კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩააგდო თათია გიორგობიანის მუცელმა შოკში ჟურნალისტი და რა უგრძელდებოდათ მეზობლებს მისი თაყვანისმცემლის დანახვისას


მომღერალი და ტელეწამყვანი, თათია გიორგობიანი, ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური, ენაწყლიანი, თბილი ადამიანია. და ყოველთვის ცდილობს, ახლობლებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ასიამოვნოს. თათია ბევრ უცხო ქვეყანაშია ნამყოფი და, შესაბამისად, ბევრი საინტერესო და სასაცილო ამბავიც აქვს თავს გადახდენილი, რომლებსაც ის ყოველთვის დიდი სიამოვნებით და ღიმილით იხსენებს.

– თათია, ხშირად ხვდები გამოუვალ და კურიოზულ სიტუაციებში?

– ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და მოგზაურობა, აქედან გამომდინარე, ბევრი სასაცილო და გამოუვალი მდგომარეობაც მახსენდება, რაც თავს გადამხდენია. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ამ დროს ვიბნევი ან ვწითლდები, პირიქით, უფრო მობილიზებული ვხდები. ჩემი აზრით, ყველა სიტუაციას იოლად უნდა შეხედო, რომ გამოსავლის პოვნა არ გაგიჭირდეს. იმაზე რომ დავიწყო ფიქრი, ვაიმე, ეს რა მოხდა და რა დამემართა-მეთქი, შეიძლება, უარესი დამემართოს. პირადად მე ადვილად ვიძვრენ ხოლმე თავს. არ დამავიწყდება, ერთხელ, გასტროლებზე ვიყავით ბორჯომში, ფესტივალი „ბროლის ნაძვი“ ტარდებოდა. მიწვეული სტუმრები სასტუმროში დაგვაბინავეს და მე და ია ჩანტლაძე ერთ ნომერში მოვხვდით, ჩვენ ქვემოთ სართულზე კი კომპოზიტორი ეკა თევზაძე დაბინავდა. ვიფიქრეთ, კონცერტამდე მოვწესრიგდებითო, მოვუშვით ონკანი და... წყალი არ მოდის. ავტეხეთ ერთი ამბავი – რა უბედურებაა, დაბანა გვინდა და სასტუმროში წყალი როგორ არ უნდა იყოსო. ადმინისტრატორმა ბოდიში მოგვიხადა და დაგვაწყნარა – კონცერტიდან რომ დაბრუნდებით, გპირდებით, წყალი გექნებათო. მართლაც, წავედით კონცერტზე, კარგი დროც გავატარეთ და, რომ დავბრუნდით, ეკა თევზაძე არ დაგვხვდა „ჩარეცხილი“?! (იცინის). სანამ რამეს გვეტყოდნენ, მე და იამ დავიწყეთ: როგორ დაგრჩა, გოგო, ონკანი ღია!.. მე კი არა, შენ დაგრჩა! როგორ გეკადრება, ზუსტად მახსოვს, შენ დატოვე!.. მე რა შუაში ვარ, შენ დაგრჩა და ასე შემდეგ. კარგა ხნის „დებატების“ შემდეგ, ჩვენი მეგობარი შოთიკო მაღლაკელიძე მოგვიახლოვდა და გვითხრა: კარგი, არ დახოცოთ ერთმანეთი, რა განერვიულებთ, ხომ იცით, ეკა გვარად თევზაძეა და ისე გრძნობს ამ „ჩარეცხვის“ შემდეგ თავს, როგორც თევზი წყალშიო (იცინის).

– შენზე ამბობენ, ტელევიზიის სტუდიაში ბალიშებით დადიოდა და პირდაპირ ეთერში მათ გარეშე არ ჯდებოდა სკამზეო. რაში გჭირდებოდა?

– (იცინის). მართალია, ბალიშების გარეშე პირდაპირ ეთერში სკამზე ვერ ვჯდებოდი. სკამი დაბალი იყო, მაგიდა კი მაღალი და, იძულებული ვიყავი, „იმედის დილაში“ სტუდიაში ბალიშებით „შეიარაღებული“ მივსულიყავი, ყოველ დილით. დავაწყობდი ამ ჩემს ბალიშებს, მოვკალათდებოდი და მიმყავდა ეთერი. ბალიშის გარეშე რომ დამინახავდნენ კოლეგები, დამცინოდნენ, სად არის შენი დამხმარე ძალაო. სხვათა შორის, ამას წინათ ერთი ჟურნალისტი მოვიდა ჩემთან ინტერვიუზე და ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, კინაღამ ენა დაება ჩემს დანახვაზე. თურმე, ჭორი გაუგია, თითქოს ქმარს გავშორდი. რომ გავუღე კარი და მუცლით დამინახა, შოკში ჩავარდა, მითხრა: უი, მე თქვენთან ქმართან გაშორებაზე უნდა მესაუბრა და, შვილს თუ ელოდებით, რაღაზე ვისაუბროთო (იცინის). ასე რომ, მარტო მე კი არა, ჟურნალისტებიც ხვდებიან ხანდახან გამოუვალ სიტუაციებში (იცინის).

– წარმოშობით რაჭველი ხარ. სიდინჯე არ გახასიათებს კურიოზულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილს?

– რაჭველი კი ვარ, მაგრამ, ბებია მყავს მეგრელი და ცოტა მეგრულიც მირევია ხასიათში. ძალიან თუ გავბრაზდი, მაშინვე ვერ გამოვხატავ სიბრაზეს, ერთი თვე „ქვე შენი ჭირიმე“ ვარ და მერე ვიწყებ მოქმედებას. თუ მჭირდება, ვირაჭველებ ხოლმე თავს, თუ არა და მეგრელივით სხარტი ვარ. ისე, „ქვე შენი ჭირიმეები“ უფრო ხშირად მჭირს (იცინის).

– ბევრს მოგზაურობ. უცხო ქვეყანაში თუ დაკარგულხარ?

– მართალია, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და გამიმართლა, რომ თითქმის ყველა ქვეყანა მოვლილი მაქვს. არ დამავიწყდება, ერთხელ, ისრაელში ყოფნის დროს, მეგობრებმა გადავწყვიტეთ დიდ სავაჭრო ცენტრში წასვლა. იქ რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ სამივეს სხვადასხვა რამის ყიდვა გვინდოდა და, დრო რომ არ დაგვეკარგა, მოვიფიქრეთ, მარტო მოგვევლო სავაჭრო ცენტრი და გარკვეული დროის შემდეგ გასასვლელში შევხვედროდით ერთმანეთს. მოკლედ, დავიშალეთ. გავუყევით ჩვენ-ჩვენ გზას, ვიბოდიალე და, რომ დავხედე საათს და დრო იყო, მეგობრებს გასასვლელში შევხვედროდი, უკან დავბრუნდი. მივედი გასასვლელთან და სად არიან?! მართალია, ნახევარი საათი კი დამაგვიანდა, მაგრამ, ვიცოდი, აუცილებლად დამელოდებოდნენ. ვდგავარ ჩემი ბარგი-ბარხანით, ვიხედები აქეთ-იქით და არ ჩანან. გადავირიე. ვიფიქრე, გავივლი და მოვძებნი-მეთქი. არადა, სად გინდა მოძებნო! გავედი და რას ვხედავ: ზუსტად ასეთი გასასვლელი არ დავინახე მეორე მხარეს?! ავედი ზედა სართულზე – იქაც იმავენაირი გასასვლელია... მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ამ დიდ სავაჭრო ცენტრს, რამდენიმე გასასვლელი აქვს და, თან, ყველა ერთნაირი. ჩვენ კი არც სართულზე შევთანხმებულვართ და არც რომელიმე კონკრეტულ გასასვლელზე. ისინიც ჩემს დღეში ყოფილან თურმე. ასე დავრბოდით ამხელა ცენტრში და გამწარებულები დავეძებდით ერთმანეთს. მოკლედ, ვერ ვიპოვეთ ერთმანეთი. სასტუმროში რომ მივედი, იქ დამხვდნენ. ძალიან ბევრი ვიცინეთ და იმის მერე კარგა ხანს ერთმანეთს აღარ ვტოვებდით მარტო.

– უცხოეთში ყოფნის დროს დელიკატესები თუ დააგემოვნე, მაგალითად, რვაფეხა, გველის მწვადი ან ბაყაყის დაბრაწული ბარკლები?

– რას ამბობთ, ისედაც აზიზი მჭამელი ვარ და, რომ დავინახო, მაგიდაზე ბაყაყი ან რვაფეხა მიკრავს თვალს ან ლოკოკინა მოცოცავს თეფშიდან ჩემკენ, ხომ გული წამივიდა და იქვე დავეცი! (იცინის). რადგან გშია ადამიანს, ყველაფერს ხომ ვერ იტაკებ პირში და გადასანსლავ. ექსპერიმენტს ჩემს კუჭზე ნამდვილად ვერ ჩავატარებ. ერთხელ, ისრაელში ყოფნის დროს, მოვხვდი სუფრასთან, სადაც ასეთი კერძების დაგემოვნება შემომთავაზეს. უფრო სწორად, უნდოდათ, პატივი ეცათ დელიკატესებით და მითხრეს, ახლა ისეთ რამეებს მოგართმევთ, თითებს ჩაიკვნეტო. თავი გავიგიჟე, არ მინდა, ბატონო, ისევ ჩემი ეროვნული სამზარეულო მირჩევნია, ის, რაც უკვე დაგემოვნებული მაქვს, გველს, ბაყაყს, ლოკოკინასა და რვაფეხას პირში როგორ ჩავიდებ, ჩემთვის ეს მცოცავ-მღოღავი არსებებია და არა საჭმელი-მეთქი (იცინის). ზოგადად კი ძალიან მიყვარს ცხოველები. ამერიკაში ყოფნის დროს, ოჯახში სადაც მე ვიყავი, ბებომ კატა დამიტოვა. ისე უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ, რომ, რა გითხრათ. თან, ისე ჩამაბარეს ეს გაფოფინებული ფისო, ვიფიქრე, ამას რომ რამე დაემართოს, გადამერევიან-მეთქი და საათების განმავლობაში ვიჯექი მის წინ და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, კინაღამ მესამე თვალი გაგვეხსნა ორივეს (იცინის). ოჯახის წევრები რომ მოვიდნენ, ორივემ შვებით ამოვისუნთქეთ. რა პოზაშიც დაგვტოვეს, იმავე პოზაში დავხვდით ორივე. შორიდან რომ დაგენახეთ, ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით.

– დასასვენებლად ყოფნის დროს თაყვანისმცემლები თუ გახსენებდნენ თავს?

– ზღვაზე დასვენება მიყვარს და იქ უფრო რომანტიკული თავგადასავლები მქონდა, ვიდრე სასაცილო. არ დამავიწყდება, ერთი თაყვანისმცემელი მყავდა, საღამოს დადგებოდა ჩემს ფანჯრებთან და ეხსნებოდა ლექსისა და სიმღერის მუზა. თან, ისე ჩუმად ღიღინებდა, მარტო მე რომ გამეგო. მეზობლები ხუმრობდნენ, გამოვიხედავთ და დგას, ჩუმად მღერის, არ გვესმის და, უთხარი, ცოტა ხმას აუწიოს, იქნებ, ჩვენც გვინდა, შევაფასოთ მისი მუსიკალური ნიჭი, ყურები დაგვიგრძელდაო (იცინის).

– მიუხედავად შენი ნაზი და ქალური გარეგნობისა, მართლა თამაშობდი ფეხბურთს და კარგი მეკარეც იყავი?

– ჩემს ეზოში სულ ბიჭები იყვნენ, მარტო მე ვიყავი გოგო, მათი შემხედვარე, ფეხბურთიც მითამაშია, კალათბურთიც და ხელბურთიც. დამაყენებდნენ ხოლმე კარში და ბურთს ურტყამდნენ. მეც ვცდილობდი, მათი იმედები არ გამემტყუნებინა და მაგრად ვიდექი კარში გრძელი კიკინებით და ხელებგაშლილი. იმდენჯერ მომხვედრია ბურთი სახეში, ვერც კი დავთვლი (იცინის), მაგრამ, მიუხედავად ჩემი ნაზი გარეგნობისა, მართლა კარგი მეკარე ვიყავი. ერთხელ, ფეხბურთს ვთამაშობდი მეზობელ ბიჭებთან და კარში ჩამაყენეს. გავიხედე, მოწინააღმდეგე გუნდიდან წამოვიდა ბურთით ერთი ბიჭი, ვიფიქრე არ გამიტანოს გოლი-მეთქი, გავშალე ხელები, გონება დავძაბე, დაარტყა ძლიერად ფეხი, მომხვდა ბურთი, დავეცი და, ისე ვიტკინე კუდუსუნი, ძლივს ამაყენეს (იცინის). კუდუსუნს დავეძებდი? მთავარია, გოლი არ გავიდა კარში. ოჯახში ყველა მეჩხუბებოდა – რა არის, ქალი ხარ თუ ქაჯი, ბიჭებს აჯობებ შენო? მართალია, მთელი ბავშვობა, ხან თვალი მქონდა ჩალურჯებული და ხან – ხელ-ფეხი, მაგრამ, ფაქტია, თავს არ ვზოგავდი და ვცდილობდი, კარგი მეკარე ვყოფილიყავი.


скачать dle 11.3