რამდენ გრადუსზე ჩაცივებული სასმელები უნდა დალიოთ ამ სეზონზე და კლავს თუ არა ლუდი წყურვილის გრძნობას
ადამიანის გემოვნება სეზონურად იცვლება. ის, რისი დალევა ან დაგემოვნება სიამოვნებას განიჭებდათ ცხელ დღეებში, შემოდგომით, ანუ შედარებით გრილ ამინდში, ნაკლებად მიგიზიდავთ. ყოველი წლის გარკვეულ პერიოდს თავისი შესაბამისი სასმელ-საჭმელი აქვს. ამიტომ, უმჯობესია, ამ მხრივ სწორად შეარჩიოთ მენიუ, მასთან მისაყოლებელი სასმელი და თავი ასე გაინებივროთ.
ახლა ის დროა, როცა მამაკაცები ლუდს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო მანდილოსნების უმრავლესობა ბურახით ცდილობს წყურვილის მოკვლას. მათ კი, ვისაც შედარებით ალკოჰოლიანი სასმელი უყვართ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სომელიე თეიმურაზ ბენიძის რჩევები, რათა ეს სასმელები მაქსიმალურად სასარგებლო და უსაფრთხო იყოს ჯანმრთელობისთვის.
თუ როგორ შევარჩიოთ სწორად კერძთან მისაყოლებელი სასმელი, როგორ გავაკეთოთ საშემოდგომო „ჩაქაფული“ და პირის ჩასატკბარუნებელი დელიკატესი-დესერტი ანანასის „სმუზი“, ამას თავად ბატონი თეიმურაზი გვასწავლის.
თეიმურაზ ბენიძე: ყველა სეზონს თავისი გარკვეული სასმელი შეეფერება და ამ დროს ადამიანის კულინარიული გემოვნებაც შესაბამისად იცვლება. მაგალითად, ცხელ სეზონზე თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლიანი სასმელისა და ხორციანი კერძების მიღებისგან, შემოდგომა-ზამთარში კი პირიქით, ორგანიზმს მეტად უნდა „შეაპაროთ“ შედარებით მსუყე საჭმელ-სასმელი და გადააწყოთ ის ცივი სეზონის შესაგუებლად. მსუბუქ საჭმელს მისაყოლებლად ასევე მსუბუქი ღვინო უხდება, მაგალითად, ვარდისფერი ან თეთრი ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოები. აქ იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომელ ღვინოს რამდენ გრადუსზე ჩააცივებთ, რომ ის სასიამოვნო შესაგრძნობი და დასალევი იყოს. ღვინო „ცქრიალა“ უნდა ჩააცივოთ პლუს 6-9 გრადუსამდე, ჩვეულებრივი თეთრი ღვინო, 9-11 გრადუსამდე, ტკბილი თეთრი ღვინო კი – პლუს 6 გრადუსამდე. ახლა შარშანდელი მოსავლის ვარდისფერი ნახევრად მშრალი ღვინის სეზონი დგება. ასევე კარგია თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინის დალევაც. ისინი კარგად უნდა ჩააცივოთ და ისე დალიოთ, სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და მათი გარკვეული დოზით დალევა ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა ამ სეზონზე. სადილზე კარგად ჩაცივებულ თეთრ ღვინოს გამაგრილებელი ეფექტიც გააჩნია და კარგ განწყობაზეც დაგაყენებთ.
– ახლა მამაკაცების უმრავლესობა ლუდს ანიჭებს უპირატესობას. მისი დიდი რაოდენობით მიღება ძნელი აღსაქმელია ადამიანის ორგანიზმისთვის?
