დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-20(490)
– აქა მშვიდობა! – გაიღიმა სოფიმ და ყოფილ კოლეგებს მიმართა: – გოგი, ნოდარ, როგორ ხართ?
– სოფი, ჩვენო მშვენიერო! – ერთხმად წარმოთქვეს პოლიციელებმა და რიგრიგობით გადაეხვივნენ. შემდეგ ხუთიოდე წუთი ისაუბრეს და კმაყოფილებმა დატოვეს იქაურობა.
– როგორ ფიქრობ, საყვარელო, ამერიკელებმა დაიჯერეს ჩვენი შოუ? – თქვა ჰამომ.
– მგონი, კი, – თავი დააქნია სოფიმ.
***
ფოთში მომხდარი ავიაკატასტროფიდან სამი კვირის თავზე, ამერიკელმა სპეცაგენტმა კოორდინატორმა, მისტერ კეისმა ცენტრიდან გამოგზავნილი კურიერი მიიღო, რომელმაც მას უთხრა:
– ჩვენი ექსპერტები გულდასმით გაეცნენ ყველაფერს, მასალების კომპლექსური ანალიზი გააკეთეს და ვარაუდობენ, რომ ზვიად მათეშვილი, იგივე მათე, შეიძლება, ცოცხალი იყოს.
– რა სისულელეა, – ირონიულად გაეცინა კეისს, – ნუთუ იმიტომ გამოიარეთ 12 ათასი კილომეტრი, რომ ჩემთვის ასეთი ბუნდოვანი სიტყვები გეთქვათ? ეს ხომ მეც კარგად ვიცი. მე ზუსტი პასუხი მჭირდება და არა ასეთი ვარაუდები.
– მისტერ კეის, ზუსტად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ფოთიდან წაღებული გვამების ნაშთებით მათეშვილის დნმ არაა დადგენილი, ანუ, ჩვენი გამოკვლევებით ის მკვდრებში არ წერია.
– აბა, სადაა? მეოთხე კვირა დაიწყო, რაც აქედან ფეხი არ მომიცვლია, ყველაფერი გადავაქოთე და მის კვალს ვერ მივაგენით. იქნებ, ანალიზის გაკეთების დროს მოუვიდათ შეცდომა?
– გამორიცხულია, – ირონიულად ჩაეცინა კურიერს და კეისს ისეთი მზერა ესროლა, თითქოს გამოცდილ ადამიანს კი არა, დილეტანტს ელაპარაკებოდა.
– ვიცი, ჩემო კარგო, ვიცი, – უხერხულად მიუგო კეისმა და კურიერს მხარზე მოუთათუნა, – უბრალოდ, ამ პატარა ქვეყანაში თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული გულდასმით გადავჩხრიკეთ და მისი კვალიც არსად აღმოჩნდა. ისიც ზუსტად ვიცით, რომ საზღვარზე არ გადასულა და მიწაში რომ დამალულიყო, იქაც მივაგნებდით. სად არ მიმუშავია ჩემს ბიჭებთან ერთად, საჭირო ობიექტი ტაიგაშიც მიპოვნია, მაგრამ აქ...
– მისტერ კეის, ცენტრში მათეზე არაერთგვაროვანი აზრი არსებობს და ზოგიერთს ის დაღუპულად მიაჩნია. თუმცა, ამის დამადასტურებელი საბუთების არარსებობის გამო, მისი ძებნა არ წყდება, ამიტომ, თქვენ უნდა განაგრძოთ აქ ყოფნა და მუშაობა. თანაც ახალი მიმართულება გაქვთ.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად ის, რომ თქვენ ადგილობრივი უშიშროება უნდა შეამოწმოთ. იქ, ცენტრში, ზოგიერთს მიაჩნია, რომ მათე ცოცხალია და ასე ოსტატურად იმიტომ იმალება, რომ თქვენი გეგმები იცის.
– რა, გულთმისანია?
– არა. იქ ფიქრობენ, რომ მას ინფორმატორი ჰყავს ადგილობრივ უშიშროებაში.
კეისი წამით ჩაფიქრდა და კურიერს უთხრა:
– მსგავსი რამ ხდება, თუმცა, ამჯერად ეს თითქმის გამორიცხულია.
– „თითქმის“ რას ნიშნავს?
– იმას, რომ მხოლოდ ერთი პროცენტია იმის შანსი, ჩვენს გეგმებს ვინმე შიფრავდეს და ეს ერთი პროცენტიც ზრდილობის გამო დავუშვი, რადგან ჩვენ გეგმებს არავის ვაცნობთ, ულტრატექნოლოგიებს ვიყენებთ, ინფორმაცია ჩვენგან არ ჟონავს და, ვინ რა იცის, რას ვაკეთებთ, მით უმეტეს, რის გაკეთებას ვაპირებთ? აქაურები ჩვენდამი სრულიად ლოიალურები არიან და ისიც კი არ იციან, რომელ უწყებას წარმოვადგენთ. მათ ჩვენ „ეფბეერელები“ ვგონივართ.
– გეთანხმებით, მისტერ კეის. მაგრამ, ერთ რამეს არ ითვალისწინებთ, კერძოდ კი იმას, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ხალხის ის კატეგორია, თითქმის ყველა სფეროში და, მათ შორის ჩვენსაშიც, რომლებსაც საფუძვლიანი განათლება სწორედ ჩვენს ქვეყანაში აქვთ მიღებული. აქედან გამომდინარე, ისინი კარგად იცნობენ ჩვენს ტექნოლოგიებს, მუშაობის სტილს და, თუკი ასეთი ადამიანი მფარველობს ცოცხლად გადარჩენილ მათეს, მაშინ გასაგებია, რატომ გიჭირთ მისი აღმოჩენა თქვენც კი.
კურიერის სიტყვებმა კეისი შეაცბუნა, რადგან მსგავსი რამ არც კი უფიქრია და სახე წამოეჭარხლა. თუმცა, იხტიბარი არ გაიტეხა და კურიერს უთხრა:
– რა თქმა უნდა, მაგრამ მეეჭვება, რომ მათე ცოცხალი იყოს.
კეისის სიტყვები არადამაჯერებლად ჟღერდა და კურიერი მიხვდა, რომ უპირატესობა მოიპოვა. თუმცა, ამ მომენტისთვის ხაზი არ გაუსვამს, ჯიბიდან დაბეჭდილი ფურცელი ამოიღო, კეისს გადასცა და უთხრა:
– აქაა ოცდაათი ადამიანის სია, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვთ მიღებული სპეციალური განათლება და ამჟამად უშიშროების სისტემაში მუშაობენ. აქვეა მათი დოსიეები. გაეცანით, სამოქმედო გეგმა შეადგინეთ და მუშაობა განაგრძეთ.
