მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ გავამრავლო ალოე?
პასუხი: ალოე უნდა გაამრავლოთ გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე. მცენარეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი ან ორი წლის ამონაყარი, რომელიც უნდა მოაჭრათ განივად და ჩარგოთ ტორფიან ნიადაგში. სასურველია, თუ წყლის წვეთოვან სისტემას დაუდგამთ. მცენარე ფესვიანდება 40-55 დღის განმავლობაში.
კითხვა: გაზაფხულზე როდის უნდა მოვრწყა ხოლმე ჩინური ვარდი და საჭიროა თუ არა მისი დანამვა წყლით?
პასუხი: ჩინური ვარდი ზაფხულში გაიტანეთ გარეთ და მორწყეთ კვირაში ორჯერ, რაც შეიძლება დიდხანს ნადგომი წყლით. მცენარის ფოთლების ხშირად დანამვა ძალიან კარგია, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ დანამეთ მცენარე დილით ან საღამოს. დიდ მცენარეს ზაფხულობით რეგულარული მორწყვა სჭირდება. მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს, განსაკუთრებით, ზაფხულში.
კითხვა: ბარაქის ხემ მოიწყინა, ფოთლები მოეჭმუჭნა, რისი ბრალია ეს?
პასუხი: ამ მცენარის ფოთლების დაუშნოების მიზეზი შეიძლება, იყოს ბევრი წყალი, არასწორად მიცემული მკვებავი, დრენაჟის უქონლობა და ლარნაკზე წყლის დატოვება. გირჩევთ, ამოიღოთ მცენარე, ფესვები შეუმოწმოთ და ნახოთ, დაზიანებული ან დამპალი არ ჰქონდეს.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ანანასის მცენარემ ნაყოფი გამოიღოს ოთახის პირობებში?
პასუხი: ანანასი აუცილებლად უნდა იყოს ხანდაზმული ან დაახლოებით 6-7 წლის, რომ ნაყოფი გამოიღოს. თუ თქვენს მცენარეს ჯერ არ უყვავილია, ეცადეთ, ზაფხულში სიცხეში დადგათ. ეს ხელს შეუწყობს ანანასის ყვავილობასა და ნაყოფის გამოღებას. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მისი ნაყოფი საჭმელად არ გამოდგება.
კითხვა: როგორ მოვუარო იუკას და რას მირჩევთ, რა ადგილას დავდგა ის ბინაში?
პასუხი: იუკა სამხრეთამერიკული მცენარეა, რომელიც რთულად იტანს ოთახის პირობებს. მაგრამ, შესაძლოა, ის დადგათ დასავლეთის მხარეს, რომ გაიხაროს. ზაფხულში მცენარე გაიტანეთ გარეთ, ხოლო ზამთარში დადგით, რაც შეიძლება, გრილ ადგილას. ის სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ამყოფეთ სინათლით კარგად გაჯერებულ ადგილას. ეს მცენარე ოთახის პირობებში არ იყვავილებს, თუმცა ამ პირობების გათვალისწინებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.