ვინ დაპატიჟა კახა კანდელაკი „ფლეიბოის“ გემზე და როგორ მოხვდა ის მილიონერთა კუნძულზე
„ისტერნ პრომოუშენის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კახა კანდელაკი საკუთარი საქმიანობის წყალობით, ძალიან ბევრ საინტერესო და ეგზოტიკურ ადგილზე მოხვდა. უცხოეთის ხიბლს საკმაოდ ადრეული ასაკიდან ეზიარა, თუმცა ძველი დროისგან განსხვავებით, როცა პაემანზე წასასვლელად „კაგებეშნიკების“ მოქრთამვას ცდილობდა, ახლა „უკომპასო“ ტურისტია და ყველგან თავისუფლად დადის. ქართული ჯაზფესტივალების ორგანიზატორს, ცნობილი ვარსკვლავების მეგობრობა ძალიან ბევრჯერ წაადგა. მათი წყალობით კახა კანდელაკმა ორი ოცნების ასრულება შეძლო – „ფლეიბოის“ გემზე ცნობილ ჯაზმენთან კალათბურთი ითამაშა, ქართული ორიგინალურობით კი გრემის ცერემონიალზეც კი მოხვდა.
კახა კანდელაკი: ჩემი სპორტული წარსულის წყალობით თითქმის ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი. უცხოეთში, საკმაოდ ადრეულ ასაკში მოვხვდი – თბილისის „დინამოში“ ვთამაშობდი, ვიყავი საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრების წევრი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული გუნდი იყო. იმ პერიოდში ნაკრებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთი-ორი ქართველი წყალბურთელი, რათა გუნდი „დუხზე“ ყოფილიყო. რუსები ცოტა მშიშრები იყვნენ, როცა იუგოსლაველებს და უნგრელებს ვხვდებოდით, ისინი ჩხუბზე გადმოდიოდნენ ხოლმე, თუ ჩვენს გუნდს შეეშინდებოდა, შეხვედრას ვაგებდით. ამიტომ იყო საჭირო გუნდში ქართველი – პირველები ჩვენ დავცხებდით ხოლმე, მერე რუსები ისე ყოჩაღდებოდნენ, ჩვენზე მაგრად ჩხუბობდნენ. ამის მიუხედავად, გუნდში ორზე მეტი ქართველის ერთად თამაშს არ უშვებდნენ. მათი აზრით სამი ქართველი ერთად, უკვე ბანდა იყო, თან მთელი ნაკრები ქართულად იწყებდა ლაპარაკს (იცინის). სპორტის წყალობით, ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა – 15 წლიდან დავდიოდი სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში, თავიდან სოციალისტური ქვეყნების ბანაკები ავითვისეთ, მერე კაპიტალისტურ ქვეყნებზე გადავედით. მოვიარეთ კანარის კუნძულები, ბრაზილია, სინგაპური. მახსოვს, როცა ამ ქვეყნებში მოვხვდი, ჭკუაზე აღარ ვიყავი. მაგარი ხამებივით ვიქცეოდით. სასტუმროში შუშის ლიფტი რომ ვნახეთ, მთელი გუნდი „დავეცით“. გავოგნდით, კარი თავისით რომ გაიღო, ვფიქრობდით, ნეტავ, ვინ აღებს კარსო? (იცინის). საჩუქრებიც კი ხამური ჩამოგვქონდა. „კოკა-კოლას“ ქილები, „ლევისისა“ და „ლაკოსტას“ „ნაკლეიკები“, მაგარ დონედ ითვლებოდა. აქ ისეთი სიტუაცია იყო, თუ იცნობდი ვინმეს, ვინც რეი ჩარლზის კონცერტზე ყოფილა, შენც მაგარი იყავი; ან თუ იცნობდი ისეთ ვინმეს, ვისაც მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა. მახსოვს, ჩემი პირველი ემოციები უცხოეთის აეროპორტებზე, სასტუმროებზე. ყოველთვის მაგარ სასტუმროებში გვიწევდა ცხოვრება. არ ვიცოდით, რა იყო ვიზა, ჩვენს მაგივრად პრობლემებს სხვები აგვარებდნენ. ერთადერთი რაც დისკომფორტს გვიქმნიდა იყო ის, რომ ჩვენთან ერთად „პაეზდკებში“ ყოველთვის დადიოდა ორი „კაგებეშნიკი“. ამის გამო დაძაბულები ვიყავით, რომ რამე ისეთი არ გაგვეკეთებინა, რაც მერე ჩვენს მშობლებს პრობლემებს შეუქმნიდა.
– რას გიკრძალავდნენ უცხოეთში „კაგებეშნიკები?“
– რამე ისეთი რომ გაგვეკეთებინა, რაც მათ არ მოეწონებოდათ, შეიძლება გუნდიც კი დაგეტოვებინა, ან ცხოვრებაში აღარ გაგიშვებდნენ უცხოეთში. ტურნირებზე ვხვდებოდით ხოლმე იტალიელ, ამერიკელ წყალბურთელებს. ისინი თამაშის მერე ფორმების გაცვლას გვთხოვდნენ. ამას ვერ ვბედავდით, რადგან ფორმის გაცვლა სამშობლოს გაცვლას ნიშნავდა, არადა ისე მაგრად ვთამაშობდით, ვანგრევდით ხოლმე უცხოელებს. ტურნირის მერე ბანკეტებსაც კი ვერ ვესწრებოდით თავისუფლად. ერთხელ ზაგრებში ვიყავით, თამაშის მერე გვითხრეს: საბჭოთა დელეგაციაზე თავდასხმა მზადდებაო. ამის გამო საღამოს თერთმეტ საათზე დაგვაძინეს. ამ დროს სასტუმროს გარეთ ისეთი ხალისი იყო, ინგრეოდა ყველაფერი. როტ სტიუარტი ჰყავდათ ჩამოყვანილი, კონცერტის მერე „ავთერშოუ“ გაიმართა. მთელი მსოფლიო ზაგრებში იყო. ჩვენ კი სასტუმროს ნომერში გამოგვკეტეს. არავითარი თავდასხმა არ მზადდებოდა, ვის რაში სჭირდებოდა საბჭოთა წყალბურთელები? (იცინის). ასეთი მკაცრი წესების მიუხედავად, ბიჭები გაძვრომას მაინც ვახერხებდით, მით უმეტეს, პაემნებზე უცხოელ ქალბატონებთან. ბოლოს მოვუძებნე მეთოდი „კაგებეშნიკს“ – ეს მარტო ქართველს შეეძლო, ფულს ვჩუქნიდი ხოლმე და მიშვებდა. ოღონდ მეუბნებოდა: კანდელაკი, მარტო წადი, არავინ წაიყვანოო (იცინის).
– როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ „ფლეიბოის“ გემზე მოხვდით, სადაც სტუმრებიც და მასპინძლებიც „ფლეიბოის“ „წესებით“ ცხოვრობდნენ.
– მთლად მასეც არ ყოფილა საქმე, თუმცა ნამდვილად ძალიან ორიგინალური კრუიზი იყო (იცინის). „ფლეიბოი“, როგორც ბრენდი, ჯაზ-ფესტივალის სპონსორია, ფლეიბოის – „ჯაზ-კრუიზი“ ტრადიციულად იმართება და საკმაოდ დიდი გემი გადის მაიამიდან კარიბის კუნძულებამდე, იქ ოფიციანტები, მიმტანები, კაზინოს კრუპიეები ყველანი „ფლეიბოის“ ფორმაში, კურდღლის კუდებით იყვნენ. გემზე ეროტიკული დიდი არაფერი ხდება. ხალხი ოჯახებით მიდის ამ კრუიზში. გემს აქვს დიდი დარბაზი და ყოველდღე კონცერტები იმართებოდა ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით. ამ გემზე იოლად ვერ მოხვდები, მკაცრი „ფეის-კონტროლი“ უნდა გაიარო. უცებ მოგინდეს, იყიდო ბილეთი და წახვიდე, ასე ნამდვილად არაა. თუ ჯაზთან და შოუ-ბიზნესთან არაფერი გაკავშირებს, გემზე ვერ მოხვდები. გემზე სულ 2 000 კაცი ეტევა, ამ კრუიზში მოხვედრის მსურველი ამაზე გაცილებით მეტია. ჩვენ ვიყავით მარკუს მილერის სტუმრები, მან იცოდა, რომ ჩვენ შავი ზღვის ჯაზ-კრუიზის მოწყობა გვინდოდა. მისმა მენეჯერმა გვითხრა: საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, როგორ იმართება ეს კრუიზებიო. ჩვენ რომ გვეგონა, ჩავიდოდით სადმე, გემს ვიქირავებდით და კრუიზს მოვაწყობდით, ეს ასე მარტივი არ ყოფილა. კრუიზში ჩართულია ყველა, რესტორნის მომსახურე პერსონალიც კი.