– ლუდი უნივერსალურ სასმელად ითვლება, თუმცა ის დასალევად და აღსაქმელად ადამიანის ორგანიზმისთვის ცოტა რთულია. მართალია, ჩაცივებული ლუდის სმა ახლა სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ მისი სტრუქტურა ძალიან მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოებთან შედარებით მასში მცირეა ალკოჰოლის რაოდენობა, მაინც მძიმედ მოსანელებელია. ჩაცივებულ მდგომარეობაში მისი დალევა სასიამოვნოა, მაგრამ დალევის შემდგომი პროცესი რთულია. ალბათ, ბევრი მამაკაცი დამეთანხმება, რომ ლუდის „პახმელია“ ბევრად უფრო მძიმედ გადასატანია, ვიდრე კარგად ჩაცივებული ღვინისგან მიღებული ნაბახუსევის. სხვათა შორის, გამაგრილებელი ეფექტის მისაღწევად ნებისმიერი ცივი სასმელის მიღება კარგია, ოღონდ, ვიმეორებ, გარკვეული დოზით, და არა გადაჭარბებით. ბევრ ქალს ბურახი მოსწონს წყურვილის მოსაკლავად, ბევრიც „რედბულის“ გამაგრილებელ და შუშხუნა ეფექტს ანიჭებს უპირატესობას. რას ვიზამთ, კაცია და გუნება (იცინის).
– ვისაც დამტკბარი წყალი უყვარს?
– დამტკბარი და გაზიანი წყლის დალევა წყურვილის შეგრძნებას წუთით კლავს. რაღაც დროით შვებას გრძნობ და შემდეგ ხვდები, რომ ისევ გწყურია. მაგალითად, დამიჯერეთ, თუ „კოკა-კოლას“ დაუმატებთ კარგად ჩაცივებულ ალკოჰოლიან სასმელს და ისე დალევთ, ეს უფრო მეტ სიამოვნებას მოგგვრით. ამ დროს ალკოჰოლის შეთვისება ორგანიზმის მიერ მსუბუქად ხდება და არ ტოვებს მძიმე შეგრძნებას – აი, ისეთს, როგორსაც მხოლოდ „კოკა-კოლას“ გარეშე გრძნობს ადამიანი. თუ „რედბული“ გიყვართ, მაშინ მასში გაურიეთ ცოტაოდენი ვისკი ან არაყი და ისე დალიეთ. სცადეთ და არ ინანებთ. თუ „კოკა-კოლაში“ ცოტა რომს შეურევთ, ის მას ალკოჰოლის შეგრძნებას დაუკარგავს, თქვენი პირის ღრუ ხილის არომატს მეტად შეიგრძნობს და დიდხანს არ მოგცილდებათ სასიამოვნო ტროპიკული ხილის გემო. კიდევ ვამბობ, ასეთი ნაზავი თქვენი გემოვნების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ისე, თუ დამიჯერებთ, სიცხეში წყურვილის მოსაკლავად მე მაინც „ენერჯაიზერების“ დალევას გირჩევთ. მანდილოსნებისთვის ამ სეზონზე ასევე კარგია თეთრი რომისა და „კოკა-კოლის“ ნაზავის დალევა. დღის განმავლობაში არ დალიოთ მაგარი ალკოჰოლური სასმელები, რადგან დალევის პროცესი შეიძლება გესიამოვნოთ, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ის ცუდად იმოქმედებს თქვენზე. დღე დაიწყეთ მსუბუქი გამაგრილებელი სასმელებით, საღამოსკენ კი გაზავებული მაგარი ალკოჰოლიანი სასმელებით გაინებივრეთ თავი. ვახშამზე კერძს, თეთრი ან ვარდისფერი ჩაცივებული ღვინო დააყოლეთ, სტუმრად მოსულ ადამიანებს კი აუცილებლად სხვადასხვა გამაგრილებელი კოქტეილი შესთავაზეთ – ეს ამ სეზონის კარგი ტონია.
– ამ სეზონზე მისართმევი მსუბუქი, ალკოჰოლისგან დამზადებული რომელიმე კერძის რეცეპტს ხომ ვერ გაგვიმხელთ? ისეთის, რომელიც სასიამოვნო საჭმელია, თან უცხო და, თანაც, ადვილად აღსაღქმელი.
