კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ურთიერთობა აქვთ ჟანრი ლოლაშვილსა და მის მეუღლეს ოჯახში და სცენაზე


ჟანრი ლოლაშვილი ერთნაირად წარმატებული მხატვარი და მსახიობია. როგორ ცხოვრობს იგი მსახიობ მეუღლესთან ერთად, რა ტკივილი და სიხარული ახლავს მათ პროფესიებს, როგორია საკუთარი თვალით დანახული საკუთარი თავი – ამ და სხვა თემებზე ცნობილი ხელოვანი ჩვენს ინტერვიუში გვესაუბრება.


ჟანრი ლოლაშვილი: ჩემი მოღვაწეობა ხელოვნებაში მხატვრობით დავიწყე, თუ შეიძლება ასე ვუწოდო გაპრანჭულად. ახლა უფრო სხვანაირად ვუდგები როგორც მსახიობის ოსტატობას, ისე მხატვრობას. რთულია, მენტორული ტონით ილაპარაკო ან ერთ დარგზე, ან – მეორეზე. საერთოდ, ხელოვნება არაჩვეულებრივი რამ გახლავთ და ამ არაჩვეულებრიობას თან სდევს უამრავი სიმწარე, აღშფოთება, ნერვების გლეჯა, გაუთავებელი გამოცდები, სიხარულის განსაკუთრებული გრძნობები და ასე შემდეგ. თეატრალური ხელოვნება თავის თავში ძალიან ბევრ ხელოვნებას მოიცავს ერთდროულად: პლასტიკას, დრამატურგიას, მუსიკას, რეჟისურას... მოკლედ, ამ „დავიდარაბაში“ ძალიან ბევრი რამ ხდება საინტერესო, ოღონდ, მას შემდეგ, როდესაც უკვე რაღაცა გზა განვლილი გაქვს და პროფესიონალურად უდგები ამა თუ იმ საკითხს. ჩემთვის როგორც მსახიობობაში, ისე მხატვრობაში ყოველთვის მთავარი იყო არა – „რა“, არამედ - „როგორ“. ხელოვნებაში ძალიან რთულია ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე შესვლა. როდესაც ხატავ და პირადად შენ გეკუთვნის ეს ნაღვაწი, მაშინაც კი, მაინც გჭირდება მაყურებელი, რომელიც დროზე შეაფასებს ამას და, შენი პირადი ზრახვები, რაღაც განსაკუთრებული სათქმელი ან ნააზრევი, შეიძლება, დილით, მთელი ღამის მუშაობის შემდეგ, სასაცილო და არაფრის მთქმელი აღმოჩნდეს. ხდება ხოლმე ასე და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია, ძალიან ხშირად ხდება.

– როგორ იქცევით ხოლმე ამ დროს?

– მე ყოველთვის ველოდები იმას, რომ, შეიძლება, რაღაც არ შედგეს. ასე რომ, საკუთარ თავში დარწმუნებული არასდროს არ გახლავართ.

– ეს, თქვენი აზრით, კარგი თვისებაა თუ ცუდი?

– ეს არის ნორმალური ადამიანური თვისება და, ვფიქრობ, ღირსეული ადამიანების აზრიც ასეთია. საკუთარ თავში დარწმუნებული ცხოვრება და „ნარცისისტული“ თვისებები მე ვერანაირად ვერ მხიბლავს. თუმცა, გარკვეული თავისუფლება საჭიროა. როდესაც ხარ ოსტატი, შეგიძლია, თავისუფალი იყო ამა თუ იმ საქმეში. ვთქვათ, მე არანაირად არ ვიყავი გათვითცნობიერებული სერიალების ხელოვნებაში და მიმაჩნდა, რომ ეს არანაირი ხელოვნება არ გახლდათ, თუმცა, დავრწმუნდი, რომ ასე არ ყოფილა და რაღაც განსაკუთრებული სკოლა და გამოცდილება შევიძინე. სცენის ხელოვნებაც ასეთივე მოვლენაა, იქ თავისი კანონიკა არსებობს. ყველაზე მთავარია პარტნიორი, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, – პარტნიორთან ურთიერთობების გენიალურობა. ახლა სხვა გადასახედიდან ვაზროვნებ, სხვანაირად ვფიქრობ და ამიტომ, განსაკუთრებული გავხდი მათ მიმართ. დავიწყოთ იქიდან, რომ უაღრესად პატივს ვცემ პარტნიორებს. ვინც არ უნდა იყოს – გინდა ახალგაზრდა, გინდა ხანში შესული.

– გყავთ საყვარელი პარტნიორი, ვისთან ერთად მუშაობის დროსაც საკმარისია მხოლოდ ერთი გამოხედვა, ანუ, ვისიც უსიტყვოდ გესმით?

– რუსთაველის თეატრში თითქმის ყველა, ვისთან ერთადაც მიმუშავია. მიმაჩნია, რომ რუსთაველის თეატრის ხაზი სრულიად განსხვავებულია სხვა თეატრებთან შედარებით. თუმცა, სხვა თეატრების ხელოვნებას, მათ ნააზრევსა და მექანიკას, რომლითაც ისინი საზრდოობენ, მე პატივს ვცემ.

– როდესაც რომელიმე როლს ასახიერებთ, ვთქვათ, პოლიციელს, მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს მანამდე პოლიციელი იყავით, ასევეა სხვა როლების შემთხვევაშიც. გაქვთ რამე რეცეპტი, რის მიხედვითაც იძერწებიან ეს გმირები?

– რაღაც შტამპები, შესაძლებლობები და ხერხები ყველა მსახიობს აქვს, ისევე, როგორც არჩევნის უფლება. რითი გამოირჩევა მსახიობი? იმით, რომ ეს არჩევანი უნდა იყოს სწორი.

– როგორ აგნებთ?

– ეს რთული პროცესებია, ამის თქმა ყოვლად შეუძლებელია. კმაყოფილების გრძნობა – მთლად განსაკუთრებული მოვლენაა.

– ქალბატონ თათულიზეც ვისაუბროთ. ძნელია, როდესაც მეუღლე სცენაზე პარტნიორი ხდება?

– ძნელი სულაც არ არის, პირიქით, ძალიან კარგია, რომ თათულიც მსახიობია და იცის, რა უბედურებაც გახლავთ ეს საქმე და ეს ხელოვნება. ამიტომ, ხან ის ჩაიკეტება ხოლმე და ხან – მე. ის თავისთვის ფიქრობს და მუშაობს, მე – ჩემთვის. ყოფილა შემთხვევა, ორი-სამი დღეც არ გვინახავს ერთმანეთი.

– როგორ აფასებთ ერთმანეთის ნამუშევარს, კრიტიკას იღებთ ერთმანეთისგან?

– ძალიან კარგად.

– არ გწყინთ?

– ასეთი დოზით არ ვერევით ერთმანეთის ხელოვნებაში.

– აზრი არ გაინტერესებთ?

– როგორ არა, ეს თავისთავად ხდება ნათელი და ამაზე ლაპარაკი არც არის საჭირო, ამას ჩვენ თვითონაც კარგად ვგრძნობთ, რა, როგორ და რანაირად. მაგალითად, „ლუარსაბ თათქარიძეში“ თათულის მთავარი როლი აქვს, ის დარეჯანს თამაშობს, მე – ლუარსაბს.

– თქვენი შეხედულებით, რომელი როლია, რომელიც შეასრულეთ ან ვერ შეასრულეთ ისე, როგორც პირადად თქვენ გინდოდათ?

– მე მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი. ეგ იგივეა, ადამიანს რომ ჰკითხო, რომელი შვილი უფრო გიყვარსო. ასე არ გამოვა, თუმცა, ყველა მსახიობმა იცის, რომელი როლია მისთვის კარგი და რომელი – ცუდი, რა შეიძლება და რა – არა. მაგრამ ამის „გახსნა“ არ ხდება და არც მე მივცემ თავს ამის უფლებას.

– ამდენი ათეული წლის განმავლობაში, ალბათ, ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეგმთხვევიათ სცენაზე.

– საბერძნეთში „კავკასიურ ცარცის წრეს“ ვთამაშობდით და მთელ ქალაქში, სწორედ იმ დროს გაითიშა სინათლე, როდესაც გადავხტი. ამიტომ, ვერ მოვზომე, ღრიჭოში ამოვყავი ფეხი და მოვიტეხე, მაგრამ, სპექტაკლს ხომ ვერ შევაჩერებდით! რობერტ სტურუას ინიციატივით, სცენაზე ეტლი შემოაგორეს, მასში ჩამსვეს. თან, ფეხზე „ბანტი“ შემაბეს და ისე დავამთავრე სპექტაკლი. ერთი სიტყვით, რაღაც საოცრებები მოხდა იმპროვიზაციული წესით. სიმართლე გითხრათ, გულის წასვლამდე ცუდად ვიყავი.

დღესაც, ჩემთვის ყველაზე კოშმარული სიზმარი ის არის, როდესაც ვერ ვპოულობ ტანსაცმელს და სცენაზე გასვლა მაგვიანდება, ან მაქვს სპექტაკლი, რომლის ტექსტიც საერთოდ არ მახსოვს. ხუმრობა საქმე არ არის – 50 წელია, სცენაზე ვდგავარ, ამიტომ, სიზმარში კი არა, ფსიქიკაშიც გადმოსულია ეს ყველაფერი. თუმცა, ვერ ვიტან, როდესაც ვხედავ სხვა მსახიობებს, სცენის გარეთაც განსაკუთრებული პოზიორობა რომ ახასიათებთ. არის მსახიობთა კატეგორია, რომელიც სცენის მიღმა გადაჭარბებული სერიოზულობით გამოირჩევა. მეცინება ხოლმე.

