მკვლელობის თეორია
აგათა კრისტი
მის პოლიტმა ხის ჩაქუჩს ხელი მოჰკიდა და კოტეჯის კარზე დელიკატურად დააკაკუნა. იღლიის ქვეშ ამოდებული ფუთა კინაღამ გაუვარდა. ფუთაში მოსაზომებლად გამზადებული მისის სპენლოუს ახალი კაბა იდო, ხოლო მისის პოლიტის მარცხენა ხელზე ჩამოკიდებულ შავ ჩანთაში – ქინძისთავები, სამკერვალო სანტიმეტრი და დიდი მაკრატელი. კიდევ ერთხელ დაკაკუნებას აპირებდა, როდესაც გზაზე მისკენ მომავალი ადამიანი შენიშნა. მის ჰარტნელმა ჯერ კიდევ შორიდან გამოსძახა:
– შუადღე მშვიდობისა, მის პოლიტ!
– სალამი, სალამი, მის ჰარტნელ! – საჩქაროდ გამოეპასუხა მკერავი, – შემთხვევით, ხომ არ იცით, მისის სპენლოუ სახლშია? თავად დამიბარა ოთხის ნახევარზე. ახალი კაბა უნდა მოერგო. იქნებ, დაავიწყდა და სადმე წავიდა?
– ვერსად წავიდოდა, მე აუცილებლად შევხვდებოდი, – მიუგო მის ჰარტნელმა, – მოდი, ფანჯარაში შევიხედავ. დაიხოცნენ, თუ რა არის?
ქალმა საკუთარ ხუმრობაზე გადაიკისკისა და ფანჯარაში შეიხედა. ოთახში, ხალიჩაზე, უსიცოცხლო მისის სპენლოუ ეგდო.
– მე არ დავიბენი, – ყვებოდა შემდეგ მის ჰარტნელი, – პოლიტის ყურებაც კი საცოდაობა იყო, ისე შეეშინდა. ამ დროს კუთხიდან მისტერ სპენლოუც გამოჩნდა. ისე გამოიყურებოდა, რომ მაშინვე გულმა რეჩხი მიყო. რაღაც ძალიან მშვიდი ჩანდა ეს სპენლოუ. არც კი გაჰკვირვებია. რაც გინდა, ის თქვით და, ეს ნორმალური არაა. იფიქრებდი, ყოველდღე ცოლს უკლავენო.
მისტერ სპენლოუს საქციელი ყველას საეჭვო ეჩვენებოდა. ვინმე მის მარპლი, რომელიც მღვდლის სახლის გვერდით ცხოვრობდა, პირველი დაკითხეს. გვამის აღმოჩენიდან ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ კონსტებლი პოლკი უკვე მის ზღურბლზე იდგა და ჭკვიანური გამომეტყველებით ფურცლავდა უბის წიგნაკს.
– ვიცი მხოლოდ ის, რაც თევზის გამყიდველმა მითხრა, – უთხრა მას მის მარპლმა, – რომ გვამი იატაკზე ეგდო გაგუდული, სავარაუდოდ წვრილი თოკით ან ქამრით, რომელიც მკვლელმა თან წაიღო. უკაცრავად და, თქვენ რა ქინძისთავი გიკეთიათ?
კონსტებლმა პოლკმა მუნდირს დახედა, ფართოდ გაიღიმა და მის მარპლს აუხსნა:
– წესია ასეთი. თუ ქინძისთავს იპოვი, აუცილებლად უნდა აიღო და მთელი დღე წარმატებული გექნება. საქმეს დავუბრუნდეთ: მისტერ არტურ სპენლოუ, გარდაცვლილის ქმარი, ამტკიცებს, რომ თქვენ მას 14 საათსა და ოცდაათ წუთზე დაურეკეთ და 15 საათსა და თხუთმეტ წუთზე შეხვედრაზე შეთანხმდით. ეს მართალია?
– რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა მის მარპლმა.
– ანუ, თქვენ არ დაგირეკავთ მისტერ სპენლოუსთვის სამის ნახევარზე?
– არც სამის ნახევარზე და არც სხვა დროს.
– იგი ამტკიცებს, რომ დათქმულ დროს თქვენთან მოვიდა და მოახლისგან გაიგო, რომ სახლში არ იყავით.
