ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-20(490)
სრული ქაოსი მაშინ იწყება, როცა მტყუან-მართლის გარჩევას იწყებ. პრობლემა ის არ არის, რომ ყველას საკუთარი სიმართლე აქვს. უბრალოდ, როცა ამ რთულ და უმადურ საქმეს მოჰკიდებ ხელს, თვალებზე თითქოს ბინდი გეკვრება და გონებაც ისე ვეღარ მუშაობს. ერთი სიტყვით, იბნევი და დიდი შანსი გაქვს, ტყუილი მართალში აგერიოს, ან – პირიქით... ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა ვქნათ, დავანებოთ სიმართლის ძებნას თავი და დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, თუ, მაინც შევერკინოთ ბედს, იმ იმედით, რომ გაგვიმართლებს?
***
თინიკომ სპირტში დასველებული დოლბანდი გაწურა და ქმარს გახეთქილ წარბზე დაადო. ლევანმა დაიღმუვლა და შეიგინა. მოშორებით მდგარი სავარძლიდან ნიკუშა მაშინვე გამოეპასუხა:
– იცოდე, მესმის და, შემიძლია, კიდევ დაგიმატო, თორემ, უკმარისობის შეგრძნება დამრჩა.
– მერე, მიდი, რაღას უცდი! ოღონდ, ამჯერად თავის დაცვით აღარ შემოვიფარგლები და ბოლომდე მოგაწვები. თუ ძალის დემონსტრირება გინდა, არც მე დაგრჩები ვალში! აღარ დაგრჩები ვალში! – გესმის, რას ვამბობ?
– ნუ მემუქრები! უკვე გნახე, რა ბიჭიც ხარ და შენს ცოლს უთხარი მადლობა, რომ არ მოგკალი, თორემ, სიამოვნებით მიგახრჩობდი. ხელები ახლაც მექავება, – ნიკუშამ ვახოს მკვლავებიდან გაითავისუფლა თავი და უხეშად შეუყვირა:
– შენ კიდევ, რაღას დამდგომიხარ თავზე. გიჟი კი არ ვარ, ხელებს რომ მიჭერ!
– რა ვიცი, რომ არ მომესწრო, კლავდი და... – გაბრაზდა ვახოც, – ვიცი, რომ საამისო მიზეზი გექნება, მაგრამ მკვლელობას ნუ ჩაიდენ, არ ღირს, დამიჯერე!
– შენც გეყოფა, ცეცხლზე ნავთს ნუ ასხამ! – ლევანი ვახოსკენ შებრუნდა და კიდევ რაღაც ჩაიბურტყუნა მისი მისამართით – გასიებული, ცხვირზე მიბჯენილი ტუჩი არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ გარკვევით ელაპარაკა.
– ნუ ბლუკუნებ, თუ ღმერთი გწამს და ნუ შექმენით ჩემგან მტრის ხატი! მიზეზი ყველას ყველაფრისთვის გვაქვს. თუ არ გვაქვს, მოვინდომებთ და ვიპოვით, მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის!
– აბა, რა არის მთავარი! ის, რომ მთელი ეს წლები სულში მაფურთხებდი? – ისევ იფეთქა ოდნავ დამშვიდებულმა ნიკუშამ და წამოხტა, მაგრამ ვახო სწრაფადვე სწვდა მკლავში და ძალით დასვა სკამზე.
– ეე, ახლა უკვე გავბრაზდი! გეყოფათ, ბოლოს და ბოლოს. იჩხუბეთ და მოვრჩეთ! უკვე შეიძლება, ადამიანურად გავარკვიოთ ურთიერთობა. თუ გინდათ, მე ორივეს მოგისმენთ და გეტყვით, ვინ არის თქვენ შორის მართალი. თუმცა, ინტუიცია მკარნახობს, რომ დამნაშავე შენ უნდა იყო, საყვარელო, – მიმართა ვახომ ლევანს დამცინავი ღიმილით. ლევანმა უხეშად მოიშორა ცოლის ხელი და ჭრილობაზე დაფარული დოლბანდი მოისროლა.
– რას შვრები, ლევან? ისევ სისხლი წამოგივა! – შეშფოთდა თინიკო.
– ჯანდაბას, წამომივიდეს, ფეხებზე მკიდია! შენ მიდი, ჩვენი ბარგი მოატანინე, მოვშორდეთ აქაურობას. ნერვები მეშლება, საერთოდ რომ დავკარგე დრო და ჩამოვედი...
– ვერსადაც ვერ წახვალ, – ჩაიღრინა ნიკუშამ, – ფეხს ვერ მოიცვლი აქედან, სანამ ბოლომდე არ გავარკვევთ ყველაფერს.
– გასარკვევი აღარაფერია. მე ვხვდები, რაშიც არის საქმე – თინიკოს ნათქვამმა გაგაგიჟა. შეგეშინდა, რომ მოცილე გამოგიჩნდა.
– რა მოცილე, რის მოცილე, შენ ხომ არ გაგიჟდი? საკუთარი თავიდან გამომდინარე ნუ მსჯელობ, მე შენნაირი არ ვარ!
– ვითომ? ძალიან კი გინდა, ყველას დაგვიმტკიცო, რომ განსაკუთრებული ხარ, მთელი ცხოვრება ამას აკეთებდი, მაგრამ მე მაინც ვერ მომატყუებ, უკვე ძალიან კარგად გიცნობ! იმაზე კარგადაც კი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია...
