უყვარდა თუ არა ალექსანდრე ყაზბეგს ნათესავი ქალი და რატომ არ შედგა მისი ქორწინება ნინო ჩერნიშევ-კრუგლოვასთან
ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება უცნაურობებით იყო აღსავსე. ბუნებისგან ყველაფრით შემკულ ამ პიროვნებას, მხოლოდ სიმწარე არგუნა ბედმა. შედეგად იგი ფსიქიკაშერყეული აღესრულა. ვინ უყვარდა მწერალს, არსებობდა თუ არა მის ცხოვრებაში ძიძიას პროტოტიპი, ვისთან ჩაიშალა მისი ქორწილი და რატომ აღარ შედგა ალექსანდრე ყაზბეგის დუელი რუს გენერალთან, ამ თემებზე ჩვენს ინტერვიუში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელისაბედ ზარდიაშვილი გვესაუბრება.
– ალექსანდრე ყაზბეგის ბავშვობა მართლაც ხავერდოვანი იყო, განსხვავებით მისი შემდგომი ცხოვრებისგან. იგი დაიბადა ხევის მებატონის ოჯახში და შეიძლება ითქვას, მეფისწულივით იზრდებოდა. მამა ძალიან ანებივრებდა. მას ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა, ჯიბეში ვერცხლის მონეტების ჩათვლით, რასაც ხშირად ჩამოურიგებდა ხოლმე თანატოლ ბიჭებს. გარდა ქონებისა, ალექსანდრე ყაზბეგს მშობლებმა საკმაოდ კარგი განათლებაც მისცეს. პატარა ალექსანდრეს ამეცადინებდნენ მასწავლებლები ენებსა და ხელოვნებაში. იგი ბავშვობიდანვე ლაპარაკობდა: ფრანგულად, რუსულად და ძალიან კარგად ცეკვავდა, რაც შემდეგ თეატრალურ ხელოვნებაში გამოიყენა. ამბობენ, დიდი მსახიობი არ იყო, მაგრამ მისნაირად სცენაზე „მთიულურს“ ვერავინ ცეკვავდაო. ამ ყველაფერს ისიც ერთვოდა, რომ ალექსანდრე ყაზბეგი გახლდათ წარმოსადეგი და კარგი გარეგნობის მამაკაცი.
– როგორც ჩანს, ალექსანდრე ყაზბეგს არაფერი აკლდა ბავშვობაში, თუმცა მისი შემოქმედება ადასტურებს, რომ იგი რაღაცით მაინც უკმაყოფილო იყო.
– როგორც ჩანს, მას მთლიანად მაინც არ აკმაყოფილებდა მამისეული აღზრდის სისტემა. ეს მწერალმა გამოხატა თავის დაუმთავრებელ პიესაში „აღმზრდელები”. შეიძლება, ბავშვობაში სხვა მწერლებსაც ჰქონდათ ლაღი ცხოვრება. თუმცა, ალექსანდრე ყაზბეგს გადაჭარბებულად ანებივრებდნენ და როგორც ჩანს, ეს გადაჭარბებულობა არ მოსწონდა მწერალს. ის ბუნებით ძალიან უბრალო ადამიანი იყო, რაც მისი მეცხვარეობის წლებიდანაც გამოჩნდა. ალექსანდრე ყაზბეგს უყვარდა ყველაფერი, რაც უბრალო იყო: გულს უხსნიდა მხოლოდ თავის მეგობარ მეცხვარეს და ძიძას.
მამის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრე ყაზბეგის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.
– მაინც რა მოხდა ამ პერიოდში ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებაში?
– მამის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრემ მიწები გლეხებს დაურიგა, დარჩენილი ქონების დიდი ნაწილიც გასცა, რის შემდეგაც „იგი გაღატაკებულ მეფისწულად იქცა”. მას ხანდახან ღამის გათენება სასტუმროში ან „დროების” რედაქციაში უხდებოდა ხოლმე.
მწერალს ერთი პუბლიცისტური ბარათი აქვს: „საკვირველს ბედზედ ვარ გაჩენილი”. მთელი მისი ცხოვრება მართლა საკვირველ ბედზე გაჩენილობა იყო. მეფისწულივით გაზრდილს ხელში არაფერი შერჩა; შედევრების პატრონს ყოველთვის შემოქმედებას უწუნებდნენ; „ქართული დასისთვის“ წარდგენილი 21 პიესა გაუცამტვერეს, მაშინ როდესაც პარალელურად, რამდენიმე მათგანი ტრიუმფით იდგმებოდა ქართულ სცენაზე. ბოლოს კი საკუთარი თხზულებების მოპარვაც კი დააბრალეს. მან, ყველანაირად დადებითმა პიროვნებამ – გარეგნობით, ნიჭით, განათლებით, ადამიანობით, ოჯახიშვილობით – პირადი ცხოვრება ვერ აიწყო.