– თქვენც მოირგეთ „ფლეიბოის“ ფორმა?
– არა, ჩვენ კურდღლის კუდები არ გვეკეთა. ერთ ღამეს მოაწყვეს ასეთი შოუ – დარბაზში ყველა ისე უნდა ასულიყო, როგორც ღამით ეძინა. მართლაც ყველა კაციან-ქალიან-ბავშვიანად პენუარებთ გამოცხადდნენ. მერე კონკურსი ჩატარდა, სხვადასხვა ნომინაციებში. ჩვენ გვიან ავედით დარბაზში, ეტიკეტი დავარღვიეთ – შორტები და „მაიკები“ გვეცვა. გემზე იყვნენ: „კარნეგი ჰოლის“ დირექტორი ოჯახთან ერთად, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალის რედაქტორი ოჯახით, გრემის აკადემიის შეფობა. გემზე ასევე იყვნენ „ფლეიბოის“ სახეებიც. მათ შორის ერთ-ერთი 70 წლამდე იქნებოდა, რომელიც „ფლეიბოის“ პირველი სახე ყოფილა. გემზე იყო ძალიან ბევრი მილიონერი, რომლებიც არაფრით გამოირჩეოდნენ სხვებისგან, ჩვეულებრივი ტიპები იყვნენ და ისე იქცეოდნენ, გეგონებოდა, შენ უფრო მეტი ფული გაქვს.
კრუიზი ძალიან საინტერესო იყო. ერთი ამბავი ატყდებოდა ხოლმე დილიდან აუზთან. ყველა თავის სტიქიაში იყო – ზოგი ბარბექიუს წვავდა, ზოგი კალათბურთს თამაშობდა. შეიძლება ჰენრი ჰენკოკთან გეთამაშა კალათბურთი, მარკუს მილერი სალათის გაკეთებას გვასწავლიდა (იცინის). ყველა კუნძულთან სხვადასხვა სახის გასართობებს გვთავაზობდნენ – სერფინგითაც ვისრიალეთ, ვითევზავეთ, ვიყვინთავეთ კიდეც. ისეთი ფერის წყალი იყო, სხვაგან არსად მინახავს. ათ-ათკაციან ჯგუფებად გავდიოდით გემიდან იახტებით. იამაიკის ერთ-ერთ კუნძულთან ჩასაყვინთად გადავედით. წყალში პატარა ზვიგენი აგვეკიდა. მე მიშას ვუთხარი: დროზე წავიდეთ აქედან, მშობლებს არ დაუძახოს-მეთქი (იცინის). მერე გემი მიადგა ბაუნტის ფორმის კუნძულს – სან ბარტს, სადაც ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობს, კუნძულზე იყო 2 000 მაგარი ვილა, 2 000 „კუკურუზნიკი“ და 2 000 როლს-როისი, ნახევარი დღე გავატარეთ იმ კუნძულზე, ისეთი რამეები ვნახე, მხოლოდ სიზმარში რომ შეიძლება ნახო (იცინის).
– როგორც ვიცი, მეგობრებთან ერთად გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე სტუმრების ყურადღების ცენტრში მოხვდით. რით დაიმსახურეთ ლოს-ანჯელესში შეკრებილი საზოგადოების ინტერესი?
– ეს ყველაფერი ჩვენი მეგობრისა და მასპინძლის სერგი ნაკაიძის ბრალი იყო. სერგი დიდი ხანია, რაც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ერთ-ერთი წარმატებული ქართველია. იქ თავისი ბიზნესი აქვს. ჩვენ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გავიცანით, მუსიკამ დაგვაახლოვა. ლოს-ანჯელესში ხშირად ხომ ვერ ჩავალთ და სერგი გვეხმარება ხოლმე მოლაპარაკებებში, რომელსაც იქ ვაწარმოებთ. მისი რეკომენდაციით ჩამოვიყვანეთ კრის ბოტი, მაშინ სერგიც ჩამოვიდა თბილისში და უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. როცა გრემის დაჯილდოებაზე მიდიხარ, საგანგებოდ უნდა მოემზადო. ლოს-ანჯელესში პირველად ჩავდიოდით, ბილეთებში მითითებული იყო, რომ აუცილებლად სმოკინგებში უნდა ვყოფილიყავით ჩაცმულები. აქედანვე შევავსეთ ანკეტები და სმოკინგები შევუკვეთეთ „პრაკატით.“ თურმე, ჩვენი ზომები რომ ნახეს, გაუკვირდათ, ეს რა ხდება, რამხელები არიან, შოუ-ბიზნესის ხალხია თუ რაგბის გუნდის წევრებიო. სერგიმ გვითხრა: სიურპრიზი უნდა მოგიწყოთო და დაგვხვდა აეროპორტში დიდი „გრუზავიკით“, ისეთი მანქანა იყო, ციხიდან პატიმრები რომ გადაჰყავთ. მე ვიფიქრე: ეს რა უბედურებაა-მეთქი, მაგრამ შევედი მანქანაში და რას ვხედავ: მანქანა კი არა, ნამდვილი სასტუმროა ტყავის სავარძლებით, ყინულით სავსე განყოფილებებით, ბევრი ვისკით, ტეკილით და კარგი მუსიკით. პირველივე წუთებიდან მაგარი დრო ვატარეთ, გრემის დაჯილდოებაზეც იმ მანქანით მივედით. ხალხი გაოცებული გვიყურებდა, ჩვენი მანქანაც ლიმუზინი იყო, მაგრამ არასტანდარტული. ამერიკაში ხომ ყველაფრისგან შოუს ქმნიან და ჩვენც შოუს პერსონაჟები გავხდით (იცინის). მერე იქ მარკუს მილერი შეგვხვდა, გადაგვეხვია, იქ ჩიკორია იყო, კიდევ სხვა ნაცნობები ვნახეთ, რამაც დამსწრე საზოგადოება გააოცა. ერთმანეთს რომ გადავეხვიეთ, ყველა გვიყურებდა: ეტყობა, ფიქრობდნენ, ესენი ვიღა არიანო. ჩვენი ყოფილი სტუმრები თანმხლებ პირებს აცნობდნენ ჩვენს თავს და ეუბნებოდნენ: ამათ ძალიან მაგარი სამზარეულო აქვთო და ამ დროს იქ „იკრით“ იყო გაჭედილი იქაურობა. თურმე, ამათ ჩვენი საჭმელი არ ენატრებათ? ერთი სული მაქვს მივვარდე საჭმელს, „ბანტიკი“ მოვიხსნა, მაგრამ რას ვიზამ, იქ „სვეტსკურად“ უნდა ჭამო.. (იცინის) ლოს-ანჯელესში ხუთი დღე დავრჩით, მერე ლას-ვეგასში წავედით.
– კაზინოში ცდიდით ბედს.
– ლას-ვეგასი სულ კაზინოა, არსად შესვლა არ გინდა – პირდაპირ კაზინოში ხარ. მე არ ვარ აზარტული და კაზინოზე გადარეული, სხვებმა სათამაშო ავტომატებით მოიგეს ფული. მე უფრო სხვა გატაცებები მქონდა – სანტანას კონცერტს დავესწარი, ფრანგულ ცირკში ვიყავი, ნიუ-იორკში მაგარ კალათბურთზე წავედი, ვიყავი პატარა ღვინის რესტორანში. ნატალი კოლის დაბადების დღეზე დაგვპატიჟეს, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო.