იყავი გულწრფელი
ბევრი ქალი, მაშინაც კი, როცა ყურებამდეა შეყვარებული თავის პარტნიორზე, მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ გრძნობების კარგად მიჩქმალვას ახერხებს. ისეთი „პოზა“ უჭირავს, თითქოს სულერთი იყოს, დაურეკავს თუ არ დაურეკავს, შეხვდება თუ არ შეხვდება, იქნება მის გვერდით თუ არა. მამაკაციც იბნევა და ვეღარ გაუგია, რა გააკეთოს. გასაგებია, რომ გვერდით მიხვედრილი, მგრძნობიარე და ყურადღებიანი პარტნიორი გჭირდებათ, მაგრამ არ უნდა მოსთხოვოთ მამაკაცს ის, რისი მოცემაც არ შეუძლია, კერძოდ – ქალური ალღო და მიხვედრილობა. შეიძლება, არ იცით, რომ მამაკაცების უმრავლესობა ქალში გულწრფელობას აფასებს. ისინი ხვდებიან, რომ ასეთ ქალს შეგიძლია, ენდო. ის არ მოგატყუებს და არ ითამაშებს. მხოლოდ ღიმილი და თეთრი კბილების გამოჩენა, პრობლემას ვერ შველის. კბილის პასტის რეკლამას ხომ არ აკეთებთ?! ნუ გაიცინებთ მაშინ, როცა არ გეცინებათ და ნუ მოიწყენთ ხელოვნურად მხოლოდ იმიტომ, რომ მას ცოტათი სევდიანი, მელანქოლიური არსებანი მოსწონს. ქალების უმრავლესობას სჩვევია, ყველაზე შეუფერებელ მომენტში – სახეზე მტანჯველი გრიმასა. კაცს ესეც ძალიან აბნევს და დისკომფორტს უქმნის. რა საჭიროა, თავი მოაჩვენოთ, თითქოს რაღაც გაწუხებთ. თუ გინდათ, რომ გვერდით დაგიდგეთ, როგორც ხელისშემწყობი და საიმედო დასაყრდენი, უთხარით მას პირდაპირ. თუ ის ამისთვის მზად არის, აუცილებლად დააფასებს თქვენს ნდობას. ხოლო, როცა კაცი ხვდება, რომ ქალი თამაშობს, ეჭვი უჩნდება მისი პიროვნების მიმართ, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ უკან დაიხიოს.