– რა იყო ამის მიზეზი?
– ამის მიზეზი, უპირველესად, იყო ალექსანდრე ყაზბეგის პირდაპირი და გულწრფელი ხასიათი. მწერალს არ შეეძლო სიყალბე, სიცრუე და ფიქრობდა, რომ მის გარშემოც ყველა ასეთი იყო. მაგალითად, ერთ-ერთ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში მწერალი წერს, რომ შეყვარებულის სანახავად მისულს, ოჯახის „მოურავმა” უთხრა, რომ მისი ნახვა არ უნდოდა ალექსანდრეს გულისსწორს. ყაზბეგმა ეს დაიჯერა და ნაწყენი გაბრუნდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი მოატყუეს. ასეთი მაგალითები მის ბიოგრაფიაში მრავლად მოიპოვება.
– ვინ იყო ეს გულისსწორი, რომელზედაც ახლა ვისაუბრეთ?
– საერთოდ, ალექსანდრე ყაზბეგის როგორც სტუდენტობის წლების, ისე სიყვარულის შესახებ უამრავი კითხვის ნიშანია. რატომღაც მკვლევრები მწერლის ბიოგრაფიის ამ მხარეს გვერდს უვლიან. მხოლოდ ერთადერთი ფაქტია ცნობილი, რომ ალექსანდრე ყაზბეგს ვიღაც ნათესავი ქალი უყვარდაო, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის. თანამედროვე გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ალექსანდრე ყაზბეგს ნათესავი ქალი კი არ ჰყვარებია, ნათესავ ქალს ჰყვარებია იგი. სავარაუდოდ, ეს ქალბატონი დიმიტრი ყაზბეგის და უნდა ყოფილიყო, რომლისთვისაც მწერალს უარი ნათესაობისა და საპასუხო გრძნობების უქონლობის გამო უთქვამს. მეტიც, ის გაკვირვებული დარჩენილა. ხევში, ზეპირი გადმოცემების მიხედვით, შემონახულია ერთი ამბავიც, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ყაზბეგს რუსეთში სასწავლებლად წასვლამდე ყვარებია გლეხის ქალი ძიძია, რომლის ცოლად მოყვანაზეც ოჯახს უარი უთქვამს. მიზეზი ძიძიას წარმომავლობა ყოფილა. ხევში იმასაც ყვებიან, რომ შეყვარებულ ქალს დარდისთვის ვერ გაუძლია, ჭლექით დაავადებულა და გარდაცვლილაო. მისი საფლავი ხევის ერთ-ერთ სოფელში დღესაც შემონახული ყოფილა. ზაფხულისთვის კიდევ იგეგმება ლიტერატურული ექსპედიცია სტეფანწმინდაში, რომლის მიზანი იქნება ამ გადმოცემის მეცნიერულად დამუშავება აუდიო და ვიდეომასალებით. ეს ალექსანდრე ყაზბეგის სიყვარულის უცნობი ისტორიაა, რომელიც პირველად თქვენს ჟურნალს გავანდე.
ძალიან მწირია ინფორმაცია ალექსანდრე ყაზბეგის კიდევ ერთი სიყვარულის ისტორიის შესახებ. როგორც ვიცით, 1867 წელს მწერალი რუსეთს გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად და სრულიად მოულოდნელად, იქ შეუყვარდა ერთი გრაფის ქალი – ნინო ჩერნიშევ-კრუგლოვა. სწორედ ეს გახლავთ ის ქალბატონი, რომელზედაც მკითხეთ.
– შესწავლილი თუ არის ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიაში ეს ფაქტი?
– თანამედროვე გამოკვლევებამდე ცნობილი იყო ალექსანდრე ყაზბეგის ერთი წერილი დედისადმი, რომელშიც მწერალი მოსკოვურ სიყვარულზე საუბრობს. მკვლევრებს ეს წერილი ყაზბეგის ფანტაზიის ნაყოფი ეგონათ. არადა, საარქივო მასალებმა ცხადყო, რომ ალექსანდრე ყაზბეგს მოსკოვში ყოფნის პერიოდში ნამდვილად ჰყვარებია ნინო ჩერნიშევ-კრუგლოვა. მას ეს ქალბატონი გაუცვნია მეგობრების, დები შატიხინების ოჯახში. გრაფინიას იმდენად მოსწონებია ახალგაზრდა ქართველი მწერალი, რომ თვითონვე უთხოვია, მათთან ევლო ოჯახში. მოკლე ხანში ალექსანდრესა და ნინოს იმდენად შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ დაქორწინებაც გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდა ქალის მამაც. სწორედ ამ ქორწინებაზე ესაუბრება აღნიშნულ „დაუჯერებელ” წერილში დედას ყაზბეგი და სთხოვს ფულისა და ნივთების გაგზავნას. დედამ ყველაფერი გაუგზავნა მწერალს და ლოცვა-კურთხევაც გაატანა თან, თუმცა ქორწილი მაინც ჩაიშალა.
– რა იყო ამის მიზეზი?
– მიზეზები დღემდე უცნობი იყო. ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა აკადემიურ გამოცემაზე მუშაობისას დადასტურდა, რომ მისი ავტობიოგრაფიული თხზულებები ყაზბეგის ცხოვრების ზუსტ დეტალებს შეიცავს. ისინი შეჯერებულია საარქივო მასალებთან და მათ შორის განსხვავება თითქმის არ არის. ყველა ამ დოკუმენტის მიხედვით ირკვევა ის მიზეზები, რამაც ჩაშალა აღნიშნული ქორწილი. როგორც ჩანს, ალექსანდრე ყაზბეგს ნინოს ოჯახში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე უსიამოვნება მოუხდა სასიმამროს მეგობარ გენერალთან, რომელიც თავის დროზე კავკასიაში მსახურობდა. მწერალი ისე გააღიზიანა ამ ადამიანის უკულტურო, დიდმპყრობელურმა, შოვინისტურმა გამოთქმებმა, რომ იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცოლის ოჯახი.
– რა იყო ამ დიალოგის თემა?
– რუსი გენერალი ალექსანდრე ყაზბეგს უწუნებდა ქართველ პატრიოტთა საქმიანობას, კერძოდ, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობას – იმას, რომ ქართულ წერა-კითხვას ასწავლიდნენ ხალხს, ეწეოდნენ თეატრალურ საქმიანობას, და ამით პატრიოტიზმს აღვივებდნენ და ასე შემდეგ. ბოლოს გენერალმა ყაზბეგს ისიც განუცხადა: რუსეთს შესწევს ძალა, რომ ქართველები წელში გაგტეხოთო. ეს სიტყვები აღმოჩნდა მწერლის უცნაური მეტამორფოზის საბაბი. ყაზბეგი წერს ერთ-ერთ აღსარებაში, მე და ნინო სხვადასხვა გვარ-ტომისა ვიყავით, რადგან ერთმანეთის სიწმინდეებს გულწრფელად ვერ დავაფასებდითო.
ეს ისტორია ასე არ დამთავრებულა. შეყვარებულმა ალექსანდრე ყაზბეგს სახლში მიაკითხა, შემდეგ იგივე გააკეთა სასიმამრომაც. ისინი მოითხოვდნენ მისგან ეპატიებინა რუსი გენერლისთვის და საქორწინო შეთანხმება ძალაში დარჩენილიყო. ალექსანდრე ყაზბეგს ამის გაგონებაც არ უნდოდა. ის კი არადა, იმ გენერლის დუელში გამოწვევასაც აპირებდა. ეს გადაწყვეტილება მანამდე დარჩა ძალაში, სანამ გენერალმა ბოდიში წერილობით არ მოიხადა ქართველი მწერლის წინაშე.
აღარც დუელი შედგა და არც ყაზბეგის ქორწინება ნინოსთან. ეს იყო ალექსანდრე ყაზბეგის ყველაზე დიდი ტრაგედია. ის თავგანწირული ებრძოდა თავს, რომ როგორმე ნინო ჩერნიშევ-კრუგლოვა დაევიწყებინა. 1870 წლის ნოემბერში სასოწარკვეთილი და განადგურებული მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და მალევე ცხვარში გაეშურა თავისი გმირის – ონისესავით. ალექსანდრე ყაზბეგმა „ხევისბერ გოჩაში” ნინო ჩერნიშევ-კრუგლოვას გარეგნობა ძიძიას მისცა. ნინო ძიძიას პროტოტიპია ამ ნაწარმოებში, ხოლო სახელი ამ პერსონაჟისთვის მწერალმა აიღო პირველი სიყვარულიდან.
– როგორ დასრულდა ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება?
– ამ ყველაფერმა თავისი დაღი დაამჩნია ალესანდრე ყაზბეგის ჯანმრთელობას. მწერლის წყევლასავით თანმდევმა სიმარტოვემ და დაუფასებლობამ, სიყვარულის დაკარგვით გამოწვეულმა გადაუტანელმა ტკივილებმა და ქვეყნის უბედურებამ, რომელსაც არანაკლებ განიცდიდა, ვიდრე პირადულს, ალექსანდრე ყაზბეგის ფსიქიკა ბოლომდე შეარყია. იგი ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში აღესრულა 47 წლის ასაკში.