მეორე ცოლის მკვლელი ქმარი, მესამე ცოლმა ნაჯახით დაჩეხა
52 წლის კაცი, რომელმაც ცოლის მკვლელობისთვის 9 წელი პატიმრობა მოიხადა, თავად მესამე ცოლის მსხვერპლი აღმოჩნდა. ამის გამო 42 წლის ერნა სიხარულიძეს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოკლედ, ცოლ-ქმარი ორივე მკვლელი აღმოჩნდა, მაგრამ იმ განსხვავებით რომ თავის დროზე ქმარმა ცოლის მკვლელობა აღიარა, ქალბატონმა ერნამ კი „მოიმიზეზა“, რომ ქმარი მისივე თხოვნით მოკლა.
42 წლის ერნა სიხარულიძემ, რომელიც საზარელი მკვლელობისთვის გაასამართლეს დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა – ავადმყოფი მეუღლე, შალვა სიხარულიძე ნაჯახით დაჩეხა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება იშვიათობა არ ყოფილა. მეზობლები ამბობენ, რომ მათი სახლიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა. მიზეზი კი, ძირითადად, ქალის ლოთობა იყო. ერნა ტიპური ალკოჰოლიკი გახდა, რაც ტუბერკულოზით დაავადებული მეუღლის, შალვა სიხარულიძის რისხვას იწვევდა, მაგრამ ცოლმა ქმარს სამაგიერო გადაუხადა – ნაჯახით დაჩეხა.
როგორც ირკვევა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქმრის მდგომარეობა ისე დამძიმდა, დამოუკიდებლად გადაადგილებაც აღარ შეეძლო. უმწეო მდგომარეობის მიუხედავად, ცოლმა ქმარი არაერთხელ სცემა და უშვერი სიტყვებით გალანძღა. იმ დღესაც ქალმა ჩვეულებისამებრ, არაყი შეიძინა და სახლში დალევა დაიწყო. ლოგინად ჩავარდნილმა ქმარმა კატეგორიულად მოსთხოვა, სმა შეეწყვიტა, თუმცა უშედეგოდ. ქალმა არაყი ბოლომდე რომ დაცალა, მეუღლის თავიდან მოცილება განიზრახა. სახლის სარდაფში ნაჯახი აიღო და უმწეო ქმარს რამდენჯერმე თავის არეში ჩაარტყა. მომხდარის შემდეგ კი სისხლი მოწმინდა, სახლი მიალაგა, ცხედარს რამდენიმე საბანი გადააფარა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
გარდაცვლილი მეორე დღეს მეზობლებმა აღმოაჩინეს. მათი დაეჭვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სახლის კარზე ბოქლომი შენიშნეს – როგორც წესი, ერნა სახლს არ კეტავდა, რადგან ავადმყოფი ქმრის სანახავად ახლობლები ხშირად მიდიოდნენ და საჭმელი მიჰქონდათ.
გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი ყვება, რომ სახლში შესვლისას, ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერი ჩანდა, გარდა იმისა, რომ არყის ბოთლები უწესრიგოდ ეყარა. თუმცა, გაკვირვებული დარჩა, რადგან ავადმყოფი, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო, შინ არ იყო. მის ლოგინს კი ბუზები ესეოდა, მეზობლებმა საბანი გადახადეს და დასახიჩრებული ცხედარი ნახეს. მათ ეჭვი მაშინვე ცოლზე მიიტანეს, რომელიც უკვე მიმალული იყო. ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ იმ საღამოს, მათი სახლიდან ჩხუბის ხმა ისმოდა.
ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა მეორე დღესვე დააკავეს. მან დანაშაული აღიარა, თუმცა ჩადენილი ქმედება ბრალდებულმა ევთანაზიით ახსნა. როგორც სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, მკვლელობა მეუღლის თხოვნით ჩაიდინა, რათა ავადმყოფური ტანჯვისგან გაეთავისუფლებინა. სასამართლოს წინაშე განსასჯელი ცდილობდა, მისთვის კვალიფიკაცია შეეცვალათ, თუმცა უშედეგოდ. იგი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
რატომ იძია ცოლმა შური
შალვა სიხარულიძესთან ქორწინება განსასჯელისთვის პირველი იყო, მაგრამ შალვასთვის ერნა მესამე ცოლი გახლდათ. მას პირველი ცოლი გარდაეცვალა, რის გამოც მეორე – მოიყვანა, მაგრამ ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რის გამოც ფოთის სასამართლომ 9 წლით პატიმრობაც მიუსაჯა. თუმცა, ხუთი წლის შემდეგ ციხის კედლებს თავი დააღწია. ამის საფუძველი კი „ამნისტიის შესახებ“ კანონი გახდა, რომლის მიხედვითაც მას სასჯელი გაუნახევრდა და გათავისუფლდა. ციხიდან გამოსულ კაცს ორი ვაჟი და ერთი გონებრივად ჩამორჩენილი და ჰყავდა სარჩენი. ამიტომ, მათთან ერთად დაიწყო ცხოვრება და თავს სიგარეტების ვაჭრობით ირჩენდა.
