რა სიურპრიზებს უწყობს ეკა ხოფერიას ქმარი უცხოეთში
ეკა ხოფერიას ცხოვრების აქტიური პერიოდი აქვს – მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, პატარა ტაიმ-აუტი აიღო, თუმცა ახლა ერთდროულად სამ პროექტზე მუშაობს – რადიო „უცნობი“, ახალი ჟურნალი და თოქ-შოუ, რომელიც, მალე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავა. ეკა ხოფერია ცხოვრებას ძველ და აქტიურ რეჟიმში აბრუნებს, რომელსაც ის უკვე დიდი ხანია, ვეღარ ელევა.
ეკა ხოფერია: ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი ახალი პროექტი იწყება. ახლა ცხოვრების განსაკუთრებულად აქტიური პერიოდი მაქვს, საათები არ მყოფნის. დილით ადრე ვიღვიძებ და ძალიან გვიან ვიძინებ. ეს რეჟიმი ჩემგან 48-საათიან მუშაობას მოითხოვს და ყველგან ზედმეტ საათებს ვეძებ. რაც მთავარია, ვატყობ, რომ დიდი ენერგია მაქვს. მას შემდეგ, რაც ვმუშაობ, პასიურად თითქმის არ მიცხოვრია. თუმცა, ორსულობის პერიოდში შედარებით მსუბუქი რეჟიმი მქონდა. ვმუშაობდი რადიოში და მხოლოდ ერთი გადაცემა მიმყავდა. როცა ნიკოლა გაჩნდა, ცოტა გამიჭირდა, აბსოლუტურად შემეცვალა ცხოვრების წესი – მე და ჩემი მეუღლე გადაჩვეულები ვიყავით ადრე ადგომას. სადაც გვინდოდა, იქ მივდიოდით და უცებ ნიკოლამ თავისი გრაფიკი დაგვიწესა. თავიდან შემეშინდა კიდეც, მზად ვიყავი თუ არა ამისთვის, მაგრამ მერე თვითონ ბავშვმა შემიწყო ხელი. ნიკოლა ძალიან უპრეტენზიო ბავშვია. მისი დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში ვფიქრობდი, რა მინდოდა, რა უნდა გამეკეთებინა, მერე გაჩნდა ერთი პროექტი, მეორე...
– პროექტები ასე იოლად არ ჩნდება.
– მეც ნამდვილად ძალიან ვიაქტიურე. სამი თვე ვეძებდი კარგ პროექტებს. სახლში არ ვმჯდარვარ სიახლეების მოლოდინში. ჩემს ცხოვრებაში ასე არასდროს მომხდარა. ყოველთვის მე მივდივარ ადამიანებთან, ვთავაზობ მათ ჩემს იდეებს. თუმცა, ვაღიარებ, რომ ჟურნალისტური ფორტუნაც ძალიან მწყალობს. ეს, ალბათ, იმის გამოც ხდება, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ეს არის ჩემი ცხოვრების უმთავრესი საქმე, რომელშიც მთელ ენერგიას ვდებ. ოღონდ ეს არასდროს ხდება პირადი ცხოვრების ხარჯზე. ჯერჯერობით ვახერხებ, რომ არავის მოვაკლო ჩემი ყურადღება, არც მეუღლეს, არც შვილებს. ახლა მაქვს ცხოვრების ახალი ეტაპი – ვარ ბეჭდურ მედიაში და გავაკეთებ თოქ-შოუს საზოგადოებრივ-სოციალურ თემებზე, რაც ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. თოქ-შოუ იქნება ყველაფერზე, დაწყებული თუნდაც ჩვენი ურთიერთობებით მეგობრებთან და მშობლებთან, დამთავრებული იმით, თუ რატომ იღებენ ასეთ ფილმებს.
– რატომ გადავიდა ეკა ხოფერია ასეთ მსუბუქ თემებზე?
– არ ვიცი, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არც ესაა იოლი, როცა პოლიტიკურ თემებზე მუშაობ, არსებობს კლიშეები და მოდელები, მსგავსი ტიპის გადაცემებისა და ამ მოდელის მიხედვით მუშაობ. არ ვტრაბახობ, მაგრამ მე ისეთი გამოცდილება მაქვს, ახლა ამ გადაცემის გაკეთება არ გამიჭირდება, თუმცა, ამ მიმართულებას აქვს თავისი სირთულეც – სოციალური თემები ისე უნდა გააშუქო, რომ დააინტერესო მაყურებელი. მე ვეცდები, ისეთი გადაცემა გავაკეთო, რომელიც ქართულ ბაზარზე არ არსებობს. როცა გია ჭანტურიამ ეს იდეა შემომთავაზა, თავიდან შემეშინდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამის კარგად გაკეთება შესაძლებელია. რაც შეეხება ჟურნალს, ყოველთვის მიყვარდა პრიალა ჟურნალები და ბევრი კარგი ჟურნალი მქონდა, რის გამოც სახლში დამცინოდნენ კიდეც. ჩემმა ჰობიმ შედეგი გამოიღო და მეც გავაკეთე ასეთი ჟურნალი. ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერია, რომ მძიმე თემებს აღარ ვეჭიდები (იცინის), თან ჟურნალიც ძალიან მოსწონს. მიშკა ძალიან დამიდგა გვერდში, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურადაც. თუმცა, ჟურნალის გამოცემა მეგობრების და ახლობლების წყალობით საკმაოდ იაფი დამიჯდა.
