კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაემსგავსა საქართველო სომხეთის ჩემპიონატში მოხვედრილ მადრიდის „რეალს“


ევროკავშირის ქვეყნებთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ძიებაში ხელი გამოვკარით იმას, რომ სამ თვეში ირანთან გვექნება – უვიზო. უფრო ადრე კი მსგავსი ურთიერთობა თურქეთთან დავამყარეთ; მეტიც, საქართველოს პრეზიდენტმა გასულ კვირას ისიც კი ბრძანა, ამიერიდან საქართველო-თურქეთის საზღვრის გადასაკვეთად პასპორტიც აღარ იქნება საჭიროო (და მთელი საქართველო თურქეთი გახდება თუ მთელი თურქეთი – საქამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ის სახდეპარტამენტი მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს ირანთან ურთიერთობაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რატომ გაუხსნა საქართველომ გული და საზღვარი აღმოსავლეთს და რით შეიძლება, დამთავრდეს ეს ძალისხმევა (იმედია, ისეც არ იქნება, „თაგვმა თხარა, თხარაო“), ამ მეტად აქტუალურ და საჭირბოროტო თემაზე „ფორუმელ“ გუბაზ სანიკიძეს გავესაუბრეთ.


– შემთხვევითია ეს უვიზობა მუსლიმანურ სამყაროსთან თუ რაღაც საერთო და ჩვენთვის უცნობი გეგმის ნაწილია?

– მე ყოველთვის ვიყავი იმის მომხრე, რომ გადახრები არ ყოფილიყო ქართულ პოლიტიკაში. გაუმართლებლად მხოლოდ დასავლეთზე იყო ლაპარაკი და დავიწყებული გვქონდა სამხრეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი. ახლა, რადგან არაფერი გამოგვივიდა, ან რა უნდა გამოგვსვლოდა, მკვეთრად მივტრიალდით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისკენ. ამას პოლიტიკური ფლუგერიზმი ჰქვია და ეს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ამ ბოლო დროს მთელ საქართველოსაც დასჩემდა. მოგეხსენებათ, ფლუგერი არის ხელსაწყო, რომელიც, საიდანაც ქარი დაუბერავს, იქითკენ ბრუნდება. მე არ ვიცი, რატომ აკეთებს ამას სააკაშვილი ირანთან დაკავშირებით, ვინმეს აღიზიანებს თუ რაიმე საიდუმლო დავალება აქვს, თუმცა ვეჭვობ, რომ ბოლო იყოს. პირადად მე, ყოველთვის მომხრე ვიყავი ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისა, მაგრამ არც ისე, რომ სავიზო რეჟიმი გაგვეუქმებინა და გაგვეხსნა კარიბჭეები თურქეთთან და ირანთან. ძალიან ინტეგრირებულები ვხდებით, ამ სიტყვის ცუდი გაგებით, ამ ქვეყნებთან. ისტორიულ პარალელებს მოვიშველიებ: დღეს შესაძლოა, სხვა რეალობაა, მაგრამ ტრადიციულად, პრობლემები საქართველოს სწორედ ამ ქვეყნებთან ჰქონდა, თუმცა თანამშრომლობის პერიოდებიც გვქონია თურქეთთან და ირანთანაც. ბუნებრივია, საერთო უნდა განვავითაროთ, მაგრამ რაღაც-რაღაცეები არ უნდა დაგვავიწყდეს. ირანი საკმაოდ სპეციფიკური სახელმწიფოა. იქ არის თეოდემოკრატია, ანუ არის სასულიერო-რელიგიური სახელმწიფო. ჰყავთ საერო ხელისუფლება, მაგრამ ქვეყანას განაგებს აიათოლების საბჭო. ბევრს აიათოლა სახელი ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სასულიერო წოდება და ნიშნავს „ალაჰის ლექსს“. ეს ამბავი საკმაოდ მაშფოთებს და მიზეზებიც მაქვს იმის საფიქრელად, რომ სააკაშვილი, კარგი ჩანაფიქრიც რომ იყოს, საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს.