– გასაგებია, – თავი დააქნია ნირწამხდარმა კეისმა, კურიერს სია და დოსიეები გამოართვა და უხერხულად გაეღიმა.
კურიერი, გულის სიღრმეში გამარჯვებას ზეიმობდა და ამაყად უთხრა:
– ასე რომ, მისტერ კეის, საქმე თავზე საყრელი გავქთ. ჯერჯერობით ისევ აქ ყოფნა მოგიწევთ, მე კი უნდა დაგტოვოთ – აეროპორტში ჩვენი უწყების კუთვნილი თვითმფრინავი მელოდება და უკან უნდა დავბრუნდე.
– კეთილი მგზავრობა!
– ნახვამდის! – უთხრა კურიერმა კეისს, ხელი ჩამოართვა და მედიდურად დატოვა ოთახი.
– იდიოტი, – ჩაეცინა კეისს, როდესაც კურიერი წავიდა, – უწყების თვითმფრინავი ელოდება! დიდი ამბავი!..
კურიერის მიერ ჩამოტანილ სიაში ნატაც ფიგურირებდა და კეისმა ის სასწრაფოდ შესამოწმებელთა შორის რიგში დააყენა, ორი სპეცაგენტი დაიბარა და მათ უთხრა:
– ამ ლამაზმანი ქალწულის დოსიე შეისწავლეთ და საფუძვლიანად შეამოწმეთ. ეჭვია, რომ ჩვენ მიერ ძებნილს მფარველობს. დევის, შენ უშუალო კონტაქტს დაამყარებ, შენ კი, კოქს, დევისს დააზღვევ!
დევისმა ნატას სურათები დაათვალიერა, რომლებიც სხვადასხვა რაკურსში იყო გადაღებული და კეისს ღიმილით უპასუხა:
– ამას ქალწულად ვინ დატოვებდა!
– დოსიეში ასე წერია.
– ხუმრობთ, შეფ?
– დევის, ხუმრობა ჩვენი სფერო არაა.
– გიჟია?
– გიჟი კი არა, ქართველია. მოკლედ, გაეცანით დოსიეს და იმოქმედეთ! მაგრამ, გაფრთხილებთ, რომ სრული მობილიზება და მთელი თქვენი პროფესიონალიზმის გამოყენება დაგჭირდებათ. იცოდეთ, რომ გაიშიფროთ, უწყებიდან დაგითხოვთ!
დევისი და კოქსი ცალკე ოთახში განმარტოვდნენ, დოსიეს ჩაუღრმავდნენ და დარწმუნდნენ, რომ ტანწერწეტა, პირმშვენიერი ახალგაზრდა ქართველი უშიშროების მაიორი ქალი მართლაც ქალწული იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე ეწერა დოსიეში.
– მით უკეთესი, კოქს, – თქვა დევისმა, – ქალწულების შებმის ტექნოლოგია განსაკუთრებით კარგად მაქვს ათვისებული და აკადემიაში სწავლისას ყოველთვის უმაღლესი შეფასება მქონდა.
– ვიცი, – ჩაეცინა კოქსს, – შენს მექალთანეობაზე ბევრი მსმენია.
– საიდან იცი?
– მეც იგივე აკადემია მაქვს დამთავრებული და შენზე იქ გავიგე.
– მართლა? – ამაყად თქვა დევისმა, – მოხარული ვარ.
ოთახში კეისი შემოვიდა და ხელქვეითებს ჰკითხა:
– მოიფიქრეთ რამე?
– შეფ, – დაიწყო დევისმა, – ჩვენი გეგმა ძალიან მარტივი და გენიალურია: ამ ქართველს ჩემებურად შევახვევ, და, კაცის გემოს რომ გაიგებს, ყველაფერს ჩამიკაკლავს. მერწმუნეთ, თუკი ჩვენ მიერ ძებნილი მისი მფარველობის ქვეშაა, მაშინ ყველაფერს დავაფქვევინებთ და დავიჭერთ.
– რა საჭიროა ამდენი ჩალიჩი, – თქვა კეისმა, – უფრო მარტივი არაა, რომ მის სახლში ჩუმად შეძვრეთ და, თუ მათე მასთანაა, ააგდოთ?
– რას ამბობთ, შეფ? – გაოცდა დევისი.
კეისმა მშვიდად გაიმეორა თავისი სიტყვები, დევისმა კი უთხრა:
– ნუთუ, თქვენ ფიქრობთ, შეფ, რომ ის ქალი იმდენად სულელია, თუკი მართლა ძებნილს მალავს, სახლში ჰყავდეს? მე, სიმართლე გითხრათ, მეეჭვება, რომ ძებნილი იმ ქალთან იყოს. მით უმეტეს, მის დოსიეში წერია, რომ უმაღლესი კლასის პროფესიონალია, თანაც პატიოსანი და კანონმორჩილი.
– ეს დასკვნა, დევის, ჩვენების მიერაა ამერიკაში დაწერილი და, თან, რამდენიმე წლის წინ. აქ კი საქართველოა და, ნუ გაგიკვირდება, რომ ეს ქალწული ასეთ საქმეში იყოს გარეული. ამიტომ, მოდი, იმოქმედეთ და ყველაფერი გულდასმით გადაამოწმეთ. მაგრამ, გიმეორებთ: არ გაიშიფროთ, თორემ, ქართველების ლოიალურობას დავკარგავთ, ამას კი ცენტრში არ გვაპატიებენ, – უთხრა კეისმა ხელქვეითებს, მათთან ერთად დეტალურად დააზუსტა მომავალი მოქმედების გეგმა და წავიდა. დევისმა კი მეწყვილეს უთხრა:
– შეფი, რაღაც, ზომაზე მეტადაა გაღიზიანებული. ნეტავ, რაშია საქმე?
– ეტყობა, ცენტრიდან მოუვიდა საყვედური, – თქვა კოქსმა, – კურიერი იყო ჩამოსული და ერთი საათის წინ წავიდა. ვიცნობ, ცენტრალურ ოფისში მუშაობს.
***
ამერიკელმა სპეცაგენტებმა ნატაზე თვალთვალი დააწესეს და დასახული გეგმის განხორციელებას შეუდგნენ. დევისმა და კოქსმა დაადგინეს, რომ ქართველი მაიორი ყოველდღე, ზუსტად დღის 2 საათზე, თავისი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, კაფეში მარტო სადილობდა. ამიტომ, გადაწყვიტეს, გაცნობა იქ შემდგარიყო და დევისი ამ დღისთვის საგანგებოდ მოემზადა: მოხდენილად ჩაიცვა, გალამაზდა და იმ დროს შევიდა კაფეში, როდესაც ნატა შეკვეთილ სადილს მშვიდად ელოდა.
ქართულ ენაზე საუცხოოდ მოლაპარაკე დევისი ნატას მაგიდას მიუახლოვდა, მიესალმა და ჰკითხა:
– თქვენს მაგიდას რომ მივუჯდე, შეიძლება?
„მორიგი დონ ჟუანი, – გაიფიქრა გოგონამ, – მაშინვე აახვევ, როგორც კი გაიგებ, რომ უშიშროებაში ვმუშაობ, თანაც, მაიორი ვარ,“ – ხმამაღლა კი უთხრა:
– რა თქმა უნდა, დაბრძანდით!
დევისმა სიგარეტი ამოიღო და ნატას ჰკითხა:
– შეიძლება, მოვწიო?
– რა თქმა უნდა, – გაუღიმა ნატამ და გაიფიქრა: „ახლა მე შემომთავაზებს, მერე გამიბამს ბაზარს, მე კი ცოტას ვაწვალებ და ბოლოს გავაქცევ“.
დევისმა გოგონას ღიმილით ჰკითხა:
– ხომ არ მოსწევთ?
– არა, გმადლობთ.
– არ ეწევით?
– კი. მაგრამ, მხოლოდ ჭამის მერე და, თანაც, „მარლბორო“ ძალიან მაგარია ჩემთვის, მე უფრო რბილს ვანიჭებ უპირატესობას.
– კარგი. მაშინ სადილის მერე ყავაზე დაგპატიჟებთ და საუცხოო რბილ სიგარეტსაც შემოგთავაზებთ.
– თქვენ რა, სხვადასხვანაირი სიგარეტი გაქვთ მომარაგებული?
– არა, – გაეღიმა დევისს, – კაფეს ვიტრინაში შევნიშნე და, თუ უარს არ მეტყვით, დაგპატიჟებთ.
– კეთილი, თანახმა ვარ, – თქვა ნატამ და მოახლოებულ მიმტანს ჰკითხა:
– მალე იქნება?
– მაქსიმუმ, ხუთ წუთში, – თქვა მიმტანმა და დევისს მიუბრუნდა:
– რას ინებებთ?
– იმას, რაც ხუთ წუთში იქნება.
– შემიძლია, ხაჭაპური შემოგთავაზოთ, ბივშტექსი გარნირით და ცივი წვენები.
– მოიტანეთ.
– რა წვენს ინებებთ?
– „კოკა-კოლა“ მომიტანეთ, ოღონდ, ძალიან ცივი. სადილის ბოლოს კი – თითო ფინჯანი ყავა და აი, ის ყავისფერი, რბილი სიგარეტი, – თქვა დევისმა და მიმტანს რბილ „მორეზე“ მიუთითა.
მიმტანმა სადილი მართლაც ხუთ წუთში მოიტანა, კოხტად დააწყო მაგიდაზე და წავიდა. ნატამ და დევისმა უხმოდ ისადილეს. ჭამა რომ დაასრულეს, მიმტანმა ყავა და სიგარეტი მოიტანა. დევისმა ნატას „მორე“ მიაწოდა და უთხრა:
– გავიცნოთ ერთმანეთი: მე დავითი მქვია.
– მე – ნატა, – თქვა გოგონამ და დევისს ხელი გაუწოდა.
– ძალიან ლამაზი ბრძანდებით და მოხიბლული ვარ, – უთხრა დევისმა და ხელზე ეამბორა.
– გმადლობთ კომპლიმენტისთვის, – მიუგო ნატამ და გულში გაეცინა, რადგან, წარმოიდგინა, რა ცივად მოშორდებოდა იქაურობას დევისი, როდესაც ნატას მაიორობის შესახებ შეიტყობდა.
– ეს ფაქტია და არა კომპლიმენტი. თქვენ, მართლაც ძალიან ლამაზი ხართ, ნატა. მე სილამაზის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და, უნდა გამოგიტყდეთ, რომ მსგავსი მშვენიერება იშვიათად მინახავს.
„რა იცის ამ კოხტამ, რომ ჯერ კაცი არ მინახავს, ქალიშვილი ვარ, თანაც მაიორი, – ფიქრობდა ნატა, – ისე, ცუდი ვინმე არ ჩანს და საკმაოდ აწყობილად ბაზრობს, თუმცა, სულ მალე შეცბუნებული აახვევს აქედან. ეჰ, ნატა, ნატა! რატომ უფრთხიან ლამაზი კაცები შენს მაიორობას?“
– ხომ არ გეჩქარებათ, ნატა?
– არც ისე. კიდევ ნახევარი საათი მაქვს, – თქვა ნატამ და საათს დახედა.
– ძალიან კარგი. იმედი მაქვს, ნახევარ საათში მოვახერხებ თქვენი გულის მონადირებას და მომავალ შეხვედრაზეც შეგიპირებთ.
– ეს თქვენზეა დამოკიდებული, სცადეთ!
– თქვენი გარეგნობის ქალი ფოტომოდელი უნდა იყოს, მაგრამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ არის...
– გამოიცანით, – გაეღიმა ნატას და გაიფიქრა: „სულ ერთი კითხვაც, ჯიგარო, და რომ შეიტყობ, მაიორი ვარ და, თანაც უშიშროების, აქედან „აახვევ“.
– ახლა შევეცდები, რომ თქვენი პროფესია და სამუშაო ადგილი გამოვიცნო.
– კეთილი. მიგანიშნებთ, რომ პროფესიით ვმუშაობ.
– რამდენი ცდა მაქვს?
– ნახევარი საათი.
– თქვენ, ალბათ, რომელიმე ფეშენებელური მაღაზიის მენეჯერი ხართ, ოღონდ, არა პარფიუმერიული განხრით.
– ამას იმიტომ ამბობთ, რომ სუნამოს სურნელი არ ამდის?
– დიახ.
– არა, მენეჯერი არ ვარ და ვაჭრობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. კიდევ ერთს მიგანიშნებთ, მე საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციაში ვმუშაობ.
– რომელიმე სამინისტროში მუშაობთ?
– შეიძლება, ითქვას, რომ – კი.
დევისმა, რომელსაც ნატასთნ დიალოგი უმაღლეს პროფესიულ დონეზე ჰქონდა დამუშავებული და წინასწარვე იცოდა, რას რა უნდა მოჰყოლოდა, ნატა აათვალიერ-ჩაათვალიერა, თავი გააქნია და უთხრა:
– წარმოდგენა არ მაქვს. წავაგე და ვერ გამოვიცანი. თქვით, გაამხილეთ თქვენი პროფესია, მომხიბვლელო უცნობო!
„ეჰ, დავით, დავით, კარგი, ლამაზი ბიჭი კი ხარ, მაგრამ, რომ გაიგებ, უშიშროების მაიორი ვარ, ჩემს სილამაზეს აღარც კი შეხედავ, ბუად მოგეჩვენები და აქედან „აახვევ“, – გაიფიქრა ნატამ, დევისს გაუღიმა და უთხრა, – მე გახლავართ უშიშროების მაიორი და, აი, იმ ოფისში ვმუშაობ, – გაიშვირა ნატამ თითი.
– უშიშროების მაიორი? – გაიმეორა დევისმა.
– დიახ, ასეა, სამწუხაროდ.
დევისმა ნატა კიდევ ერთხელ შეათვალიერა დიდი გულისყურით, შემდეგ გაუღიმა და უთხრა:
– სამწუხაროა.
– რა არის სამწუხარო. უკვე აღარ ვარ ლამაზი თუ ჩემი მაიორობა გაბრკოლებთ?
– მაიორობა მაბრკოლებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს წინადადებაზე უარს მეტყვით და ეს მეწყინა.
– რა წინადადებაზე? – გაოცებას ვერ მალავდა ნატა, რომელიც იმან გააკვირვა, რომ დავითი ცივად არ გაიძურწა.
– ბოდიში, ნატა, – გაეცინა დევისს, – დამავიწყდა მეთქვა, რომ მხატვარი ვარ და თქვენი სურათის დახატვის სურვილი მაქვს. თუმცა, უშიშროების მაიორი, ალბათ, უარს იტყვის ჩემს წინადადებაზე.
ნატასთვის იმდენად მოულოდნელი იყო დევისის საქციელი, რომ მხიარულად გადაიკისკისა:
– რატომაც არა, თანახმა ვარ. დახატეთ ჩემი პორტრეტი!
– მართლა თანახმა ხართ?
– რა თქმა უნდა!
– მერე, მაიორობა, უწყება, წესდება?.. – ერთმანეთს მიაყარა დევისმა და ნატას მოაჩვენა, რომ კაცი სიხარულისგან დაიბნა.
– მაიორობას, უწყებას და წესდებას ჩემზე ვიღებ, – მხიარულად თქვა ნატამ, რომელსაც დევისი უფრო და უფრო მოსწონდა და მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოდ ეჩვენებოდა. ბოლოს წამოდგა, სავიზიტო ბარათი მაგიდაზე დაუდო და სანამ გამოემშვიდობებოდა, უთხრა:
– საღამოს დამირეკე!
***
სანამ დევისი ნატას ეცნობოდა კაფეში, კოქსი ქართველი მაიორის ბინას უთვალთვალებდა, რომ შემძვრალიყო და ძებნილი მათეს კვალი აღმოეჩინა, ან, სულაც, დაეპატიმრებინა. თუმცა, თავადაც არ სჯეროდა ამის და უფრო ფორმალობას წააგავდა ეს ყველაფერი, რადგან, კეისის ბრძანება იყო შესასრულებელი.
საათი სრულდებოდა, როდესაც კოქსმა სპეციალური გასაღები მოარგო ნატას კარს, ფრთხილად გააღო, ფეხაკრეფით შევიდა და ასევე ფრთხილად მიხურა. შემდეგ მიმოიხედა და ჟალუზებით ჩაბნელებულ ბინას თვალები შეაჩვია, მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღო და კატისებრი სიფრთხილით დაიარა ოთახები. ყველაფერი გულდასმით დაათვალიერა და უკვე წასვლას აპირებდა, რომ მისი ყურადღება ძალზე სქელმა საყრდენმა კედელმა მიიპყრო.
კოქსი კედელს მიუახლოვდა და თითებით ნელ-ნელა დაიწყო კაკუნი. შემდეგ რაღაც ხელსაწყო ამოაცურა ჯიბიდან, კედელს მიადო და, „დისპლეის“ რომ დახედა, სახის გამომეტყველება რადიკალურად შეეცვალა და ქამრისკენ წაიღო ხელი, რომ მაყუჩიანი პისტოლეტი ამოეცურებინა, მაგრამ უკნიდან მძიმე საგანი მოხვდა თავში და იატაკზე მოწყვეტით დაეცა... თვალი რომ გაახილა, ამერიკელმა სპეცაგენტმა იგრძნო, მაგრად იყო გაკოჭილი და ვერ ინძრეოდა, მის წინ კი პისტოლეტმომარჯვებული მათე იდგა და ყურადღებით ათვალიერებდა მას. ბოლოს მათემ ალმაცერად შეხედა კოქსს და ჰკითხა:
– ვინ ხარ?
– ქურდი. მაპატიე, ბიძია, რომ შენს ბინაში შემოვძვერი, – მიუგო მათეს კოქსმა და „მასპინძელში“ ის ძებნილი ამოიცნო, რომელსაც უკვე ერთი თვეა დაეძებდნენ ის და მისი კოლეგები.
– გაპატიო?
– ჰო, ბიძია, მაპატიე. ნამდვილად არ ვაპირებდი ასეთ გზაზე დადგომას, მაგრამ, გაჭირვებამ მიბიძგა, – თავის გასულელება სცადა კოქსმა, თან, ცდილობდა, ხელები აეხსნა, რომ მათეს გასწორებოდა.
– ტყუილად ჩალიჩობ, – ჩაეცინა მათეს, – ისე მყავხარ გაკოჭილი, რომ, შენ კი არა, შეიძლება, მეც ვერ აგხსნა თოკები.
– გამიშვი, რა, ბიძია, მეტს აღარ ვიზამ...
– სულელად გინდა, მომაჩვენო თავი, შე ნაბოზარო ამერიკელო?!
– რის ამერიკელი, საქართველოს არასოდეს გავცილებივარ! – შეცბა კოქსი.
– ეს „გლუშიწელიანი“ რკინა და „ისკაწელი“ სად იშოვე, თბილისში, ბახმაროში თუ ვაშინგტონში?
– რის ვაშინგტონში, რას მერჩი, ბიძია?! თუ არ გამიშვებ, მაშინ, პოლიციას ჩამაბარე, მაგრამ, ცოდვა ვარ, მაპატიე!..
მათემ ცინიკურად გაიცინა. შემდეგ მთელი ძალით მოუქნია კოქსს წიხლი, ცხვირ-პირში სთხლიშა და დააყოლა:
– ვინ ხარ, შე ბოზო და აქ რას აკეთებ?
– ბიძია, არ გინდა... – სიტყვა გაუწყდა კოქსს, რადგან მორიგი წიხლი მოხვდა სახეში, ექვსი კბილი ჩაემსხვრა, სისხლი წამოუვიდა და საშინლად დაიჯღანა.
– ვინ ხარ და აქ რა გინდა? – გაიმეორა მათემ.
– კოქსი ვარ, ამერიკელი სპეცაგენტი და შენ გეძებთ. უკვე ერთი თვეა, აქ ვართ.
– ბედმა გაგიღიმა, რომ მომაგენი.
– ბედი რომ მქონდეს, ახლა შენ იქნებოდი ჩემს ადგილზე, თუმცა, პირიქითაა.
– კიდევ ვინ იცის, რომ აქ ხარ?
– დევისმა. ჩემი მეწყვილეა და ახლა თქვენს მასპინძელთან ამყარებს კონტაქტს.
– კონკრეტულად?
– უნდა გაეცნოს და ინფორმაციები დასტყუოს.
– რა ინფორმაციები?
– ჩვენ საერთოდ არ გვეგონა, თუ შენ ცოცხალი იყავი და ნატასთან ცხოვრობდი, მით უმეტეს, მის სახლში. თუმცა, კეისმა, ის ჩვენი შეფია, გვიბრძანა, რომ ნატა გადაგვემოწმებინა. ჩვენ კი ასეთი გეგმა ყოველი შემთხვევისთვის შევადგინეთ, რომ გაგვერკვია, სად გმალავდა ეს გოგო.
– მართლა ბედი მქონია, – ჩაეცინა მათეს, – ალბათ, რომ არა თქვენი განწყობა, ახლა უკვე გაკოჭილი გეყოლებოდით. თუმცა, ღმერთმა მიშველა და მადლობა უფალს.
– რა კრეტინები ვართ, – თქვა გამწარებულმა კოქსმა, – ვერ ვართ ისეთი მაგრები, როგორიც ჩვენი შეფია, კეისი ასეთ შეცდომას არ დაუშვებდა და არც ჩემსავით ჩავარდებოდა. მე კი დილეტანტივით გავები.
– ჩვენში იტყვიან, რომ ფარჩაკულად გაები.
– მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, გავები და უნდა ვზღო.
– მართალი ხარ, – თქვა მათემ, კოქსს მაყუჩიანი პისტოლეტი მიუშვირა და უკვე სასხლეტის დაშვებას აპირებდა, რომ ამერიკელი თავიდან მოეშორებინა, მაგრამ კეფაზე პისტოლეტის ლულა იგრძნო და მოესმა:
– არ გაინძრე, მათე!
ზვიადი გაქვავდა. როდესაც მას დევისმა პისტოლეტი აართვა და ხელისკვრით ჩააგდო სავარძელში, გაკოჭილმა კოქსმა მეწყვილეს აღტაცებით უთხრა:
– ყოჩაღ, დევის! სწორედ რომ დროულად მომისწარი, თორემ ეს ბოროტმოქმედი მომკლავდა. ახლა კი ჩვენს ხელშია და დათრეული გვყავს. ღმერთო, რა კარგია, რომ აქედან სამშობლოში დავბრუნდებით. მომენატრა ჩემები, ნაღდი „ბიგ-მაკი“ და ნაღდი „კოკა-კოლა“ და არა ისეთი, როგორიც აქაა. ჩქარა, ხელები ამიხსენი და მათე აქედან წავიყვანოთ!
დევისმა კოქსი ახსნა, მაყუჩიანი პისტოლეტი დაუბრუნა და მათეს უთხრა:
– რა ჩუმად ხარ?
– საზეიმო რა მაქვს, რო?! – კითხვა შეუბრუნა ზვიადმა.
– არ გაინტერესებს, როგორ მოგაგენი?
– ალბათ, ელექტრონული ქსივა მოგცა „პაძელნიკმა“.
– თითქმის გამოიცანი. სხეულში სპეციალური ჩიპები გვაქვს ჩაკერებული, რომლებიც თანამგზავრის მეშვეობით მუშაობს და მეწყვილეებს ნებისმიერ დროს შეგვიძლია ერთმანეთის კოორდინატების გაგება. კოქსმა კი ეს ჩიპი გამორთო, სიგნალი ვერ მივიღე და მივხვდი, რომ განგებ გააკეთა, რაც განგაშის ნიშანი იყო და, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი მეწყვილე აქ იყო, მოვედი და ვუშველე.
– რას არ მოიგონებს კაცი, – გაეცინა მათეს.
– ხომ მაგრები ვართ ამერიკელები?
– კი. განსაკუთრებით – როცა გძინავთ.
– დაგვცინე, დაგვცინე და, რვა საათში რომ რეაქტიული თვითმფრინავით შტატებში ჩაგიყვანთ და დაგამუშავებენ, მერე გვლანძღე.
– სულაც არ გლანძღავთ, მართლა მაგრები ხართ. მაგრამ, ქართველები უფრო მაგრები ვართ.
– თქვენც – ძილში, ალბათ.
– ძილშიც, ღვიძილშიც, ქეიფშიც და ქალებშიც. არც ომი გვეშლება და არც მშვიდობა.
– გეყოფა, დევის, – კბილებში გამოცრა კოქსმა, – გავახვიოთ და გავიტანოთ, თორემ, ის მაიორი გოგონა მოგვისწრებს.
– არ მოვა, სამსახურშია, – ჩაეცინა დევისს, – მაგრამ, მეეჭვება, საქმეს მოაბას თავი, რადგან, ისე ავუბნიე თავგზა ჩემი მომხიბვლელობით, რომ ახლა, ალბათ, ზის და იმ ლამაზ მხატვარზე ფიქრობს, რომელმაც ჯერ უნდა დახატოს, მერე გაჟიმოს, ბოლოს კი ცოლად მოიყვანოს. თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. არადა, კარგი გასაჟიმი კი არის და ერთ ღამეს სიამოვნებით გავატარებდი მასთან.
– კარგი, რა! ქალიშვილი რა კარგი გასაჟიმია, მაგას გამოცდილი ქალი მირჩევნია, – თქვა კოქსმა. შემდეგ მათეს ანიშნა, ადექიო და ირონიულად უთხრა: – შორეული მოგზაურობისთვის მოემზადე.
უცებ კოქსი და დევისი უსულოდ დაეცნენ იატაკზე და მათი თავებიდან სისხლმა იფეთქა. მათემ მარცხნივ გაიხედა და პისტოლეტმომარჯვებული ნატა დაინახა...
– სასწრაფოდ აქედან უნდა წახვიდე და საიმედოდ დაიმალო, თორემ გაიშიფრები. სულ მალე აქ ბევრი პოლიციელი შეიყრება, – უთხრა ნატამ მათეს.
– შენ რას აპირებ?
– პოლიციას გამოვუძახებ და ჩვენებას მივცემ, როგორ დავიცავი თავი ორი მაყუჩიანი პისტოლეტით შეიარაღებული უცნობისგან, რომლებიც ჩემს მოკვლას აპირებდნენ.
– დაგიჯერებენ?
– ყოველ შემთხვევაში, ვერც შემომედავებიან. მე საიდუმლო სამსახურში ვმუშაობ, გაზრდილი რისკის პირობებში და ბევრი მტერი მყავს. ამიტომ, არცაა გასაკვირი, თუ მაყუჩიანი პისტოლეტებით შეიარაღებული ტერორისტები დავხოცე.
– ამერიკელები ამას არ ჭამენ.
– არ ჭამენ და ფეხები მომჭამონ!
– დიდ შარში გაგხვიე, მაპატიე!
– არა უშავს, გამოვძვრები. შენ კი ძალიან ფრთხილად იყავი. ჯობია, ცოტა ხნით ფსკერზე დაწვე და არავის დაეკონტაქტო. აი, ეს ბინა სუფთაა და, სხვა დასამალი თუ არ გაქვს, იქ იყავი. სურსათ-სანოვაგე ერთი თვე გეყოფა, – უთხრა ნატამ მათეს და ფურცელზე დაწერილ მისამართთან ერთად ბინის გასაღებიც მისცა.
მათემ ფულით სავსე კეისს ხელი დაავლო, ნატას გამოემშვიდობა და ძალიან ფრთხილად გაუყვა ძველი თბილისის ქუჩებს. ის ნელ-ნელა დაეშვა ჭონქაძის ქუჩაზე, რომ სოლოლაკის გავლით მეიდანზე ჩასულიყო, იქიდან კი ტაქსით გასულიყო საბურთალოზე, სადაც საიმედო, კონსპირაციული ბინა ეგულებოდა. ზვიადმა დინჯად ჩაათავა ლადო ასათიანის ქუჩის ნახევარი და მაჩაბლის ქუჩის გადაკვეთასთან შეჩერდა, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. მაგრამ, მოულოდნელად მას უზარმაზარი ლაბრადორი მივარდა, ორივე თათით ძირს დააგდო და ბოხი ხმით სამჯერ დაიყეფა. სანამ მათე რამეს მოიფიქრებდა, მას პოლიციის სპეცრაზმის უნიფორმაში გამოწყობილმა ოციოდე შეიარაღებულმა ათლეტმა ალყა შემოარტყა და იარაღები მიუშვირეს. მათეს არც შეშინებია და არც დაბნეულა, მიხვდა, რომ რაღაც შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, საკმარისი იყო, მისი კეისი გაეხსნათ, რომ შიგნით აღმოჩენილი 300 ათასი დოლარისა და ორი ცალი პისტოლეტის გამო, სერიოზულ კითხვებზე მოუწევდა პასუხის გაცემა. ზვიადმა ძალები მოიკრიბა და ასფალტზე წამოჯდა. შემდეგ ერთ-ერთ პოლიციელს მიმართა:
– რაშია საქმე, რას მერჩით, დავაშავე რამე?
პოლიციელმა მათეს ფანარი მიანათა და კარგა ხანს ათვალიერა. შემდეგ წამოდგომაში მიეხმარა და პოლიციელისთვის უჩვეულო სირბილითა და ზრდილობით უთხრა:
– მაპატიეთ, მოქალაქევ, სხვაში შეგვეშალეთ. თავისუფალი ბრძანდებით და, შეგიძლიათ, წახვიდეთ. მაგრამ, თუ შეიძლება, სწრაფად.
– გმადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ, – გაუღიმა მათემ პოლიციელებს და წასასვლელად გაემზადა. მაგრამ ერთ-ერთმა პოლიციელმა თავის უფროსს გადაუჩურჩულა: „საეჭვო კაცია, ბატონო მაიორო, შევამოწმოთ. ჩიკო ტყუილად არ დაატორმუზებდა, ეტყობა, რაღაც იყნოსა“.
ჩიკო ის უზარმაზარი ლაბრადორი იყო, რომელმაც მათე გააჩერა. მაიორს ჭკუაში დაუჯდა ხელქვეითის სიტყვები. ამიტომ, კოპები შეიკრა და მათეს მკაცრი ხმით ჰკითხა:
– კეისში რა გაქვთ?
ზვიადს ყველაზე მეტად ამ კითხვის ეშინოდა, მაგრამ ბოლო შანსის გამოყენება სცადა და პოლიციელს მშვიდად მიუგო:
– პირადი ნივთები, ოფიცერო!
– გვანახეთ, უნდა შევამოწმოთ!
– თქვენ თვითონ ნახეთ, ჩემო ბატონო, – უთხრა მათემ ოფიცერს და ჩემოდანი პოლიციელებს დაუდო წინ, – აი, ბატონო, გახსენით და დარწმუნდით, რომ აქ ჭუჭყიანი საცვლების გარდა არაფერია.
მათემ იცოდა, რომ მსგავსი სიტუაციიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ მიზერული შანსის გამოყენება მაინც სცადა – მოულოდნელობის ეფექტით სარგებლობას აპირებდა. ეს კი იმაში მდგომარეობდა, რომ, როდესაც პოლიციელები კეისს გახსნიდნენ და შიგნით ფულსა და პისტოლეტებს აღმოაჩენდნენ, წამით მაინც გაოგნდებოდნენ. სწორედ იმ წამის გამოყენებას გეგმავდა მათე, რომელსაც გაქცევის მარშრუტი უკვე დაგეგმილი ჰქონდა: ის ოთხიოდე მეტრის დაშორებით მდებარე სადარბაზოში აპირებდა შევარდნას, რომელსაც რამდენიმე სათადარიგო გასასვლელიც ჰქონდა და იქიდან გაქცევას.
მაიორმა კეისი გახსნა. პოლიციელებმა მძლავრი ფანრები დაანათეს მას და გაოცებისგან ლამის თვალები გადმოსცვივდათ და გაშეშდნენ... მათემ კი სადარბაზოში უჩუმრად შეპარვა მოახერხა და პირდაპირ სარდაფში დაეშვა, სადაც ბავშვობაში ბევრი უძრომიალია, ძებნილობისასაც არაერთხელ უსარგებლია და ყველა გასასვლელი კარგად იცოდა. ის ოსტატურად გაძვრა გისოსებში და ნახევრად ღია, მასიური რკინის კარში შევარდა. შემდეგ, მიხურა, არმატურა გაურჭო სახელურში და გაჭედა, ბოლოს კი ვიწრო სარდაფს გაუყვა.
პოლიციელებმა მათე რომ მოიკითხეს, ის უკვე სარდაფის მასიურ კარს ხერგავდა, პოლიციელებისთვის მიუწვდომელი იყო და უზარმაზარი ლაბრადორი ჩიკო ამაოდ ყეფდა კართან.
