შენ ხარ ზეთისხილი…
„გავხსნით დღითა და ღამით“
ის არ ვიკმარეთ, რომ მთელი მსოფლიო კრიზისში დავტოვეთ, თავად კი გაღმა გავედით (ოღონდ მარილზე კი არა, კრიზისი დავძლიეთ), სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციასაც მივყავით ხელი. სწორედ ამ ეგიდით ამ ჩვენს ქვეყანაში ზეთისხილის ბაღების გაშენება იგეგმება – სარფიანი საქმეა, ზედაც ხალხი დასაქმდებაო (თუ გავიხსენებთ, რომ კონკრეტულად იმ ზეთისხილის ბაღებში, რომლებიც პრეზიდენტმა მოინახულა, დასაქმებას ვამბობთ, თორემ ჯერჯერობით მხოლოდ 70 ადამიანია შეჭიდებული შრომას). რაკი მაგალითი გადამდებია (როგორც – ცუდი, ისე – კარგი), პირველმა პირმა ზეთისხილის ხე თავისი ხელით დარგო და იმასაც დაგვპირდა, რომ სამიოდ წელიწადში ზეთისხილის გადმამუშავებელი რამდენიმე ქარხანაც აშენდება. ამის პარალელურად, მაშრაანის (სწორედ იქ დარგო ზეთისხილის ხე) მოსახლეობასა და მეზეთისხილეებს არათუ გაესაუბრა, რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო რჩევაც მისცა. კერძოდ, ის, რომ „ზეთისხილის ხე არ არის ისეთი რთული მოსავლელი, როგორც ვაზი და მარწყვი, ირგვება ისეთ ფერდობებზე, სადაც სხვა არაფერი ხარობს და ყოველთვის სტაბილური ფასი აქვს მსოფლიო ბაზარზე“ (ბუნებრივია, პრეზიდენტს უკეთ მოეხსენება, თუმცა ისიცაა, რომ ამ სამყაროში არაფერია მარადიული, მათ შორის არც „სტაბილური ფასი მსოფლიო ბაზარზე“).
ერთი სიტყვით, ზევითაც და ქვევითაც გახარებულები ვართ, რომ ამ ჩვენს სოფლის მეურნეობაში ახალი სეგმენტი შემოდის. ანკი როგორ არ ვიქნებით, როდესაც „ეს რეალურად სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი იშვიათი კულტურაა, რომელიც მუდმივი შემოსავლით უზრუნველყოფს ამ ადგილს“. ხოლო, რადგან პირველ ქართულ პროდუქციას სამიოდ წლის შემდეგ ველოდებით, „წიწილებიც“ მაშინ დავითვალოთ.
მეორე მხრივ, რადგან „ზეთისხილის ხე არ არის ისეთი რთული მოსაყვანი, როგორც ვაზი და მარწყვი“ (აი, ის კი ვერ გავიგე, მარწყვი ვაზთან რა შუაშია) და ზედაც ამ ბიზნესით აშენებასაც ველით, როგორც ჩანს, სწორ გზას ვადგავართ და ახლა ის უმაღლესი სასწავლებელიღა გვაქვს დასამყნობი, საიდანაც პირდაპირ „კოლმეურნეობის თავმჯდომარეები“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თანამდებობის პირები) გამოდიან. და, ალბათ, ამაზე ბრძანებდა მუხრანი: „სანამ ღმერთი სიკვდილს გაიმეტებს, ხომ უნდა შეიქციო თავი რაიმეთი“?!