– კი ბატონო. მაგალითად, ასეთია უხორცო „ჩაქაფული“. ახლა ახალი ბოსტნეულის სეზონია და მისგან მომზადებული კერძები უნდა მივირთვათ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ღვინით მზადდება უგემრიელესი სეზონური ხილისა და ბოსტნეულის კერძი: აიღეთ თუჯის ქვაბი, ჩაყარეთ მასში კუბიკებად დაჭრილი სეზონური ხილი და ბოსტნეული, მაგალითად: ბადრიჯანი, ხახვი, პომიდორი, ყაბაყი, მწვანე ვაშლი, წვრილად დაჭრილი მწვანილი. ამ კერძს კიტრი არ უხდება, ამიტომ ის არ გამოიყენოთ. ეს ყველაფერი ჩაშუშეთ თავისსავე წვენში და დაასხით თეთრი ღვინო. ბოლოს დაუმატეთ სუნელები და მარილი გემოვნებით. აი, ასე მზადდება უგემრიელესი „ჩაქაფული“ ხორცის გარეშე. ახლა, როგორც გითხარით, თეთრი ღვინის სეზონია და ნელ-ნელა უნდა შევაგუოთ ორგანიზმი წითელ ღვინოზე გადასვლას. სხვათა შორის, ამ ღვინოებისგან განსხვავებით, ვარდისფერი ღვინო ელიტარულ სასმელად არ ითვლება. ის, რაც უფრო ახალგაზრდაა, მით მეტი ღირებულება აქვს, რადგან მისი არომატი და სიმსუბუქე ნელ-ნელა, რთველიდან რთველამდე ქრება და იკარგება. ეს არის და ეს. აი, ვახშამზე, კასრში დავარგებული თეთრი, ხავერდოვანი, მსუყე და მდიდარი არომატის მქონე ღვინის დალევა კი სულ სხვა საქმეა.
– დესერტისთვის რა მოვამზადოთ ისეთი, რომ გარშემომყოფების აღფრთოვანება და ქება დავიმსახუროთ დიასახლისებმა?
– დესერტისთვის გირჩევთ, ახლობლები ანანასის „სმუზით“ გააოცოთ. მას ასევე ანანასის ნაყინსაც უწოდებენ. ამისთვის დაგჭირდებათ 100 გრამი ვანილის ნაყინი, ერთი ცალი ანანასი, ერთი ცალი მანგო, 150 გრამი ხილის ნატურალური წვენი და 2 კოვზი ნატურალური თაფლი. ის ასეთი წესით უნდა მოამზადოთ: გაჭერით ანანასი და ამოაჭერით გული. რამდენიმე ნაჭერი გადაინახეთ ნაყინის გასაფორმებლად, დანარჩენი კი ჩაყარეთ ბლენდერში. გაჭერით მანგო, შიგთავსი ამოიღეთ, და ისიც ბლენდერში ჩაყარეთ. დაასხით ხილის შერეული წვენი. აურიეთ ისე, რომ ერთნაირი მასა მიიღოთ. დაამატეთ თაფლი და ისევ აურიეთ. შემდეგ მიღებული მასა, ანუ „სმუზი“ გადმოიღეთ ფუჟერებში და ზემოდან დაადეთ ვანილის ნაყინის ბურთულები. გასაფორმებლად კი ანანასის ლამაზად დაჭრილი გული გამოიყენეთ, რომელიც მომზადების დასაწყისში გადაინახეთ. დამეთანხმებით, ძალიან ადვილი მოსამზადებელი დესერტია, თანაც უცხო, ვიზუალურად ლამაზი, ტროპიკული და პირის ჩასატკბარუნებელი (იცინის). ასეთ დესერტზე, ვერც ერთი ადამიანი იტყვის უარს.
ნონა დათეშიძე