– თქვენ როგორი ხართ?

– ჩვეულებრივი. როგორი ხმამაღალი სახელი და გვარიც უნდა გქონდეს, არ უნდა გახდე ამაყი და თავაწეული. მე, რაც ვარ, ის ვიქნები ყოველთვის: კუზიანივით მხრებში მოხრილი, მუცელგადმოვარდნილი ერთი თბილისელი ბიჭი. „შეკერილი“ პორტრეტით ვერ ივლი, იმიტომ რომ, დაგეღლება სხეული, დაარტყამ ტვინს ასფალტს და ახი იქნება შენზე.

ვკმაყოფილდები ძალიან ცოტათი, თუმცა, არ ვიტყვი, რომ რაღაცას მოვიკლებ – არც ჭამა-სმას, არც კარგად ცხოვრებას, არც არაფერს, მაგრამ, წესიერების ფარგლებში. ვერ ვიტან მატყუარას, ფლიდსა და გამომძალველს, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ასევე თეატრში, მთავრობაში და ყველგან.

ხელოვნებაზე ვსაუბრობთ. ჟურნალისტის ვალდებულებაა, რომ მივიდეს, გაარკვიოს და ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ხელოვანზე. თუ ამის გამო ხელოვანი გაიპრანჭა, გადიდგულდა და კადრში ვეღარ ჩაეტია, მაშინ მისი გზა მიდის უბედურებისკენ და საშინელებისკენ, ეს კი დამღუპველია.

– თქვენი პედაგოგებიდან ვის გაიხსენებთ?

– ბედნიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივ ადამიანებს შორის გავიზარდე. ხორავას ტოლი არავინ ყოფილა. გენიოსების გენიოსები იყვნენ ისიც, აკაკი ვასაძეც... ძალიან უბრალოები იყვნენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში და ადამიანური ღირსებებით სავსე.

– რას გვიამბობთ ამ ადამიანების შესახებ?

– აკაკი ხორავას ძალიან უყვარდა „პონჩიკები“, მალულად ჭამდა ხოლმე კუთხეში, ჩუმად, რადგან, ვის სიამოვნებს, ჭამის დროს თვალს რომ ადევნებენ. ისე, არაჩვეულებრივად გახსნილი და ხელგაშლილი, მხარჯველი კაცი იყო, კეთილი, ძალიან დიდი ფიზიკური ძალით. ეს ძალა ეხმარებოდა მას ხელოვნების სწორად წარმართვაში. რაღაცა ტექნიკა ჰქონდა – ერთ მეტრზე გადახტებოდა და, გეგონებოდა, ცხრა მეტრი გადაიფრინაო. სხეულის მოხდენილი აგებულება და განსაკუთრებული ხმა ჰქონდა. მოსმენილი მაქვს როგორ საუბრობდნენ აკაკი ხორავა და მედეა ჩახავა მეგრულად. შუაში მე ვიჯექი, აქეთ-იქიდან კი ისინი ლაპარაკობდნენ. ეს იყო გენიალური ჟღერადობა, როგორც ბახის ინვენციები და ფუგები. რა ვნახე, რა მოვისმინე! – აკაკის დაბალი, თბილი ბარიტონი და მედიკოს ეჟვანივით ხმა. გავშტერდი. მერე შემამჩნიეს და ერთად მკითხეს, რა ხდებაო. მე ვუთხარი: თქვენ თუ უსმენთ-მეთქი საკუთარ თავს?

როგორი მოსმენის კულტურა იყო. ორი ადამიანი დღეს ერთდროულად ლაპარაკობს, სინქრონულად – ნევრასტენიული გამოვლინებაა ოთხი ძახილის ნიშნით, ნამდვილი კლინიკა! ნახეთ, დღეს ტელევიზორში რა ხდება?! საარჩევნო ციებ-ცხელება აგიჟებთ, დორბლები გადმოსდის ხალხს, ცხოველებს ემსგავსებიან. სწრაფი საუბრით კი იმის დამტკიცება უნდათ, ვითომ გასაჭირი არ აქვთ აზროვნებაში და უარესი რამ ხდება. ეს ძალიან სასაციალოა, ტრაგედიულობამდე მიყვანილი სიცილია და უსაშველო სურვილი იმისა, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.

– კარგად საუბრობთ. მიგაჩნიათ, რომ ცინიკოსი ხართ?

– არაფერი ცინიკოსიც არ ვარ და თუ ვარ, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ.


скачать dle 11.3