როგორ იქორწინა ლევან დადიანმა საკუთარ ბიცოლაზე და რატომ მოაჭრა მან ყოფილ მეუღლეს ცხვირი
სამეგრელოს მთავარი ლევან მეორე დადიანი დიდი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც მაღალი ზნეობით არ გამოირჩეოდა. ამ პიროვნებამ აღმზრდელი ბიძის მეუღლეზე, ანუ საკუთარ ბიცოლაზე იქორწინა. მეჩვიდმეტე საუკუნეში არც ერთი მეფე არ ყოფილა ისეთი მასშტაბის ფიგურა, როგორიც იგი გახლდათ. სამწუხაროდ, დადიანმა მთელი თავისი ძალ-ღონე ქვეყნის დასუსტებას მოახმარა. თუ რა არის ცნობილი ისტორიაში ამ მთავრის შესახებ, რისთვის მოაჭრა მან მეუღლეს ცხვირი და როგორ გაუსწორდა საკუთარ ოპოზიციას, ამას ისტორიკოსი, პროფესორი გოჩა საითიძე გვიამბობს.
გოჩა საითიძე: მეჩვიდმეტე საუკუნეში საქართველოში მოღვაწე პიროვნებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა – თავისი მნიშვნელობით, თავისი მოღვაწეობის მასშტაბებით, სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი იყო. პირდაპირ რომ ვთქვათ, სხვა ვითარებასა და სხვა სახელმწიფოში რომ დაბადებულიყო, სულ სხვა შედეგებს მიაღწევდა. თუმცა ამ ადამიანმა, საბოლოო ჯამში, თავისი ამბიციების გამო საქართველო უაღრესად დააკნინა.
– რისი ამბიცია ჰქონდა ლევან დადიანს?
– მას ჰქონდა მთელ დასავლეთ საქართველოში ბატონობის პრეტენზია. ამიტომ ძალის და შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის არაერთგზის ესხმოდა თავს იმერეთის სამეფოს, ასევე გურიისა და აფხაზეთის სამთავროებს. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ყველა ქართული პოლიტიკური ერთეული, ლევან დადიანის გამუდმებული შემოსევების შედეგად, ისე დასუსტდა, რომ დადიანის სიკვდილის შემდეგ, საკმაოდ დიდხანს, მეთვრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე, წელში ვეღარ გასწორდა. ეს მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც იმერეთის ტახტზე სოლომონ პირველი ავიდა. მანამდე დასავლეთ საქართველოში აბსოლუტური განუკითხაობა სუფევდა. ამის დასტურად მხოლოდ იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ დაახლოებით, 60 წლის განმავლობაში იმერეთის სამეფომ 12 მეფე გამოიცვალა.
– ანუ, მისი დიდი ნიჭის მიუხედავად, ლევან დადიანი მაინც უარყოფითი პიროვნებაა?
– თვითონ იმდენად ვერ გაძლიერდა, რომ სრული ჰეგემონობა მოეპოვებინა. სამაგიეროდ, გარშემო მყოფი ქართული პოლიტიკური ერთეულები ისე დაასუსტა, მომავალში ოსმალეთისთვის იოლი ლუკმები გახდნენ სათითაოდ. მიუხედავად იმისა, რომ ლევან დადიანმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, რასაც მოწმობს მისი ბრძანებით სამეგრელოს სამთავროში მოჭედილი არაერთი ხატი, მისივე დავალებით გადაწერა და მოხატა მამუკა თავაქარაშვილმა 1646 წელს „ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერი და ასე შემდეგ, იგი ნამდვილად არ ყოფილა სამაგალითო პიროვნება, რასაც კარგად მოწმობს მის მიერ განვლილი პირადი ცხოვრება და ქორწინებები. როდესაც ლევან დადიანს მამა გარდაეცვალა, ის ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო. ამიტომ სამეგრელოს სამთავროს განაგებდა მისი ბიძა, გიორგი ლიპარტიანი. მან აღზარდა ლევანი, განათლება მისცა, როგორც იტყვიან, არაფერი დააკლო.
– თუმცა საინტერესოა, რითი გადაუხადა ლევან დადიანმა მადლობა აღმზრდელ ბიძას?
– მოგახსენებთ. როდესაც ლევანმა დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა-გამგეობა, მალევე აფხაზთა მთავრის, სეტემან შერვაშიძის ქალიშვილზე იქორწინა, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. ამავე პერიოდში ლევან დადიანმა თავისი და – მარიამი მიათხოვა გურიის მთავრის, მამია გურიელის ვაჟს – სიმონ გურიელს, ანუ დადიანი დამოყვრდა აფხაზეთთანაც და გურიასთანაც. ასე გაგრძელდა ოციან წლებამდე, ანუ მანამ, სანამ ის თავის ხასიათს გამოავლენდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლევან დადიანს ძალიან შეუყვარდა თავისი აღმზრდელი მხცოვანი ბიძის – გიორგი ლიპარტიანის ახალგაზრდა მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძე. მალე მათი ურთიერთობის შესახებ სასახლეში ყველამ შეიტყო.
– არადა, ამ პერიოდში, ლევან დადიანს უკვე ცოლად ჰყავდა შერვაშიძის ასული.
– სწორედ მაგაშია საქმე. თუ ლევანი სეტემან შერვაშიძის ასულს, ანუ პირველ ცოლს არ გაუშვებდა, ისე ვერ იქორწინებდა თავის გულისსწორზე. ამიტომ, ლევანმა საკუთარ ცოლს დააბრალა ღალატი.
– ვისთან ღალატზე იყო საუბარი?
– ლევან დადიანი ამბობდა, რომ მის ცოლს თითქოს, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მისივე პირად ვეზირთან, მერაბ ქორთოძესთან. ეს უკანასკნელი იმდენად პოპულარული ყოფილა იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში, რომ ლევან დადიანმა მისი დასჯა ვერ გაბედა. ამიტომ, იგი სამეგრელოდან გურიის სამთავროში, თავის სიძესთან და დასთან, გადაასახლა. რაც შეეხება ცოლს, მას, როგორც მოღალატეს, ცხვირი მოაჭრა და ასე ცხვირმოჭრილი გაგზავნა მამამისთან, სეტემან შერვაშიძესთან. რადგან კარგად მოეხსენებოდა დადიანს, რომ შერვაშიძე მას ასეთ შეურაცხყოფას არ აპატიებდა, ადგა და თვითონ დაასწრო, თავს დაესხა და სამეგრელოში გამარჯვებული დაბრუნდა დიდძალი ალაფითა და ტყვეებით. ასე მოაგვარა აფხაზური პრობლემა – ცოლისგანაც გათავისუფლდა და დაიწყო ფიქრი ახალ ქორწინებაზე.
– ამ მიზნით რა მოიმოქმედა ლევან დადიანმა?
– ის პირდაპირ მიადგა სახლში გიორგი ლიპარტიანს და ცოლი წაჰგვარა. სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. წყაროებში წერია, არავინ იცის, ყოველივე რით დამთავრდებოდა, მოულოდნელად გიორგი ლიპარტიანი რომ არ გარდაცვლილიყოო. ამასთან დაკავშირებით, მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ გიორგი ლიპარტიანი საკუთარმა ძმისშვილმა მოწამლა. ასე იქორწინა ლევან დადიანმა საკუთარ ბიცოლაზე, ნესტან-დარეჯან ჭილაძეზე.
– რა ვიცით ნესტან-დარეჯანის შესახებ?
– კათოლიკე მისიონერების ცნობით, ნესტან-დარეჯანი ყოფილა ძალიან ამპარტავანი, დაუნდობელი, ძალაუფლებისმოყვარე და ბოროტი ადამიანი. აი, საიდან ჩანს ეს: ნესტან-დარეჯანმა გული ააცრუებინა ლევან დადიანს საკუთარ შვილებზე, რომლებიც მას პირველი ცოლისგან ჰყავდა. ჩააგონა, რომ ეს ბავშვები მისი შვილები არ იყვნენ – შენი ცოლი ხომ გღალატობდა და ვინ იცის, ვისგან ჰყავდა ისინიო.
– დაიჯერა ეს ლევან დადიანმა?
– დაიჯერა და მეტიც, ერთ მშვენიერ დღეს ორივე ბავშვი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. სამეგრელოს მთავარმა გარდაცვლილი შვილები დადიანთა საგვარეულო საძვალეში არ დააკრძალვინა. ასე შეეწირნენ ეს მცირეწლოვანი ყმაწვილები ბოროტ დედინაცვალს.
– ყოფილ ბიცოლა ნესტან-დარეჯანთან თუ შეეძინა სამეგრელოს მთავარს შვილები?
– ლევანსა და ნესტან-დარეჯანს ჰყავდათ 4 შვილი. ოთხივე ფიზიკურად დავრდომილი იყო. მათგან მხოლოდ ერთმა იცოცხლა შედარებით დიდხანს, დანარჩენები მცირეწლოვანნი გარდაიცვალნენ. იმ ერთმაც იცოცხლა 1657 წლამდე, ანუ ლევან დადიანის გარდაცვალების თარიღამდე. ლევან დადიანი ყველა შვილის სიკვდილს მოესწრო და როდესაც უკანასკნელის სიკვდილის შესახებაც შეიტყო, თავზე ლახტი გადაირტყა და დაუმარხავ შვილს ზედ დააკვდა. ახლა კი, დავუბრუნდეთ ისევ 20-იანი წლების ამბებს, როდესაც კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა.