– თვითონ ირანს რა ინტერესი აქვს საქართველოში?

– კავკასიაში უნდა დამკვიდრება. ირანს დიდი გავლენა აქვს საქართველოში. კერძოდ, ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შიიტია. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა: კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე, რატომღაც, მიიჩნეოდა, რომ ჩვენი აზერბაიჯანელები სუნიტები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი შიიტები არიან. საერთოდ, რუსეთი, საბჭოთა კავშირი ყოველთვის შიიზმს უფრო უწყობდა ხელს, ვიდრე სუნიზმს.

– რატომ?

– თურქეთის გამო, რომელიც ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა იყო, რომელიც უშუალოდ საბჭოთა კავშირს ესაზღვრებოდა. არადა ძალიან მნიშვნელოვანია სუნიზმისა და შიიზმის საკითხი. მინდა, გავარკვიო მკითხველი, რა განსხვავებაა მათ შორის. მოგეხსენებათ, მოციქულ მუჰამედს ჰყავდა მომხრეების ორი დაჯგუფება: მექელები და მედინელები. მექელებს უწოდებდნენ მუჰაჯირებს, მედინელებს კი – ანსარებს, ანუ მეგობრებს. ისე წავიდა საქმე, რომ ანსარებს სათავეში ჩაუდგა მუჰამედის სიძე ალი, ხოლო მუჰაჯირებს – მუჰამედის სიმამრი აბუბაქრი. ისლამში არიან მართლმორწმუნე ხალიფები, ანუ ისლამის სასულიერო და საერო ლიდერები. პირველი ოთხი ხალიფა არჩეული იყო, შემდეგ კი წამოვიდა დინასტიები. როდესაც მუჰამედი გარდაიცვალა, ანსარების ლიდერი ალი, ყველაზე ახალგაზრდა, ნიჭიერი, ძალიან კარგი გარეგნობის მამაცი ახალგაზრდა მუსლიმების კანდიდატურა იყო ხალიფობაზე. ისე მოხდა, რომ ალიმ ვერ მიაღწია ხალიფობას. ხალიფა ჯერ აბუბაქრი გახდა, შემდეგ – ომარი, ბოლოს – ოსმანი. მაგრამ ოსმანი ალიმ მოაკვლევინა და თვითონ გახდა ხალიფა, თუმცა იძულებული იყო, მუჰაჯირების მიმდინარეობას შეკვროდა და ამის გამო მის მომხრეებში გაჩნდა მესამე ისლამური მოძრაობა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. მუჰაჯირების ბაზაზე შეიქმნა სუნიზმი, ანსარების ბაზაზე – შიიზმი. როდესაც არაბებმა ირანი დაიპყრეს, სპარსელებს ჰქონდათ დამპყრობლების მიმართ პროტესტის გრძნობა და ამიტომ თავიანთ რელიგიად შიიზმი აიღეს. მას შემდეგ ირანი შიიტური ქვეყანაა. საუკუნეების განმავლობაში შიიზმი და სუნიზმი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ოსმალეთის იმპერია, რა თქმა უნდა, სუნიტური იყო და, ბოლო 500 წელს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თურქ სუნიტებსა და შიიტ სპარსელებს შორის პერმანენტული ომები იყო. ჩვენი უბედობაც ისაა, რომ ძალიან ხშირად ეს საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე მიდიოდა. ქართველებს უწევდათ, ხან ერთის, ხან მეორის მხარის დაჭერა და ჩვენმა ქვეყანამ ძალიან იზარალა ამ ორი ისლამური მიმდინარეობის დაპირისპირების გამო. ეს შიდა ისლამური დაპირისპირება დღეს სამხედრო მოქმედებებით აღარ გრძელდება. თურქეთი და ირანი ერთმანეთს არ ებრძვიან, მაგრამ შიიტები შეუპოვრობით გამოირჩევიან, სხვა სიტყვა არ მინდა, გამოვიყენო. მაგალითად, „ჰესბოლა“, რომელიც ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს ისრაელის სახელმწიფოს, შიიტური ორგანიზაციაა და, როგორც ჩანს, მას ირანი აფინანსებს. ირანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო რელიგია შიიზმია, თუმცა სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ერაყშიც შიიტური ხელისუფლებაა. მართალია, ერაყში მოსახლეობის ორი მესამედი შიიტი იყო, მაგრამ სადამის დროს სუნიტები მართავდნენ ქვეყანას. სადამის დამხობის შემდეგ, ერაყში დემოკრატიული პროცესები დაიწყო, ჩატარდა არჩევნები და ერაყიც შიიტური სახელმწიფო გახდა. ანუ ამერიკელებმა იმდენი მოახერხეს, რომ მეორე შიიტური სახელმწიფო მიიღეს. საერთოდ, ჩვენც და დასავლეთსაც ზერელე დამოკიდებულება გვაქვს ისლამის მიმართ, არადა ცივილიზაციათა ჯახი უკვე დაწყებულია. ამდენი რამ იმიტომ მოვყევი, რომ ძალიან სახიფათოა ეს თამაშები ირანთან და თურქეთთან, საზღვრების ასეთი უკონტროლობა და მოღიავება.

