კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქცნენ ქართველები ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიო ყმებად და ვახტანგ მეექვსის რა შეცდომას იმეორებს მიხეილ სააკაშვილი


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თანამემამულეებსა და დანარჩენ მსოფლიოს უკვე გააცნო ახალი დოქტრინა, რომელიც მისმა თანამემამულე ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც ჯორჯ ბუშის პოლიტიკური კურსისგან გამიჯვნა. ეს, ავტომატურად, ნიშნავს იმას, რომ ამერიკამ უარი თქვა ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ გეგმაზე, რაც რუსეთის გარშემო დემოკრატიული სარტყლის შექმნას გულისხმობდა (ამ სარტყლის წამყვან რგოლებად უკრაინა და საქართველო მოიაზრებოდნენ). ამატებენ იმასაც, რომ ამერიკამ საქართველო მიატოვა, თუმცა, რაკი პრინციპი: „ხარი დაკლეს, მე წამაკლესო“, როგორც ჩანს, დიდი პოლიტიკისთვისაც აქტუალურია, მიტოვება არც სწყენია და მოსალოდნელიც იყო. შესაბამისად, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენს მეზობელ რუსეთს კიდევ უფრო გაეხსნა ხელი თავისი დოქტრინის სისრულეში მოსაყვანად (რომელიც ბირთვული საპასუხო დარტყმის პარალელურად, კვლავაც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მის საზღვრებს გარეთ გამოყენებას)? ამ თემაზე ექსპერტი კახა კაციტაძე გვესაუბრება.


– თუკი ობამა ამბობს, რომ აღარ აინტერესებს პოსტსაბჭოთა სივრცე, ესე იგი, აღარც საქართველოს განსაკუთრებული როლი აინტერესებს ამ სივრცეში?

– არ მესმის, საიდან გაჩნდა აზრი, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს?!

– ამას იმეორებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბუშმაც ხომ შეგვამკო ეპითეტით „შუქურა“?

– საქმე გაცილებით მარტივადაა. ქართულ ისტებლიშმენტს, ვგულისხმობ იმ მოდელირებულ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავს ისტებლიშმენტს უწოდებენ, წარმოუდგენიათ, რომ ჩვენ, ქართველები, ვართ ყმები. ანუ მონებიც კი არ ვართ, რადგან, მაგალითად, ძველ აღმოსავლეთში მონას განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა: შეეძლო, ჰყოლოდა ცოლი; შეეძლო, მოწმედ გამოსულიყო სასამართლოზე, ყმა კი ნივთივითაა. სხვათა შორის, ასეთი წარმოდგენა მხოლოდ სააკაშვილის ბრალი არ არის.

– ბუშის დროსაც ყმები ვიყავით?

– მე იმას ვამბობ, რომ ჩვენ თვითონვე ვართ შეგუებული ჩვენს ყმობას, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა: ყმას უნდა, რომ კარგი ბატონი მონახოს. ამიტომ ვითარება შემდეგნაირად აღიქმებოდა: რუსი არის ცუდი ბატონი, კარგი ბატონი იქნება ამერიკა. მაგრამ რით უნდა დაარწმუნოს ყმამ ბატონი, რომ ამ უკანასკნელმა ყმად აიყვანოს?

– ყურმოჭრილი ერთგულებით, ალბათ.

– არ არის საკმარისი. გასაგებია, რომ, თუ ყმა ვარ, ყოველწლიურად მოგართმევ 10 კილოგრამ კალმახსა და 5 ბათმან ლობიოს, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი.

– ერთი-ორი შველიც არ მოუხდებოდა?

– ეს შესაძლოა, არ გამოვიდეს, იმიტომ რომ, მაგალითად, ინგლისური კანონმდებლობით, შველზე ნადირობა მხოლოდ ბატონის ტყეში შეიძლება. მოკლედ, აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ მსოფლიო ყმები ვართ და, შესაბამისად, გვაქვს პრობლემა, რომელი შევარჩიოთ ბატონად. თავის დროზე, ერეკლემ შეარჩია ბატონი, მაგრამ ის ცუდი აღმოჩნდა, ამიტომ მიხეილმა იფიქრა, მოდი, მე ახლა ახალ ბატონს შევარჩევო. შეარჩია კიდეც, მაგრამ დადგა პრობლემა: ვისაც ვეყმეთ, წლიურად ვაძლევდით გარკვეული რაოდენობის კალმახსა და ლობიოს, იმათ ისევ ბოროტ ბატონს მიგვყიდეს. აი, ასეთი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, შემრცხვებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მემუშავა. ასეა თუ ისე, ქვეყნის მთელი დოქტრინა აგებული იყო იმაზე, რომ ჩვენ ვართ ყმები და უნდა მივეყიდოთ კარგ ბატონს. მეორე მხრივ, მისი მოწინააღმდეგეებიც ძალიან მარტივ რამეს სთავაზობენ მას: შეგეშალა ბატონის არჩევა, სხვა უფრო მაგარი ბატონიაო.

– ანუ ძველი და ბოროტი უფრო მაგარიაო?

– ძველი და ბოროტია, მაგრამ, სამაგიეროდ, გამოცდილიო და იმას როგორ უნდა ველაპარაკოთ ვიცითო. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ბატონისა და ყმის სქემა მუშაობს და, სანამ ქართულ პოლიტიკაში ეს სქემა იარსებებს, ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.

– პოლიტიკაშიც, როგორც ჩანს, ფემინისტი ქალივით უნდა იყო, როდესაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ, ამით ნებისმიერს უსპობ შენი მიტოვების საშუალებას მაინც. ჩვენ კი ვთავაზობთ ყმობას, მაგრამ თვითონ ბატონები რას აკეთებენ? რაკიღა ყველამ მიგვატოვა, არც მათ აღარ სჭირდებათ ყმები?

– ამასობაში მოხდა ის, რომ ბატონყმობა შეიცვალა. „კაცია-ადამიანში“, თუ გახსოვთ, არის ასეთი ეპიზოდი. ლუარსაბი შეიტყობს, რომ ბატონყმობა უქმდება და ამაზე ამბობს: ინგლისის მეფეს საფრანგეთის მეფისთვის საიქიოდან წერილი ჩამოუგდიაო, კარგად ვართ, ბატონები აქაც ბატონები ვართ და ყმები აქაც ყმები არიანო. აი, სწორედ ეს არის დღეს ქართული საგარეო პოლიტიკის არსი, რაც უნდა თქვან მიხეილ სააკაშვილმა თუ გიგა ბოკერიამ, ვაშაძისნაირ კომიკურ ფიგურაზე უბრალოდ არაფერს ვიტყვი. მათი ამოსავალი პრინციპი დღესაც ისაა, ვინ იპოვონ ბატონად და, ვიმეორებ, სანამ იქნება ასეთი მიდგომა, არაფერი შეიცვლება. ახლა ისიც ვთქვათ, რატომ არ გვიღებენ ყმად ბატონები, რაც, ერთი შეხედვით, მართლაც, გასაკვირია.

– მართლაც, გასაკვირია, თუ ასე მთელი არსებით ვეძლევით და უარს გვეუბნებიან?

– მოდი, ჯერ დავსვათ კითხვა: რას აძლევენ ყმები ბატონებს? შევთანხმდეთ ამთავითვე, რომ კალმახი და ლობიო საკმარისი არ არის, ამიტომ ყველა მოდელირებულ ადამიანს, მოდელირებულ ექსპერტებსა თუ მოდელირებული ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ აკვიატებული იდეა, რასაც სთავაზობდნენ მთელ მსოფლიოს: ჩვენ ვართ მსოფლიოს მარადიული გეოპოლიტიკური ბრძოლის ცენტრი და ჩვენ ვის მხარესაც დავდგებით, ის გაიმარჯვებს მსოფლიო დიად ბრძოლაში გეოპოლიტიკისთვისო. მაპატიეთ, მაგრამ ამერიკელებს, რუსებს, ჩინელებსა და ინდოელებსაც კი, აღარაფერს ვამბობ თურქეთსა და ირანზე, გაუჩნდათ მარტივი კითხვა: ამ ბიჭებს სიცხე ხომ არ აქვთო? ეს კითხვა, ბუნებრივია, უპირველესად, ამერიკელებს გაუჩნდათ. ევროპელებზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ისინი ყველაზე უკეთ გვიცნობენ.

– ისედაც იცოდნენ, რომ „სიცხიანები“ ვართ?

– დიახ. ევროპიდან საზარლად ჩანს საქართველოში მიმდინარე პროცესები. კერძოდ, ამ ქვეყანას არანაირი საგარეო პოლიტიკა არ ჰქონდა და აწყობილი იყო მხოლოდ იმაზე, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის მარადიული დაპირისპირება იქნებოდა. ერთი სიტყვით, უყურა მსოფლიომ ჩვენს სქემას: რადგან გვაქვს უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა (ისეთივე უნიკალური, როგორი უნიკალური ჩაიც გვქონდა კომუნისტების დროს), „მივეპადხალიმოთ“ დასავლეთს, ისინიც მიგვიღებენ ყმებად და ბოროტ ბატონ რუსეთს გააგდებენ აქედანო და, როგორც გითხარით, იფიქრეს, ამათ „სიცხე აქვთო“.

– ჯორჯ ბუშიც ფიქრობდა, რომ „სიცხე გვქონდა“?

– ბუში თვითონ იყო „სიცხიანი“. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე ბრიტანეთისა და ამერიკის იმპერიების შედარებით პოლიტიკაზე. ამერიკას გაცილებით უჭირს მსოფლიო ლიდერობა, იმიტომ რომ კულტურულ ასპექტებს არ ითვალისწინებს. ახლა, მართალია, ითვალისწინებს, მაგრამ არ ითვალისწინებდა 5 წლის წინათ და უფრო ადრეც. დღეს კი სრულიად სხვა წესრიგი ლაგდება. აქამდე იყო მონო ან მრავალპოლარული სქემა, რამაც არ იმუშავა და ახლა სქემა იქნება ასეთი: 20 სახელმწიფოს მეტ-ნაკლებად შეეკითხებიან აზრს. პირველი მათ შორის, რასაკვირველია, ამერიკა იქნება, შემდეგ – ევროპა, ჩინეთი…

– რუსეთი რომელი იქნება?

– მეექვსე-მეშვიდე, მაგრამ იქნება. როგორც გითხარით, აქამდე ქართული პოლიტიკა აწყობილი იყო იმაზე, რომ ამერიკა და რუსეთი მარადიულ ბრძოლაში იქნებოდნენ, ჩვენ ამერიკას „შევეტენებოდით“ და მოგებული დავრჩებოდით.

– მაგრამ ამერიკა და რუსეთი დაზავდნენ.

– მეთვრამეტე საუკუნეში, ვახტანგ მეექვსის დროს, არსებობდა აზრი, რომ რუსეთი და ირანი იქნებოდნენ მარადიულ დაპირისპირებაში, ჩვენ რუსეთს შევეკვრებით და დავრჩებით მოგებულიო.

– სხვათა შორის, პირველად სწორედ პეტრე პირველმა მოატყუა და მიატოვა ვახტანგი მონღოლების პირისპირ მარტო.

– და სად არის ვახტანგ მეექვსე დასაფლავებული? რუსეთში, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს. ამიტომაც ასეთი მიდგომით პოლიტიკის დაგეგმვა არის უმეცრების ზეიმი. და, თუ ჩემი ყოფილი მეგობრები ისევ ამ თვალსაზრისზე დარჩებიან, მათი საქმეა, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ წააგებენ.

– თუკი ბატონყმობა უკვე გადავარდა, ბატონებს ვერაფრით ვეღარ დავაინტერესებთ?

– მე არ მითქვამს, რომ ბატონებისთვის არ ვართ საინტერესო-მეთქი. ჩვენ მათთვის არ ვართ საინტერესო, როგორც ბრძოლის ველი და ყმა. მარტივ მაგალითს მოვიყვან: შუამდინარელთან მიდის ბერძენი მონა და ეუბნება, მე ვიქნები შენი მონაო, მაგრამ შუამდინარელი პასუხობს, შენ ჩემთვის საინტერესო არ ხარო, რატომ? იმიტომ რომ შუამდინარეთში მონას სხვა სტატუსი ჰქონდა: შეზღუდული, მაგრამ მაინც საკუთრების უფლება მიწაზე; ოჯახის ყოლის უფლება და ასე შემდეგ. ბერძენი მონა კი მოლაპარაკე ნივთი იყო. აი, ასე ალალად მივიდა სააკაშვილი პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში და 500 წლის წინანდელი კატეგორიებით რომ ყმა ერქვა, ის ყმობა შესთავაზა. მათ კი უბრალოდ, გვითხრეს, არ გვჭირდება ეს ყმები, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ერებიო. და ვინ არის თავისუფალი ერი დღეს?! ჩამოვარაკრაკოთ? ვისაც აქვს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია და ასე შემდეგ. მათ ყმები არ სჭირდებათ!

– გასაგებია, რომ ყმები არ სჭირდება დასავლეთს, მაგრამ აი, რუსეთსაც არ სჭირდება ვითომ?

– რუსეთი ცოტა რთული რამაა. რუსეთს ძალიან მტკივნეული გადაწყობა მოუწევს და მე არც ვიცი, რომელი რუსი ლიდერი მოახერხებს ამას. მოდი, ყველამ თავის თავზე იფიქროს.

– მეც ჩვენს თავს დავტირი უპირველესად, მაგრამ რუსეთი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებშია.

– ასე ვთქვათ: რუსული და ქართული შუა საუკუნეები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ქართველები და რუსები ხელისუფლებას აღვიქვამთ სხვადასხვანაირად. მართალია, სააკაშვილს უნდა, ხელისუფლება ისეთ რაიმედ აქციოს, ხელისუფლების საკრალურობის აღქმა გვქონდეს, მაგრამ არ გვექნება და ამიტომაცაა საქართველო დასავლეთის ნაწილი. პირობითად არსებობს სამყაროს შემდეგნაირი დაყოფა: სადაც დომინირებს აბსოლუტური ხელისუფლება, ასეთებია: ბიზანტია, ირანი, რუსეთი, ჩინეთი და, სადაც არსებობს ფეოდალური დაყოფა: ეს არის დასავლეთ ევროპა, საქართველო და იაპონია. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ დასავლეთის ნაწილი: ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობა აი, ამ სიღრმიდან მოდის. მე, ერთი საწყალი კაციტაძე, რომელსაც მხოლოდ ერთ-ერთი ბაბუა მყავდა წვრილი აზნაური, ვერ აღვიქვამ ჩვენს პირველ პირს მეფედ. საქართველო ასეა მოწყობილი და გავიმეორებ, ამიტომაცაა დასავლეთის ორგანული ნაწილი. ამ რეჟიმის ყველაზე სუსტი მხარე რა არის, იცით? თავიანთ სამშობლოს არ იცნობენ და მთელი ჩვენი პროდასავლური პოლიტიკა დამთავრდა იმით, რომ ირანს ჩავეხვიეთ. გთხოვთ, ეს აუცილებლად დაბეჭდოთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჟურნალისტური სოლიდარობა. მე თვითონაც მიმუშავია ჟურნალისტად, ახლაც ვაქვეყნებ წერილებს და ისე არაფერი მძულს, როგორც ქალბატონების გარჩევაში ჩარევა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ქალბატონმა მოდელირებულმა, ნათია კობერიძე მყავს მხედველობაში (სხვათა შორის, დღესაც არ მჯერა, რომ ის მართლაც არსებობს და მოდელირებული მგონია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში სულაც არ არის შეუძლებელი), ეთიკის საბჭოში არმისვლა შემდეგნაირად გაამართლა, ისინი ირანისკენ გვიბიძგებენო. არადა ირანთან უკვე მივედით. ირანულ კულტურას ვიცნობ და ვალდებულიც ვარ, ვიცნობდე, რადგან ის კულტურა, სასანიდების პერიოდიდან დაწყებული და მეთვრამეტე საუკუნით დამთავრებული, გავლენას ახდენდა ჩემს კულტურაზე. თავისთავად, ძალიან საინტერესო კულტურაა, იმ თვალსაზრისითაც, რომ ორი კულტურა: ირანული და ჩინური, უწევს წინააღმდეგობას დასავლეთს. როდესაც თქვა, ირანისკენ გვიბიძგებენო, მოდელირებულმა ქალბატონმა იგულისხმა ასეთი რამ, ჩადრი უნდა გამიკეთონო, მაგრამ მოვიცადოთ, მალე ჩადრსაც ვნახავთ. ისევ ჩვენი საუბრის ძირითად თემას რომ დავუბრუნდეთ: მთელი საქართველო მსჯელობდა იმაზე, ვისი ყმა ვყოფილიყავით, ახლა კი უნდა მივხვდეთ, რომ ყმები არ უნდა ვიყოთ.

– ანუ მივედით ილიას ფორმულამდე?

– ამოსავალი პრინციპი უნდა გახდეს ის, რომ ჩვენ არ ვიქნებით არავის ყმა, რაც, თავისთავად, ნიშნავს იმასაც, რომ არანაირი ბატონი არ გვეყოლება. ბატონყმობის დრო წავიდა, არადა ჩვენ, როგორც ეს მეთოთხმეტე საუკუნეში ხდებოდა, ვსხედვართ და მთელ მსოფლიოში მსურველებს ვთავაზობთ, გავხდებით, რა, თქვენი ყმებიო. იმის 80 პროცენტიც, რომ დასავლეთი მუდმივად გვყიდდა და გვღალატობდა, ტყუილია. მათ ისეთი მწვავე გარჩევები ჰქონდათ ერთმანეთთან, რომ ჩვენთვის უბრალოდ, არ ეცალათ.


скачать dle 11.3