რისი მანიშნებელია ცხოველის მუქი ფერის შარდი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და უკანა კიდურების სისუსტე
გაზაფხულზე აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ისეთ საშიშ დაავადებას, როგორიც პიროპლაზმოზია. იქიდან გამომდინარე, რომ პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს და არ შეიძლება, პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება, აუცილებელია, ძაღლი მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეთ. საეჭვო სიმპტომის შენიშვნისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ რა სიმპტომებით ვლინდება პიროპლაზმოზი, ამაზე ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: ძაღლის დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგოდ უნდა დავიწყოთ გაზაფხულზე, რადგან დათბობასთან ერთად აქტიურდებიან პიროპლაზმოზის გადამტანი ტკიპები. ისინი ხეებზე ბინადრობენ და იღვიძებენ დათბობისთანავე. მცდარია აზრი, თითქოს ტკიპები ბალახის ამოსვლის მერე აქტიურდებოდნენ.
– ყველაზე საშიში დრო გაზაფხულია?
– ყველაზე საშიშია გაზაფხული და შემოდგომა. ამ დროს ტკიპები მოშიებული არიან და სასწრაფოდ ეძებენ საჭმელს. იმისთვის, რომ შთამომავლობა დატოვონ, ტკიპები ცხოველის ორგანიზმზე მიწებებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ აინვაზირებენ პიროპლაზმოზით მას.
– როგორ უნდა ამოვაცალოთ ცხოველს ტკიპა?
– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ტკიპის ხელით მოცლა, რადგან ამ დროს ტკიპას უვითარდება დამცველობითი რეაქცია და მისი ვესტიბულარული აპარატიდან სითხე შედის ორგანიზმში, რომელშიც პარაზიტებია. ან შეიძლება დარჩეს ტკიპის თავი ცხოველის ტანზე, რაც შემდეგ გამოიწვევს დერმატიტებს და სხვა მრავალ პრობლემას. ამ დროს საჭიროა გამოვიყენოთ სპეციალური საშუალებები, რომლითაც ადვილად დააღწევთ თავს აღნიშნულ პრობლემებს.
– რა საშუალებებია ეს?
– ესენია სპეციალური სპრეები და ანტიპარაზიტული პუდრები. ასევე საჭიროა, ყოველი გასეირნების შემდეგ, ცხოველი საგულდაგულოდ დაათვალიეროთ. თუ ცხოველი მოწყენილია, არ იღებს საკვებს და მაღალი ტემპერატურა აქვს, სასწრაფოდ ვეტერინარს უნდა მიმართოთ. გახსოვდეთ, პიროპლაზმოზი ძალიან საშიში დაავადებაა და ამ დროს ყოველი წუთი ძვირფასია.
– იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ, რა არის პიროპლაზმოზი?
– პიროპლაზმოზი ბუნებრივკეროვანი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ერთუჯრედიანი უმარტივესებით. პიროპლაზმოზით დაავადების გადამტანია ტკიპები. დასნებოვნება ტკიპის კბენის მომენტში ხდება. პარაზიტები პარაზიტობენ, სისხლში ერითროციტებს შლიან და გამოყოფენ ტოქსინს. დაავადება სწრაფად ვითარდება და მისი სიმძიმე დამოკიდებულია სისხლში შეჭრილი პარაზიტების რაოდენობაზე, ცხოველის ასაკზე, მის ზოგად მდგომარეობასა და მკურნალობის სწორად წარმართვაზე.
ცხოველის დასნებოვნება ხდება პარაზიტმატარებელი ტკიპის კბენისას. პიროპლაზმოზით დაავადებული ძაღლისგან სხვა ძაღლზე დაავადების გადაცემა არ ხდება, ასევე ძაღლის პიროპლაზმოზი ადამიანისთვის არ არის საშიში.
– ყველა ტკიპა შეიძლება, ჩაითვალოს დაავადების გადამტანად?
– არა, ყველა ტკიპა არაა პარაზიტის გადამტანი. ძაღლზე შეიძლება იყოს 20 ტკიპა, მაგრამ არც ერთი არ იყოს პარაზიტის გადამტანი და არ დაასნებოვნოს ძაღლი. საკმარისია, ერთი პარაზიტმატარებელი ტკიპა მოხვდეს და მაშინვე დაავადდება ცხოველი.
თუ ცხოველზე ტკიპა აღმოვაჩინეთ სასწრაფოდ ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან პირველ დღეს სისხლის ანალიზი უარყოფით შედეგს უჩვენებს, რადგან სისხლში პარაზიტი თავდაპირველად არ ჩანს.
– აბა, როგორ მოვიქცეთ?
– ამ დროს აუცილებელია, დავაკვირდეთ ცხოველის მდგომარეობას 4-5 დღის განმავლობაში.
– რა სიმპტომები აქვს ამ დროს ცხოველს?
– პირველი სიმპტომი ტემპერატურის მომატებაა 39,0 გრადუსის ზემოთ, სისუსტე და მოწყენილობა, გახშირებული და მძიმე სუნთქვა, რაც გამოწვეულია ჟანგბადის ნაკლებობით ქსოვილებში. ეს კი, თავის მხრივ, განპირობებულია ერითროციტების დაშლით. ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია მუქი შარდი. შარდი ამ დროს მუქი ჩაისფერია. მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, უკანა კიდურების სისუსტე. აღნიშნული სიმპტომების დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ვეტერინარს.
– ვაქცინაციის ჩატარება, ალბათ, უფრო დაცულს გახდის ჩვენს ცხოველს.
– პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ასევე არ შეიძლება, პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება. არ არის რეკომენდებული ლაბორატორიული დიაგნოზის გარეშე მედიკამენტის გამოყენება, რადგან აღნიშნული პრეპარატები არანაკლებ ტოქსიკურია.
პიროპლაზმოზის მკურნალობა საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და შრომატევადია. გამოჯანმრთელების შემდეგაც ორგანიზმისთვის დიდი სტრესია და დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არ ყალიბდება, რაც ნიშნავს, რომ სეზონზე ძაღლი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს.
– პროფილაქტიკისთვის რა ხერხს მივმართოთ?
– დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა, პერიოდულად დავამუშავოთ ძაღლი პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა ანტიპარაზიტული წვეთები და საყელოები, რათა არ მოხდეს ცხოველის ტკიპებით დაინვაზირება და შესაბამისად, პიროპლაზმოზის გადატანა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.