ომის გაკვეთილები
ნატო – რფ-ის სამხედრო ტექნიკის სამჭედლო!
რფ მხოლოდ ფრანგულ „მისტრალს“ არ სჯერდება (თუმცა ისიცაა, გვაიმედებენ, რომ ამ ფრანგული ტექნიკის შავ ზღვაში განთავსებას არ აპირებს, ჩინეთ-იაპონიის დასაზაფრად სჭირდებაო) და ახლო მომავალში იტალიური ჯავშანტექნიკის შეძენასაც გეგმავს. როგორც ქართული ელმედია ირწმუნება, რუსი „დუმელები“ ამ ფაქტს დიდი აღფრთოვანებით არ ხვდებიან (ეს, ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ელმედიას ტყუილიც კი დაეჯერება, თუნდაც, იმიტომ რომ „სამი ნაც-ური არხი რომ გეტყვის ფეჩი ხარო, ბოლი უნდა გამოუშვა“). „დუმელების“ პროტესტის მოტივი კი შემდეგნაირია: ეს რუსული იარაღის, როგორც ბრენდის დასამარება იქნებაო. მართალია, გასარკვევია, შეიძენენ თუ არა ჩრდილოელები იტალიურ თანამედროვე ჯავშანტექნიკას, მაგრამ ის კი უკვე დაზუსტებულია (რა თქმა უნდა, ჩვენი ელმედიის მიერ), რომ ამ ახალ სამხედრო ტექნიკას კავკასიაში განათავსებენ. ამ ფაქტს კომენტარი არც ცნობილმა წინასწარმეტყველმა პაველ ფელგენგაუერმა დაამადლა: ახალი ჯავშანტექნიკა რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცის კონტროლისთვის სჭირდებაო და ისიც დასძინა, ჩვენი ქვეყანა (ანუ რფ) საქართველოსგან სწავლობსო (როგორც ჩანს, იმას, რომ ომში თანამედროვე ტექნიკა უფრო გამოსადეგარია. თუმცა, მეორე მხრივ, არც ისაა ურიგო, როდესაც ამ თანამედროვე ტექნიკის გამოყენების შნო და ჭკუა გაქვს). მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია: იქ, ჩრდილოეთში, ახალ შვეულმფრენებსაც ეძებენ, სავარაუდოდ, ესპანეთსა და ნიდერლანდებშიო (ერთი სიტყვით, ეს ნატოური ქვეყნები რუსეთის შეიარაღებული ძალების სამჭედლოდაც იქცა).
როგორც უნდა იყოს, აშკარაა, რომ რფ ხმელეთზეც ძლიერდება და წყალზეც. მეორე მხრივ, ეს მთლად ურიგოც არ უნდა იყოს, რადგან მეტად ვწუნობდით, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრილ შეიარაღებულ ძალებს არც ტექნიკა უვარგოდათ და ჯარისკაცებით შიშველ-ტიტველ-მშივრები ჰყავდათ. ჰოდა, როგორც ჩანს, ამ ხარვეზსაც ასწორებენ.