რა ემართება?!
მამაკაცები ზოგჯერ უცნაურად იქცევიან. არ არის გამორიცხული, ასე თქვენ გეჩვენებოდეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში ბევრი რამ გადაფასდება ხოლმე. ასეთ დროს თავის მტვრევას იმაზე ფიქრით, რა ემართება თქვენს ძვირფასს და ერთადერთს, ჯობია, კარგად დააკვირდეთ, რა შეიძლება იყოს მისი ხასიათის შეცვლის ჭეშმარიტი მიზეზი. არჩევანი არც ისე დიდია.
1. შიში იმისა, რომ წლების მატებასთან ერთად მისი მამაკაცური შესაძლებლობები დაიკლებს, ის აღარ მოეწონებათ, მათ შორის, აღარც თქვენ, ამას მამაკაცები თავის ქვეცნობიერში საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან. წამალი მარტივია – შექება! დიახ, მამაკაცებს შექება და ფრთაშესხმა ისე სჭირდებათ, როგორც არავის ქვეყანაზე. ნუ დაგეზარებათ, აგრძნობინოთ, რომ ის ერთადერთია და შეუცვლელი;
2. მკაცრი რეგლამენტი, რომელიც გადადის რუტინაში. დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, მამაკაცს კომფორტი და სიმშვიდე სჭირდება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალები უფრო ენერგიულები ვართ და ამტანებიც;
3. შური. დიახ, შეიძლება მას შურდეს იმ მამაკაცების, რომლებმაც ცხოვრებაში უკვე მიაღწიეს რაღაცას. შეიძლება, თქვენი მეუღლე ძალიან განიცდის, რომ უფრო მეტი ვერ გააკეთა ცხოვრებაში. ამ შემთხვევაშიც „მაშველი რგოლი“ თქვენ უნდა იყოთ. გჯეროდეთ, რომ ის ამას დააფასებს. უთხარით, რომ ცხოვრება და უკეთესი მომავალი, ჯერ ისევ წინ არის. თქვენ არ ხართ უკმაყოფილო და ყველა გადაწყვეტილებაში მხარში დაუდგებით;
4. მოწყენილობა – აი, სერიოზული მტერი თქვენი ოჯახური ჰარმონიულობისა. მამაკაცი კი გრძნობს, რომ რაღაცით უნდა გაიხალისოს ერთფეროვნება, მაგრამ რით, ამის მოსაფიქრებლად ფანტაზია არ ჰყოფნის. დაეხმარეთ მას. ხომ იცით, რა უყვარს და რა იტაცებს. თევზაობაშიც შეიძლება აუბათ მხარი. თუ მოინდომებთ, იქაც კარგად გაერთობით. მთავარი ხომ ის არის, მის გვერდით იყოთ და მისი პატარა სიყვარული გაიზიაროთ.