– ეს მოღიავება ხომ ნიშნავს დასავლეთის საზღვრის ჩაკეტვას?

– მე არ ვიცი, შესაძლოა, რაიმე საიდუმლო დინებებია, რომ ირანი დასავლურ თამაშში შემოიტყუონ, რადგან ყველამ ვიცით, რომ ირანი იზოლაციაშია.

– და, მაინცდამაინც, ჩვენს ხარჯზე უნდა მოხდეს დასავლეთის გარღვევა ირანისკენ?

– სადაც სუსტია და, ვისაც თავისი ხალხი არ ეცოდება, რა პრობლემაა?! გარდა კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობისა, ირანთან უვიზო მიმოსვლას სხვა რაღაცეებიც მოჰყვება: რელიგიური ფული, მეჩეთების მშენებლობა. ხომ ვიცით, რა ხდება აჭარაში?!

– რა ხდება?

– მთელ ზემო აჭარაში თითო სოფელში ორი-სამი ჯამეა აშენებული თურქეთის ხელისუფლების ხელშეწყობით. თუ ხელისუფლების ხელშეწყობით არა, სავიზო რეჟიმის გაუქმებამ გამოიწვია ის, რომ არავინ იცის, ვინ შემოდის და ვინ გადის. ჩვენ არც ისეთი მაღალი დონის სპეცსამსახურები გვყავს, რომ ამაზე იზრუნონ. სააკაშვილს რომ ქვეყანა არ აღელვებს, მგონი, ბოლოს ბათუმშიც დავრწმუნდით, როდესაც თქვა, რამდენიმე სოფელი დავკარგეთო. 150 სოფელი რამდენიმე ყოფილა. არ ჯავრობს ეს მთავრობა არაფერზე და ამიტომაც იმდენ მეჩეთს შეიძლება, გადავაწყდეთ ამ ცურვაში, რადგან ბრმა კაპიტანი გვყავს, რომ შეიძლება, რომელიმეს წამოვეხიოთ.

– ვაჰაბიზმთან აქვს რაიმე კავშირი ირანს?