– ეს უკვე სიმართლეა, – თქვა მის მარპლმა, – იგი მართლაც იყო მოსული, მე კი ამ დროს ქალთა კლუბის სხდომაზე ვიყავი.
მის მარპლს მისტერ სპენლოუ მოსწონდა. იგი პატარა, თავშეკავებული კაცი იყო, ნამდვილი ქალაქელი კლერკი. გაუგებარიც კი იყო, როგორ მოხვდა სოფელში, თუმცა, მის მარპლმა ეს იცოდა. „როდესაც პატარა ვიყავი, – გაენდო ერთხელ მას მისტერ სპენლოუ, – ძალიან მინდოდა სოფელში ცხოვრება და პატარა ბაღის გაშენება. ყოველთვის მიყვარდა ყვავილები. ჩემს ცოლს ადრე ყვავილების მაღაზია ჰქონდა. პირველად სწორედ იქ ვნახე.“
ახალგაზრდობაში მისის სპენლოუ ერთ მდიდართან მსახურობდა. შემდეგ მებაღის დამხმარეზე გათხოვდა, სამსახური მიატოვა და ლონდონში ყვავილების მაღაზია გახსნა. მაღაზიაში საქმე კარგად წავიდა, რასაც მის ქმარზე ვერ იტყოდი. იგი მალე ავად გახდა და გარდაიცვალა. ქალი საქმეებს ისე გაუძღვა, რომ მალე ქონება გაიორმაგა, შემდეგ საკმაოდ სარფიანად გაყიდა მაღაზია და ცოლად მისტერ სპენლოუს გაჰყვა. სპენლოუ იუველირი იყო და საკმაოდ შემოსავლიანი საქმე ჰქონდა, თუმცა, მალე მათ ყველაფერი გაყიდეს და სენტ-მერი-მიდში დასახლდნენ. მისის სპენლოუ ჭკვიანი ქალი იყო. ყვავილებით ნაშოვნი ფული ისე დააბანდა, რომ კარგი მოგება მოჰქონდა.
პოლიციისთვის მთავარი ეჭვმიტანილი მისტერ სპენლოუ იყო.
– ეს ქმარმა გააკეთა, – უმტკიცებდა პოლკოვნიკ მელჩეტს ინსპექტორი სლეკი, – ერთი შეგახედათ! დარდი და წუხილიც კი არ ეტყობა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ზუსტად იცოდა, რომ ცოლი მკვდარი იყო. ცოლის ფინანსებით ცხოვრობდა. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ქალი მოეშორებინა და წყნარად ეცხოვრა. ყველაფერი დაგეგმა მოიგონა, ვითომ დაურეკეს.
– იმ ვარიანტს არ უშვებთ, რომ მკვლელი სხვაა და ქმარი, უბრალოდ, ვიღაცამ სახლიდან გაიტყუა?
– თქვენ ტედ ჯერალდს გულისხმობთ? ეს შესაძლებლობა მეც განვიხილე, მაგრამ მას მოტივი არ აქვს, სუფთაა. მართალია, რაღაც-რაღაცეებში შემჩნეული გვყავს, მაგრამ ახლა ამბობს, რომ გამოსწორების გზაზეა. ერთ-ერთ რელიგიურ დაჯგუფებაში გაერთიანდა და აცხადებს, რომ ყველაფერს ინანიებს... კინაღამ დამავიწყდა. აქ რაღაცეები გავარკვიე. გარდაცვლილი ახალგაზრდობაში სერ რობერტ აბერკომბისთან მსახურობდა. ვერაფრით გავიხსენე, ეს სახელი საიდან მეცნობოდა... გაუხსნელ საქმეებში ირიცხება მისი ძვირფასეულობის მოპარვის საქმე – უზარმაზარი ღირებულების ზურმუხტები გაქრა. ქურდობა მაშინ მოხდა, როდესაც იქ ჯერ კიდევ მისის სპენლოუ მსახურობდა, მაშინ სრულიად ახალგაზრდა გოგო იყო. ასე რომ, გამორიცხული არაა, ამ საქმეში გარეული იყოს. მისტერ სპენლოუ მაშინ იუველირი იყო და შეეძლო, ნაქურდალი გაესაღებინა.
