ნამდვილი ლედი...
დრო, როცა მიაჩნდათ, ნამდვილი ლედი არ შეიძლება სექსუალური და აქტიური იყოსო, წარსულს ჩაჰბარდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დიდი ხანია, ნამდვილი ჯენტლმენებიც თითქმის დინოზავრებივით გადაშენდნენ. მაგრამ ეს კიდევ არ არის მთავარი. პრობლემა ისაა, რომ დღეს, როცა პროგრესი საოცარი სისწრაფით მიიწევს წინ, არააქტიური ქალბატონები მოდაში აღარ არის. უფრო სწორად, მათ გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ და პარტნიორიც იპოვონ.
იმ ეპოქაშიც კი, როცა ჭეშმარიტი ლედი განსაკუთრებით იყო დაფასებული და საზოგადოებაში ქალის ქცევის უმნიშვნელო დეტალებსაც კი მნიშვნელობა ენიჭებოდა, მამაკაცებთან ურთიერთობაში ისინი სულაც არ იყვნენ პასიურები. თუმცა, აშკარად შეტევაზე არ გადადიოდნენ, ჰქონდათ ხერხები, რომლებსაც ოსტატურად იყენებდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა უარი თქვას იმ ღირსებებზე, რაც უხდება, რითაც ის ფასობს მამაკაცის თვალში. უბრალოდ, დღეს „ნამდვილი ლედი“ სხვანაირია. ეს არის ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა. ანუ, არის თავდაჯერებული, მიზანდასახული, შეუპოვარი და ზომიერად თამამი (არ აგერიოთ უზრდელობაში, რადგან ზრდილობა აბსოლუტურად განსხვავდება სითამამისგან). „ნამდვილი ლედი“ დახვეწილია და კარგი გემოვნება აქვს. იცის, სად რა თქვას და როდის. არ ეშლება სად არის ემოციის გამოჩენა საჭირო და სად – თავშეკავება. „ჭეშმარიტი ლედი“ არასოდეს იტყვის, „მე ყველაზე მაგარი ვარ და არაფერი შემეშლებაო“. პირიქით, ის ყოველთვის ცდილობს, ისწავლოს სხვის შეცდომებზე. გაითვალისწინეთ, რომ უმრავლესობა საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობს...
თუ გინდათ, რომ თქვენზე ყველას ამაღლებული შთაბეჭდილება დარჩეს, თუ მართლა გაქვთ პრეტენზია იმაზე, რომ გამორჩეული ქალბატონი ბრძანდებით, ნურასოდეს მოახდენთ ამის დემონსტრირებას ხელოვნური, არაბუნებრივი ხერხებით. ამას ისედაც ყველა შეიტყობს.