– ჩქარა, შეამტვრიეთ კარი, ჩქარა! – ღრიალებდა კართან მოხტუნავე მაიორი, რომელმაც პისტოლეტი ამოაცურა და რკინის მასიურ კარს ერთი მჭიდი დააცალა. თუმცა მხოლოდ ნახვრეტები დააჩნია და მყარად ჩარჭობილ სქელ არმატურას ვერაფერი დააკლო. ამიტომ, რაცია მოიმარჯვა და გამწარებული აღრიალდა:
– ბაზა, ბაზა, ცენტრი ვარ! ოპერაცია „ფხვნილი“ ჩაიშალა, რადგან გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. მაგრამ, უფრო სერიოზული დამნაშავე აღმოვაჩინეთ და სასწრაფოდ მაშველი ძალა გვჭირდება!
– ცენტრი, ბაზა ვარ, ვინ აღმოაჩინეთ? – უპასუხეს მაიორს.
– ბოროტმოქმედი, რომელიც გაგვექცა, მაგრამ შორს ვერ წავა, რადგან აქვეა და პერიმეტრი უნდა გადავკეტოთ.
– ცენტრი! ნორმალურად გამაგებინე, რა ხდება.
მაიორი, რომელმაც იცოდა, რომ დრო არ ითმენდა, უკიდურესად გამწარდა და რაციაში იღრიალა:
– რა ვერ გაიგე, შე სირო? კაცი გაგვექცა, რომელსაც 300 ათასი დოლარი და ორი ცალი პისტოლეტი ჩამოვართვით! ორი ოცეული გამოგზავნე თავისი ძაღლებით სოლოლაკში, რომ გაქცეული ვიპოვოთ!
– გასაგებია, გიგზავნი!
– სირი!.. – ჩაილაპარაკა მაიორმა, რაცია გათიშა და იქვე მდგომ ხელქვეითებს უღრიალა: – ჩქარა, ავტომატი მიუშვით კარს, რომ გაიღოს და ჩიკოსთან ერთად დავედევნოთ!
სპეცრაზმელებმა სასწრაფოდ შეასრულეს მაიორის ბრძანება და სარდაფში შევარდნას აპირებდნენ, რომ პირველი სართულის ოროთახიანი ბინიდან ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი გამოვიდა, რომელსაც უბანში მილიციის აგენტად იცნობდნენ და ამიტომ მისგან ყველას შორს ეჭირა თავი. უცნობი სამართალდამცველებს მიუახლოვდა და მაიორს უთხრა:
– როგორც ვხვდები, ბოროტმოქმედი, რომელსაც თქვენ ეძებთ, სარდაფში ჩაძვრა.
– მერე რა? – უხეშად უპასუხა მაიორმა და მამაკაცი შეათვალიერა.
– მე დიდ პატივს ვცემ პოლიციას და, მინდა, დაგეხმაროთ.
– ჩვენთან ერთად წამოხვალთ? – ირონიულად ჰკითხა მაიორმა.
– არა. უბრალოდ, გეტყვით, რომ ამ სარდაფის სამი ამოსასვლელი აქვს და ისინი რომ გადაკეტოთ, გაქცეულს უპრობლემოდ დაიჭერთ.
მაიორი მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა პოლიციის აგენტთან, რომელიც ყველაფერს იკადრებდა და, შეიძლება, მისთვისაც კი ეჩივლა. ამიტომ, მოლბა, გაუღიმა და ჰკითხა:
– სად უნდა გადავკეტოთ ამოსასვლელები?
– ერთი გვირაბი აქვე, იაშვილის ქუჩაზე ამოდის და იტალიურ ეზოსთან უნდა დახვდეთ; მეორე – პურის მოედანზე ჩადის, აფთიაქის ეზოს რომ ეძახიან იქ, და, ერთი პოსტი მანდაა საჭირო; მესამე გვირაბი კი ჭონქაძის ქუჩაზე, თოიძის სამხატვრო სასწავლებლის სარდაფში ამოდის. აი, იქ კი ბევრი ხალხი უნდა გაგზავნოთ – იქიდან ოთხი გასაქცევია და ყურადღებით უნდა იყოთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, იქ იქნება, რადგან, ეცოდინება, რომ იქიდან გაქცევა ყველაზე მოსახერხებელია.
– გმადლობთ, პატივცემულო, – უთხრა მაიორმა მილიციის აგენტს, რომელსაც უბნელები „ბოზანდარას“ ეძახდნენ. შემდეგ ხელქვეითებს სამივე გასასვლელის გადაკეტვა უბრძანა და ლაბრადორ ჩიკოსთან და ხუთ ხელქვეითთან ერთად სარდაფში ჩაძვრა.
***
სოლოლაკელი მილიციის აგენტი ბოზანდარა მართალი აღმოჩნდა – მათემ მართლაც მთაწმინდისკენ მიმავალი გვირაბისკენ აიღო გეზი, რომელიც თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის სარდაფში ამოდიოდა. მას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პოლიციელებს ხელიდან დაუსხლტა, რადგან ვერ წარმოიდგენდა, თუ ისინი ასე ოპერატიულად შეიტყობდნენ გვირაბების ამოსასვლელების ადგილმდებარეობას. დევნის კი არ ეშინოდა, რადგან გვირაბების გასაყარზე ერთი მახე ჰქონდა მოწყობილი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დააგო, როდესაც ძებნილი იყო: ბეტონის ფილები ჭერზე იმგვარად ჰქონდა მიმაგრებული, რომ, ჯაჭვის ერთი ჩამოწევით, შესაძლებელი ხდებოდა მათი ჩამოყრა და გზის ჩახერგვა, რითაც მან ისარგებლა კიდეც და, სულ რაღაც ორმოცდაათი მეტრით უკან მყოფი მაიორი, ჩიკო და სპეცრაზმელები შეაჩერა.
– ეი, შე ნაბოზარო! შეჩერდი და ჩაგვბარდი! – მიაძახა ბეტონებს მიღმა დარჩენილმა მაიორმა მათეს და ჩიკოს უბრძანა, გაჩუმებულიყო, რადგან ის გაუჩერებლად ყეფდა.
– ჩემგან რა გინდა, თვითონ ნაბოზარო! – გამოსძახა მაიორს მათემ, – ფული და პისტოლეტები ტრაკში შეიტენეთ და თავი დამანებეთ, მართალი კაცი ვარ!
– რომ დაგიჭერთ და გაგჟიმავთ, მართალი მაშინ იქნები! – გამწარდა მაიორი, რომელიც შეპასუხებას ვერ იტანდა.
მათეს პასუხი აღარ გაუცია და სასწრაფოდ განაგრძო გზა, კიდევ ასიოდე მეტრი გაიარა და თოიძის სასწავლებლის სარდაფს რომ ათიოდე მეტრით მიუახლოვდა, ჯერ სვლა შეანელა, შემდეგ კი გაჩერდა და ჰაერი დაყნოსა.
– გავები, – ჩაილაპარაკა მათემ, – კი მაგრამ, როგორ მომაგნეს? – მან ძაღლის სპეციფიკური სუნი იგრძნო და იმით მიხვდა, რომ მაღლა მას ელოდნენ.
