რა ზესაიდუმლო, თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი აკადემია ფუნქციონირებდა თბილისში, მდინარე მტკვრის ქვეშ
გთავაზობთ ფრაგმენტს გახმაურებული წიგნიდან „ზღვის მიღმა“, რომელიც საბჭოეთიდან გაქცეულმა პოლკოვნიკმა იური სკვორცოვმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსცა 1992 წელს და მასში საბჭოთა უშიშროება ამხილა. სკვორცოვის წიგნში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს, რომელზეც ის ბევრ საინტერესო ამბავს ყვება.
სუპერაკადემია
მეოცე საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს თბილისში მიმავლინეს, რომ ჩვენი უწყების ერთ-ერთი სანიმუშო სასწავლო ცენტრის ინსპექცია ჩამეტარებინა. დაწესებულება, სადაც „კაგებეს“ სპეცაგენტებს ამზადებდნენ, იყო, ეგრეთ წოდებული სუპერაკადემია, რომელიც ქალაქის ცენტრში მდინარე მტკვრის ქვეშ იყო მოწყობილი და იმ პერიოდის თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი. სუპერაკადემიაში 40 კურსანტი სწავლობდა. მათ არ იცოდნენ, სად იმყოფებოდნენ, რადგან ისინი დახურული ტრანსპორტით მიიყვანეს იქ. სუპერაკადემიას ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთი იქამდე მეტროსადგურ „ლენინის მოედნიდან“ მიდიოდა, მეორე კი – „კაგებეს“ სარდაფიდან. ორივე გვირაბი 400-400 მეტრის სიგრძის იყო და აკადემიამდე სპეციალური ლიანდაგით პატარა ვაგონები მოძრაობდა. სუპერაკადემიის ინფრასტრუქტურაში შედიოდა: საცხოვრებელი ოთახები, ტირი, ლაბორატორიები, სასწავლო აუდიტორიები და ეგრეთ წოდებული „ბოლო ზღვარი“, რომელშიც ურთულესი ბარიერების სისტემა იყო მოწყობილი და, თუკი კურსანტი მას ვერ გადალახავდა, შეიძლება, სამუდამოდ დარჩენილიყო მიწისქვეშეთში, რადგან მის ლიკვიდაციას ახდენდნენ, შემდეგ წვავდნენ და ფერფლს წყალს ატანდნენ. კურსანტების შერჩევა უმკაცრესი შემოწმების შედეგად ხდებოდა, თუმცა, 1969 წლის მაისში იქ „ცეერუს“ აგენტმა შეაღწია და, რომ არა ქართველი „ჩეკისტების“ მაღალი კლასი, სუპერაკადემიის ყველა საიდუმლო ამერიკელებისთვის ჯერ კიდევ 23 წლის წინ (წიგნი დაწერილია 1992 წელს და პირველად მსოფლიომ ამ ადგილის შესახებ მაშინ შეიტყო“, – ავტორი) გახდებოდა ცნობილი.
ინსპექტირების მეორე დღე მიმდინარეობდა, მე და საქართველოს უშიშროების მაშინდელი შეფი, ალექსი ინაური, „კაგებეს“ სარდაფში ჩავედით, საიდუმლო გვირაბში შევედით და სუპერაკადემიისკენ გავემართეთ სპეციალური ვაგონით. იქ კი „ჩეპე“ დაგვხვდა.
– ამხანაგო გენერალო, – გვიპატაკა სუპერაკადემიის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ჯემალ ქორიძემ, – „ჩეპეა“: კურსანტი პავლოვი გაქრა!
23 წლის ანტონ პავლოვი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ცეერუს“ მიერ ბავშვობიდანვე სპეციალურად მომზადებული ჯაშუში იყო და, რადგან ამერიკელებს ეჭვი ჰქონდათ, რომ საბჭოელები უმაღლესი კლასის სუპერმზვერავებს ამზადებდნენ, ამ სისტემის გაშიფვრა მოინდომეს, რისთვისაც „დაკონსერვებული“ პავლოვი გამოიყენეს.
– სასწრაფოდ მოძებნეთ! – კბილებში გამოსცრა გენერალმა ინაურმა ეს ორი სიტყვა და სპეცკავშირის ტელეფონი დაკიდა. შემდეგ კი, ორივე უკან დავბრუნდით და უკვე საქართველოს „კაგებეს“ შენობიდან ვადევნებდით თვალყურს სპეცოპერაციის მიმდინარეობას, რომელსაც ქართველმა კონტრმზვერავებმა „ციცინათელა“ უწოდეს.
1969 წლის 20 მაისს მთელი ქართული უშიშროება 24-საათიან საგანგებო სამუშაო რეჟიმში იყო გადაყვანილი და პავლოვს ეძებდა. დაიკეტა ყველა გასასვლელი. საქმეში ჩართული იყვნენ მილიციელებიც და, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე არავის ჩაუყენებია საქმის კურსში, იგი მიხვდა, რომ ზესაიდუმლო სპეცოპერაცია ტარდებოდა...
ასე იყო თუ ისე, „ცეერუს“ ჯაშუში პავლოვი სუპერაკადემიიდან გაქცევიდან 11 საათში თბილისის რკინიგზის სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელში დააკავეს და „კაგებეში“ მიიყვანეს, სადაც ის ინაურმა და მე დავკითხეთ. სამი საათის მერე კი, მოსკოვიდან სპეციალურად გამოგზავნილმა თვითმფრინავმა ის და მე მოსკოვში გადაგვაფრინა და ამერიკელი ჯაშუში ლუბიანკაზე „დაამუშავეს“. ბოლოს მისი სახსენებელიც კი გაქრა. ოპერაცია „ციცინათელასთვის“ ინაურმა მორიგი ჯილდო მიიღო, მე კი წოდება მომიმატეს.
P. S. 1991 წლის მიწურულს მტკვრის ქვეშ მდებარე „სუკის“ აკადემია მოსკოვიდან საიდუმლოდ გამოგზავნილმა თანამშრომლებმა წყალში ჩაძირეს. გაანადგურეს გვირაბში შესასვლელებიც, რომლებიც არმატურიანი ბეტონის სქელი ფენით ამოქოლეს და დღეს აღარავინ იცის, სად მდებარეობდა საიდუმლო აკადემია.