდა. კაბუს და ძვალის ამბავი ნინამ მაშინ გაიხსენა, როდესაც ნიკო გარდაიცვალა და მესაფლავემ თქვა, ამ ადამიანს ვერ დავმარხავო. ნიკოს მეგობრებმა უთხრეს, რა მაგარი ადამიანი ხარ, მოდი უფრო მეტს გადაგიხდითო. არა, თქვენ არასწორად გამიგეთო – თქვა მან. ანუ, ამ კაცმა საფლავი არ გათხარა. ალბათ, ზუსტად ეს არის პოპულარობა – ის, რომ ყველასთვის საყვარელი ხარ.
– გაიხსენეთ კიდევ ისტორიები მასთან დაკავშირებით.
– სულ ვიხსენებ ამ ამბავს. ყველაზე აქვს ლექსი დაწერილი – ტასოზე, მარიკაზე. მარტო ჩემზე არ აქვს. ამას წინათ რაღაცაზე დავიწყეთ ლაპარაკი ღამით და ისე შევყევით, რომ ლაპარაკში თავზე დაგვათენდა. უბრალოდ, ვსაუბრობდით ყველაფერზე, არაფერზე კონკრეტულად. დილით გავიღვიძე და ძალიან ბევრ რაღაცაზე უკვე სულ სხვანაირად ვფიქრობდი. ერთ დღეში მოახერხა ის, რაც ნინამ თვრამეტი წელი ვერ შეძლო. ერთ წინადადებაში ისეთი რაღაცეები მითხრა, სამუდამოდ შემცვალა. ეს ღამე არასდროს დამავიწყდება.
ტასო: ძალიან მიჭირს რაღაცეების გახსენება. ნენე შენ მოყევი ლექსების ისტორია.
ნენე: ტასო ლექსებს წერს, უსაყვარლეს ლექსებს. ტირილი ამიტყდა, რომ წავიკითხე. ტასოს ფურცელზე დაუწერია ოთხი ლექსი და ჩუმად მისცა ნიკოს. თან „სმაილი“ მიახატა. თურმე ნიკოს ცრემლებით წაუკითხავს ეს ლექსი.
მარიკა: პირველ ლექსზე ძალიან ბევრი ვიცინეთო, თქვა ნინამ. მეორე ლექსი ისეთი იყო, ვერც მე შევიკავე ცრემლები და ვერც ნიკომო.
ტასო: მერე დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან მაგრად მომეწონა, მაგარი ხარ, უბრალოდ მოდი, რამდენიმე რჩევას მოგცემო.
– მიიღე რჩევები?
– რჩევები ვეღარ მივიღე.
მერე ყველა ატირდა, ამიტომ საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა...