რატომ არ იჯდა დავით კალანდაძის ხასიათში პროექტი „დომ დვა“ და რა გარდატეხა მოახდინა „რეალითი შოუმ“ მის ცხოვრებაში
რუსეთში პოპულარული პროექტის „დომ დვას“ მონაწილე და ფინალისტი, ქართველი დავით კალანდაძე მოსკოვში პოპულარულ სახედ ითვლება. ის რამდენიმე წელია, უკვე რუსეთში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს. ბოლო დროს დავითი სერიოზულად დაკავდა სიმღერით და რამდენიმე სიმღერის ჩაწერის შემდეგ ალბომის გამოშვებაზეც დაიწყო ფიქრი. როგორ და სად დაიწყო მისი პოპულარობა და ხელოვნებასთან მეგობრობა, მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.
– რას საქმიანობდა დავით კალანდაძე მოსკოვში გამგზავრებამდე?
– უნივერსიტეტი თბილისში მაქვს დამთავრებული. პროფესიით ისტორიკოსი ვარ. ბავშვობაში „მართვეში“ ვმღეროდი. უნივერსიტეტში სწავლის დროს კი, როკ-ჯგუფი „სქაი ენდი“ ჩამოვაყალიბე. დაახლოებით, 5 წელი ვუკრავდით, რამდენიმე ფესტივალზეც გავიმარჯვეთ. ვმუშაობდი მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, პარალელურად, ვმღეროდი. მოსკოვში 1998 წელს წამოვედი და მას შემდეგ აქ ვარ.
– მოსკოვში სიმღერა ბოლო დროს დაიწყე, წინა წლებში რას საქმიანობდი?
– მანამდე მხოლოდ ჩემი ბიზნესით ვიყავი დაკავებული, რომელიც დღესაც მაქვს. რაც აქ ვარ, ყოველთვის მინდოდა ალბომის ჩაწერა. არასდროს მივლია პროდიუსერებთან და სტუდიებში, უბრალოდ, ვიყავი ჩემთვის და სიმღერებს ვწერდი. ახლა ვგრძნობ, რომ ალბომის გამოშვების დრო მოვიდა, რისთვისაც უკვე მზად ვარ. მოკლედ, შევაგროვე ჩემი სიმღერები და ოცნება მისრულდება, მალე ალბომს გამოვუშვებ.
– რა ბიზნესს ეწევი?
– ჩემი ფირმა მაქვს – მრავალდარგობრივი, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. ბიზნესი, ძირითადად, იმისთვის მინდა, ფინანსურად ფეხზე მყარად რომ ვიდგე.
– როგორც ვიცი, შენს ალბომში გიგა კვენეტაძის რამდენიმე სიმღერაც შევა.
– ალბომში ძირითადად ჩემი სიმღერებია შესული, თუმცა რამდენიმე სხვადასხვა ავტორებისგანაც შევიძინე. გიგასგანაც ვიყიდე რამდენიმე სიმღერა, ერთ-ერთია „როგორ მინდა მოგეფერო.“ ვიცოდი, ეს სიმღერა რუსულად რომ მემღერა, გაჰიტდებოდა და მაგრად „გაისროდა.“ ამიტომ, ეს სიმღერა გიგასგან ვიყიდე, რუსულად გადავაკეთე, ჩავწერეთ და ძალიან კარგი კლიპიც გადავიღეთ. ალბომს ერქმევა „მნე ჟალ.“ სიმღერა „მნე ჟალ“ ჩემი დაწერილია, რომელიც რუსულიდან ქართულ ენაზე გადავაკეთე და დავარქვი „შენ ხარ“. ის საქართველოსთვის ჩავწერე. ვფიქრობ, ქართული ვერსია უფრო კარგია ვიდრე რუსული. ამ სიმღერაზე კლიპი რიგაში გადავიღე, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა.
– მონაწილეობდი პროექტში „დომ დვა,“ რომელიც რუსეთში ძალიან პოპულარული და რეიტინგულია. შენ ერთ-ერთი ფინალისტი იყავი. რა გარდატეხა შეიტანა ამ პროექტმა შენს ცხოვრებაში?
– რუსეთში, პრინციპში, „დომ დვადან“ მიცნობენ. ამ შოუში ძირითადად იმის გამო წავედი, რომ იქ სიმღერის წერის საშუალება მქონდა. „დომ დვას“ მონაწილეებს მე ვუწერდი სიმღერებს.
– ეს სიმღერები თუ შევა ალბომში?
– არა, „დომ დვაში“ გაჟღერებული არც ერთი სიმღერა არ შევა ჩემს ალბომში. იმ სიმღერებს სპეციალურად პროექტისთვის ვწერდი.
– გაგიჭირდა პროექტში მონაწილეობა?
– მე მაგალითად, ბოლოს ძალიან მოვიწყინე და პროდიუსერებმაც შემატყვეს. ვფიქრობ, „დომ დვა“ ჩემი ხასიათის პროექტი არ არის. შოუს რომ მეტი მაყურებელი ჰყოლოდა, სულ გინება და ჩხუბი იყო. ერთადერთი ის მსიამოვნებდა, რომ სიმღერების წერის საშუალება მქონდა.
– ანუ, სკანდალების მოყვარული არ ხარ.
– არა. „დომ დვას“ შემდეგ ხალხი ქუჩაში რომ მხვდებოდა, ყველა მეუბნებოდა, „ვი ოჩენ დასტოინა სებია ვილი, ვი ნასტაიაში გრუზინ.“
– ყოველ შემთხვევაში, შენთვის რუსეთში ქართველობას ხელი არ შეუშლია.
– არა, პირიქით. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა ომი და გაუგებრობა იყოს რუსეთთან, ძველი, ქართული სითბო, მაინც ახსოვთ და მათ თვალში ქართველები არ გადაჯიშდნენ. მე, პრინციპში, მოსკოვში არანაირი პრობლემა არ მაქვს.
– შენი ოჯახის წევრები სად ცხოვრობენ?
– მამა დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის უფროსია. ჩემი ძმა საქართველოშია და დედაც.
– ქართულ ესტრადაზე კალანდაძის გვარი ცნობილია. ბესიკ კალანდაძესთან თუ გაკავშირებს ნათესაური ურთიერთობა?
– ბესოს გაცნობა დიდი ხანია მინდა და ვერა და ვერ გავიცანი. რუსეთშიც რომ იყო, მაშინაც ვერანაირი შეხების წერტილი ვერ მოვძებნე მასთან. იმედი მაქვს, აუცილებლად გავიცნობ.
– რუსულ შოუ-ბიზნესში რთულია თავის დამკვიდრება? რეიტინგული მომღერალი ხარ?
– ბევრმა რაღაცას რომ მიაღწიოს, მინიმუმ 2-3 წელი შრომობს, მე კი რამდენიმე თვეში 2 კლიპი გადავიღე, თითქმის ნახევარი ალბომი ჩავწერე და უკვე გარკვეულწილად, რეიტინგულიც ვარ. რადიოარხებზე ჩემს სიმღერებს ითხოვენ. ასეთი შედეგი 2-3 თვისთვის, ძალიან დიდი წარმატებაა. გაგიკვირდებათ, მაგრამ არც იმის ამბიცია მაქვს, რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი გავხდე. ის უფრო გამიხარდება, ვიწრო წრე თუ მომისმენს, ვიდრე მასამ მისმინოს, რომელსაც მუსიკა არც კი ესმის.
– თუმცა ფული და დიდება მაშინ მოდის, როცა ამისთვის მუშაობ.
– ღმერთის წყალობით, ფინანსურად სიმღერაზე არ ვარ დამოკიდებული.
– ანუ, ისევ ბიზნესი და ბიზნესი...
– კი. დღე და ღამე ვმუშაობ, თუმცა საკუთარი ფული მაინც არ მყოფნის სიმღერისთვის. ჩემი სპონსორები ზრუნავენ. მყავს ძალიან კარგი პროდიუსერი – აქსანა ბოიკო, რომელიც ყველანაირად მეხმარება. სხვათა შორის, აქსანამაც ახლა დაიწყო პროდიუსერობა და ძალიან აინტერესებს ეს საქმე. ძალიან მონდომებულია და უკვე აფასებენ. რადიოში რომ მივდივართ, ყველა სიმპათიით და მორიდებით ხვდება. მე და აქსანა სულ ერთად ვართ და ყველა ფიქრობს, რომ სიყვარული გვაკავშირებს, მაგრამ ჩვენი მაგალითით მინდა, დავამტკიცო, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა მართლა არსებობს. ყველა კლიპში აქსანა მინდა, გადავიღო, რადგან ჩემთვის ასეთი მონდომებული ჯერ არავინ ყოფილა. ის ყველაფერს აკეთებს, რომ წარმატებული და ბედნიერი ვიყო. თუკი რამ ტალანტი გამაჩნია, ის ყველაფერს ხედავს.
– ერთმანეთი სად იპოვეთ?
– ეს საიდუმლოა. ჩემი სიმღერები ინტერნეტში იდო, თან „დომ 2-ს“ უყურებდა. როგორც გავიგე, ჩემი გაცნობა ძალიან უნდოდა. გავიცანით ერთმანეთი, საერთო ენა გამოვნახეთ და დავიწყეთ კიდეც ერთად მუშაობა. ძალიან კარგი ადამიანია, ასეთი ადამიანები მართლა არ არსებობენ. პროდიუსერში ძალიან გამიმართლა, ის ღმერთმა გამომიგზავნა.
– როგორც ვიცი, აქსანა ფინანსურად საკმაოდ შეძლებული ქალბატონია.
– მე ასეთი არაფერი შემიმჩნევია და თქვენ საიდან იცით? უბრალოდ, ძალიან მონდომებული პროდიუსერია, თან ჩვენ მისი ფულით არაფერს ვაკეთებთ.
– მართალია ირწმუნე, რომ ქალ-ვაჟს შორის მეგობრობა არსებობს, მაგრამ ალბათ, მაინც არის ვიღაც, ვისზეც სხვაგვარად ფიქრობ და არ გსურს, მასთან მხოლოდ მეგობრობა გაკავშირებდეს.
– მთელი ცხოვრება ძებნაში ვარ. განსაკუთრებითაც არავის ვეძებ, რადგან ვიცი, ასეთი ადამიანი თავისით მოვა, შემთხვევით შემხვდება და მეც ამას ველოდები. ძალით ვერავის შევიყვარებ. სამწუხაროა, რომ ამდენი წელი არავინ მყვარებია.
– ვინც ეძებს, პოულობს.
– უკვე აღარც ვეძებ, რადგან ვიცი, რომ შემთხვევით შევხვდებით ერთმანეთს.
– რამდენი წლის ხარ?
– 30-ის და კიდევ ცოტა მეტის.
– მოსკოვში მოღვაწე რომელ ქართველ მომღერლებთან გაქვს ურთიერთობა?
– ძირითადად, დათო ხუჯაძესთან და გიგა კვენეტაძესთან ვმეგობრობ, ასევე აჩიკო მეფარიძესა და ქეთა თოფურიასთან. მათ ძალიან მაღალი დონე აქვთ და ყველას თაყვანისმცემელი ვარ. ისინი მართლაც ტალანტები არიან.
– რომელიმესთან დუეტის ჩაწერას ხომ არ გეგმავ?
– ხომ იცი, ქართველები ყველანი მეფეები რომ ვართ! ამიტომ, ყველამ თავის სამეფოში უნდა იმღეროს. ისე, რატომღაც ორმა ბიჭმა დუეტში რომ იმღეროს, ცოტა საეჭვოც იქნება (იცინის).
– რაზე ოცნებობ?
– ოცნება რომ მქონდეს, ბედნიერი კაცი ვიქნებოდი. მე ძალიან პრაქტიკული ადამიანი ვარ, რომანტიზმი ჩემგან შორს არის.
– საბოლოოდ, მოსკოვში გეგმავ დარჩენას თუ სამშობლოში დაბრუნდები?
– საბოლოოდ საქართველოში აუცილებლად ჩამოვალ, აბა, აქ რა მინდა? ნამდვილად არ მინდა, აქ მოვკვდე და მორგში დამწვან, მე მინდა, საქართველოში მოვკვდე და მეზობლებმა და ნათესავებმა ქართულად დამიტირონ. მე იქ ვიქნები, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას მოვახერხებ. დღეს აქ შემიძლია ამის გაკეთება, ხვალ შეიძლება ამერიკაში წავიდე ან იტალიაში, არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს ნახევარ საქართველოს მე ვაჭმევ (იცინის).
– საქართველოში როდის გეგმავ ჩამოსვლას?
– ზაფხულში აუცილებლად ჩამოვალ.