მათემ უკან დაიხია და სხვა გზის მოძებნა გადაწყვიტა. თუმცა, კარგად იცოდა, რომ მეტი გასასვლელი არ არსებობდა და ჩახერგილ ბეტონებთან დაბრუნდა, რომლის მეორე მხარესაც მაიორი იდგა და მათეს ელოდა.
– დაბრუნდი, ხომ? – ირონიულად გამოსძახა მათეს მაიორმა, – როგორ მიხვდი, რომ გელოდნენ?
– ძაღლის სუნით.
– ოჰო! შენ მართლა მაგარი ვინმე ყოფილხარ და ძაღლის ყნოსვა გქონია, მაგრამ, მე შენზე მაგარი ვარ!
– მაგრად გაგიმართლა, – ჩაეცინა მათეს – სულ სხვა ოპერაციას ატარებდით და ხელში კი მე შეგრჩით. ასე არაა?
– მასეა, მასე... მაგრამ, რას იზამ, ყველაფერს ბედი უნდა. შენ არ გაგიმართლა, მე კი, პირიქით. ჩიკომ იყოჩაღა და იმიტომ.
– იარაღის სუნი იგრძნო, ხომ?
– კი.
– ეჰ, – ამოიოხრა მათემ, – რა სირი ძაღლია ლაბრადორი – კეისში ჩაწყობილი პისტოლეტები იყნოსა და დამწვა.
– ჩიკოს ნუ ლანძღავ, – გამხიარულდა მაიორი და ძაღლს მიეფერა, – ჯობია, გამოხვიდე და ჩაგვბარდე!
– რა ზვანია გაქვს?
– მაიორი.
– რამდენი წლის ხარ?
– ოცდაცამეტის.
– მომისმინე, მაიორო! ჩემს ჩემოდანში 300 ათასი დოლარია და გპირდები, ათ ამდენს გადაგიხდი, ხუთი წლის მერე კი გენერალ-მაიორი გახდები, თუკი ახლა გამიშვებ!
– შენ რა, გიჟი ხარ?
– სრულიად სერიოზულად გეუბნები.
– მეც სერიოზულად გეკითხები – გიჟი ხომ არ ხარ?
– არა, ნორმალური ვარ და პირობას აუცილებლად შევასრულებ, ოღონდ ახლა გადამარჩინე და გამიშვი. სამაგიეროდ, საშვილიშვილოდ აგაშენებ!
– ესე იგი, სერიოზული ბოროტმოქმედი ხარ, ასე რომ ბაზრობ.
– შენი მოსისხლე მე არ ვარ, მანიაკი და ტერორისტი. რა გენაღვლება, აიღე მაყუთი და გამიშვი!
– არავითარ შემთხვევაში! გამოდი, შენი დრო ამოიწურა და, თუ ნებით არ ჩაგვბარდები, ან ძაღლებს შემოვუშვებთ, ან გაზს შემოგიგდებ.
– გამიშვი, მაიორო და! მერწმუნე, არ ინანებ!
– არავითარ შემთხვევაში! გამოდი! – კატეგორიულად თქვა მაიორმა და რაციაში მათეს გასაგონად ჩაილაპარაკა, – ყველაფერი რიგზეა, გვირაბშია გამომწყვდეული და მევაჭრება, გაშვებას მთხოვს! ჩადით და აიყვანეთ, მეც ახლავე მოვალ!
– წადი, შენი დედაც!.. – შეაგინა მათემ მაიორს, რომელიც უკვე გვირაბიდან გადიოდა, რომ ჭონქაძის ქუჩაზე ასულიყო და მათეს ამოყვანის პროცესს პირადად დასწრებოდა, – მდაა, ბედიც ამას ჰქვია, – ჩაილაპარაკა მათემ, როდესაც თოიძის სასწავლებლის სარდაფიდან ამოიყვანეს პოლიციელებმა, სპეციალურ მანქანაში ჩასვეს და თავის უწყებაში წაიყვანეს დაკითხვაზე...
***
სპეცმანქანაში მჯდარ მათეს პირადად მაიორმა დაადო ხელბორკილები და გვერდით მიუჯდა, თან ისე იყო გახარებული, რომ ხუმრობდა კიდეც და მათე მიხვდა, რომ მაიორი აზრზე არ იყო, ვინ ჰყავდა დატყვევებული.
– სამ მილიონს მოგცემ და ხუთ წელიწადში გენერალ-მაიორს გაგხდიო, არა?! სიცილით თქვა მაიორმა, – თუ ამდენი შეგიძლია, დასაჭერად რატომ გაიხადე საქმე?
– ეჰ, რომ იცოდე, რა შარში გაქვს გაყოფილი თავი, უპირობოდ გამიშვებდი.
– ჰოდა, კანტორაში მივალთ, შენს პიროვნებას დავადგენთ და შევიტყობ, რა ბიჭი ხარ.
მათეს ხმა აღარ ამოუღია და უხმოდ აჰყვა მაიორს მეორე სართულზე. დერეფანში რომ მიდიოდნენ, მათ ნატამ ჩაუარა გვერდით, მაგრამ გოგონა მხოლოდ მაიორს მიესალმა და არ შეიმჩნია, რომ მის პატიმარსაც იცნობდა. მაიორმა კი, მათე თავის ოთახში შეიყვანა და ერთ-ერთ კოლეგას უთხრა:
– ამას მიხედე, მე კი უფროსთან შევალ და მოვახსენებ!
ხელქვეითმა მას თავი დაუქნია და მათეს მიუახლოვდა, მაგრამ მოულოდნელად შეცბა და ყურადღებით დაუწყო თვალიერება. ბოლოს კი მაიორს უთხრა:
– ბატონო მაიორო, ეს ხომ მათეა, ზვიად მათეშვილი, რომელსაც ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს!..
მათეს დაკავების ამბავი წამში მოედო მთელ უწყებას. მას ჯერ პარიკი მოხადეს და გრიმი მოაშორეს, მერე კი ცალკე საკანში მოათავსეს, თუმცა, ნახევარი საათიც არ გაუჩერებიათ იქ და დაკითხვაზე გაიყვანეს, სადაც მას კრინტიც არ დაუძრავს. გამთენიისას კი კვლავ სპეცმანქანაში ჩასვეს და გაძლიერებული, ოცკაციანი სპეცბადრაგის თანხლებით საბურთალოდან ორთაჭალისკენ წაიყვანეს, რომ მეხუთე იზოლატორში გამოემწყვდიათ, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები ისხდნენ.
სპეცმანქანა საშუალო სიჩქარით მისრიალებდა, როდესაც მას ყუმბარა მოხვდა და ამოტრიალდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში