შესაფერისი ადგილით
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მას მხოლოდ „ივერია“ ერქვა, იქ აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ და მის წინ ჯერ კიდევ იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, ბრძანა პრეზიდენტმა, რომ ჩვენ და ყაზახებს, თუ მთლად ერთი წინაპარი არ გვყავდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ძარღვებში კვლავაც ყაზახური სისხლი ჩუჩხჩუხებდა. ამ თუ სხვა მიზეზით (იქნებ ყაზახებიც შეაგულიანა სისხლის ყივილმა), „რადისონის“ მშენებლობა კიდეც დასრულდა და საზეიმოდაც გაიხსნა, რასაც ბ-ნი სააკაშვილი, ბუნებრივია, ვერ გამოაკლდებოდა. არც გამოაკლდა და არც მოკლე ისტორიული ექსკურსი დაგვამადლა (რომ შევარდნაძის დროს წყვდიადი იყო, ახლა კი იქმნა ნათელი), მათ შორის, აღმაშენებლის ძეგლის გადატანის ისტორიაც გაიხსენა, სხვათა შორის, მეტად საინტერესო რაკურსით: ძეგლის დადგმა 16 მილიონი დაჯდაო (და მერე რა, რომ დამდგმელები ამტკიცებენ, ხარჯი ორ ასეულ ათას ლარს არ გასცდენია, შემოქმედს კი ჰონორარი დღემდე არ აუღიაო), რითაც ირიბად წყვდიადის დროს გამეფებული კორუფცია გაგვახსენა და ზედაც დაამატა, რომ ძეგლი უხერხული ადგილით იყო დადგმული „ივერიაში“ მცხოვრები დევნილებისადმიო. მაგალითად, ამჟამად ძეგლი უხერხული ადგილით თითქმის სრულიად თბილისის მოსახლეობისკენაა მობრუნებული. მაგრამ, თუ ჩვენს (როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ღვწის) უახლეს ისტორიას გავიხსენებთ (ბოლო ერთი წელიც სავსებით საკმარისი იქნება), ვფიქრობ, დავით აღმაშენებლის ცხენს ჩვენკენ, სწორედაც რომ, შესაფერისი ადგილი მოუშვერია!