– ვაჰაბიზმს შიიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში მაცხოვრებელი მუსლიმების მნიშვნელოვანი ნაწილი შიიტია, ადვილი წარმოსადგენია, რომ გავრცელდება ლიტერატურა, აშენდება მეჩეთები და ასე შემდეგ. მაგრამ ქართველებს ატყობთ იმას, რომ რაიმეს აზრზე იყვნენ?! იმას ითვლიან, ვის რამდენი კვოტა შეხვდება საკრებულოში და იმაზე არავინ ფიქრობს, მუცელი რომ გამოფატრული გვაქვს სამხრეთიდან. ყველა ჩვენი მეზობელი მოიწევს. საზღვარი მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან გვაქვს დადგენილი, სხვაგან კი ხდება ის, რომ გადმოდიან, ტყეებს ჩეხენ, მიწებს ამუშავებენ და ახლა მიდი და გაარკვიე, სად გადის საზღვარი. წითელი ხიდი, ხომ გახსოვთ, საზიარო იყო, დღეს კი მთლიანად აზერბაიჯანისაა. ჩიჩხატურას კოშკი და გარეჯის კომპლექსი კომუნისტების დროს ჩვენი იყო, როდესაც მედეა მეზვრიშვილის დროს „გარეჯობა“ დაიწყო და ქართული სოფელი უდაბნო გაშენდა. დავდიოდი ბავშვობაში, დავყავდი მამაჩემს და ჩიჩხატურას კოშკზე ვთამაშობდით მე და ჩემი ძმა, ახლა კი იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. გადაღმა ლავრა და კომპლექსი უკვე აზერბაიჯანის ხელშია. გამოაცხადეს კიდეც ალბანური კულტურის ძეგლად, თუმცა რა კავშირი აქვს აზერბაიჯანს ალბანეთთან, გაუგებარია.

– იქნებ დასავლეთს უნდა, რომ ირანი შემოიყვანოს თამაშში, მაგრამ იქნებ ეს რუსეთს უნდა? რუსული ოცნებაა ირანთან პირდაპირი გზის გაჭრა.

– არ მგონია, თუმცა რუსეთი და ირანი ძალიან ცდილობენ, დაუკავშირდნენ ერთმანეთს კომუნიკაციებითა და ნავთობსადენებით. ეს რუსეთისა და ირანის სტრატეგიული ამოცანაა, მაგრამ პარტნიორობა არ ნიშნავს მეგობრობას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი შიიტური ქვეყანაა, იქ, დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ირანში 25 მილიონი აზერბაიჯანელია და ირანის აზერბაიჯანი ოთხჯერ უფრო დიდია დღევანდელ აზერბაიჯანზე, ამიტომ სეპარატიზმის ეშინია ირანს და აზერბაიჯანთან არ აქვს კარგი ურთიერთობა. აზერბაიჯანის რესპუბლიკას, რომელიც კულტურულად და ისტორიულად უფრო ახლობელია ირანისთვის, არ აქვს უვიზო რეჟიმი ირანთან და ჩვენ რა შუაში ვართ?! ავიღოთ სომხეთი: ირანი სომხეთს ეხმარებოდა. ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანის მხარეს იყო თურქეთი, სომხეთის მხარეზე კი – რუსეთი და ირანი. ახლა სომხეთს არ აქვს უვიზო რეჟიმი ირანთან! ჩვენ ვინ ვართ?! რა გვინდა?! ან ვინმეს აინტერესებს, რა უნდა სააკაშვილს?! სანამ არ აგვყრიან ამ ქვეყნიდან და არ გაგვასახლებენ, მანამდე ჭკუაზე არ მოვალთ?! ისეთი უმძიმესი დემოგრაფიული პირობები გვაქვს, რომ 20-25 წელიწადში ბავშვის გამჩენი ქალი ქვეყანაში 200 000 დარჩება. იცით, ეს თქვენ?!

– ვიცი, ამ თემაზე მოვამზადეთ მასალა.