– არ მგონია, – პოლკოვნიკმა თავი გადააქნია. – ეჭვი მეპარება, რომ მაშინ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. მახსოვს ეს საქმე. ვერაფერი დაამტკიცეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ძვირფასეულობა ჯიმ აბერკომბიმ, სერ რობერტის შვილმა მოიპარა. იგი ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული და ქურდობიდან ცოტა ხანში ყველა ვალი გაისტუმრა. განაცხადა, რომ მის მაგივრად მისმა მდიდარმა საყვარელმა გადაიხადა. ბუნებრივია, მისი არავინ დაიჯერა, მაგრამ მოხუცმა აბერკომბიმ საქმე ჩაფარცხა.
სოფელი ორად გაიყო: ნაწილი ფიქრობდა, რომ მკვლელი მისტერ სპენლოუ იყო, მეორე ნაწილი კი მკვლელობას ახალგაზრდა ტედ ჯერალდს აბრალებდა. მასზე ბევრ რამეს ყვებოდნენ, მაგალითად ამბობდნენ, რომ იგი ბოლო დროს ხშირად სტუმრობდა მისის სპენლოუსთან. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორივე ერთ რელიგიურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, ხალხი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა კაცმა ქალს ვნებები გაუღვიძა და მოხიბლულმა მის სპენლოუმ ფული ასესხა, მაგრამ იქვე უმატებდნენ, რომ გარდაცვლილს უცნაურად ეცვა, კონკრეტულად კი, ხალათში იყო გამოწყობილი, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ზოგს რაღაც-რაღაცეები ეფიქრა.
– მგონი, ხალხი ფიქრობს, რომ საკუთარი ცოლი მოვკალი, – შესჩივლა მის მარპლს მისტერ სპენლოუმ.
– დიახ, ნახევარი სენტ-მერი-მიდი. – მშვიდად უპასუხა მის მარპლმა.
– ღმერთო ჩემო, ეს თავში როგორ მოუვიდათ? მე იგი გულწრფელად მიყვარდა. დამიჯერეთ, ძალიან განვიცდი ცოლის დაღუპვას!
– მე კი მჯერა ამის, მაგრამ, ზოგს უცნაურად ეჩვენება, რომ თქვენ შეწუხებულის არაფერი გეტყობათ.
– ერთ ჩინელ ფილოსოფოსს ცოლი გარდაეცვალა, მაგრამ ის ძველებურად ქუჩაში დასეირნობდა და გონგს უკრავდა. თანამოქალაქეები მისი სულის სიძლიერით გაოცებულები იყვნენ...
– ჰო, მაგრამ სენტ-მერი-მიდში ჩინური ფილოსოფია მოდაში არაა, – შენიშნა მის მარპლმა, – თუმცა, პირადად მე თქვენი მესმის. ბიძაჩემ ჰენრის ჰქონდა ასეთი დევიზი: არაფერს გაამარჯვებინო შენზე.
პოლიციის უფროსისთვის მის მარპლის ვიზიტი სასაიმოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.
– მაპატიეთ, პოლკოვნიკო, რომ გაწუხებთ, – ზღურბლიდან დაიწყო მის მარპლმა, – იცით, არ მინდა, რომ ჩემ გამო კონსტებლ პოლკს უსიამოვნებები შეხვდეს, მაგრამ, მას ეს არ უნდა გაეკეთებინა.
– რა არ უნდა გაეკეთებინა? – გაოცებულმა იკითხა პოლკოვნიკმა მელჩეტმა.
– იცით, მან ქინძისთავი აიღო და მუნდირში გაიკეთა. ჰოდა, ვიფიქრე, იქნებ მისის სპენლოუს სახლში აიღო?
– გასაგებია, – ამოისუნთქა პოლკოვნიკმა მლეჩეტმა, – აქ სანერვიულო არაფერია. ჩვეულებრივი ქინძისთავია და ის მართლაც გვამის გვერდით იპოვა. თუმცა გუშინ ინსპექტორ სლეკს ამის შესახებ თავად უამბო. მესმის, რომ დანაშაულის ადგილზე ხელი არაფერს არ უნდა ახლო, მაგრამ, ეს ხომ მხოლოდ ქინძისთავია, როგორიც ყველა ქალს ათეულობით აქვს.
– მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ მამაკაცისთვის ის ჩვეულებრივი ქინძისთავია, მაგრამ, სინამდვილეში ეს მთლად ასე არაა. ის ძალიან წვრილია. ასეთ ქინძისთავებს სპეციალური კოლოფებით ყიდიან და მათ ძირითადად მკერავები იყენებენ.
