რა ოცნება ვერ აისრულა პირველი ქორწინების დროს თამთა გოგუაძემ
შვილზე უზომოდ შეყვარებულ თამთა გოგუაძეს მეტი არავისთვის რჩება დრო და ენერგია. მას მთლიანად შვილის აღზრდას უთმობს – უკრავს მის ნამღერზე და ცეკვავს მის დაკრულზე. აქედან გამომდინარე თამთას მომავალი საბედოც მის სიტყვაზეა დამოკიდებული – თუ შვილს არ მოაწონებს თავს, ის დედის გულსაც ვერასდროს დაიპყრობს.
– როგორი წარმოგიდგენია შენი მომავალი მეორე ქმარი?
– მომავალში აუცილებლად, ცოლად გავყვები ჩემზე მაღალ, შევგვრემან ბიჭს. ამ ნაბიჯის გადადგმამდე ის უნდა იყოს ჩემი მეგობარი და ქორწინების შემდეგაც დარჩეს საუკეთესო მეგობრად. მიყვარს, საჩუქრებს რომ მიკეთებენ, აუცილებლად მინდა, რომ ხშირად მომიწყოს სიურპრიზი, რადგან მე თვითონაც ასეთი ვარ.
– რა უნდა ვქნათ, შენმა თაყვანისმცემლებმა, რით შეიძლება მოგხიბლოთ?
– იცი, რა არის? უკვე რამდენიმე წელია, ამაზე ვფიქრობ, ვის მივცემ ჩემი სიყვარულის უფლებას და ეს უნდა იყოს ღირსეული ადამიანი, რომელიც ამას დაიმსახურებს.
– შენი გამოცდილებიდან რა უნდა გაითვალისწინოს გასათხოვარმა გოგომ?
– უპირველესად, არ უნდა გადადგას დაუფიქრებელი ნაბიჯი და ნაადრევი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ასევე სასურველია, რომ ბიჭიც და გოგოც მომწიფებული იყოს ამისთვის, ანუ პატარა ასაკში არ შექმნან ოჯახი. ძირითადად, ასეთ შემთხვევაში, გაუაზრებლად ხდება მოქმედება და დროებითი გრძნობა მუდმივ თანაცხოვრებაში ეშლებათ. წინდახედულებას არ იჩენენ და ასეთ შემთხვევაში, მალევე ქრება გრძნობა, ბოლოს შავი ლაქა რჩება მათ ცხოვრებაში.
– შენ მიგაჩნია, რომ შავ ლაქად დაგრჩა პირველი ქორწინება?
– იცი, რა არის? მე რომ შვილი არ მყავდეს, ვიტყოდი, კი-მეთქი, მაგრამ, ამ ქორწინებიდან დამრჩა შვილი და ეს ისეთი განძია, ამის გამო არასოდეს ვინანებ პირველ ქორწინებას. შვილი ისეთი რამეა, ყველა დარდს, ტკივილს, დეპრესიასა და უარყოფით ემოციას გავიწყებს. რომ არა ჩემი ლუკა, ალბათ, ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავვარდებოდი იმაზე ფიქრით, ვაი, ეს რატომ დამემართა-მეთქი. რატომ დავშორდი ქმარს და ასე შემდეგ... მაგრამ, იმდენად კარგი რამ დამრჩა ორი წლის თანაცხოვრებიდან, რომ ახლა ვფიქრობ, ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
– ყოფილ მეუღლესთან შენარჩუნებული გაქვს ურთიერთობა?
– კი, რომც არ მინდოდეს, ძალაუნებურად ასეა. ბავშვს ურეკავს, მე მირეკავს, როცა ბავშვის ნახვა უნდა და აი, ამ დონეზე გვაქვს კონტაქტი. გარდა ამისა, ჩვენ ჩხუბითა და სკანდალით არ დავშორებივართ ერთმანეთს. უბრალოდ, დამთავრდა და მორჩა. ჩავთვალე, რომ მე ამ ადამიანთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი, თუნდაც, ბავშვის გამო. მე მგონი, ჩვენი დაშორება ჩვენი შვილისთვისვე იყო კარგი.
– ახლა არ გაქვს სურვილი, გათხოვდე და საპატარძლო კაბა ჩაიცვა? ძალიან ახალგაზრდა გათხოვდი და მაშინ, შეიძლება, კარგად ვერც შეიგრძენი პატარძლის ამპლუა.
– სხვათა შორის, 20 წლის ვიყავი, რომ ვიქორწინე და მთელი ცხოვრება ვოცნებობდი თეთრ საპატარძლო კაბაზე. თუმცა, ისე მოხდა, რომ ეს ოცნება ვერ ავისრულე. ავთანდილმა შემიკერა ძალიან ლამაზი და ორიგინალური კაბა, მაგრამ თეთრი არ იყო. ახლა ვფიქრობ, ალბათ, ასე ღმერთმა ინება, რადგან იცოდა, ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდებოდა და აუცილებლად მომიწევდა მეორედ გათხოვება. ამიტომ თეთრი კაბა შემდეგისთვის მომიტოვა, რომ ორჯერ არ მცმოდა ის (იცინის). ახლა რომ გავთხოვდები, აუცილებლად თეთრ კაბას ჩავიცვამ. ძალიან მომწონს თვითონ ქორწინების ცერემონიალი. ზოგჯერ ვფიქრობ, გათხოვება არ მინდა, მაგრამ ის ერთი დღე ძალიან მინდა-მეთქი. ასევე მინდოდა, ქორწილი მქონოდა სადმე, ღია ცისქვეშ. ფილმებში მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს. მაშინ, ესეც არ მქონდა, ჩვეულებრივი ტიპური ქორწილი იყო რესტორან „არაგვში“. ის მაშინ ძალიან პოპულარული იყო. შემდეგში ისევე დაინგრა, როგორც ჩემი ქორწინება. (იცინის) აი, ახლა ვფიქრობ, რაც მე ბავშვობაში ოცნებად მქონდა არ მომიწია, პირველ ქორწინებაზე განმეხორციელებინა, ამიტომ, მეორედ რომ გავთხოვდები, ბავშვობის ყველა ოცნებას აუცილებლად ავიხდენ.
– არატრადიციული რა იქნება შენი ბავშვობის ოცნების ქორწილში?
– პირველად, ჩვეულებრივი, ტრადიციული ბეჭდები გვქონდა და ახლა ეს აღარ მინდა. ახლა უფრო რაღაც თანამედროვე ბეჭედს გავიკეთებ. ანუ, რაც პირველ ქორწინებაში მქონდა, ის მეორეში აღარ მექნება. ხომ ხვდები და, ასევე, პირიქით?! რაც მთავარია, ძალიან მიხარია, ჩემი შვილი რომ იქნება ჩემს ქორწილში. შარვალ-კოსტიუმს ჩავაცმევ, გამოვპრანჭავ და ძალიან სასაცილო, საყვარელი ბავშვი იქნება დედიკოს გვერდით. ესეც რაღაც არატრადიციული მომენტია და მიხარია.
– როგორ გგონია, მეორედ გათხოვებაში განათხოვარის სტატუსი ან შვილის ფაქტორი ხელს არ შეგიშლის?
– არა. არანაირად არ შემიშლის. თუ ადამიანს უყვარხარ, ეს არანაირი დაბრკოლება არაა. ძველის გადმონაშთია და იმაზე თუ ვიფიქრე მე „განათხოვარი“ ვარ – მეზიზღება ეს სიტყვა, ან შვილი მყავს – პირიქით, მადლობა უნდა მითხრას იმ ადამიანმა, ვისთანაც ჩემს შვილთან, ანუ ჩემს ყველაზე დიდ განძთან ერთად, მივდივარ საცხოვრებლად და ის ჩემი განძის თანამფლობელი ხდება. ლუკა არის ჩემი ყველაზე დიდი მზითევი, ყველაზე დიდი განძი და ქონება. ასე რომ, მადლობა მითხრას იმ ადამიანმა (იცინის). გარდა ამისა, ჩემს შვილს თუ არ მოეწონა, შემიძლია, ჩემი პირადი ურთიერთობა და თუნდაც გრძნობები დავთმო. აუცილებლად ლუკას უნდა მოეწონოს ის, ვინც ჩემ გვერდით იქნება, რადგან მე, ლუკა და ის მთელი ცხოვრება ერთად უნდა ვიყოთ. გასაგებია, რომ ის ნამდვილი მამა არ იქნება, მაგრამ აუცილებლად მამობა უნდა გაუწიოს. რაც ბავშვს ამ წლებში უმამობით მოაკლდა, მან უნდა აუნაზღაუროს. თან, კარგი მეგობრებიც უნდა იყვნენ და მომავალშიც არ უნდა გამოარჩიოს ჩვენი საერთო შვილისგან. ეს თუ ცოტათი მაინც ვიგრძენი, გავგიჟდები. ახლა უკვე ისეთ ასაკში ვარ, სხვანაირად და სხვა რაღაცეებზე მჭირდება დაფიქრება, რომ მეორედაც კრახი არ განვიცადო. თორემ, უპირველესად, ჩემი შვილის წინაშე ვიქნები დამნაშავე. ნებისმიერ რაღაცაზეც რომ ვფიქრობ, ჯერ ლუკას ადგილას ვაყენებ ჩემ თავს, მოეწონება თუ არა და მის აზრს ვითვალისწინებ.
– შენი შვილი უცნაურ კითხვებს არ გისვამს?
– ჯერ არა. ის კი არა, ჯერ ისიც არ უკითხავს, მამა რატომ არ არის ჩვენთან ერთადო?! ალბათ, ან გაანალიზებული აქვს, რადგან ჭკვიანი ბავშვია, ანდა უმამობას ვერ გრძნობს. მამა უყვარს მაშინ, როცა ის მოდის და ნახულობს, თორემ, ისე, ნოსტალგია არ აქვს. არასოდეს დაუწუწუნია, მამა მენატრებაო. ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ ისეთ პირობებს ვუქმნით ოჯახში მე, მამაჩემი და დედაჩემი, რომ ვერ გრძნობს იმ დანაკლისს. ალბათ, ოდესმე დამისვამს კითხვას ამასთან დაკავშირებით და მეც ავუხსნი, ცალკე რომ გვეცხოვრა, ეს უპირველესად, მისთვისვე იყო უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლი გახდებოდა. ამიტომ, უმჯობესია, ცალ-ცალკე ვიცხოვროთ – დედაც კარგად ახსოვდეს და მამაც.