კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იყო ბაღვაშებისა და ბაგრატიონების დაპირისპირების საბაბი და რამდენ თაობას შორის გაგრძელდა ის


დავით აღმაშენებლის მამის, გიორგი მეორის პიროვნება ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. ისტორიკოსები მას სუსტ მონარქად ახასიათებენ. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი დავით მერკვილაძე ამ შეფასებას თავის ახსნას უძებნის და დღევანდელ ინტერვიუში გიორგის დაუძინებელი მტრის – ლიპატირ ბაღვაშის მეურვეობის ქვეშ გატარებულ წლებზე.


დავით მერკვილაძე: გიორგი მეორე იყო ერთიანი საქართველოს მეფის – ბაგრატ მეოთხის მემკვიდრე. მისი დედა ოვსთა მეფის ასული ბორენა გახლდათ. გიორგი საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო. ამ მონარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დიდი გავლენა იქონია ქვეყნის იმდროინდელმა საშინაო და საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ. გიორგი მეორის პიროვნების საკითხი მამამისის მეფობის ხანაშივე გახდა აქტუალური – მაშინ, როდესაც გიორგი მცირეწლოვანი იყო.

– რატომ?

– ამ პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს გამუდმებით უწევდა ბიზანტიური აგრესიის მოგერიება. მეორე მხრივ, ამ პერიოდში ძალიან აქტიურობდნენ ადგილობრივი დიდებულები, რომელნიც ცდილობდნენ მეფისგან მეტი დამოუკიდებლობის, მეტი უფლებების მოპოვებას და სარგებლობდნენ, სწორედ, საგარეო პოლიტიკური ვითარებით. ერთ-ერთი გამორჩეული ამ დიდებულთა შორის იყო კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. ეს იმ ლიპარიტ ბაღვაშის ბაბუაა, რომელსაც საბოლოოდ დავით აღმაშენებელი გაუსწორდა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე თაობას შორის მიმდინარეობდა ბაღვაშებსა და ბაგრატიონებს შორის ბრძოლა, რომელმაც საბოლოოდ საგვარეულოებს შორის დაპირისპირების სახე მიიღო.

– ეს როგორ მოხდა?

– გიორგის მამა, ბაგრატ მეოთხე, ბიზანტიასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად იძულებული შეიქმნა, ჩასულიყო იმპერატორ კონსტანტინე მონომახთან. ამ უკანასკნელმა სამი წლით დააყოვნა ქართველი მეფე კონსტანტინეპოლში. გამგზავრებამდე ბაგრატ მეოთხემ დასავლეთ საქართველოს გამგებლად დატოვა თავისი არასრულწლოვანი ძე – გიორგი. უცნაურია, მაგრამ ლიპარიტ ბაღვაშმა მოითხოვა, რომ უფლისწული გიორგი მეფედ გამოეცხადებინათ.

– რა ამოძრავებდა ლიპარიტ ბაღვაშს, როდესაც ეს წინადადება წამოაყენა?

– რადგან გიორგი მცირეწლოვანი იყო, ლიპარიტს მისი მეურვეობის ხელში ჩაგდების იმედი ჰქონდა და ჩაიგდო კიდეც – ის გიორგი მეორის მეურვე გახდა, „პატრონად“ კი, ბაგრატ მეოთხის ძეს, მამიდა, გურანდუხტ დედოფალი დაუნიშნეს. გიორგი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როდესაც მას, როგორც ქართველ უფლისწულს, კურაპალატის ტიტული უბოძა ბიზანტიის იმპერატორმა. ამჟამად კი გიორგი მეორე რუისის ტაძარში აკურთხეს მეფედ. ამგვარად, ქვეყნის მართვის სადავეები ლიპარიტ ბაღვაშის ხელში მოექცა.

ეს მდგომარეობა ნაწილობრივ შეიზღუდა ბაგრატ მეოთხის ბიზანტიიდან დაბრუნებისთანავე, როდესაც მეფემ თავისი, როგორც მეფის, ხელისუფლება აღიდგინა. თუმცა, მისი ძალაუფლება ლიხის აღმოსავლეთით ვეღარ გავრცელდა ლიპარიტის წინააღმდეგობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ოფიციალურად ერთიანი იყო, დასავლეთ საქართველოს განაგებდა ბაგრატი, აღმოსავლეთსა და სამხრეთს კი – ლიპარიტი. სხვათა შორის, ლიპარიტის აღზევებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იგი დამოყვრებული გახლდათ სელჩუკიანთა სულთანთანაც და ბიზანტიის იმპერატორთანაც. რამდენიმე ხნის შემდეგ ლიპარიტის თვითნებობა მოსწყინდათ ადგილობრივ დიდებულებს. მათ შეიპყრეს კლდეკარის ერისთავი და ბაგრატ მეოთხეს მიჰგვარეს.

– რა ბედი ეწია ამ ვითარებაში გიორგი მეორეს?