– რა გინდა მაგითი თქვა?
– ის, რაც უკვე ვთქვი. ზუსტად ვიცი ყველაფერი. არ მჭირდება, გელაპარაკო და ისე გავარკვიო, გულში რა გიდევს. ერთი დაბოღმილი კაცი ხარ, ცხოვრებაზე გამწარებული! თუმცა, ან ცხოვრებას რას ერჩი, ეგეც გაუგებარია. ყველაფერი მოგცა, რისი მოცემაც შეიძლებოდა, რა მისი ბრალია, თუ ვერ გამოიყენე?!
– ლევან, ისე ნუ იზამ, რომ, ვინანო, რატომ არ მოვკალი-მეთქი!
– კარგი რა, მოკვლა რომ გდომოდა, ვახოს მოსვლას არ დაელოდებოდი, მუშტიც კი არ დაგირტყამს გამეტებით, მხოლოდ წარბი გამიხეთქე!
ნიკუშამ გაიცინა:
– სარკეს მოგიტან და ჩაიხედე, რას ჰგავხარ. მაგრამ, მგონი, ვახო მართალია, შენი მოკვლით ბევრი არაფერი შეიცვლება. ჯერ სხვა მყავს მოსაკლავი.
– ვინ, ჩემი სიმამრი ხომ არა? – ახლა ლევანმა დასცინა, – თუმცა, როგორ დამავიწყდა, ჩემი ნამდვილი და ჭეშმარიტი სიმამრი მკვდარია. ვის მოკვლას აპირებ?
– მოიცა, მოიცა... – ვახომ ორივე ხელი მუხლებზე დაირტყა და აივანზე წინ და უკან სირბილს მოჰყვა, თან ხმამაღლა მსჯელობდა, – ესე იგი, რა გამოდის, სიძე-ცოლისძმამ სცემეთ ერთმანეთს? ასეა? რა დომხალია, ვერაფერი გავიგე! მოდი, ცოტა ხნით მტრობა დაივიწყეთ და ჯერ გამარკვიეთ, ვინ ვისი ძმა, და, შვილი და მამაა, თორემ, ჩემი აზროვნება მაგდენს ვერ გაქაჩავს.
– ვახო, ახლა მაგაზე ლაპარაკის დრო არ არის!
– აბა, როდის არის? არ მოგეშვებით, სანამ ყველაფერს არ მეტყვით. აი, იაც მოდის და ჟანიც ვიღაც კაცთან ერთად. რას ჰგავხართ ან ერთი, ან მეორე...
ნიკუშამ იქით გაიხედა, საითკენაც ვახო უთითებდა და შეიგინა:
– ამის დედაც! გამომძიებელიღა მაკლდა...
– რა გამომძიებელი, ტო, ვინ გამოიძახა! მეგობრებმა იჩხუბეს, რას რეკავდით პოლიციაში, მართლა გაგიჟდით, ტო?! – გადაირია ვახო.
– აუ, ვახო, შენ მაინც მოკეტე და ცოტა ტვინი გაანძრიე! გამომძიებელი აქ იმიტომ კი არ არის, რომ მე და ლევანმა ვიჩხუბეთ, ეგ იმ ნახატის დაკარგვის საქმეს იძიებს, მაგრამ ახლა ძალიან შეუფერებელი დრო შეარჩია აქ მოსასვლელად, ნამდვილად არ მაქვს მაგასთან ლაპარაკის თავი. მით უმეტეს, რომ უკვე ხუთჯერ მაინც დამკითხა.
– ჰოდა, აუცილებლად ახლა უნდა დაგვეჩეჩქვა ერთმანეთისთვის ცხვირ-პირი?!
– რა გინდა, უთხრა! სახეზე გვაწერია, რაც აქ ცოტა ხნის წინ მოხდა, – ლევანმა გამომძიებლისკენ გაიხედა.
– მართალია, ძალიან ცუდად გამოიყურებით, – თქვა თინიკომაც, – ადრე მაინც დაგვენახა, რამენაირად აარიდებდით თავს მასთან შეხვედრას. ახლა რაღა უნდა ქნათ, დაგინახათ...
– რა მაგისი საქმეა, მე და ჩემმა ძმაკაცმა რაზე ვიჩხუბეთ? ეს საფრანგეთის პოლიციას ნამდვილად არ ეხება, – ბრაზით ჩაილაპარაკა ნიკუშამ.
– გამომძიებელს და პოლიციას ბევრი რამე ეხება და, რომც არ ეხებოდეს, აუცილებლად „შეიხებს“, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ უცხო თვალით აქ ბევრი რამ არის საეჭვო, – ლევანმა ისევ დაიდო ცოლის მიწოდებული დოლბანდი სახეზე.
– პირადად ჩემთვის, ყველა კითხვას გაეცა პასუხი, – თქვა ნიკუშამ, – ყველა კითხვას, გარდა ერთისა: რატომ გამიმეტა ასე ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, რა დავუშავე?
– გეყოფა, თავს ნუ ისაწყლებ! თუ ვინმემ არ გაგიმეტა და ბოლომდე გიერთგულა, ეს მე ვარ.