– 25 წლის შემდეგ, თითო ქართველმა ქალმა ათი ბავშვი რომ გააჩინოს, მაინც კლება გვექნება. რეპროდუქტიული ქართველი ქალების რიცხვი 200 000-მდე შემცირდება და ამ ფონზე, რა უვიზო რეჟიმზეა ლაპარაკი ირანთან?! არ უნდა დავამთავროთ ეს ექსპერიმენტები?! ან სადამდე უნდა ავირჩიოთ ექსპერიმენტატორი ხელისუფლებები?! ისე გამოდის, რომ მადრიდის „რეალი“ ვართ სომხეთის ჩემპიონატში მოხვედრილი. არც არავის აინტერესებს ეს თემა. მოხდა ეს ამბავი და არავინ დამკავშირებია. არადა, შემიძლია, დავიჩემო, თუ ვინმემ ქართულ პოლიტიკაში იცის რამე აღმოსავლეთზე, მე ვიცი, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მთავარი ისაა, დაუჭერს თუ არა „ფორუმი“ არჩევნებში ვინმეს მხარს?! ამასობაში კი შემოვლენ საცაა და დაიკავებენ ყველაფერს: ფოთი არაბებმა წაიღეს, აჭარა – თურქებმა, წალკის რაიონი ამ რია-რიაში – სომხებმა. ბერძნები წავიდნენ და მათ, ქართველების ნაცვლად, ჩაენაცვლნენ. კიდევ რამდენი რაღაცაა, რაზეც საუბარი არ შეიძლება?! ვინ მუშაობს ივრის ხეობაში? აზერბაიჯანელები! ქართველები კი ბირჟაზე დგანან, „პაპიროზს“ ეწევიან და კარტს თამაშობენ. ბიზნესს არ იწყებს ქართველი, თუ მილიონის მოგებას არ ელის და აქ სააკაშვილი არაფერ შუაშია, რადგან ის უბრალოდ ამ საზოგადოების პროდუქტია. იცით, რომ ახალგაზრდა ვაჟებში იმპოტენციაა და ამის მიზეზი ცუდი კვებაა, გენმოდიფიცირებული პროდუქტი?! ქართველ კაცს აღარ აქვს ქალის სურვილი. ამას საწყენად არ ვამბობ, ზარებს ვრეკ და სწყინთ. ყირგიზეთში ნახეთ, როგორი ახალგაზრდობა ჰყავთ? რამხელები არიან და შემდეგ ჩვენს ახალგაზრდობას გადახედეთ! ცუდად იკვებებიან, სპორტზე არავინ დადის, დედ-მამა დანევროზებული ჰყავთ, თვითონაც ნევროზიანები არიან. ჭკუადამჯდარ ბავშვს ვერ ნახავთ. მიზეზი რა არის, იცით? შეხედა, აგერ „ნაცმოძრაობაში“ შევიდა ვიღაც უვიცი, მანქანაც იყიდა, სახლიც, ცხოვრებაც და გახდა „კაცი“. ის ბავშვიც ზის და ფიქრობს, რატომ უნდა მივაკლა თავი სწავლას, მამაჩემი დოცენტი რომ არის და კვლევით ინსტიტუტში რომ მუშაობდა, იმიტომაც არ უხმება ახლა კუჭი შიმშილით. რას მიაღწია, პატიოსნად რომ იცხოვრა და ცოდნა მიიღოო?! ამიტომ შევალ „ნაცმოძრაობის“ ზონდერბრიგადაში, საჭმელიც მექნება და სასმელიც, რაც უფრო უწესოდ მოვიქცევი, უფრო დამაწინაურებენო. ჩვენ აი, ასე შოშიებივით გვაქვს დაღებული პირი და მივჩერებივართ ცის გახსნას.

– 2011 წელს მთავრდება დახმარებები, ასე რომ, ამაოა ეს მოლოდინი.