პოლკოვნიკი მელჩეტი მის მარპლს თვალებგაფართოებული შესცქეროდა. ის უკვე რაღაცას მიხვდა. ქალმა თავი დაუქნია.
– ყველაფერი გასაგები ხდება, არა? ქალი ხალათში იმიტომ იყო, რომ კაბის მორგებას აპირებდა. მის პოლიტმა, როდესაც ზომას უღებდა, სანტიმეტრი მას ყელზე შემოახვია და... შემდეგ გამოვიდა, კარი დაკეტა და კაკუნი დაიწყო, თითქოს ახალი მოსული იყო... მხოლოდ, ქინძისთავი გვეუბნება, რომ იგი სახლში მანამდეა ნამყოფი.
– გამოდის, მან დაურეკა მისტერ სპენლოუს. მაგრამ, რატომ? რაში სჭირდებოდა?
– მოტივი არის. უბრალოდ, ის არა აწმყოში, არამედ წარსულში უნდა ვეძებოთ. ეს, როგორც ჩემი ბიძაშვილების შემთხვევაშია: ენტონის ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა, საცოდავ გორდონს კი არაფერში უმართლებდა.... რამდენადაც ვხვდები, ისინი ორივენი, იმ საქმეში იყვნენ გარეული.
– რომელ საქმეში?
– ქურდობის. გამიგონია, ძალიან ძვირფასი ზურმუხტები იყო. მოახლე და მოსამსახურე... არავის გასჩენია კითხვა – საიდან გაუჩნდა მას ყვავილების მაღაზიის გასახსნელი ფული? არადა, მან ეს მაღაზია სწორედ მოპარული ზურმუხტების საკუთარი წილის გაყიდვით გახსნა. შემდეგ ყველაფერი ბრწყინვალედ აეწყო – ფულს ფული მოჰქონდა... აი, მეორეს, მოახლეს კი, იმდენად არ გაუმართლა, რომ სოფლის მკერავად მუშაობს. წარმოგიდგენიათ? ბედმა ისინი ისევ შეახვედრა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ტედ ჯერალდი რომ არ გამოჩენილიყო. მისის სპენლოუ ძალიან რელიგიური გახდა ... მას ისედაც აწუხებდა სინდისი, ხოლო, როგორც მას ეჩვენებოდა, სუფთა და ღვთისმოსავი ახალგაზრდის გამოჩენის შემდეგ, ეს გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა. მოკლედ, ძალიან მალე მის პოლიტი მიხვდა, რომ საქმე მონანიებისკენ და აღიარებისკენ მიდიოდა, რაც მათ, ორივეს თავს ციხეში ამოაყოფინებდა და გადაწყვიტა, რომ უნდა ემოქმედა. ვშიშობ, იგი სულაც არ იდარდებს, თუ მის მაგივრად გულუბრყვილო მისტერ სპენლოუს ჩამოახრჩობენ.
პოლკოვნიკმა მელჩეტმა დაფიქრებით ჩაილაპარაკა:
– ჰო, მაგრამ, რაღაცნაირად ხომ უნდა გადავამოწმოთ თქვენი თეორია? გავარკვიოთ, მართლაც არის, თუ არა მის პოლიტი ლედი აბერკომბის მოახლე, ან...
– ყველაფერი გაცილებით მარტივია, – ხელი აიქნია მის მარპლმა, – ჯერ ერთი, როგორც მე მგონია, იგი ისეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მაშინვე ნებდებიან, როგორც კი მათ კუთხეში მიიმწყვდევ; მეორეც, მე წინა დღეს მასთან ვიყავი და სანტიმეტრი ვითხოვე. როდესაც მის პოლიტი გაიგებს, რომ ის თქვენ გაქვთ, მაშინვე ყველაფერს აღიარებს. იგი არც ისე განათლებულია, რომ მიხვდეს, ეს ნივთი, როგორც მტკიცებულება, არაფერში გამოდგება. დამიჯერეთ, ყველაფერი გამოგივათ.
ბოლოს პოლკოვნიკ მელჩეტს ასეთი ტონით დეიდა ელაპარაკა, როდესაც არწმუნებდა, რომ მისაღებ გამოცდებზე არ ჩაიჭრებოდა. იგი მართლაც არ ჩაჭრილა.
P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.