ქართული ხელისუფლების ხიბლი
„ეგ ხმა ტკბილი“
განსაკუთრებული სააღმშენებლო ბუმით, რასაკვირველია, ბოლო საარჩევნო კვირა გამოირჩეოდა (ლოგიკურად, ეს ასეც უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა). ხოლო, რაკი გამოირჩეოდა, დედაქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში თითქმის შეუძლებელი იყო, ვარდების რევოლუციამდელი და მარტივი მიზეზით: როდესაც ჩვენი პირველი პირი მოძრაობს ან რაიმეს ხსნის, პერიმეტრი იკეტება. აი, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში არჩევნები უკვე დასრულდა და პრემიერ-მინისტრის სავარძელში დევიდ კამერონიც ჩაბრძანდა. ოღონდ ჩაბრძანებულიც არ იყო, რომ მისი მისამართით ბრალდებაც გაისმა (სხვათა შორის, ქართული რეალობისთვის თითქმის შოკისმომგვრელი). კერძოდ, ბ-ნი კამერონი, თურმე, საკუთარ თავს საფრთხის ქვეშ აყენებს, რამეთუ სამსახურში ფეხით დადის. ამ სკანდალურ ამბავს ინგლისელი ფოტოკორესპონდენტები შემთხვევით გადააწყდნენ, როდესაც ლონდონურ „საცობში“ პრემიერ-მინისტრის ავტომანქანა შენიშნეს, რომელსაც (და ესეც გახდა ბრიტანელთა აღშფოთების საგანი) არც პოლიციელთა ესკორტი მიჰყვებოდა და, უფრო მეტიც, პრემიერი არ დალოდებია საცობის გახსნას, გადმოსულა ავტომანქანიდან და სამსახურამდე გზა ფეხით გაუგრძელებია (სამსახურში ხომ არ დავიგვიანებდიო?!). ამის შემხედვარე ბრიტანელებმა იფიქრეს, რომ პრემიერ-მინისტრს დაცვის სამსახური არ უვარგა, თუმცა მისმა კანცელარიამ განმარტა, რომ, ჯერ ერთი, პრემიერ-მინისტრის დაცვა ზედმიწევნით მაღალპროფესიულად მუშაობს და, რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრი „საცობს“ ისევე გაუმკლავდა, როგორც ამას ნებისმიერი ბრიტანელი გააკეთებდაო. დასასრულ კი დასძინეს, რომ „პოლიციელთა ესკორტი გამოიყენება მხოლოდ ოფიციალური შეხვედრებისა და ვიზიტების დროს“. ამის მიუხედავადაც, ბრიტანელი ექსპერტები დაჟინებით მოითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრმა დაიცვას უსაფრთხოების მოთხოვნები.
ამ ინციდენტის გაანალიზება კი, ვფიქრობ, ნათელს ჰფენს, თუ რატომ არის ასე უიმედოდ დაუზუსტებელი ჩვენი ნატოში გაწევრიანების ვადა, ანუ რატომ გავიჭედეთ ღია კართან, „საცობში“.