– და სად წავიდა ის ოთხ-ნახევარი მილიარდი?! ოთხ მილიარდად ახალი თბილისი აშენდებოდა. გზები რომ იგება, მიშას ჯიბიდან იგება?! ჩემო ძვირფასო მკითხველო, 20 000 დოლარი ვალი აქვს თითოეულ თქვენგანს. მიშა ჩაჯდება თვითმფრინავში და გაფრინდება და შემდეგ ჩვენ დავსხდეთ და ვუყუროთ „გიორგი სააკაძესა“ და „ბაში-აჩუკს“! ყველაფერს წაიღებენ თურქები, არაბები, ირანელები, ჩვენ კი ვიქნებით მდგმურები და, თუ გვამუშავებენ დამლაგებლებად, მადლობა უნდა ვუთხრათ. თან იმდენს გადაგვიხდიან, რომ სული არ ამოგვხდეს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: თუ ირანთან უვიზო რეჟიმი დამყარდება, რას მიიღებს ამით საქართველო? თუ ჩვენ ისეთი ბიზნესმენები გვყავს, რომ აითვისებენ ირანს?! არაფერიც, ისინი შემოვლენ და უცბად დაიკავებენ ჩვენს ბაზარს. თურქულს დაემატება ირანული და საქართველოს ბაზარზე იქნება კონკურენცია თურქულ და ირანულ პროდუქციას შორის.

– თავის დროზე ირანს რუსეთი ვარჩიეთ, ახლა ირანს ვარჩევთ დასავლეთს?

– მე ვფიქრობ, რომ რაღაც საპირწონეებს ეძებს სააკაშვილი. კოსტაიასავითაა, სულ თვალწინ უნდა ტრიალებდეს... მაგრამ ვის ვატყუებთ?!

– საკუთარ თავს, ალბათ.

– ორი ნაცნობი მყავდა ქუთაისში. მტრად იყვნენ მოკიდებული ერთმანეთს, ოღონდ არც ახსოვდათ, რის გამო დაიწყო ეს მტრობა. ორივეს ჰყავდა შვილები და ორივე დადიოდა მუსიკალურ სასწავლებელში. ერთ ბავშვს ჰქონდა ხმა და სმენა, მეორეს – არაფერი ჰქონდა. რომელსაც არ ჰქონდა ეს მუსიკალური მონაცემები, დედამისმა „ჩაუწყო“ და გამოცდაზე „ხუთი“ მიიღო, მეორემ – „ოთხი“. ზეიმობდა „ხუთოსნის“ ოჯახი, როგორ ვაჯობეთო და არავინ იკითხა, ამან 5 კი არა, 25 რომ მიიღოს, სიმღერა ხომ მაინც არ იცისო. აი, ასე ვართ ჩვენც, ვფიქრობთ, მიშა „ჩააწყობსო“, ამიტომაც ყველაფერი იმიტაცია, ილუზია და ფიარია. შემოვა ახლა ირანი და დაიკავებს არა მხოლოდ ბაზარს. მე მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ისინი უკანონო ფულით შენდება. ამის გარკვევა კი სპეცსამსახურების საქმეა. ვანო მერაბიშვილი მე და თქვენ რომ გვისმენს, ის უნდა გაარკვიოს, აჭარის ყველა მაღალმთიან სოფელში ორი-სამი ჯამე ვისი ფულით აშენდა! ახალგაზრდები რომ მიდიან თურქეთში, თან ნიჭიერ ბავშვებს რომ არჩევენ, საერო სკოლებში კი არ ასწავლიან, არამედ სასულიერო სკოლებში, მედრესებში. შემდეგ ის ახალგაზრდები დაბრუნდებიან და იქნებიან განათლებული მოლები და ხოჯები, ეცოდინებათ არაბულად წერა-კითხვა. ირანთან უვიზო მიმოსვლას მოჰყვება ქვემო ქართლში ახალგაზრდული გაცვლები. წაიყვანენ ამ ჩვენს ახალგაზრდებს, ასწავლიან სასულიერო ცენტრში. შემდეგ ისინი იქიდან დაგვიბრუნდებიან და ასე შემდეგ. აზია მობრუნდა ჩვენკენ. თურქიც, ირანელიც და არაბიც მოაბრუნა მიშამ, ძვირფასო ქართველებო!


скачать dle 11.3