– გაჩუმდი მაინც! სინდისი რომ არ გაქვს, ვიცი, მაგრამ, იქნებ, ჭკუა მაინც გეყოს. როგრ მეუბნები, გიერთგულეო! – კბილები გააღრჭიალა ნიკუშამ.
– აბა, ახლა მართლა მორჩით! მოვიდა ის კაცი და ცოტა თავი შეიკავეთ, სანამ ორივე დაუპატიმრებიხართ! – მკაცრად თქვა თინიკომ და წყრომით გადააქნია თავი, – სამარცხვინოდ მოიქეცით ორივე, მართლა სამარცხვინოდ!..
გამომძიებელმა თვალის ერთი შევლებით შეაფასა სიტუაცია: ორი ახალგაზრდა ქალი, ერთი – აშკარად ნამტირალევი, ჩაწითლებული თვალებით და გაფითრებული სახით... მეორე – დამფრთხალი მზერით... სამი უცხოელი მამაკაცი ანთებული თვალებით, მეომრის გამოხედვით... ორ მათგანს აშკარად ემჩნევა ცემის კვალი...
– ბატონო ჟან, შეიძლება, ამიხსნათ, ეს თქვენი სტუმრები ასე უცნაურად რატომ გამოიყურებიან? ხომ არ მეშლება, ხომ ნამდვილად თქვენი სტუმრები არიან?
– დიახ, ნიკოლს ესტუმრნენ მეგობრები, – უხალისოდ წარმოთქვა ჟანმა და უხერხულად შეიშმუშნა.
– მეგობრები?.. საინტერესოა, ძალიან საინტერესო... უცნაური მეგობრობა სცოდნიათ საქართველოში.
ჟანმა გამომძიებლის ნათქვამი გადათარგმნა.
– ჰო, აი, ასეთი მეგობრობა ვიცით, დიახ, – გაღიზიანდა ნიკუშა, – უთხარით მაგას, ჟან, რომ ეს მას არ ეხება და არც იმ საქმესთან აქვს რამე კავშირი, რომელსაც ეგ იძიებს. ბიჭებმა რაღაც გავარკვიეთ ერთმანეთში – სულ ეს არის.
– მეტისმეტი მოგსვლიათ. ჭკუას არ გარიგებთ, მაგრამ, შეგეძლოთ, ეგ „რაღაც“ სხვანაირად გაგერკვიათ ერთმანეთში, – ჟანს წყენა არ დაუმალავს.
– არ გამოვიდა სხვანაირად, თორემ მუშტების ქნევა ჩემი სტიქია არ არის, – ჩაილაპარაკა ნიკუშამ, – რა უნდა, ამჯერად რისთვის შეწუხდა ბატონი გამომძიებელი?
– რაღაც დეტალები აქვს დასაზუსტებელი და შენთან და შენს მეგობრებთან უნდა გასაუბრება.
– ჩემთან ისაუბროს, მაგრამ ჩემს მეგობრებს თავი დაანებოს. ხომ უთხარით, რომ მათ ამ საქმესთან კავშირი არ აქვთ? – ხმას აუწია ნიკუშამ და გამომძიებელს ბრაზით გახედა.
ჟანი გერთან მივიდა და მისკენ დაიხარა:
– ძალიან გთხოვ, ცოტა თავი შეიკავე. მეც ვიცი ის, რაც შენ დღეს დილით ელენემ გითხრა. ჰო, მეც მითხრა და ახლა, მით უმეტეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. წინდახედულობა გვმართებს, თორემ, პრობლემას შევიქმნით და, რაც ყველაზე ცუდია, ელენესაც შევუქმნით. ამიტომ გთხოვ, თავს ძალა დაატანე და მშვიდად, დაკვირვებით უპასუხე მის შეკითხვებს. ეს საქმე როგორმე უმტკივნეულოდ უნდა დავამთავროთ, თანაც, რაც შეიძლება მალე.
ნიკუშაზე დამამშვიდებლად იმოქმედა მამინაცვლის ტონმა, რომელსაც კატეგორიულობა არ აკლდა, მაგრამ მაინც არ სცილდებოდა დელიკატურობისა და ზრდილობის ფარგლებს. ნიკუშამ უკან დაიხია:
– ეგ თავს მაინც არ დაგვანებებს.
– აუცილებლად დაგვანებებს. მე ვიძლევი ამის გარანტიას.
– რანაირად? საქმეს დახურავს? მეეჭვება, ისეთი „იდეინი“ ჩანს, ვერ შეძლებთ, დაიყოლიოთ, რომ შეგვეშვას.
– არაფერს არ ვეცდები. ამ ქვეყანას თავისი კანონები აქვს: სურათი დაზღვეული არ არის. ის, ვისაც ეკუთვნოდა, არავის უჩივის და არც ნახატის სასწრაფოდ დაბრუნებას მოითხოვს. ერთადერთი პრობლემა იმ ორგანიზაციასთან შეგვექმნება, რომელმაც საკუთარ მისიად ხელოვნების ნიმუშების გადარჩენა დაისახა, მაგრამ ამას საგამოძიებო უწყებებთან კავშირი არ აქვს.
– ანუ, საქმე ისედაც დაიხურება, თავისით?