ყოფილი პატიმარი თავიდან ოჯახს კარგად უვლიდა, მაგრამ ბოლოს საყვარლები გაიჩინა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დღეების განმავლობაში სახლში აღარც კი მიდიოდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კაცი ორ მეგობართან – ერნასთან და ციცოსთან ერთდროულად დადიოდა. უფრო სწორად, პირველად მან ნაქირავებში მცხოვრები ერნა გაიცნო და ეგონა, ქალი მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ერთ დღესაც მასთან მისულს სტუმარი დახვდა. აღმოჩნდა, ქალს ქირის გადახდა უჭირდა და ამიტომაც სხვასთან, ანუ ციცოსთან ერთად ქირაობდა ბინას. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ციცო გაცნობისთანავე ერნაზე მეტად მოეწონა და სასიყვარულო ურთიერთობა მასთანაც გააბა.
მიუხედავად იმისა, რომ სიხარულიძე ცოლის მკვლელობისთვის იყო ნასამართლები, ქალებს ეს ამბავი არაფრად ჩაუგდიათ. მის ცოლობაზე ორივე თანახმა იყო. ქალებს შორის საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც კი მიდიოდა. ერნა მიიჩნევდა, რომ პირველად მან გაიცნო შალვა და ცოლობაც მას ეკუთვნოდა, მაგრამ ციცოს ეს არ ანაღვლებდა. დარწმუნებული იყო, რომ კაცს ცოლად ის უნდოდა. საბოლოოდ კი, ყველაფერი შალვამ გადაწყვიტა – ორივე ქალი სახლში მიიყვანა და დას ჰკითხა რჩევა. დამაც ერნა აირჩია, უფრო გამოგადგებაო, თანაც პირველად ის გაიცნო და საკითხიც მოგვარდა – ერნა სიხარულიძეების ერთოთახიან სახლში გადაბარგდა და აწ გარდაცვლილის არარეგისტრირებული ცოლი გახდა. სახლში კი მულის გარდა, შალვას 11 და 12 წლის შვილებს უვლიდა.
პირველ ეტაპზე შეუღლებულები მართლა ცოლქმრულად ცხოვრობდნენ. ბაზარში ერთად ვაჭრობდნენ. ისე კარგად შეეწყვნენ, რომ თანაცხოვრების 2-3 წლის განმავლობაში კამათიც კი არ მოსვლიათ, მაგრამ ერთ დღესაც, დაახლოებით, დღის სამ საათზე, შუა ვაჭრობის პერიოდში, ერნამ ქმარს რამდენიმე საათით წასვლა სთხოვა. შალვამ ქალი გაუშვა, მაგრამ ერნა არა და არ გამოჩნდა. საღამოს შინ დაბრუნებულს, ცოლი არც იქ დახვდა. ელოდა, მაგრამ ამაოდ, იმ ღამით ქალი შინ საერთოდ არ დაბრუნებულა. მეორე დილით დაბოღმილმა ბაზარში წასვლა გვიან გადაწყვიტა და მართლაც, დილის 11 საათზე ერნა გამოჩნდა. ქმარმა უსაყვედურა და გაუჩინარების მიზეზი ჰკითხა. როგორც გაირკვა, ერნას თანასოფლელის შვილს ჯარში აგზავნიდნენ. ერნას კი, ამ უწყებაში ნაცნობი ჰყავდა და ახლობლებს მასთან მოსალაპარაკებლად მიჰყვა. თუმცა, ქმარმა იეჭვიანა, ივარაუდა, რომ ერნას ნაცნობი მისი ყოფილი საყვარელი იყო და მასზე გული აიცრუა.
როგორც ირკვევა, ამ ამბის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მართალია, ქალის მიმართ ოჯახის სხვა წევრებს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ, მაგრამ მეუღლემ ქმრის გული ვეღარ მოიგო. ამას ემატებოდა უშვილობაც – იმის მიუხედავად, რომ ერნას საკუთარი შვილი არ ჰყავდა და გერებს უვლიდა, ქმარი სთხოვდა, შვილი მასაც გაეჩინა.
დაძაბული სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ შალვა სიხარულიძე სახლიდან თვეობით იკარგებოდა. პირველ ეტაპზე ცოლი და მისი შვილები ღამეებს ათენებდნენ მის ლოდინში, მაგრამ საბოლოოდ, მის ასეთ საქციელს მიეჩვივნენ. ერთ დღეს კი ცოლმა შემთხვევით გაიგო, რომ ქმარი მის ძველ მეგობართან, ციცოსთან ღალატობდა, რის გამოც ოჯახის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა, ბედს შეურიგდა. თანაც, დარწმუნებული იყო, რომ მის ქმარს თუ არა, გერებს მაინც სჭირდებოდა. თუმცა, ქმრის სახლში, საბოლოოდ, მარტო დარჩა – მას შემდეგ, რაც ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს, სასწავლებლად თბილისში, დეიდის სახლში გადავიდნენ.
როგორც ირკვევა, შალვა სიხარულიძე ცოლისკენ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მოტრიალდა. ციხეში გატარებული წლების გამო, ის ტუბერკულოზით დაავადდა, რასაც თან დაერთო ავარია, რის შედეგადაც პარალიზებული გახდა, დამოუკიდებლად გადაადგილებაც აღარ შეეძლო. მოკლედ, ავადმყოფი ქმარი ცოლთან უკიდურესი მდგომარეობის გამო დაბრუნდა. საყვარელს ავადმყოფი აღარ სჭირდებოდა და მასთან კავშირი გაწყვიტა.
განსასჯელის ჩვენებიდან: „თავიდან რომ გავიგე შალვა ცოლის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი, არ დავიჯერე. ისეთი მოსიყვარულე იყო, მკვლელს არ ჰგავდა. ჩემთან თითქმის ყოველდღე მოდიოდა, ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი და ამიტომაც დავთანხმდი თანაცხოვრებაზე. მართალია, ციცოსკენ ეჭირა თვალი, მაგრამ ვიცოდი, რომ ცოლად მე ვუნდოდი და ამიტომაც დავრჩი მასთან. ჩვენს შორის ურთიერთობა ჩემი მიზეზით არ დაძაბულა. არაერთხელ უთქვამს, რომ ჩემს პატიოსნებაში დარწმუნებული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ვხვდებოდი, მიზეზს ეძებდა. რამდენჯერმე ვუთხარი, თუ არ გინდივარ სახლიდან წავალ-მეთქი, მაგრამ არ გამიშვა – ბავშვებს უყვარხარ და ქალის ხელიც სჭირდებათო. მის შეურაცხყოფას წლების განმავლობაში ვიტანდი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება გამიმწარა, მასზე შურისძიებაზე არც მიფიქრია. ეს რომ მდომებოდა, მოვახერხებდი. ვაღიარებ, ბევრს ვსვამდი, მაგრამ დალევაც მის გამო დავიწყე, სხვანაირად გავგიჟდებოდი. უბანში ჩემზე ამბობდნენ, თავმოყვარეობა არ აქვსო.
მართალია, ვსვამდი, მაგრამ მის მოვლაში ამას ხელი არ შეუშლია. უამრავი ადამიანია მოწმე, რომ ვალს ვიღებდი, მისთვის ექიმი მომყავდა და წამლებს ვყიდულობდი, მაშინ, როცა მისი შვილები სანახავადაც არ მოდიოდნენ. იმ ღამეს ძალიან ცუდად გახდა. ვცდილობდი, დავხმარებოდი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაღიზიანებდა – შენი გაკეთებული არაფერი მინდაო. ბოლოს ძალიან ცუდად გახდა, მთხოვა, მისთვის ყველაფერი მეპატიებინა და ვინაიდან ტკივილები დაეწყო, სიკვდილში დავხმარებოდი. რადგან ნასვამი ვიყავი, არ მახსოვს, რა ჩავიდინე. გონს რომ მოვედი, ქუჩაში მეძინა, შემდეგ კი პოლიციამ დამაკავა“.
რეალურად რა მოხდა მკვლელობის ღამეს, ფაქტობრივად, გაურკვეველია, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, მომხდარი სასამართლომ განზრახ მკვლელობად ჩათვალა და ქმრის მკვლელს 18 წელი მუსაჯა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გარდაცვლილის შვილები, დედინაცვალს არაფერში ადანაშაულებდნენ.