– ბოლო პერიოდში ცნობილმა ჟურნალისტებმა პოლიტიკისკენ „გადაუხვიეს“. თქვენ რატომ არ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
– დროდადრო ასეთი შემოთავაზებები მეც მქონდა ხოლმე, მაგრამ როგორც ადრე, ახლაც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით პოლიტიკას ჩემს ცხოვრებას არ დავუკავშირებ. როდესაც ცნობადი სახე ხარ, მუდმივად ექცევი ყურადღების ცენტრში. რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ამით მე დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ, პირიქით ძალიან მაწუხებს. როცა ჟურნალისტი ხარ, კიდევ მეტი თავისუფლება გაქვს, მაგრამ თუ პოლიტიკაში ხარ ჩართული, მაშინ უფრო რთულადაა საქმე. მე ალბათ, თავისუფლების ამ დოზის დაკარგვის მეშინია. ახლა შემიძლია, მქონდეს ისეთი რეჟიმი, რომელიც რაღაცნაირად ჩემზე იქნება დამოკიდებული. შემიძლია, დავრეკო ოფისში, ვთქვა, რომ იმ დღეს ვერ მივალ და რამდენიმე დღით ოჯახის წევრებთან ერთად გავფრინდე სადმე და დავისვენო. დავგეგმო კიდევ ერთი შვილის გაჩენა. (იცინის). ეს რეჟიმი ძალიან მხიბლავს, პოლიტიკაში ეს არ გამომივა. ამას გარდა, პოლიტიკა აღარ არის ჩემი ინტერესის სფერო, თუმცა არსებობს თემები, რომელიც მაღელვებს და რომელზეც ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. მინდა, გავაკეთო ჩემი საქმე, მქონდეს დრო ოჯახისთვის, ახლობლებისთვის. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, როცა ასაკში აჩენ მეორე შვილს, მერე ბევრი რამ იცვლება. უფრო მეტად ვაფასებ ყველა წუთსა და წამს, რომელსაც შვილთან ერთად ვატარებ. ახლა ვცდილობ, რომ ეს ბედნიერი წამები დავიჭირო და კარგად დავიმახსოვრო. რადგან ნიკოლა გაიზრდება და როგორც ყველა შვილს, ჩემთან დიდხანს დარჩენა არ მოუნდება და გაიქცევა ჩემგან.
– თქვენს ახალ ჟურნალში ბომონდური ქართველი ქალების ცხოვრებას აღწერთ, თქვენი ცხოვრების წესი როგორია, ჰგავს ბომონდურს?
– მე ნამდვილად არ ვუჩივი ბედს, არც საქმეში, არც პირად ცხოვრებაში. არც მინდა ხოლმე ამაზე ლაპარაკი. მე არ დამჭირვებია განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ ან კარიერა ამეწყო, ან პირადი ცხოვრება. არასდროს გამოვირჩეოდი ბომონდურ ტუსოვკებზე სიარულით. ეს არასდროს არ მყვარებია. ღამის ცხოვრებას ვახერხებთ უცხოეთში ყოფნის დროს, თუმცა ერთი წელი იქნება, არსად წავსულვართ. მე და მიშკა შევთანხმდით, რომ სანამ ნიკოლა ერთი წლის არ გახდება, არსად წავალთ. ადრე, როცა სადმე წასვლის საშუალება იყო, უცბად დავგეგმავდით ხოლმე უცხოეთში წასვლას. ტურისტული ტურების ორგანიზატორი ძირითადად მიშკაა. ჩვენ ანანოსთან ერთად ბევრჯერ ვიყავით საფრანგეთში, იტალიაში. მიშკა საფრანგეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, ამიტომაც არის მისი ექსკლუზივი საფრანგეთი (იცინის). იქ ბევრი ისეთი ლამაზი ადგილი მანახა, რომელთა არსებობა ვერც კი წარმომედგინა. თბილისში გვირჩევნია, მეგობრებთან შევიკრიბოთ ოჯახებში. თუმცა, ბოლო დროს ვამჯობინებთ, რომ ჩვენთან მოვიდნენ სტუმრები. ახლა იმდენი საქმე გვაქვს, ღამის სამ საათამდე ვერ წახვალ სადმე, თანაც დილას ადრე საქმეებზე ხარ გასაქცევი. მეუღლე ცოტა აპროტესტებს კიდეც ჩემს ასეთ რეჟიმს.
– რატომ, მასზე გვიან ხომ არ ბრუნდებით სახლში? ვახშამს არ უმზადებთ?
– ვცდილობთ, რომ ტრადიციული ქართული ვახშამი ცოტა უფრო ადრე იყოს და ევროპული ფორმით. ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. მყავს არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან და მიიოლებენ ცხოვრებას. მე არ მიწევს ბევრი საქმის გაკეთება, ამისთვის დროც არ მაქვს. თუმცა, არსებობს საოჯახო საქმე, რომლის გაკეთებაც მიყვარს და ვერ ველევი (იცინის). არის რაღაცეები, თავად რომ უნდა გააკეთო სახლში, რაც არ უნდა ბევრი დამხმარე გყავდეს. შენ თვითონ განიჭებს სიამოვნებას, როცა საქმეს აკეთებ საყვარელი ადამიანებისთვის. მე და მიშკა ერთად ვბრუნდებით სახლში, ვახერხებთ, რომ ერთმანეთს გავუაროთ და მაქსიმუმ, ათ საათზე სახლში ვიყოთ. თერთმეტ საათზე ერთად ვაბანავებთ ნიკოლას და მერე ვაძინებთ. მიშკა არის ის ქმარი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი დრო გავატაროთ ერთად. შუადღისას თუ ორივეს გვცალია, „კანაპეში“ მივდივართ ხოლმე, რომ ერთად ვისადილოთ. ერთად დავდივართ საყიდლებზე. არ ვფიქრობ, რომ ამაში რაიმე განსაკუთრებულია – ეს არის ცხოვრება, როცა ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვართ, ამიტომაც, არ უნდა მას, რომ მე დაძაბული რეჟიმი მქონდეს, რომ დავიღალო. სულ მეუბნება: ამდენი საქმე ერთად ბევრი ხომ არაა, იქნებ, საქმეების დელეგირება შეძლოო? ვიცი, რომ მიშკა მართალია, მაგრამ ბევრი საქმის გარეშეც გამიჭირდება. თუმცა, ისიც ცხადია, რომ რასაც 20 წლის ასაკში ვუძლებდი, ახლა იმას ვეღარ გავუძლებ და ამისი არც სურვილი არ მაქვს. ამ ასაკში უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესს ვაფასებ – ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ.
– მეუღლესთან ერთად ახალი საინტერესო გასართობებიც გექნებათ.
– განსაკუთრებული არაფერი. მიშკას აქვს თავისი გატაცებები, რომელშიც მეც ამიყოლია. მიშკას უყვარს ბუნება, მე ასფალტის გოგო ვარ. მიშკა მაშაყირებს, გაგიჟდები, ბეტონი და ასფალტი რომ არ დაინახოო (იცინის). მიშკას აქვს ლამაზი სახლი შინდისში, სადაც ძალიან უყვარს ყოფნა. მეც შევიცვალე და უკვე ვაღიარებ ბუნების უპირატესობას, ასფალტთან შედარებით. თან, ბავშვს განსაკუთრებულად სჭირდება სუფთა ჰაერი. ზაფხულში, ალბათ, მეც შინდისში გადავალ.
– არ მითხრათ, მიწაზე მუშაობს ცნობილი ოტორინოლარინგოლოგი...
– მიშკას არ უყვარს, მასზე, რომ ლაპარაკობენ, ამიტომ ვერ მოვყვები. შინდისში გვაქვს ძალიან ლამაზი ეზო, ნარგავებით და მწვანე მოლით. ძალიან მომწონს იქ ყოფნა. მიშკამ აშკარად გადამიყვანა თავის ტალღაზე, თუმცა ჩვენს შინდისურ გატაცებებს საიდუმლოდ დავტოვებ. მიშკას არ უყვარს გამოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე, მე მომწონს მისი ეს თვისება. ვფიქრობ, სულაც არაა საჭირო, ექიმი ჟურნალისტივით ცნობილი სახე იყოს.
– სარეკლამო კლიპში კი იღებს მონაწილეობას. ისე, ქმრის წყალობით მედიცინაში თქვენც გაიწაფებოდით.
– ეს მისი საქმეა და თან მიშკა ძალიან მომწონს ამ კლიპში (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ მედიცინაში ძალიან გავიწაფე, მე მხოლოდ მსმენელის როლით შემოვიფარგლები. ამას გარდა, მიშკა თავის სამსახურზე თითქმის არ საუბრობს. მე უფრო მეტს ველაპარაკები ჩემს საქმეზე, ვიდრე ის. ვფიქრობ, კიდეც, რომ ცოტა მობეზრდა ჟურნალისტური ისტორიები, მაგრამ იცოდა, ვინც მოჰყავდა ცოლად და იმედი მაქვს, რომ ამას უკვე შეგუებულია (იცინის).