– რა თქმა უნდა! სწორედ ამის თქმა მინდოდა. ამიტომ, სიმშვიდე ყველაზე მომგებიანი ვარიანტია ჩვენს შემთხვევაში.
ნიკუშა შეიჭმუხნა:
– რატომ აქამდე არ მითხარით, რომ ელენემ თქვენც გაგიმხილათ თავისი საიდუმლო? – ჰკითხა მამინაცვალს ცუდად დაფარული წყენით.
– ვაპირებდი, მაგრამ, რაღაც გარემოებებმა შემიშალა ხელი. შენ ფიქრობ, რომ დედაშენს ჩემთვის ეს ამბავი არ უნდა ეთქვა?
– არ ვიცი, ახლა ვერაფერს ვფიქრობ, აბსოლუტურად ვერაფერს.
– ჰო. მესმის. ვხედავ, რომ შენ რაღაც სხვა პრობლემაც გაქვს, შენი მეგობრები რომ აქ მარტო შენს სანახავად არ ჩამოვიდოდნენ, არც ამას სჭირდება დიდი მიხვედრილობა. შენი ნებაა, თუ არ გინდა, ნურაფერს ამიხსნი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენ შორის გულახდილობა ორივესთვის მომგებიანი იქნება, ძალიან მომგებიანი.
– შეიძლება, მაგრამ, გეთანხმებით, რომ ჯერ ჩვენი მთავარი პრობლემა ეს აყლაყუდა გამომძიებელია. უთხარით, რომ მზად ვარ, მის შეკითხვებს ვუპასუხო.
ჟანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჩალურჯებულ ტუჩზე ნელა შეახო თითი.
– ფიცხი ხალხი ხართ ქართველები, ფრანგებზე გაცილებით ფიცხი. ღირდა მაინც თქვენი ჩხუბის მიზეზად?
– ღირდა, – ამოიოხრა ნიკუშამ, – დარწმუნებული ვარ, თქვენც ზუსტად ჩემსავით მოიქცეოდით.
– მჯერა, მაგრამ მერე ვილაპარაკოთ ამაზე, თუკი, რა თქმა უნდა, კიდევ გექნება სურვილი.
გამომძიებელმა გამომცდელი, ეჭვიანი მზერით „დაზვერა“ სიტუაცია და ნელი, გამოზომილი ნაბიჯით გაჰყვა უკან ნიკუშას პარკის შუაგულში აღმართული თეთრი ფანჩატურისკენ.
– სერიოზული მეგობრები გყოლიათ, – უთხრა ნიკუშას და სიგარეტის მოწევის ნებართვა ითხოვა.
– ჩემს მეგობრებზე თუ უნდა მკითხოთ რამე, მგონი, ჟანმა გასაგებად აგიხსნათ. ისინი აქ დედაჩემის გამო და ჩემს სანახავად ჩამოვიდნენ. ნახატის დაკარგვასთან კავშირი არ აქვთ, არანაირი კავშირი, გესმით, რისი თქმა მინდა?
– მესმის, რა თქმა უნდა, – გამომძიებელმა აუღელვებლად მოუკიდა სიგარეტს.
ნიკუშას ერთი სული ჰქონდა, გამომძიებლისთვის მკვახედ და მოურიდებლად ეპასუხა და ეგრძნობინებინა, როგორ არ სიამოვნებდა მისი არამკითხე მოამბეობა, მაგრამ ჟანის თხოვნა ახსოვდა და იმასაც გრძნობდა, რომ მამინაცვალი ბევრ რამეში იყო მართალი. მისი და ლევანის დალურჯებულ-დასისხლიანებული სახეები ეჭვის საფუძველს შეუიარაღებელი თვალით დაკვირვების გარეშეც ქმნიდა. არაფერი იქნებოდა იმაში გასაკვირი, თუკი ეს აყლაყუდა ფრანგი უნდობლობით განიმსჭვალებოდა მისი სიტყვების მიმართ. ამიტომ, ტყავში უნდა გამძვრალიყო და იმაზე გაცილებით ზრდილობიანად და გულწრფელად უნდა მოსჩვენებოდა, ვიდრე ამისი სურვილი ჰქონდა. ნაძალადევად გაუღიმა და თავი ისე გააქნია, თითქოს ვერ მიხვდა მის ორაზროვნად ნათქვამ სიტყვებს.
– კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
– რამდენიმე ფაქტის გადამოწმება მინდოდა. მაგრამ, მანამდე რომ დავინტერესდე და გკითხოთ, ტუჩი ასე სად დაიშავეთ, ძალიან ცნობისმოყვარე ხომ არ გეგონებით?
– ჩემი ტუჩი? ისეთი არაფერია. მეჩქარება და იქნებ ცოტა დავუჩქაროთ? ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ხომ ნახეთ, რომ სტუმრები გვყავს, რომ აღარაფერი ვთქვათ დედაჩემზე, რომელიც მუდმივად ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.
– დიახ, ვიცი, რომ დედათქვენი ჯერ ისევ არასახარბიელო მდგომარეობაშია. ექიმსაც ველაპარაკე და თქვენს მამინაცვალსაც. თუმცა, გონზე უკვე მოსულა.
ნიკუშამ ერთბაშად არ უპასუხა და მექანიკურად წაივლო ხელი შესიებულ ტუჩზე. გამომძიებელმა მისი დუმილით ისარგებლა და განაგრძო:
– მე დიდი გამოცდილება მაქვს და ზუსტად შემიძლია, ვთქვა, რა დაემართა თქვენს ტუჩს ან თქვენი სტუმრის წარბს, მაგრამ, რადგან ნახატის მოპარვის საქმეს ვიძიებ და არა მეგობრული შელაპარაკების მიზეზს, ამიტომ, თავს შევიკავებ და ამ ეტაპზე არ დავინტერესდები, რა მოხდა თქვენსა და თქვენს სტუმარს შორის.
– რას ნიშნავს – „ამ ეტაპზე“, ამით რისი თქმა გინდათ?
– გულახდილად ვილაპარაკოთ? – კითხვაზე კითხვითვე მიუგო გამომძიებელმა.
– აქამდე ჩემს მოტყუებას ცდილობდით? – გაუღიმა ნიკუშამ.
– კარგია, რომ ხუმრობთ. მიყვარს, როცა ესმით იუმორი. ასეთ ადამიანებთან საერთო ენას ადვილად გამოვნახავ, ხოლმე.
– ჩემთან დამეგობრებას ხომ არ აპირებთ, მესიე გამომძიებელო?
გამომძიებელმა თავი გადააქნია უარყოფის ნიშნად, თუმცა სახიდან ღიმილი არ მოსცილებია.
– სიამოვნებით დაგიმეგობრდებოდით, მაგრამ, ეს მთლად უსაფრთხო არ უნდა იყოს, ამიტომ, თავს შევიკავებ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობით დავკმაყოფილდები. სათქმელსაც მოკლედ გეტყვით.
– ძალიან დამავალებთ! – მოუჭრა ნიკუშამ და აივნისკენ გაიხედა.
– მაშ ასე, მე მინდა, რომ ჩემი მოკვლევის შედეგები გაგაცნოთ, დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ.
ნიკუშამ მექანიკურად დაუქნია თავი.
– უკეთესი იქნება, თუკი უფრო ყურადღებით მომისმენთ. არ მიყვარს, როცა ნათქვამს ვიმეორებ. მით უფრო, რომ თქვენ ასე გეჩქარებათ.
ნიკუშას არ მოეწონა გამომძიებლის შეცვლილი ტონი.
– ყურადღებით გისმენთ, მესიე, – თქვა და კისრის ძარღვები დაეჭიმა დაძაბულობისგან.
ჟანს ჰქონდა იშვიათი ნიჭი, გამოეცნო ადამიანების გულისნადები და მათი ფიქრებიც ამოეკითხა. თუმცა, არც იმის უნარს იყო მოკლებული, ეს ყველაფერი კარგად დაემალა გულუბრყვილობის ნიღაბქვეშ. მაგრამ, ლევანსაც შეეძლო, სწრაფად აეღო ალღო სიტუაციისთვის. მან სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება, ცოლისკენ შებრუნდა და, ისე, რომ ჟანს გაეგონა, თქვა:
– თინი, მართლა მინდა, რომ აქედან წავიდეთ. ვნანობ, რომ საერთოდ წამოვედით, არ ღირდა! დედაშენისთვის უნდა დაგვეჯერებინა...
– ლევან, რას ამბობ? – გაუკვირდა თიკას, – სად უნდა წავიდეთ, ნიკუშას ასე დაშორდები? მე არ მინდა, რომ ჩემი ძმა და ქმარი ერთმანეთის მტრებად დარჩნენ!
– ჰო, – მაშინვე გამოეპასუხა ვახო, – საქმეც ეგაა, რომ შენმა ქმარმა მტერი და მოყვარე არ იცის. თუ, პირიქით, იცის და სწორედ მოყვარეს ერჩის? რა მაგარია! ცოლისძმას მოყვარეს ეძახიან, ხომ?! – მიუბრუნდა იას.
ქალმა შეუმჩნევლად დაჰქაჩა სახელოზე:
– გაჩუმდი, ვერ ხედავ, რომ ადამიანის ფერი აღარ ადევს? უკვე შემეცოდა.
– არაფერი მოუვა, ნუ დარდობ. ეგეთები ასე ადვილად არ ნებდებიან.
– ისევ ჩხუბი რომ დაიწყოთ, გავგიჟდები. ამ ადამიანის ძალიან მრცხვენია, ალბათ, ნორმალურები არ ვგონივართ.
– ოჰ, არც ფრანგები არიან დალაგებულები, – უდარდელად აიქნია ხელი ვახომ. იამ ისევ დაჰქაჩა სახელოზე.
ლევანმა ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს სავარძლიდან წამოდგომას აპირებდა. ჟანმა გაიღიმა:
– მე გირჩევთ, მეუღლეს დაუჯეროთ. ვხდავ, რომ წასვლა თქვენ გინდათ და არა მას. გაუგებრობა, რომელიც თქვენსა და ნიკოლას შორის წარმოიშვა, უნდა მოგვარდეს.
– გეთანხმებით, მაგრამ მას ეს არ უნდა. არ ვიცი, რა არის ამის ნამდვილი მიზეზი. ვეღარ ვიგებ, თინიკოსთან ნათესაობის გაგებამ გააგიჟა, თუ ელენეს ავადმყოფობამ. შეიძლება, ორივემ ერთად. ნახატის დაკარგვასაც თუ გავიხსენებთ... გამომძიებელიც, ალბათ, მაგ საკითხზე მოვიდა. ან, იქნებ, ელენეს შემთხვევას იძიებს?
ჟანს ისევ გაეღიმა:
– რა გაინტერესებთ, ლევან?
– მე? მე რა მაინტერესებს?
– დიახ, ვხედავ, რაღაც გაქვთ სათქმელი, რაღაც გაწვალებთ. მითხარით, ნუ მოგერიდებათ!
– კარგი, გეტყვით: მე იმიტომ ჩამოვედი, რომ მინდოდა, ჩემი სიხარული ნიკუშასთვის გამეზიარებინა. წარმოდგენა არ მქონდა, აქ რა მოხდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს ელენეს საქციელი, რას უნდა მივაწეროთ? თქვენ რა ახსნას უძებნით მის საქციელს?
– რა ახსნა უნდა მოვუძებნო, ცხენიდან ჩამოვარდა.
– გაუხედნავი ცხენიდანო, ხომ ასეა?
– ასეა. მერე რა?
– არაფერი, ეტყობა, გამომძიებელსაც საეჭვოდ მოეჩვენა ეს პატარა დეტალი.
– რა გინდათ, ლევან? რომ თავი გავიმართლო, მომხდარში ბრალი არ მიმიძღვის-მეთქი? ამას არ ვიზამ, იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ ვცნობ – არ უნდა დამეშვა, რომ ელენე იმ ცხენზე დამჯდარიყო. მით უმეტეს, ვგრძნობდი, რომ ამას გააკეთებდა.
თინიკომ თავი ასწია და გაოცებით შეხედა ჟანს.
– გიკვირთ, ამას რომ ვამბობ? საქმე ინტუიციაშია. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მე და ელენემ რაღაცაზე ვილაპარაკეთ და მე არ მოვინდომე, მისთვის გამეგო. შემეძლო, გამეგო და არ მოვინდომე – ეს არის ის, რასაც საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. მე დამავიწყდა, რომ უფლება არ გაქვს, არ გაუგო ადამიანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. ახლა ცოტა ხნით დაგტოვებთ და მალე დავბრუნდები.
ჟანი რომ წავიდა, თინიკომ ქმარს ჩუმად ჰკითხა:
– გაიგე, რა თქვა?
– დიახ, – ნიშნის მოგებით დაუქნია თავი ლევანმა, აბა, მე რას ვამბობდი, რომ მეცით შენ და შენი ძმა? არა, რა, მაგარი ვარ! ელენე არ დაჯდებოდა იმ ცხენზე, თუ ეცოდინებოდა, რომ გადმოაგდებდა. ამან უჩალიჩა. ვერასდროს ვერ ვიტანდი ასეთ მეტისმეტად დადებით ტიპებს, ყოველთვის უსიამოვნო განწყობა მეუფლებოდა. უნაკლო ადამიანი გინახავთ სადმე? ეს რატომღა უნდა ყოფილიყო გამონაკლისი?!
ლევანის მოზეიმე ხმამ ვახო გააღიზიანა:
– ყველას შენი საზომით ნუ ზომავ, ბიჭო! მე ვერ დავიჯერებ, რომ ამ კაცს თავისი ცოლის სიკვდილი უნდოდა.
– შენ რას დაიჯერებ და რას არა, ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. შენი აზრი არც არავის აინტერესებს. თანაც, მე ჩემს ცოლს ველაპარაკები და შენ ნუ ერევი!
– ნუ ვერევი რა პასუხია, რას ნიშნავს, ნუ ვერევი? შენი ოჯახის საქმეში თუ ჩავერევი, შენიშვნა მაშინ მომეცი. გირჩევ, შენი მოსაზრება-ჰიპოთეზებისგან თავი შეიკავო. მით უმეტეს, სანამ გამომძიებელია აქ. გეყოფა ინტრიგების ხლართვა!
– ბეცი ხარ, ისევე, როგორც შენი ძმაკაცი. არ გესმით, რომ, როცა სასწორის პინაზე ამხელა ფული დევს, შეიძლება ანგელოზიც, ეშმაკად იქცეს.
– მე კიდევ იმას გირჩევ, მოკეტო, სანამ ახლა ჩემგან მოგხვედრია და იმაზე მიპასუხო, რით გადარიე ასე ნიკუშა, რომ შენი მოკვლა უნდოდა.
– არ ვარ ვალდებული, შენს შეკითხვებს ვუპასუხო.
– მოგიწევს, იმიტომ, რომ ეს ამბავი აქ უნდა გაირკვეს და დამთავრდეს. არ გესმის შენ, ბატონო მინისტრო? ისე ნუ იზამ, თბილისში რომ ჩახვალ, სამინისტროში ვეღარ გამოჩნდე, თანაც – დიდი ხნით.
– ჰმ, ტერორში ვარ, რა!.. – ჩაიცინა ლევანმა და ხელები გაშალა.
– თავს ნუ ისაწყლებ, გირჩევნია, კითხვაზე პასუხი გამცე.
– არაფერი არ მითქვამს-მეთქი, ნადირო, არაფერი!
– აბა, გაგიჟდა და გეცა?
– ჰო, შეიძლება. წადი და თვითონ მას ჰკითხე!