– რა მოხდა?
– მართალია, გიორგი ლიპარტიანის პრობლემა გადაჭრა და ნესტან-დარეჯანზე ქორწინება შეძლო ლევან დადიანმა, თუმცა ამავე პერიოდში მას ახალი თავსატეხი გამოუჩნდა. ამ ინტრიგის მთავარი შემოქმედი გახლდათ მერაბ ქორთოძე, რომელიც გურიიდან ხლართავდა მას. ქორთოძე დადიანის წინააღმდეგ აქეზებდა გურიელს და იმერეთის მეფეს – გიორგი მესამეს. სიმონ გურიელმა და ქორქოძემ გადაწყვიტეს ლევან დადიანი მოეკლათ – ტერაქტი მოეწყოთ მისთვის. დაიწყეს მზადება, ჩართეს ამ საქმეში განაწყენებული ყოფილი სიმამრი – სეტემან შერვაშიძეც. ერთი სიტყვით, დიდი ალიანსი შეიკრა. მათ ლევან დადიანის თავიდან მოსაშორებლად დაიქირავეს მკვლელობებში გაწაფული ვინმე აფხაზი, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი. შეთქმულებმა გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ დადიანს ვახშმობის დროს მოკლავდნენ. წყაროებში წერია, რომ ლევანს წესად ჰქონდა ერთი და იგივე დროს ვახშმობა. ვახშმის შემდეგ კი, დიდხანს მიეყუდებოდა ხოლმე სკამის საზურგეს. გეგმის მიხედვით, სწორედ ამ საზურგის უკან (დაიმალებოდა) მკვლელი, რომელსაც ხანჯალი ზურგიდან უნდა ჩაეცა დადიანისთვის. დადიანის ლიკვიდაციის ორგანიზატორებმა ის ადამიანიც გადაიბირეს, ვინც სასმელს აწვდიდა სამეგრელოს მთავარს.
– როგორ დასრულდა შეთქმულთა გეგმა?
– ერთ-ერთ საღამოს, ვახშმის შემდეგ, მოღალატე მსახურმა თვალით ანიშნა დადიანის ზურგს უკან ჩასაფრებულ მკვლელს, რომ ხანჯალი ჩაეცა მთავრისთვის. ლევან დადიანი ძალიან ფრთხილი და ეშმაკი ადამიანი იყო და მას ეს ნიშანი არ გამოჰპარვია. მიხვდა, რომ უკნიდან უპირებდნენ თავდასხმას და მაშინვე გადაემხო სუფრას. ამიტომ ხანჯალი მის ზურგს შეეხო და მხოლოდ მსუბუქი ჭრილობა მიიღო. ამის შემდეგ, აფხაზმა თავს უშველა, დანარჩენები კი შეიპყრეს. ლევან დადიანმა გამოძიება დაიწყო და გაარკვია, რომ შეთქმულებთან კავშირში იყო მისი ძმა – იესე. ლევანმა მას თვალები დასთხარა და ქონებაც ჩამოართვა. ამის შემდეგ, დადიანმა სასტიკი რეპრესიები განახორციელა. ხელში ჩაიგდო ყოფილი ვეზირი მერაბ ქორთოძე და საშინელი სასჯელი მოუვლინა. ის ჯერ დაახრჩო, ხოლო შემდეგ ზარბაზანში ჩადო და გაისროლა. არც გურიელს დაადგა კარგი დღე.
– გურიელს რაღა სასჯელი მოუვლინა ოდიშის მთავარმა?
– სანამ ამას მოგახსენებდეთ, გეტყვით, რომ ამ ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე, გურიის სამთავროში საშინელი ცოდვა დატრიალდა. ლევან დადიანის სიძემ – სიმონმა მოკლა საკუთარი მამა – მამია გურიელი და მისი ადგილი დაიკავა. ლევანი თავს დაესხა გურიელს, სასტიკ ბრძოლაში დაამარცხა და თვალები დასთხარა. მისი ცოლი კი, ანუ თავისი და – მარიამი, დისშვილ ოტიასთან ერთად სამეგრელოში წამოიყვანა. ასე მოუღო ლევან დადიანმა ბოლო მთელ თავის ოპოზიციას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავისი ამბიციებისა და ძალების დემონსტრირებით ამ ადამიანმა მხოლოდ ზიანი მოუტანა საქართველოს.