ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან სცვივა ბეწვი. ადრეც მოსვლია ეს გაზაფხულზე, მაგრამ ახლა გაცილებით გაუხშირდა. თუ შეიძლება, მითხარით, როგორ მოვუგვარო ჩემს ძაღლს ეს პრობლემა?
პასუხი: ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: არასწორი კვება, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა – ამ დროს ზიანდება თმის ბოლქვი და თმა ძირიდან ვარდება; ბეწვის ცვენა ასევე შეიძლება გამოიწვიონ კანის პარაზიტებმა ან ბეწვიჭამიამ, რომლებიც ძალიან ხშირად გვხვდებიან შინაურ ცხოველებში. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბეწვის ცვენის გამომწვევი მიზეზები, აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ გამოვკვებოთ ცხოველი სწორად, რა ვიტამინები და მიკროელემენტები სჭირდება მის ორგანიზმს. აუცილებლად უნდა დაუმუშავოთ ბეწვი პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ასევე, გადატანილი მძიმე დაავადების ან ოპერაციის შემდეგ, ცხოველს აუცილებლად ჩაუტარეთ იმუნოსტიმულატორის კურსი.
კითხვა: თუ შეიძლება მითხარით, არის თუ არა შესაძლებელი, ძაღლს ექოსკოპია გადავუღო და სად შეიძლება ამის გაკეთება?
პასუხი: რა თქმა უნდა, დღეს ძაღლისთვის ექოსკოპიის ჩატარება შესაძლებელია. ყურადღება მიაქციეთ, რომ აღნიშნული პროცედურა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ იყოს ჩატარებული.
კითხვა: მყავს ბულდოგი, რომელმაც ზამთარში თათი იტკინა. გვყავდა ვეტერინართან, თითქოს მოურჩა კიდეც და აღარ კოჭლობდა, მაგრამ, როცა ცუდი ამინდია, მაინც კოჭლობს. მაინტერესებს, ეს არასწორი მკურნალობის შედეგია, თუ სულ ასეთი რეაქცია ექნება წვიმასა და ქარზე?
პასუხი: შეიძლება, თქვენს ძაღლს ქრონიკული ართრიტი ჰქონდეს. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, ის განმეორებით მიიყვანოთ ვეტერინართან. ექიმი ძაღლს გასინჯავს და, თუ საჭიროა, სპეციალურ გამოკვლევასაც ჩაუტარებს. ამის შემდეგ დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს მკურნალობას.
კითხვა: ზაფხულში სოფელში გვინდა პუდელის წაყვანა, რადგან აქ ვერავის დავუტოვებთ. ის უკვე 10 თვისაა. მაინტერესებს, რამე სპეციალური აცრა ან მედიკამენტი ხომ არ არის საჭირო, რომ გამგზავრებამდე გავუკეთოთ?
პასუხი: ძაღლისთვის მგზავრობა დიდი სტრესია. ამიტომ, სასურველია, მისცეთ მას სპეციალური პრეპარატი ან გაუკეთოთ ინიექცია, რაშიც ვეტერინარი დაგეხმარებათ. ასე თქვენც კომფორტულად იმგზავრებთ და თქვენი ძაღლიც.
კითხვა: მყავს 6 თვის გერმანული ნაგაზი. ცოფზე აცრილია. მაინტერესებს, როდის უნდა გავუკეთო განმეორებითი აცრა, ანუ, რამდენ ხანში ერთხელ ავცრა?
პასუხი: ცოფზე ვაქცინაცია სასურველია, დავიწყოთ 3 თვის ასაკიდან და გავუმეოროთ ყოველ 11 თვეში ერთხელ. ასე უნდა გავაგრძელოთ ყოველთვის, ანუ ძაღლის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.