– ის არ ეყოფა, გამომძიებელი რომ უსვამს კითხვებს და ახლა მეც დავემატო? თინიკო, ვიცი, შენ მაინც არ მეტყვი ტყუილს. მითხარი, რა მოხდა, თორემ, მომკლა ცნობისმოყვარეობამ. – ახლა თინიკოს შეეხვეწა ვახო.
– დიდი და ძველი ამბავია, ჩვენს ოჯახებს ეხება, – უხალისოდ ჩაილაპარაკა თინიკომ, – ნიკუშა ძალიან ემოციურად მიუდგა ამ ამბავს და იმიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა.
– აჰა, გასაგებია. თუმცა, ვერაფერიც ვერ გავიგე. მაშინ, ის მითხარი, შენ რანაირად ხარ ნიკუშას და. ოღონდ, არ გეწყინოს, კარგი?
– ვახო, დაანებე თინიკოს თავი. ვერ ხვდები, რომ მეტისმეტი მოგდის? – გაცხარდა ლევანი, – თუ უნდა, გეტყვის. ან, რა შენი საქმეა! სიტყვაზე არ გვენდობი? და-ძმაა და მორჩა!
– ლევან, მე მკითხეს და პასუხსაც მე გავცემ, – ხმა გაიმკაცრა თინიკომ, – დამღალა საიდუმლოებებმა. ვახო და ია, დასამალი არაფერია – მე და ნიკუშას ერთი მამა გვყავდა.
ვახო გაშრა. მერე წაუსტვინა:
– აუ! გადავირევი!.. ესე იგი, ელენე ქმარს მამაშენთან ღალატობდა? საწყალი ნიკუშა! ახლა უკვე ვხვდები რაღაცეებს!
– ვერაფერსაც ვერ ხვდები! დედამისმა უღალატა ქმარს ნიკუშას მამასთან, – ლევანმა ნიშნისმოგებით დააქნია თავი თიკასკენ. – იმაზე რთულად არის საქმე, ვიდრე წარმოგიდგენია. ელენესა და ბატონ ზურაბსაც უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ, ნიკუშა მამამისის შვილია. ამაში, შეგიძლია, ეჭვი არ შეიტანო!
– მოიცა, მოიცა... დამაცადე, დავფიქრდე. ასეთ რამეებში მაგრად „ვჭედავ“, ვერასდროს ვუყურებდი სერიალებს.
– შენ ხუმრობ და, რეალობა მართლაც ასეთია.
თინიკოს სახე დაუსევდიანდა:
– რეალობა, რომელსაც ვერაფრით წარმოვიდგენდი: მე ნიკუშას და ვარ და, ეტყობა, ბედისწერა იყო, ლევანს რომ გავყევი ცოლად.
ვახომ გაოგნებულ იას გადახედა:
– ყველაფერი გაიგონე?
– ჰო, ოღონდ ჯერ ბოლომდე ვერ გავაცნობიერე. მეგონა, ცხოვრებაში ასეთი რაღაცეები არ ხდებოდა. რანაირად ცხოვრობდით ისე, რომ სიმართლე არ იცოდით?
– დედაჩემი დიდხანს მალავდა ამას, – თქვა თინიკომ, – ისიც არ ვიცი, საერთოდ რატომ გადაწყვიტა, გაემხილა ამდენი წლის ამბავი. იქნებ, საერთოდ ჯობდა, არაფერი ეთქვა და საფლავში ჩაეტანა თავისი საიდუმლო?!
– არა, სიმართლე მაინც ყოველთვის პოულობს გზას. ისე, ამდენ ხანს რატომ გიმალავდა?
– ალბათ ისევ, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ, ასეა თუ ისე, მაგრად გამირთულა ცხოვრება.
– მარტო შენ კი არა, ნიკუშასაც გაურთულა, – დაფიქრებით თქვა იამ, – საწყალი, ერთბაშად რამდენი უბედურება დაატყდა თავს. ძალიან მეცოდება...
ჟანი შორიდან ადევნებდა თვალს გამომძიებლისა და ნიკუშას საუბარს.
გამომძიებელმა ჩაახველა:
– აი, ასეთია საქმის ვითარება. უკვე ყველაფერი გითხარით...
– და შეურაცხყოფაც მომაყენეთ...
– მე ასე არ ვფიქრობ. ჭკვიანი ადამიანი ჩანხართ და, აბა, მითხარით, ვის შეეძლო მოეპარა ნახატი?
– მე გამომძიებელი არ ვარ და ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ.
– დიახ, გამომძიებელი არ ხართ და, შეიძლება, ჩემი დასკვნები თქვენთვის არაფრის მთქმელია, მაგრამ, მე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ის ნახატი ამ ოჯახის ფარგლებს არ გასცდენია.
ნიკუშამ ნაძალადევად გაიცინა:
– რა სისულელეა! ძალიან გამამხიარულეთ, ბატონო გამომძიებელო!
– ვიცი, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ. თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ. იმიტომ, რომ ოფიციალურად ბრალდებას ვერ წამოგიყენებთ.
– მართლა? ძალიან ნუგეშის მომცემი ინფორმაციაა!
– ჯერ ყველაფერი არ მითქვამს, გააწყვეტინა გამომძიებელმა, – ვერ წაგიყენებთ ორი მიზეზის გამო. ერთი, რომ ნივთმტკიცებულებები არ მაქვს და, მეორე – ჯერ ზუსტად არ ვიცი, კონკრეტულად რომელმა თქვენგანმა მოიპარა: დედათქვენმა, თქვენ თუ გრაფმა. სამივეს ერთნაირი შანსები გქონდათ, თითქმის ერთნაირი. ასე რომ...
– ბატონო გამომძიებელო, ვალდებული არ ვარ თქვენი შეურაცხყოფები ვისმინო, ეს უკვე მეტისმეტია! ახლავე ჩემს მამინაცვალს დავუძახებ და ორივეს ერთად გვითხარით ის, რაც ახლა მე მითხარით.
ნიკუშა შემობრუნდა და ჟანს ხელი დაუქნია.
– გეტყობათ, კარგი ურთიერთობა გაქვთ მამინაცვალთან, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც გაიცანით.
– დიახ. თქვენ ეს გიკვირთ?
გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა:
– მე პროფესია მაქვს ისეთი, რომ რაღაც-რაღაცეები არ უნდა დავიჯერო. თუმცა, რადგან ასე ღიზიანდებით, დაველოდები სანამ გრაფი მოგვიახლოვდება.
ჟანმა იცოდა, რაზე შეიძლებოდა ესაუბრათ გამომძიებელსა და ნიკუშას, მაგრამ მაინც გაოცებული და ცოტათი დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა, როცა გამომძიებელმა მათი საუბრის მთავარი დეტალები გაუმხილა.
– იცით, ჩემო ძვირფასო, მე თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი ოდნავაც არ მეპარება. ნებისმიერ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მით უმეტეს, როცა საქმე ხელოვნების ნიმუშს ეხება, მაგრამ, მე უკვე დავრეკე დეპარტამენტში და ამ საქმის დახურვა მოვითხოვე.
გამომძიებელი გაშრა:
– რა ბრძანეთ?
ნიკუშამ გამარჯვებული კაცის იერი შეიფერა. ჟანმა თავი დააქნია:
– ძალიან მეუხერხულება, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ, ალბათ, თქვენი უფროსებიც დაგირეკავენ და გეტყვიან, რომ თქვენი მისია ამოწურულია.
– კი მაგრამ, რანაირად? მე მხოლოდ ახლა მივადექი მთავარს. სიმართლე ხომ უნდა გაირკვეს და დამნაშავე დაისაჯოს?
– მესიე გამომძიებელო, ჩვენ უკვე ვიცით სიმართლე და სხვა სიმართლე არ გვაინტერესებს. დამნაშავე კი, უბრალოდ, არ არსებობს.
გამომძიებელმა სიმწრით გაატკაცუნა თითები – არ უნდოდა, ეღიარებინა, რომ დამარცხდა.
– მე მაფრთხილებდნენ, რომ ძალიან გავლენიანი ნაცნობები გყავდათ.
– მართლა? მერე რატომ არ დაუჯერეთ და არ გაითვალისწინეთ?
– მე პროფესიონალი ვარ. პროფესიონალიზმი კი, მეგობრობას არ ითვალისწინებს.
– მე მესმის თქვენი. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, ძალიან დიდ პატივსაც გცემთ სწორედ მაგ თქვენი პროფესიონალიზმის გამო.
– ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მე ვივარაუდე. ერთადერთი, რაც გასარკვევი დამრჩა: რომელს აფარებთ ხელს, გრაფ, ცოლს თუ მის ვაჟიშვილს?
ნიკუშა გაწითლდა და პირიც კი დააღო, რომ თავხედობისთვის საკადრისი პასუხი გაეცა, მაგრამ ჟანმა ამის საშუალება არ მისცა, დაასწრო და მშვიდი ღიმილით წარმოთქვა:
– ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობ თქვენს მიმართ, ბატონო, გამომძიებელო, ამიტომ, აჯობებს, თქვენი ეს შეკითვა პასუხგაუცემელი დარჩეს, დამიჯერეთ!..
– სხვა რა გზა მაქვს. იმედს ვიტოვებ, რომ არ ინანებთ მაინც თქვენს დიდსულოვნებას!
– დიდსულოვნება არაფერ შუაშია. თავიდანვე გითხარით, რომ ის ნახატი ჩემი არასდროს ყოფილა. ელენეს კი, სრული უფლება ჰქონდა, მას ისე მოჰქცეოდა, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა.
გამომძიებელმა ჩაიცინა:
– ახლა კიდევ უფრო გასაგები გახდა ყველაფერი. ნახვამდის, გრაფო! მეუღლის სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ ის თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია.
– მშვიდობით! თქვენ ძალიან ძალიან ბევრს მიაღწევთ ასეთი მიხვედრილობის წყალობით.
გამომძიებელი წავიდა და მალე მისი გამხდარი, აწოწილი ფიგურა თვალს მიეფარა.
– ის დარწმუნებულია, რომ ნახატი ელენემ დამალა, – თქვა ნიკუშამ და მამინაცვალს უკმაყოფილოდ შეხედა.
– ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ის აქ აღარ მოვა, აღარასოდეს. მაგრამ ჩვენი პრობლემები ამით არ მთავრდება...
გაგრძელება შემდეგ ნომერში