როგორ იქორწინა „ალქაჯზე“ მიშა არჯევანიძემ და როგორ გააგიჟა მისი მეგობრები მისმა ცოლმა
მიშა არჯევანიძე, რომელმაც ეკრანზე შტერი ქმრის როლი კარგად მოირგო, ცხოვრებაშიც რბილი და დამთმობია. ცოლის მსგავსად, სახლში მაშინ შეუძლია დაამტვრიოს ყველაფერი და მთები გადადგას, თუ წყობიდან, ძალიან გამოიყვანეს. ცოლის აგრესია და პირდაპირობა თან მოსწონს, თან – არა. ყოველ შემთხვევაში მის თვალში მოწონება მაშინ დაიმსახურა, როცა მასთან არყით ხელში მისულ ძმაკაცებს სასმელი ლამის თავზე გადაასხა. ოჯახურ თემაზე მიშა ღიად და ხალისიანად გვესაუბრა.
– სიმართლე გითხრა, შენი გარეგნული მონაცემებისა და ეკრანული სახიდან გამომდინარე, ცხოვრებაშიც ხომ არ გაგიჭირდა დაოჯახება?
– ერთად ვთამაშობდით თეატრში, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი – როგორც ქალს, ვერ აღვიქვამდი. თვითონ გამოხატავდა ინიციატივას და ამაზე ძალიან მეცინებოდა. გვერდით თუ ვეჯექი, აუცილებლად საუბარში უნდა ჩამხტომოდა, მწარე სიტყვები ეთქვა. რამეზე რომ ვიტყოდი, ეს მინდა-მეთქი, მაშინვე ჩნდებოდა. ერთხელ ვთქვი, სიგარეტი მაქვს საყიდელი-მეთქი და ეგრევე გაჩნდა. ძალიან თბილი იყო ჩემ მიმართ და ყურადღება მიიქცია. მერე აღმოვაჩინე სწორედ ისეთი იყო, როგორი ქალებიც მომწონს – თეთრი, ქერათმიანი, ცისფერთვალება, მაგრამ ერთი პრობლემა იყო. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ თექვსმეტი წლის გოგოს გათხოვების. ადამიანმა ჯერ რაღაცას უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, პროფესია ამოირჩიოს, მუშაობა დაიწყოს, ვიღაცეები გაიცნოს, მეგობრები გაუჩნდეს. მაგრამ, მერე იმასაც მივხვდი, რომ ამ მხრივ ხელს არაფერი მიშლიდა. შემეძლო, ყველაფერში მხარში ამოვდგომოდი და ასეც მოვიქეცი. საშუალოც მე დავამთავრებინე. ზაქარიაძის სახელობის ტექნიკუმში სწავლობდა, მაინცდამაინც არ მოსწონდა იქ სწავლა, მაგრამ ატესტატი ხომ უნდა აეღო? მითხრა: წამოდი, თუ მოგეწონება, დავრჩები და დავამთავრებო. შემდეგ თეატრალურში ჩააბარა. ბევრი რაღაც გადავიტანეთ ერთად. ძალიან დიდხანს ველოდებოდით ბავშვს და მხოლოდ მერვე წელს შეგვეძინა. თუმცა, ის წლები არ ყოფილა უინტერესო. ამასობაში ინსტიტუტის დამთავრება მოასწრო, მუშაობა დაიწყო. აბსოლუტურად ყველაფერში ვუწყობდი ხელს. მეგობრებთან ისე მიდიოდა და მოდიოდა, თითქოს გათხოვილი არც ყოფილიყო. არაფერში შემიშლია ხელი. უნდოდა სადმე წასვლა, პრობლემა არ იყო. ღამეც რჩებოდა მეგობრებთან. შენ უნდა იზრუნო იმაზე, რომ ადამიანი რომელიც გიყვარს, ბედნიერი იყოს. თუ ჩაკეტავ, ოქროს გალიაც რომ ჰქონდეს, არასოდეს იქნება ბედნიერი.
– ესე იგი ცოლს სრული თავისუფლება მიეცი.
– ადამიანები ვართ და ყველაფერი ხდება. თუ რაღაც მოხდა, კაცობრიობის ისტორიაში ეს არ იქნება პირველი. მშვიდად, წყნარად დავცილდებით ერთმანეთს – ისე, რომ ბავშვმა ტრავმა არ მიიღოს. ჩხუბი მაგარი სისულელეა. არ შეიძლება, სცემო იმის გამო, რომ ვიღაც შეუყვარდა. ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი. არაფერია გასაკვირი ამაში.
– რა პირობებში დაიწყეთ ცხოვრება, რა გქონდათ და რა არა?
– თუ შექმენი ოჯახი, კეთილი ინებე და სათანადო დონეზე გყავდეს ნაჭამი, ნასვამი, ჩაცმულ-დახურული. ჩვენ ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. ერთადერთი, რამონას გამზრდელმა ბებიამ დაგვიტოვა ერთოთახიანი და ამიტომ ამის პრობლემა არ გვქონდა. მერე ის გავყიდეთ და დიდუბის ეკლესიასთან ვიყიდეთ სამოთახიანი. რომ დავქორწინდით, ჩვენი შემოსავალი, ერთად აღებული, სამოცი ლარი იყო. ყოფილა შემთხვევა, თვეობით ვერ ვიღებდით ხელფასს. შესაბამისად, ფული აბსოლუტურად არაფერში გვყოფნიდა. ვცდილობდით, ელემენტარულად რაღაც ტანსაცმელი გვეყიდა, რომ ძონძებში არ გვევლო. ორი წელი ჩემმა ცოლმა თავისი ქალიშვილობის ტანსაცმელში გაატარა, ისე რომ მისგან პრეტენზია არ გამიგია. საჭმელს როგორ ვჭამდით, არ მახსოვს. ხორცის ყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მერე დავიწყეთ სკოლებში სიარული, სპექტაკლებს ვთამაშობდით, ჯამბაზად ვმუშაობდი სადღესასწაულო ცენტრში, დაბადების დღეებზე დავდიოდი.
– მთელი პასუხისმგებლობა მაინც კაცზე მოდის. ძნელია ოჯახის შენახვა?
– მაგალითად, ბაზარი, კომუნალური გადასახადები ჩემზეა. გადასახადები ზამთარში, თვეში ორას ორმოცდაათ ლარამდე ადის, პლუს, ბავშვის ბაღი, ცურვა. გასავალი იზრდება და ამიტომაც ძალიან ბევრს ვმუშაობ. ორ თეატრში ვარ, გადაღებები მაქვს. მე რომ ეს პასუხისმგებლობა ზურგზე არ მეკიდოს, ალბათ, მთელი დუნია მექნებოდა მოვლილი, ბევრს ვიმოგზაურებდი, რაზეც არანორმალურად ვოცნებობ.
– ქმრების უმრავლესობა წუწურაქია. შენ?
– წუწურაქი არასდროს ვყოფილვარ. ჩემს თვალში ასეთი ადამიანები სულელურად გამოიყურებიან, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ჩემი ცოლი უფრო კარგად განაგებს ოჯახს და არასდროს, არც ერთი თეთრი არ დამიკლია მისთვის. ერთხელ დედაჩემმა მითხრა: შვილო, ყველაფერი კი არ უნდა აჩვენო ცოლსო. ვაიმე, ნათელ, – ვუთხარი, – შენ შემოგევლე, შენი ქმარი რომ არ გაჩვენებდა ყველაფერს, ამიტომაც გაეყარეთ ერთმანეთს-მეთქი. უნდა გენახა, მათი გაშორება იყო დიდი სამამულო ომი. ფულის შენახვას აზრი არ აქვს. ცხოვრება მიდის და გვერდით გჭირდება ადამიანი, რომელიც შენთან თავს კომფორტულად გრძნობს და შენ – მასთან. არასოდეს ვეკითხები, რაში რამდენი დახარჯა, ის უფრო მეკითხება. უცებ რომ გამიქრება ფული, სად დახარჯეო.
– რა უდარდელები ხართ ეს კაცები. დილიდან რომ გადიხართ სახლიდან, გვიანობამდე არ შედიხართ. სახლში დასვამთ ცოლს, ალაგებინებთ, არეცხინებთ, ბავშვებს უვლიან. რა გენაღვლებათ?
– ასე არ არის. მე რომ დილის თერთმეტის ნახევრისთვის გავდივარ სახლიდან და გვიანობამდე არ შემოვდივარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას ვიხსნი თავიდან. ვცდილობ, ჩემმა ცოლმა მძიმე არ აწიოს და თუ რამეა მოსატანი, მე მოვიტანო. სილამაზის სალონში შესვლის დროც არ მრჩება. ვგიჟდები სახლში ყოფნაზე. ბავშვს რომ დავაძინებთ, მე და ჩემი ცოლი ძალიან დიდხანს ვზივართ სამზარეულოში და ვლაპარაკობთ.
– შენს ცოლს საეჭვიანოც არ ექნება. ლამაზი ქმარი არ ჰყავს და ვისზე იეჭვიანოს?
– ჩემი ცოლი ახლაც კი ეჭვიანობს. არ სჯერა, რომ თქვენთან ვარ ჩაწერაზე, იმიტომ რომ იცის, დღეს გადაღება არ მაქვს. თან, მარტო ქალებზე კი არა, ყველაზე ასეა. მეგობრებთან ერთად სურათები რომ მქონდა გადაღებული და თვითონ იქ, არ იყო გიჟდებოდა. ამან ნელ-ნელა გაიარა, და მერე ყველას ძალიან დაუახლოვდა. ბევრი მეგობარი გოგო მყავს და ყველა მისი დაქალი გახდა. საერთოდ, ძლიერი, ვაჟკაცური ხასიათის ადამიანია. მასთან ცხოვრება არ არის ადვილი. თუ რაღაცის თქმა უნდა, მე კი არა, აბსოლუტურად ყველას პირდაპირ, პირში ეტყვის. მე ცოტა რბილი ვარ, როგორც რაჭველი და თუ, დავუშვათ, მოვურბილე სიტუაციას, ბრაზდება. არ შეიძლება ასეთი რბილი იყოო.
– ვაჟკაცური თვისებების მქონე ქალებს კაცები ვერ იტანენ. შენ მოგწონს ასეთი ცოლი?
– რაღაც მომენტში მომწონს, რაღაც მომენტში მშურს კიდეც მისი. ისეთი ადამიანია, უკან რომ არ მოიხედება და არ იფიქრებს, ხვალ რა შეიძლება მოჰყვეს ამას უფროსებთან თუ სხვებთან მიმართებითო. ერთმანეთისთვის წარბიც აგვიწევია და გვიჩხუბია კიდეც. ერთნაირად შეუძლია იყოს ძალიან აფექტურიც და ძალიან მხიარულიც. მტერს არ ვუსურვებ, ისეთი გაბრაზება იცის. შეიძლება, რაღაცეები დაამტვრიოს, ქალაქი გადაბუგოს.
– ან სახლი, ხომ?
– სახლი არა. სახლი ცოტაა მისთვის. მე სხვა ტემპერამენტის ადამიანი ვარ, როგორც უკვე გითხარი, რბილი, მაგრამ თუ ჭკუიდან გადამიყვანა, შეიძლება, მეც ავყვე და დავამტვრიო რაღაცეები. მერე არის გენიალური მომენტი, როცა ყველაფერი დამთავრდება, ვზივართ და ვიცინით. ჩემგან მეტს ითხოვს, იმიტომ, რომ მისი ვარ. თუ ჩათვალა, რომ უსამართლოდ მივეცი შენიშვნა, იქ, ყველაფერი მთავრდება.
– ამბობენ, ცოლ-ქმარი დროთა განმავლობაში ერთმანეთს ემსგავსებაო, მით უმეტეს, გიჟებიო. ისღა დამრჩენია, ხელი ჩამოგართვა და შენი მწუხარება გავიზიარო.
– გმადლობთ! რამდენჯერმე უთქვამს: ისე ხმამაღლა სუნთქავდი, მთელი ღამე არ მეძინაო. ამიტომ ვცდილობ, ჯერ თვითონ დაიძინოს და მერე მე. ეგ იმაზე ნერვიულობს, რომ შეიძლება, პოლიპები მქონდეს და გულზე არ იმოქმედოსო. სულ მეუბნება, ექიმთან წამოდიო, მაგრამ მეზარება. ერთხელ ისე მწარედ გამაღვიძა, ვერ აღგიწერ – ის მომენტი იყო, ღრმა ძილში მივდიოდი. ერთხელ, აგვისტოს ომამდე, სიზმარში ვნახე, ვითომ დავკარგე და ვეძებდი. მერე მოხდა კიდეც ომი.
– არ გეშინია, რომ გაგექცეს?
– სად უნდა წავიდეს, თავის სახლში ცხოვრობს. ჩემს ჩემოდნებს თუ გადგამს გარეთ, თორემ სხვა რა უნდა ქნას? ახლა, საერთოდ, ვცდილობთ, ხმამაღალი სიტყვა არ გავიდეს ჩვენი ოჯახიდან, რადგან ერთხელ რომ ძალიან ვიჩხუბეთ, ბავშვმა ტირილი დაიწყო. რაღაც მწარედ მითხრა და ვაღიარებ, ზედმეტი მომივიდა. ბავშვი კინაღამ გაგიჟდა, ბოლო ხმაზე რომ ვყვიროდი.
– როგორ ფიქრობ, ერთგული ცოლია?
– იცი, არასოდეს მიეჭვიანია და არც ვაპირებ ეჭვიანობას. ყოველთვის მიკვირდა, რატომ მოვეწონე, იმიტომ, რომ საკმაოდ მახინჯი ადამიანი ვარ, ის კი – ლამაზი, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. სამაგიეროს გადახდის სურვილი რომც გაუჩნდეს რაღაც მომენტში, ასე მაინც გადამიხდის სამაგიეროს. დარწმუნებული ვარ, ადამიანი თუ რამეს აკეთებს, იმიტომ რომ ასე უნდა და არა გასამწარებლად. ძალიან პირდაპირი ადამიანია იმისთვის, რომ ვიღაცას ზურგს უკან რაღაც გაუკეთოს.
– არასდროს შეგიმჩნევია, რომ ვიღაცას ეკურკურება?
– ეგ არ ვიცი, მაგრამ ვიღაცას რომ ურტყამს, მინახავს. მართალია, ხუმრობით აკეთებს, მაგრამ მაინც მწარედ გამოსდის. ამას წინათ, ჩემი ძმაკაცები მაგარი მთვრალები ამოვიდნენ ჩემთან არყით ხელში და ეუბნება: ახლა ასეთმა მთვრალებმა უნდა დალიოთო. ჰო, მერე რა მოხდა, მაიტა ჭიქებიო. ამან ჭიქები კი არ გამოიტანა, აიღო ეს ბოთლი და წყლის ნიჟარაში ჩაუშვა. პირდაღებულები უყურებდნენ. მიშა, უთხარი რამეო. რა უნდა ვუთხრა, სწორად იქცევა, შეხედეთ თქვენს თავებს, რას ჰგავხართ-მეთქი.
– შენც ასე თვრები ხოლმე?
– მე მთვრალი რომ ვარ, ბოდიშებს ვიხდი. სანამ მისი ქმარი გავხდებოდი, დეიდამისმა დამპატიჟა თავისთან. ვიცით, რომ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ სიმთვრალეში უნდა ვნახოთ, როგორი ხარო. აურაცხელი რაოდენობის სასმელი დამალევინა, შამპანური, ღვინო, არაყი, კონიაკი. იმ კონდიციამდე რომ მივედი, თითქოს ამორტიზატორებზე ვარ, ბოდიშების მოხდა დავიწყე. შენი თავის კონტროლი ყველა სიტუაციაში უნდა შეგეძლოს.