– გიორგი და მამიდამისი ახალქალაქში დახვდნენ ჯავახეთში მობრძანებულ ბაგრატ მეოთხეს. მეფემ უწყოდა, რომ ყრმა გიორგის აზრად არ ჰქონია, მამისთვის ტახტი წაერთმია და ამიტომ მომხდარის გამო პასუხი არ მოუთხოვია არც გიორგისთვის და არც გურანდუხტისთვის.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– როდესაც ბაგრატმა გადაწყვიტა, ელაშქრა მასთან დაპირისპირებული, განჯის ამირის ფადლონის წინააღმდეგ, ჩრდილოეთიდან გადმოიყვანა ოვსთა ჯარი თავისი ცოლისძმის – დორღოლელის მეთაურობით, სათავეში კი უფლისწული გიორგი დაუყენა. მათ დაარბიეს განძა და ეს იყო ჩვენთვის ცნობილი პირველი და წარმატებული საბრძოლო ნათლობა გიორგის მეთაურობით.

– როგორ მოვიდა ხელისუფლებაში გიორგი, როგორც ერთპიროვნული მმართველი?

– ბაგრატმა სიკვდილის წინ თავისთან მოიხმო დედა, მეუღლე, მემკვიდრე გიორგი და ასული მარიამი და თავისი ქვეყანა გიორგის უანდერძა. ეს მოხდა 1072 წელს.

– საკმაოდ სუსტ ხელისუფლად ახასიათებენ მეფე გიორგი მეორეს, თქვენც ასე მიგაჩნიათ?

– სუსტად გიორგი მეორე ჩანს მხოლოდ თავისი მემკვიდრის – დავით აღმაშენებლის ფონზე. დავით მეოთხე საუკეთესო მონარქადაა აღიარებული და, ბუნებრივია, მან დაჩრდილა მამამისი.

გიორგი მეორის, როგორც მეფისა და როგორც პიროვნების შეფასებისას, უნდა გავითვალისწინოთ იმდროინდელი საქართველოს უკიდურესად რთული საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება. ხელისუფლებაში მოსვლიდანვე ნახევარ წელიწადში, მას აუმხედრდნენ დიდგვაროვნები: ივანე ბაღვაში – მისი ყოფილი მეურვის ძე, რომელმაც მოიხმო კახელები და გამაგრდა ქსნის პირას; მეორე მხრივ – ნიანია ქუაბულისძე, რომელმაც დაიკავა მაშინდელი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი და მოიტაცა სამეფო საჭურჭლე ანუ განძი; ასევე, ვარდან სვანთა ერისთავი, რომელმაც მეფის მორჩილებიდან გამოიყვანა სვანეთი და დასავლეთ საქართველოს ბარის გარკვეული ტერიტორიები დაარბია. ანუ, შეიქმნა უკიდურესად მძიმე შიდაპოლიტიკური მდგომარეობა. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა, რომ საჩუქრებითა და დაყვავებით, ანუ, მშვიდობიანი გზით განემუხტა ვითარება, რაც შეძლო კიდეც. სხვათა შორის, სწორედ, ამას საყვედურობენ ხშირად გიორგი მეორეს.

– რატომ საყვედურობენ?

– იმიტომ, რომ ეს განმუხტვა იყო დროებითი, რადგან ამბოხებულნი დაუსჯელნი დარჩნენ, მეტიც, დაჯილდოებულნიც კი. და ამიტომ, ეს ცუდი მაგალითი იყო დანარჩენთათვის. მაგალითად: ივანე ლიპარიტის ძე ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე განუდგა მეფეს.

გიორგის მეფობის პერიოდი დაემთხვა ახლო აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკთა აქტიურობის ხანას. ჯერ კიდევ გიორგის მამაც დიდი გაჭირვებით იგერიებდა მათ და ხარკის გადახდაც არ იკისრა. სხვათა შორის, გიორგიმ ორჯერ დაამარცხა თურქ-სელჩუკები ფარცხისთან და შეძლო სამხრეთის მნიშვნელოვანი რეგიონების, კარის ციხექალაქის, ანუ დღევანდელი ყარსის, ვანანდისა და კარნიფორის (ისტორიული სასომხეთი), გათავისუფლება. თვით სულთანი მალიქ შაჰიც კი დაამარცხა გიორგი მეორემ. ამის შემდეგ, ბანაში შედგა ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნებით ქართველის, გიორგი ბაკურიანისძის შეხვედრა ქართველ მეფესთან. ამ შეხვედრაზე ბაკურიანისძემ იმპერიის სახელით გიორგი მეფეს დაუმტკიცა კარი და „მისი მიმდგომი ქვეყანა“, რაც ნიშნავდა, რომ ბიზანტია ოფიციალურად აღიარებდა სელჩუკთა მიერ წართმეულ თავის ყოფილ ტერიტორიას საქართველოს შემადგენლობაში, რაც, დამეთანხმებით, გიორგი მეორის საგარეო პოლიტიკის დიდი წარმატება იყო. ამის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით რთულდება. ბიზანტიის იმპერიის არმიის თურქ-სელჩუკებთან სასტიკი მარცხის მომდევნო ხანაში, საქართველო სრულიად მარტო რჩება თურქ-სელჩუკთა უზარმაზარი სამხედრო პოტენციალის პირისპირ. ერთხელაც, მოხდა ისე, რომ სრულიად მოულოდნელად, ყველისციხეში მდგარ გიორგის თავს დაესხნენ სელჩუკები. ქართველები დამარცხდნენ. მართალია, მეფე გიორგიმ შეძლო თავის უვნებლად დაღწევა, მაგრამ მტერმა ხელთ იგდო სამეფო განძი. ეს მოხდა 1080 წელს. აქედან მოყოლებული, საქართველოში იწყება „დიდი თურქობა“.

