მჯერა – არ მჯერა!
„ბაყაყი წყალში ყიყინებს“
კვირა ერთია და ჩვენი პრეზიდენტი ბათუმში რვაჯერაა (იმის პარალელურად, რომ არც ქუთაისი ავიწყდება და ნახევრად დამთავრებულ, მაგრამ უკვე გახსნილ ესტაკადაზე „ფორმულა 3-ის“ ავტოთიც სრიალებს). შესაბამისად, არც ერთ ღირსშესანიშნაობას არ აკლდება (ან კი როგორ გამოაკლდება, როდესაც „ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას!“). ასე მოხდა გასული კვირის მიწურულსაც, როდესაც პირველი პირი სკოლადამთავრებულებს შეხვდა და წარჩინებულ მოსწავლეებს მედლებიც გადასცა. მაგრამ მხოლოდ ამას არ დასჯერდა და კბილი ოპოზიციასაც გაჰკრა, მეტიც, დაასკვნა, რომ „ზოგიერთი ოპოზიციონერის ყიყინს ბათუმის ახალი ტბის ბაყაყების ყიყინი სჯობიაო“ (თუმცა ისიცაა, რომ ეს მაინც გემოვნების საქმეა). სავარაუდოდ, პირველი პირი ასე მწვავედ ოპონენტთა ქილიკ-კრიტიკას გამოეხმაურა (ბათუმის შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზ ქალაქად ქცევის, 3 მილიონი ტურისტისა და იმის შესახებაც, რომ ბათუმში იმდენი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო აშენდება, მთელ მოსკოვში რომ არ არისო). მაგრამ იმის პირობაც დადო, რომ დაპირებულს საქმედ აქცევს. კერძოდ, ბრძანა: „თბილისში ტელევიზიებით ვიღაცეები გამოდიან („ვიღაცეები“, ანუ ოპოზიციონერი „ბატები“) და ჩემზე ამბობენ, აუუ, წაიღო ტვინი სააკაშვილმა ამ ზღაპრებითო („უგრძნია კაცს“)“, ოღონდ დაგვაიმედა: „არის ხალხი, რომელიც არ აშენებს და სხვის აშენებულს აკრიტიკებს, მაგრამ რამდენიც უნდა გვაკრიტიკონ, მთავარია, ამ მშენებლობების დროს ფეხებში არ გაგვებლანდონ“. ბოლოს კი, ჰალსტუხის შეჭმასაც დაგვპირდა, „თუკი ვინმე შავიზღვისპირეთში ისეთ სილამაზეს ნახავს, როგორიც ბათუმშია.“
თუ პრეზიდენტისვე სიტყვებს დავესესხებით: „ოპოზიციონერებს შეუძლიათ, თავიანთ ტელევიზიებში ისხდნენ და იყიყინონ“-ო და ზედაც დავამატებთ შედარებასაც, რომ „ბაყაყებიც კი უფრო კარგად ყიყინებენ“, დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ ჰალსტუხის ჭამა საჭირო აღარ გახდება!