თურქ-სელჩუკები კალიასავით მოედნენ საქართველოს დიდ ნაწილს და ააოხრეს ყველაფერი, გადარჩენილი მოსახლეობა მთაში გაიხიზნა, სოფლები იქცა ნასოფლარად, აღარ იყო ხვნა და თესვა, მოიშალა ქართული ტრადიციული სოფლის მეურნეობა, რადგან ბაღ-ვენახები და სახნავ-სათესი ადგილები მომთაბარე სელჩუკთა უთვალავი საქონლის ჯოგებისა და ცხენების საძოვრებად იქცა. როგორც მემატიანე ამბობს: „თურქთა მოჭამეს ქვეყანა.“ ამიერიდან თურქ-სელჩუკები ადრე გაზაფხულზე შემოდიოდნენ საქართველოში და ზამთრის პირას ბრუნდებოდნენ უკან.

– როდემდე „ჭამდნენ“ ქვეყანას თურქ-სელჩუკები?

– ასეთი ვითარების შექმნიდან მესამე წელს, გიორგი მეორე იძულებული გახდა, ხლებოდა სულთან მალიქ შაჰს, ზავი ეთხოვა და ხარკი ეკისრა სელჩუკთა თარეშის აღკვეთის სანაცვლოდ. მიუხედავად ამისა, დიდი თურქობა ამ ზავის შემდეგაც გაგრძელდა, რადგან სულთანი თავს იმართლებდა, რომ ზოგიერთი მომთაბარე ტომი მის დაუკითხავად შემოდიოდა საქართველოში.

– კიდევ რას საყვედურობენ გიორგი მეორეს?

– ზავის დადების შემდეგ სულთანმა გიორგი მეორეს გამოატანა თავისი ჯარის ნაწილი და კახეთის დაპყრობა შესთავაზა. კახეთის სამეფო ამ დროს საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა. გიორგიმ ალყა შემოარტყა ვეჯინის ციხეს, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სტრატეგიული, გამაგრებული პუნქტი იყო იმხანად. ალყა დიდხანს გაგრძელდა. ამასობაში მოვიდა თოვლი და მეფე გიორგიმ გაიხსენა, რომ აჯამეთის ტყეებში ნადირობის სეზონი დგებოდა. მან ციხეს ალყა მოხსნა და ლიხს იქით გადავიდა. მის ამ საქციელში, უაზრო ახირების ნაცვლად, შეიძლება, სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება დავინახოთ: იქნებ, მეფე ხვდებოდა, რომ კახეთის დამორჩილება გამოიწვევდა თურქ-სელჩუკთა პოზიციების მეტად განმტკიცებას ამიერკავკასიაში?! ეს კი, ბუნებრივია, გიორგი მეორის ინტერესებში არ შედიოდა. აჯამეთში ნადირობის სურვილი კი მხოლოდ საბაბი იყო, რითაც მან თავისი ალყის მოხსნის მიზეზი ახსნა.

– რა ვითარებაში, ანდა, რატომ დაუთმო გიორგი მეორემ ტახტი შვილს – დავითს?

– გიორგი მეორის საქციელი არის ერთ-ერთი სასიამოვნო გამონაკლისი – მან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაადგა გვირგვინი თავის მემკვიდრეს და აკურთხა მეფედ. აღსანიშნავია, რომ იმ წელს საქართველოში ზედიზედ რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მომხდარა, რომელსაც დიდი ნგრევა გამოუწვევია ქვეყნის მასშტაბით, იყო მსხვერპლიც. შესაძლოა, ეს სტიქიური უბედურება განგების რისხვად იქნა აღქმული, როგორც ნიშანი იმისა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მომხდარიყო სახელმწიფოში. არსებულ ვითარებაში გიორგი უძლური იყო, გამოესწორებინა მდგომარეობა და საშუალება მისცა დავითს მთელი თავისი ახალგაზრდული ენერგია წარემართა ქვეყნის გადასარჩენად. ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებამ მოსალოდნელზე მეტადაც კი გაამართლა. ისტორიკოსთა ნაწილი გიორგი მეორის ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გადადგმულ იძულებით ნაბიჯს უწოდებს, თუმცა ამის დაბეჯითებით მტკიცება სათანადო წყაროების უქონლობის გამო არ ხერხდება და ფაქტი ფაქტად რჩება – გიორგი მეორემ მშვიდობიანად დაუთმო ასპარეზი თავის ერთადერთ ვაჟს – 16 წლის დავითს.


скачать dle 11.3